გაიბოტენის გაცოცხლება ერთი დღით
font-large font-small
გაიბოტენის გაცოცხლება ერთი დღით
ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა

32 წლის მოხევე ანი გელაშვილი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ყაზბეგში, სოფელ სნოში დაიბადა და გაიზარდა, სტუდენტობის დროიდან კი თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. თანამოაზრეებთან ერთად ის თავისი ქვეყნისა და კუთხისთვის ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, თუმცა საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს. სექტემბრის შუა რიცხვებში მისი არასამთავრობო ორგანიზაციის "ლომეკის" ინიციატივით გაიმართა გაიბოტნობა. ამ ღონისძიების სლოგანი ასეთი იყო: "გავაცოცხლოთ ერთი დღით სოფელი გაიბოტენი". არ ეგონა თუ იმდენი ხალხი მივიდოდა, თუმცა ინტერესი ალბათ გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ გაიბოტენი ლელთ ღუნიას სოფელია. ნასოფლარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყარშეტის მთის ძირში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1830 მეტრში. 2002 წლის აღწერის მიხედვით, იქ 17 ადამიანი ცხოვრობდა, ბოლო 2014 წლის აღწერით - უკვე აღარავინ.


- 2017 წელს დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია "ლომეკი" (ლომეკი თერგს ერქვა უწინ) და მას შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ყაზბეგის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა-პოპულარიზაციაზე ვმუშაობ. სნოში დავიბადე და გავიზარდე, რაც ჩემი კუთხის მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
GzaPress
- ჯერ შენს ოჯახზე გვითხარი რამე და მერე იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე განახორციელეთ.
- მამა მოქანდაკე იყო, დედა ფილოლოგია და დღესაც პედაგოგად მუშაობს სნოში, იქ ცხოვრობს ჩემი პატარა ძმაც. ქართული სიძველეების, ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა. ამან განაპირობა ჩემი მომავალი პროფესიაც - ხელოვნებათმცოდნეობა. რაც შეეხება პროექტებს, სულ ვიძიებდი მასალებს ხევზე და როდესაც საკმაო ინფორმაცია დაგროვდა, გამოვეცით ხევის ტურისტული რუკა ჯერ ქართულ ენაზე, შემდეგ - ინგლისურად. მანამდე მსგავსი გამოცემა არ იყო, ამიტომაც მეგობრები, ამ საქმის პროფესიონალები დავსხედით და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა. ამ გამოცემაში არის მასალა ხევის რელიეფის, კულტურული ძეგლების, ბუნების, ტურისტული ობიექტებისა და სერვისების შესახებ. თან დავურთეთ მაღალი ხარისხის ფოტომასალა, ასევე ტურისტული მარშრუტებიც, სალაშქრო რუკებიც, რისი მომზადებაც საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. შევეცადეთ, ისტორიული წყაროების დახმარებით უკვე დავიწყებული ქართული ტოპონიმებიც აღგვედგინა და რუკაზე დაგვეტანა. იმედი მაქვს, სამომავლოდ მუნიციპალიტეტის დონეზე გადაწყდება ძველი სახელების აღდგენა. მაგალითად, მდინარე ბიდარას თურმე შთასავალი რქმევია ადრე, ვახუშტი ბატონიშვილი მას ასე მოიხსენიებს. მიუხედავად იმისა, რომ ყაზბეგი ტურისტულად აქტიური ზონაა, აქამდე არ იყო ერთ ბროშურაც კი, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ამდენი ინფორმაცია, მით უფრო, უცხო ენაზე. საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა ორივე - რუკაც და გზამკვლევიც.
- როდესაც რჩევას გეკითხებიან, რა მოინახულონ ყაზბეგში სტუმრობისას, პირველ რიგში, რის ნახვას ურჩევ?
- მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს, გერგეტის სამება და დარიალის ხეობა შეუდარებელიაო, მე ყოველთვის ვამბობ, რომ მარტო ეს არ არის ყაზბეგი. ძალიან საინტერესოა მაგალითად, ხევის სიონი - IX-X საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა, გარბანის ეკლესია, ახალციხის ბაზილიკა, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობაც აქვთ და მხატვრული ღირებულებაც. გარდა ამისა, თრუსოს ხეობაში უნიკალური ბუნებაა და რაც ყველაზე საინტერესოა, იქ თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი საცხოვრისები, ციხე-კოშკები...
GzaPress
- გაიბოტნობას რაც შეეხება - როგორ გაჩნდა სოფლის გაცოცხლების იდეა და რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი?
- როდესაც ჯგუფის წევრები ვიკრიბებით და პრიორიტეტებს ვსახავთ, მაშინ გაჩნდა იდეაც. რა თქმა უნდა, ვიცოდი ამ სოფლის შესახებ, ის ხომ ლელთ ღუნიას სოფელია. ილია მისი პირით ამბობს თავის მთავარ სათქმელს. ათეული წლების წინ ზვავი ჩამოწოლილა და ერთი ოჯახი მთლიანად ამოწყვეტილა. სოფლის სიახლოვეს ქვის საბადოც ყოფილა, რაც თურმე საფრთხეს წარმოადგენდა და ამიტომაც, იქაურები სხვა სოფელში გადასახლებულან. შემორჩენილია ზურგიანი კოშკი, წისქვილები, ბანური ტიპის საცხოვრებელი სახლები. სოფლელები იქ ადიან და თავიანთ სახლ-კარს უვლიან, დღესასწაულებსაც აღნიშნავენ, მაგრამ ბევრიც ათეული წლების შემდეგ, სწორედ ამ დღეს ჩამოვიდა სოფელში. ერთი სიტყვით, დაცარიელებული სოფელია და გვინდოდა გაცოცხლებულიყო. თუმცა, სამწუხაროდ, გაცოცხლება დღეს სხვანაირად გვესმის - თანამედროვე ნაგებობების აღმართვა, უხეშად შეჭრა ლანდშაფტში, ზოგადად, ეს პრობლემა ისედაც დგას ხევში. გვინდოდა, გაგვეჟღერებინა იდეა, რომ გაიბოტენი უნდა გადარჩეს და გაცოცხლდეს თავდაპირველი სახით, რომ აქვს შანსი, იყოს ეთნოსოფელი. შესაძლებელია, სიძველეები გადავარჩინოთ და თან ამან მოგებაც მოიტანოს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან მოვიწვიეთ სპეციალისტები, მუნიციპალიტეტიდანაც იყო თანადგომა და ვნახოთ, მომავალში რა იქნება. "ლომეკის" გარდა, გაიბოტნობის ორგანიზატორები იყვნენ სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, ყაზბეგის განვითარების ჯგუფი "ლაგი" და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიება ჩატარდა იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გაგრძელება და შედეგი ჰქონდეს. როდესაც ცეცხლი დაინთო და იქაურობა ახმაურდა, საოცარი განცდა დაგვეუფლა. აუცილებელია, წარმოვაჩინოთ მივიწყებული კულტურული ძეგლები და გავაცოცხლოთ კიდევ უფრო მეტი ნასოფლარი...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვა