ბელორუსების მიერ განსახიერებული "მე ვხედავ მზეს" - გზაპრესი

ბელორუსების მიერ განსახიერებული "მე ვხედავ მზეს"

რეჟისორ რუბენ აგამირზიანის მოგონებების მიხედვით, ლენინგრადში "მე ვხედავ მზის" გასცენიურებასთან დაკავშირებულ თხოვნაზე ნოდარ დუმბაძეს უთქვამს: "ძალიან გთხოვთ, ბატონო რუბენ, არ გინდათ, არაფერი გამოვა! ქართულად გამოდის, რუსულად კი არა". "როგორ, "ბებია" ხომ გამოვიდა? თქვენ ხომ თავად ნახეთ?!" - უკითხავს შემცბარ რეჟისორს. "ბებია" გამოვიდა, ეს კი არ გამოვა, არ გინდათ, ძალიან გთხოვთ..." ბოლოს კი მიუთითებია, თუ ჩემს თხოვნას არ გაითვალისწინებთ და სპექტაკლის დადგმას მაინც გადაწყვეტთ, სახელი შეუცვალეთ და "ხატია" უწოდეთო... არსებობს მოსაზრება, რომ მწერალი ერიდებოდა, დროზე ადრე არ მიეგნოთ ნაწარმოების ფარული დედააზრისთვის მათ, ვის წინააღმდეგაც რეალურად იყო მიმართული სიუჟეტის სიმძაფრე... თუმცა, არანაკლები მიზეზი ალბათ, იმ კოლორიტის, ინტიმის, ბუნებრივი ადგილობრივი ხასიათის დაკარგვის რისკის გაანალიზებაც გახლდათ, რაც მხოლოდ ქართველს შეუძლია გაიგოს, აღიქვას, იგრძნოს, განასახიეროს და ნაწარმოები თუ მისი გმირების ხასიათი მაყურებლამდე სწორად მიიტანოს...

ამის ალბათობა ალბათ, მართლაც დიდია, თუმცა, მეორე მხრივ, ნაწარმოებში ასახული თემა იმდენად მასშტაბური, ნაცნობი და მტკივნეულია სხვა ერებისთვისაც, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა ხსენებული რისკი გასწია და ხატიას, სოსოიას, ქეთო მასწავლებლისა თუ დათიკო ბრიგადირის როლები ბელორუს მსახიობებს მოარგო... მათაც, იაზრებდნენ რა, რომ ამ საერთაშორისო მნიშვნელობის ნაწარმოებში სცენარი საქართველოს ერთ კონკრეტულ კუთხეში, მისთვის დამახასიათებელ გარემოში ვითარდება, ორმაგად მოტივირებული ცდილობდნენ მაყურებლამდე მისატანი განცდა არსად გაჰბნეოდათ... და თუკი მაყურებლის ემოციისა და ოვაციის მიხედვით ვიმსჯელებთ - მათ ეს შეძლეს... შეძლეს გაევლოთ ბეწვის ხიდზე, რომლის არსებობა, თავის დროზე, თავად დიდმა მწერალმა სრულად უარყო...

დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი:

- მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორის მოადგილეს მოსკოვში გამართულ ევროპის ქვეყნების მოზარდ მაყურებელთა თეატრების შეკრებაზე შევხვდი და ჩვენი თეატრის იუბილეზე მოვიპატიჟე. იუბილეზე უკვე გაცვლითი გასტროლები დავგეგმეთ. მოგვიანებით ვუმასპინძლეთ, ბელორუს მაყურებელს ჩვენც ორი სპექტაკლი წარვუდგინეთ. შემდეგ დაისვა საკითხი სამხატვრო ხელმძღვანელების გაცვლის შესახებ. მათმა ხელმძღვანელმა ჩვენთან ბელორუსული კლასიკა, ამბარშევსკის პიესა "თეთრი კაჭკაჭი" დადგა. მეც მთხოვეს რაიმე ქართული კლასიკიდან ამერჩია და თავადვე შემომთავაზეს ეს "მე ვხედავ მზეს" ყოფილიყო. მიზეზი ის გახლდათ, რომ მინსკის ფაშიზმისგან გათავისუფლების 75 წლის თარიღს აღნიშნავდნენ. მათ ძალიან უყვართ საქართველო და განსაკუთრებით ქართული ლიტერატურა. პირველ რეპეტიციაზე შესულმა აღმოვაჩინე, რომ დუმბაძის, პრაქტიკულად, ყველა ნაწარმოები წაკითხული ჰქონდათ. რეპეტიციებისას კი დაობდნენ და გამოთქვამდნენ პრეტენზიებს, რატომ არ მოხვდა სპექტაკლში ესა თუ ის ეპიზოდი. ათი დღით საქართველოში მომიხდა ჩამოფრენა. იქ დაბრუნებული გაოცებული დავრჩი - ტექსტი უკვე ყველამ ზეპირად იცოდა. ამით მინდა მათ ზოგად დამოკიდებულებას გავუსვა ხაზი ქართული კულტურის, ლიტერატურის და კონკრეტულად, ამ ნაწარმოების მიმართ. ფაქტობრივად, პრემიერაა, სპექტაკლი ჩვენთან მეექვსედ ითამაშეს.

GzaPress

ოლგა სინიცა, მსახიობი: - დიმიტრი ხვთისიაშვილის ჩამოსვლას დიდი სიხარულით ველოდებოდით. ჩვენ ერთად მთელი გულით ვიმუშავეთ და მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ამ გამოცდილებისა და შესაძლებლობისთვის. ნოდარ დუმბაძისა და მისი ნაწარმოებების შესახებ მანამდეც ბევრი ვიცოდით, მაგრამ დიმიტრის საშუალებით ეს მწერალი და კონკრეტულად "მე ვხედავ მზეს" ძალიან ახლოს მოვიდა ჩვენს გულებთან. ამ ნაწარმოებთან სიღრმისეულად შეხება დიდი ბედნიერებაა. ვეცადეთ, პერსონაჟები მთელი თავისი კოლორიტით გაგვეცოცხლებინა. რეპეტიციებისას რეჟისორი ბევრს გვიყვებოდა მწერლის, გურულების, მათი ხასიათის შესახებ. ჩვენთვის ყველაფერი ახალი იყო, რადგან დამეთანხმებით, ცოტა განსხვავებული მენტალიტეტი გვაქვს. მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ერი, რომლისთვისაც ეს თემა მეტად ახლო, საგრძნობი და მტკივნეულია. ყოველი მეოთხე ბელურუსი დაიღუპა მსოფლიო ომში; თითქმის არ არსებობს ოჯახი, ვისაც ეს ტრაგედია არ შეეხო. ამიტომ ვგრძნობთ ნაწარმოების განწყობას.

- საქართველოში პირველად ხართ?

- ჩემს ქალიშვილს განსაკუთრებით უყვარს საქართველო და ხშირად ჩამოდის, თუმცა, მე პირველად ვარ. მიხარია, რომ აქ პირველად არა როგორც უბრალოდ ტურისტი, არამედ მსახიობი ჩამოვედი და კონკრეტული მისია მაკისრია. მართალია, ძალიან ცოტა დრო გვაქვს მთელი საქართველოს გასაცნობად, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, მომავალშიც ჩამოვიდე და ამ ქვეყნის ულამაზესი ადგილები ვნახო. გავიცნო რაც შეიძლება მეტი ქართველი, რადგან მათით აღფრთოვანებული ვარ. საოცარი ხალხია, ასეთ სტუმართმოყვარეობას იშვიათად შეხვდები. თქვენ მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ხართ.

არინა რიაბიჩინა, მსახიობი:

- მე და ნიკიტა (ნიკიტა კროტოვიჩი, სოსოიას როლის შემსრულებელი) ჯერ კიდევ სტუდენტები ვართ, ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში ვსწავლობთ. გაგვიმართლა და თეატრში მუშაობა უკვე დავიწყეთ. მუშაობის დაწყებიდან მალევე შევიტყვეთ, რომ ჩვენთან სპექტაკლის დასადგმელად დიმიტრი ხვთისიაშვილი ჩამოდიოდა. როცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ როლზე დაგვამტკიცა, სიხარულისგან თავბრუ დაგვეხვა. ბუნებრივია, ამისთვის მისი მადლობლები ვართ. ჩვენ თეატრში არ გვქონდა ომთან დაკავშირებული სპექტაკლი. ეს უმნიშვნელოვანესი თემაა. ვფიქრობ, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, თუნდაც იმიტომ, რომ გვახსოვდეს ომის სისასტიკე და იგივე შეცდომა აღარ დავუშვათ...

- ქართველ რეჟისორთან მუშაობა, თანაც, სპეციფიკურ ქართულ ნაწარმოებზე, ალბათ თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის, პროფესიული ზრდის კარგი საშუალება იყო...

- ნამდვილად. ეს კოლოსალური გამოცდილება იყო. გამოგიტყდებით, რატომღაც, ყოველთვის მინდოდა უსინათლოს როლი მეთამაშა. სწორედ ამის გამო, ხატიას როლზე დამტკიცება ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო. ვფიქრობ, უსინათლოს როლში ყოფნა მსახიობისთვის მეტად საინტერესო ფსიქოფიზიკური მდგომარეობაა. მინდა თქვენს მკითხველებს ვუთხრა, რომ მიუხედავად ბევრი სირთულისა და წინააღმდეგობისა, ყოველთვის მიჰყვნენ იმ გზას, რომელსაც მზე ანათებს, ყოველთვის შეიგრძნობდნენ მზის სითბოს, ხედავდნენ, სჯეროდეთ და უყვარდეთ ის.

ნიკიტა კროტოვიჩი, მსახიობი:

- მოვხვდი თუ არა თეატრში, ჩემი პირველი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი აღმოჩნდა. ერთად ბევრი ვიმუშავეთ. მან ყველაფერი გაიღო და ჩვენგანაც ყველაფერი ამოწურა, რითიც კი შეიძლებოდა სპექტაკლი უფრო სრულყოფილი გამხდარიყო. ეს ადვილი ნამდვილად არ გახლდათ, მაგრამ მთავარია, სპექტაკლი შედგა. ამ რეჟისორთან გატარებული დრო ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რაც შეეხება თბილისში სტუმრობას, გულწრფელად - საოცარი ქალაქი გაქვთ. ჩვენ ღამით ჩამოვფრინდით. ყოველთვის დარჩება ჩემს წარმოსახვაში შემაღლებული ადგილიდან დანახული ულამაზესი განათებული ღამის ქალაქი. ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, არავის უნდა დაავიწყდეს, რა გადაიტანეს ჩვენმა ბებიებმა, მათმა მშობლებმა. რამხელა ტრავმა მიიღეს. დავამატებ, რომ მიუხედავად გაუსაძლისი გარემო პირობებისა, ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, სიყვარულს უნდა მოეფეროს, რათა ის გულიდან არ გაექცეს...

შორენა ლაბაძე