"ეს ტაბუდადებული თემაა" - გზაპრესი

"ეს ტაბუდადებული თემაა"

ადამიანები ხშირად რეალობას გაურბიან და "ცხოვრებას" თავიანთ გამოგონილ სამყაროში აგრძელებენ. ილუზია ადრე თუ გვიან იმსხვრევა, უმეტეს შემთხვევაში, რეალობის პირისპირ დარჩენა მტკივნეულია. ეს ფილმ "ილუზიის" მთავარი თემაა. სცენარის იდეის ავტორი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი დიზაინერი შერონ მარი ამბობს, რომ ფილმში მას თავს გადახდენილი ამბავია მოთხრობილი.

შერონ მარი:

- პროფესიით დიზაინერი ვარ. ამ სფეროში აქტიურად ვსაქმიანობდი, მაქვს წარმატებები, მაგრამ ამ ეტაპზე ტაიმ-აუტი ავიღე. ფილმზე "ილუზია" ვმუშაობდი, პარალელურად მივიღე ახალი შემოთავაზებაც. მუშაობა მაქვს დაწყებული ახალ კოლექციაზე, რომელიც აგვისტოს ომის თემას ეხება. ამ კოლექციას მომავალ წელს წარვადგენ.

ძალიან მინდოდა ჩემი ბრენდის შჰერონ Mარ ლაბელ პოპულარიზაციის მიზნით, ამ ბრენდზე მოკლემეტრაჟიანი ერთწუთიანი ფილმი გამეკეთებინა, რომელსაც ფესტივალზე წარვადგენდი და, რა თქმა უნდა, აქცენტი კოსტიუმებზე იქნებოდა გაკეთებული. ფილმის სცენარის მონახაზი თავად დავწერე. რეჟისორ ზურაბ ორთავიძეს და სტუდია "არტ პარალელს" მივმართე. მათ ჩემი იდეა და ჩანაფიქრი მოეწონათ. შემდეგ ჩემი ჩანაწერი რეჟისორმა დახვეწა, პროდიუსერმა თენგიზ თხილავამ რედაქტირება გაუკეთა და ეს ჩანაწერი სცენარად იქცა, ბევრი რამ დაემატა. იმდენად მომეწონა, ბრენდების კონკურსზე წარდგენა საერთოდ გადავიფიქრე. ახლა ფილმის ქრონომეტრაჟი ბევრად გაზრდილია და ძალიან საინტერესო გამოვიდა. კოსტიუმები ჩემია, მაგრამ აქცენტი აქ კოსტიუმებზე უკვე აღარ არის გაკეთებული. სუხიშვილებში დავდიოდი, რომ ცეკვის ილეთები მესწავლა.

- ფილმში რა ხდება?

- ამ ფილმის მთავარი ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან აღებული ფრაგმენტია. ეს ის თემაა, რომელზეც ტაბუ მაქვს დადებული. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა კასტინგის შემდეგ მითხრეს, ამ როლს შენზე კარგად ვერავინ ითამაშებსო. განა იმიტომ, რომ მე მაგარი გოგო ვარ, ალბათ ყველაზე მეტად შევძელი შემეგრძნო, რადგან ეს თემა პირადად მეხება.

ეს ამბავი ფილმზე მუშაობის დასაწყისში არავისთვის მითქვამს, მას შემდეგ გავამხილე, რაც როლზე დავით ქაცარავა დამტკიცდა. მანამდე ამ როლზე ჯეკო ბასილიძე მუშაობდა, მაგრამ მასთან თამაში ძალიან გამიჭირდა, ჩემთვის უინტერესო იყო. შემდეგ ჯეკო როლიდან მოიხსნა და დავით ქაცარავა დამტკიცდა. მას მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი, პირადად არასდროს შევხვედრივარ. მის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, ვუყურებდი ფილმებს მისი მონაწილეობით და ვიცოდი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის შესახებაც. ის ჩემს წარმოდგენაში გმირი იყო.

- ფილმში დავით ქაცარავას გადაღება ვისი იდეა იყო?

- შემოქმედებით ჯგუფს ეს კანდიდატურა თავად შევთავაზე. მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ჰონორარს არ მოითხოვდა...

ეს ფილმი არის გოგოზე, რომელსაც წარმოსახვაში ჰყავს ბავშვი და კაცი, რომელიც უყვარს. ერთ დღეს იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ეს ყველაფერი ილუზია, წარმოსახვითი სამყაროა და რეალურად, მის გარშემო სიცარიელეა, არც შვილი ჰყავს, არც - საყვარელი მამაკაცი. მისთვის ეს სიცარიელე ძალიან მტკივნეულია. ფილმში ეს კადრები საინტერესოდ არის გადმოცემული. გოგოს საყვარელი კაცი მხატვარია. დავითმა ძალიან კარგად ითამაშა, დამეხმარა, რომ მეც უკეთესად მეთამაშა, პირველსავე დუბლზე ჩავწერეთ. ფილმისთვის სპეციალურად უკრაინელი ვიზაჟისტი გვყავდა ჩამოყვანილი. შევისყიდეთ მუსიკა, რომელიც ჰოლივუდისთვის არის დაწერილი და ჰქვია ჩინემატიც Hყბრიდ. გარდა ამისა, ფილმში ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის მუსიკაც გაჟღერდება.

- როგორ ფიქრობ, ამ ფილმს და შენს პერსონაჟს მაყურებელი როგორ მიიღებს?

- დარწმუნებული ვარ, ბევრი კრიტიკა მოჰყვება. არ არის გამორიცხული, მე გამაკრიტიკონ, როგორც მსახიობი. ისე კი მგონია, რომ ამ გოგოს სახეში საკუთარ თავს ბევრი ქალი ამოიცნობს. ფილმი ორაზროვანია, ყურადღებით უნდა ნახო, რომ გაშიფრო.

თენგიზ თხილავა, პროდიუსერი:

- შერონს დიდი ხანია ვიცნობ. იდეა, რომელიც შემოგვთავაზა, ძალიან მომეწონა, თემამ დამაინტერესა. მერე ერთად დავიწყეთ ფიქრი და შედეგიც სახეზე გვაქვს. შავი მონტაჟი უკვე გაკეთებულია. მგონი, კარგი ნამუშევარი გამოვიდა.

- როგორც ვიცი, ფილმის სხვადასხვა ფესტივალზე წარდგენას აპირებთ.

- დიახ. ფილმი წარდგენილი იქნება International Fashion Film Festival-სა და 19 საერთაშორისო ფესტივალზე. დარწმუნებული ვართ, რამდენიმე ფესტივალზე მაინც გავიმარჯვებთ.

- რით არის ეს ფილმი გამორჩეული და რაზე დააფიქრებს მაყურებელს, ფილმის მთავარი გზავნილი რა იქნება?

- ეს არაა ყველასთვის მარტივად გასაგები და აღსაქმელი ფილმი. ყურადღებით ნახვა სჭირდება. რას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრება? ჩვენ ხომ ძალიან ხშირად ილუზიაში ყოფნა გვჩვევია. ამ ილუზიის დაკარგვა და დამსხვრევა მტკივნეულია, რადგან გამოგონილ სამყაროს ვიჯერებთ. ფილმი სწორედ ამაზეა. დამაფიქრებელია, სად მთავრდება რეალობა და იწყება ილუზია. კარგია თუ არა, როცა ადამიანი ილუზიას იქმნის და იმ სამყაროში ცხოვრებას განაგრძობს? საბოლოოდ, ეს დამაზიანებელია - ეს არის ფილმის მთავარი გზავნილიც.

- დაფინანსების საკითხი როგორ გადაწყვიტეთ?

- ჩვენს კომპანია "არტ პარალელს" აპარატურა გვაქვს. რაც შეეხება მსახიობებს, მათ ჰონორარი არ მოუთხოვიათ, მაგრამ მომავალში, როცა ამ ფილმის გაყიდვა მოხდება, ყველა მსახიობი გასამრჯელოს აიღებს.

ჩვენს ქართულ კინოწარმოებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ ძალიან დიდ სამყაროში, ასეთი ორიგინალური ფილმი ცოტაა. თუ ეს ახალ სიტყვად ჩაითვლება, ჩვენთვის სასიხარულო იქნება.

GzaPress

მარიამ მუზაშვილი, 6 წლის: - ფილმის გადაღებაზე მამიკომ წამიყვანა. რასაც მეუბნებოდნენ, ყველაფერს ისე ვაკეთებდი.

- გადასაღებ მოედანზე ყოფნა მოგეწონა?

- ძალიან მომეწონა, რთული არ იყო. რომ გავიზრდები, მსახიობი უნდა გამოვიდე.

შერონი:

- ფილმში არის კადრები, როცა მინდა შვილს ხელით შევეხო და ვერ ვეხები. ის ცივი სახით მიყურებს. ხელში თოჯინა უჭირავს. ამ სცენას თავი კარგად გაართვა. მარიამს გარდასახვის საოცარი უნარი და მეტყველი თვალები აქვს.

რეზო თხილავა:

- როდესაც ფილმისთვის ბავშვი მსახიობის აყვანა გახდა საჭირო, ფოტოკონკურსი ჩავატარეთ. ყველამ ცალ-ცალკე მარიამზე გავაკეთეთ არჩევანი და არც შევმცდარვართ. როგორც რეჟისორი ეუბნებოდა, ისე იქცეოდა. ბევრი დუბლიც კი არ დასჭირვებია.

დავით ქაცარავა, მსახიობი:

- 27 თვეა, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ვარ ჩართული. რეჟისორების მხრიდან შემოთავაზებები შემცირდა. არ ვიცი, რას უკავშირდება, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე ფილმში რომ მიღებდნენ, ახლა ისე აღარ არის. 2010 წლიდან დღემდე, ჯამში 30-მდე ფილმი მაქვს დაგროვებული.

ამ ფილმის სცენარს რომ გავეცანი, იდეა და შინაარსი ძალიან მომეწონა. გამიხარდა, რომ შემოთავაზება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფორმატია, ჩანაფიქრია ძალიან საინტერესო. რა დასამალია და ასეთ ჟანრში მუშაობაც მომენატრა. უმეტესად "ექშენი" როლები და ფილმები მაქვს. "100 000 წამი" 8 წლის წინ ვითამაშე. იქაც 2 მსახიობი ვიყავით.

ამ შემთხვევაში მინდოდა, მეტი სათამაშო ყოფილიყო, მაგრამ მალე დამთავრდა. ფილმში მხატვარი ვარ და ვხატავ ქალს, რომელიც ჩემს ილუზიაშია. ჩვენ ერთმანეთის ილუზიაში ვცხოვრობთ. მის წარმოსახვაში მე ვხატავ მას და გული დამწყდა, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი არ არის.

- შერონი როგორი პარტნიორი იყო?

- ძალიან ბუნებრივი გახლდათ. საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ეს მისი პირველი როლი იყო. მთავარია, შენი თავი იპოვო იმ პერსონაჟში, რომელსაც თამაშობ. მსახიობის კარიერაში ეს მნიშვნელოვანია. 10 წლის წინ მეც ასე დავიწყე. სარეკლამო როლებს თუ არ ჩავთვლით, მეც არანაირი გამოცდილება არ მქონდა.

- თავად ილუზიაში გიცხოვრია?

- კი, თინეიჯერი რომ ვიყავი, ჩემი წარმოსახვები მქონდა. როცა გავიზარდე, ეს წარმოსახვა გარდაიქმნა ჩემს დღევანდელ მეუღლედ. ილუზიაში ჩემი მეორე ნახევარი ზუსტად ისეთი წარმომედგინა, როგორიც დღეს მყავს. 7 წელი ვიყავით შეყვარებულები და ოჯახი მერე შევქმენით.

- ვიცი, რომ ბრიტანულ პროექტში გიღებენ, ამაზე რას გვეტყვი?

- დიახ, ფილმს "ოსკაროსანი" რეჟისორი ჯონ სტივენსონი იღებს. მასშტაბით ჰოლივუდურ პროექტს შეიძლება შევადაროთ. ამ ფილმში არაბი მეფე ვარ, რომელიც მუჰამედს ებრძვის. მართლა საინტერესო პროექტია. გადაღებები ვაზიანში მიმდინარეობდა და როგორც ვიცი, ახლაც გრძელდება. გარდა ამისა, ახლახან გია კაჭარავას ფილმში - "კაცი" ძალიან საინტერესო როლი შევასრულე. ჩემი პერსონაჟი ბოროტმოქმედია.

- გამოდის, რომ მსახიობობას და ჯარისკაცობას ერთდროულად ახერხებ.

- ასე გამოდის, მე ფაქტობრივად ატოცში ვცხოვრობ.

- ამ ამბავს მეუღლე როგორ ეგუება?

- რთულია, ჩვენ ფაქტობრივად ერთად ვიბრძვით, ის ამ ბრძოლაში მხარში მიდგას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს, მეც მიჭირს, ჩვენი შვილებისთვისაც არ არის ადვილი, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. მე არ ვარ კურორტზე. პერიოდულად მიგორებენ შავ პიარს, რომელსაც ჩემი ოჯახიც იგებს. მეც და ჩემი თანამებრძოლებიც ამ შავ პიარს მარტივად ვუმკლავდებით, რადგან მოსახლეობა ჩვენი ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. ეს დამოკიდებულება გვაქვს საპირწონედ, რაც მოტივაციის შენარჩუნებაში ძალიან გვეხმარება.

შერონი:

- დავითის და მისი თანამებრძოლების საოკუპაციო ხაზზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ფილმზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ, მათთვის მხარდაჭერა გამოგვეხატა და ატოცში ჩავედით. ეს მცირე საქველმოქმედო აქცია იყო. ატოცში დაბრუნებას ისევ ვაპირებთ.

თამუნა კვინიკაძე