სამი მიკროფონის "ჯადოქარი"
font-large font-small
სამი მიკროფონის "ჯადოქარი"
თინა მგალობლიშვილის ცხოვრების გზა

სამი მიკროფონის "ჯადოქრად" აღიარებული ქალბატონი თინა მგალობლიშვილი რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად, კინოსტუდიაში უამრავი გახმოვანების ჩაწერასაც ასწრებდა. როცა ეკითხებიან, ტელევიზია თუ რადიო? ასეთი პასუხი აქვს: "უკვე "მოამბე" მიმყავდა, როცა შესანიშნავმა დიქტორმა ომარ ტივაძემ მკითხა, - ტელევიზიაში თავს როგორ გრძნობო? ვუპასუხე: რას ლაპარაკობ, რადიო არის აკადემია!" ამის შემდეგ ყოველი შეხვედრისას, ომარი ასე მომმართავდა: როგორა ხარ აკადემიუროო?" - თინა მგალობლიშვილის ვარსკვლავი 2016 წელს გაიხსნა.
- ბავშვობაში რადიოზე განსაკუთრებული ფიქრები არ მქონია. სკოლაში რუსული ენა მიყვარდა (დოსტოევსკი სიგიჟემდე მიყვარს) და რუსულის მასწავლებლის მიერ დადგმულ ინსცენირებებში ვმონაწილეობდი. თეატრალურ ინსტიტუტში იყო მომენტი, როცა გამიზნულად მქონდა გადაწყვეტილი კითხვის მიმართულებით წავსულიყავი. მეოთხე კურსზე ბატონი გიგა ლორთქიფანიძე ჩვენთან დგამდა სპექტაკლს, სადაც ზანდა იოსელიანის დუბლიორი ვიყავი. საერთოდ, რეჟისორების მთელი ყურადღება ყოველთვის ძირითად შემადგენლობაზეა გადატანილი, ამიტომ რეპეტიციებს ვერ გავდიოდი. მაშინ ჩემთვის ვთქვი, მივდივარ კითხვისკენ-მეთქი.
GzaPress
- თქვენს ჯგუფში შემდეგში ცნობილი ბევრი მსახიობი სწავლობდა, მათ შორის კახი კავსაძეც.
- თეატრალური ინსტიტუტი მაშინ ერთი ოჯახივით იყო, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით და ყველას ერთმანეთი გვიყვარდა. ჩემს ჯგუფში იყვნენ: ზანდა იოსელიანი, ლია თოხაძე, ნუგზარ ჯუღელი (ლია და ნუგზარი მეუღლეები იყვნენ), ცისანა კობახიძე (პიერ კობახიძის ძმისშვილი), კახი კავსაძე... აფხაზებიც გვყავდა. კურსზეც საინტერესო ხალხი სწავლობდა: სოსო ლაღიძე, ქეთინო კიკნაძე, ლია კაპანაძე და სხვები. კახის წყალობით, მთელი დღე მხიარულება არ გვაკლდა, საოცრად მუსიკალური ადამიანია. მე და ნუგზარი ყოველთვის წყვილში ვიყავით, პირველები იდგნენ ზანდა და კახი - ორივე გამორჩეულია გარეგნობით, მერე მე და ნუგზარი, შემდეგ ლია და ენვერ ჩაიძე და ა.შ. შეკრული ჯგუფი გვქონდა, სულ ათნი ვიყავით. ფანტასტიკური პედაგოგები გვასწავლიდნენ. მეტყველებაში ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი გვყავდა, მისი გაზრდილია ეროსი, რამაზი, გურამ საღარაძე და ვინ არა. ის არავის გამოარჩევდა, ყველასთან ერთნაირი და თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. შეუძლებელი იყო არ აგეთვისებინა ის მასალა, რასაც მალიკო გვაწვდიდა. მრავალმხრივი ნიჭის მქონე კოტე მახარაძე (ჩემი დახასიათება არ სჭირდება), ასევე ბრწყინვალე პედაგოგი იყო, თან გადაგყვებოდა. მეორე კურსზე გვასწავლიდა და მთელი ჯგუფი არაჩვეულებრივად წარდგა კომისიის წინაშე. ჩვენი პედაგოგი იყო უსაყვარლესი ბადრი კობახიძეც.
- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სად გაგანაწილეს?
- ზანდა მარჯანიშვილის თეატრში წავიდა, ნუგზარი და კახი რუსთაველში ჩაიყვანეს. მე, ცისანა და ლია ოფიციალურად ჭიათურაში გაგვიშვეს, მაგრამ არც ერთი არ წავსულვართ. ცისანა ბათუმში მუშაობდა, ლიამ რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა, ოღონდ არა მსახიობად, მე კი რადიოს კონკურსში მივიღე მონაწილეობა, რომელიც სწორედ იმ დროს გამოცხადდა. გავიმარჯვეთ თინა ელბაქიძემ და მე. ვისაც რადიოსკოლა გავლილი ჰქონდა, ის კითხვას შეძლებდა, რასაკვირველია, მონაცემსაც - ხმას მნიშვნელობა ჰქონდა. რადიოში შესანიშნავი მკითხველები იყვნენ: ქეთო ლანდია, ელენე ტაბლიაშვილი, მერი მიქელაძე, დათო სოკოლოვი, ლევან ყავლაშვილი... საოცარი კოლექტივი დამხვდა. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, ყველაფერს ვისრუტავდი და პროფესიულად ვიზრდებოდი. რადიოს პარალელურად, ტელევიზიის ყველა რედაქციასთან ვთანამშრომლობდი, მიმყავდა არაჩვეულებრივი ლიტერატურული გადაცემები. ერთ მათგანს გამოვყოფ: ნიჭიერმა ჟურნალისტმა მარიკა ჩხარტიშვილმა-ბაქრაძემ ქართულ ხალხურ პოეზიაზე გააკეთა გადაცემა, რომელიც მე მიმყავდა და სადაც მონაწილეობდნენ: ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსი ჭინჭარაული, ანზორ ერქომაიშვილი თავისი გუნდით, მურმან ლებანიძე, გურამ საღარაძე... გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბობდნენ, რომ ლადო გუდიაშვილს გადაცემის ყურების დროს, თვალზე ცრემლი მოადგაო. ეს გადაცემა ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ფილარმონიაში გამართული საღამოების წინა პირობა გახდა. სამოქალაქო ომის შემდეგ რადიო-ტელევიზიას აღარ მივუბრუნდი, მიუხედავად იმისა, რომ მთხოვდნენ. ჩემი პრინციპები და პოზიცია მქონდა, რომელსაც ვერ ვუღალატებდი.
GzaPress
- კინოსტუდიაში გახმოვანებაზე პირველად ვინ მიგიწვიათ?
- რეჟისორმა კოტე გრძელიშვილმა პატარა ეპიზოდი მომცა. ის გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, კინოსტუდიის ძველი დამსახურებული ხალხიდან, ვინც უკვე ასაკში იყო და დუბლიაჟში მიდიოდა სამუშაოდ. მეორედ უფრო დიდი ეპიზოდი გავახმოვანე, მერე წავიდა და წავიდა. ძალიან გამიმართლა, მხატვრულ ფილმებზე მაკავებდნენ. ალბათ, ჩემი მონაცემები მეხმარებოდა, თუმცა დიდ როლს იღბალი თამაშობს. ჯერ მარტო ბატონ კოტე დაუშვილთან ერთად, 600-მდე როლი გავახმოვანე. კიდევ მაგალითად, რითაც შეიძლება იამაყოს მსახიობმა: ნატო ვაჩნაძეს ვახმოვანებდი აღდგენილ ფილმში "სამი სიცოცხლე".
მუნჯი კინოს ვარსკვლავ კოტე მიქაბერიძესთან მიმუშავია. უნდა გენახათ, როგორ ემზადებოდა გახმოვანების წინ. საერთოდ, ძველი ხალხი საოცრება იყო. ჩვენთვის ჩვეულებრივი გახმოვანების პროცესი მისთვის არაჩვეულებრივი რამ იყო. სამ სამსახურში დავრბოდი და სამივეს სერიოზულად ვეკიდებოდი, დაგვიანება კატასტროფა იყო. რადიოში ან ტელევიზიაში "მოამბეზე" როგორ დაიგვიანებ, ვინ დაგიცდის? მოხსნილი ხარ სამსახურიდან და რანაირად დაისჯები, ეგ კიდევ სხვა თემაა. კინოსტუდიაშიც საოცარი დისციპლინაა, დაუშვებელია დაგვიანება, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბატონ კოტესთან გახმოვანებაზე 2-3 წუთით დამაგვიანდა. მთავარი როლი მაქვს... წარმოგიდგენიათ? სტუდიაში შევედი და ბატონმა კოტემ დაიყვირა "სნიაც მგალობლიშვილი!" ყველა გაისუსა, მომაკვდინებელი სიჩუმეა, მეც გავშეშდი, არ ვიძვრი, რადგან არ უთქვამს, მიბრძანდი აქედანო. ღირსი ვიყავი გავეძევებინე, მაგრამ თავი შეიკავა და დაიძახა: "დაიწყეთ მუშაობა!" დავდექი მიკროფონთან, ორი ეპიზოდი კარგად ჩავწერე. როგორც ჩანს, შინაგანი მუხტი მქონდა აღელვებულს. ბატონი კოტე მომიახლოვდა და ხელი მომხვია (იცინის), გადავრჩი და შევრიგდით.
- გახმოვანების პარტნიორები და რეჟისორები გაიხსენეთ.
- რეჟისორები გახმოვანებისთვის დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, კასტინგს ატარებდნენ. ბატონ თენგიზ აბულაძესთან მარიტას ("ნატვრის ხე") როლზე ბევრი მსახიობი გასინჯეს, მაგრამ ჩემზე შეჩერდნენ. არასდროს მიფიქრია, რომ ამა თუ იმ როლის გასახმოვანებლად აუცილებლად მე გავიმარჯვებდი, არ ვიყავი ამბიციით შეპყრობილი. იგივე შორენას როლზე ("დიდოსტატის მარჯვენა"), ბატონმა ვახტანგმა ძალიან ბევრს მოუსმინა და ბოლოს მანდო. კონსტანტინე გამსახურდიას გმირებს ყველგან მე ვახმოვანებდი. სტუდიაში მიკროფონთან უდიდესი ავტორიტეტები იდგნენ. ქალბატონ სესილიას გვერდით ვიდექი და ის რომ შემაქებდა, იმ ღამეს სიხარულით აღარ მეძინა. პარტნიორები ყოფილან რამაზი, ეროსი, გურამ საღარაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი... უდიდესი პატივი მერგო და სულ ვამაყობ ამით. მათთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ამ დიდ მსახიობებთან ყოველთვის მოკრძალებული და მორიდებული ვიყავი.
ოთარ მეღვინეთუხუცესთან ბევრი სამუშაო მქონდა, მასთან დისტანცია ყოველთვის მეჭირა, სიფრთხილეს ვიჩენდი. ერთხელ ასეთი რამ დამემართა: სახლში ვარ, გახდა დილის 11 საათი და მახსენდება, რომ 10 საათზე ოთართან ერთად ჩაწერაზე უნდა ვყოფილიყავი. შოკი მქონდა, ჩქარა გადავიცვი და გავვარდი. მივედი და ვუთხარი: ოთარ, ამომვარდა მეხსიერებიდან, რაღაცა დამემართა და თუ მაპატიებ... გულწრფელი ვიყავი. შემომხედა და, - წამოდი ახლა, ვიმუშაოთო. ერთხელ მოხდა ეს და ისიც ზუსტად ოთართან, ვისაც ყველაზე მეტად ვერიდებოდი.
ოთარ იოსელიანის ყველა ფილმზე ვიმუშავე, ის გენიოსი და უსაყვარლესი პიროვნებაა, მსოფლიოში აღიარებული. მარინა ქარცივაძემ ("გიორგობის თვეში" მის როლს ვახმოვანებ) დაწერა წიგნი ოთარზე, სადაც ერთ ეპიზოდში ჩემზეც საუბრობს. მტკივნეულად ჩამრჩა ის ამბავი, როცა რამაზ გიორგობიანმა დამირეკა და მთხოვა, ფილმი გადავიღე და მჭირდებიო. უარი ვუთხარი, ზაფხული იყო და ქალაქიდან გავდიოდი. როცა დავბრუნდი, სამწუხარო ამბავი დამხვდა, ის მოულოდნელად გარდაიცვალა... ეს სულ მახსოვს.
GzaPress
- იმპროვიზაცია შეიძლებოდა რადიოში ან ტელევიზიაში?
- ძალიან იშვიათად, უფრო ექსტრემალურ სიტუაციაში. ჩვენი თაობა სხვანაირად იყო განწყობილი მიკროფონთან, აქ ხუმრობა და სითამამე არ გამოგივა. მაინც გარკვეულ ჩარჩოში ვიყავით. ჩვენი ხელმძღვანელის პეტრე შამათავას მიმართ დიდი პატივისცემა და ხათრი გვქონდა, სადღაც შიშიც, მაგრამ ისეთი ადამიანი იყო, თანამშრომელს არ გაწირავდა. არ არსებობდა, ვინმე სამსახურიდან მოეხსნა...
ბევრი კურიოზიც ხდებოდა. ერთხელ ლევან ყავლაშვილი მეუბნება: ყოჩაღ თინა, წუხელ რა კარგად გახვედი კადრიდან, თავი ნელ-ნელა რომ მიატრიალე, ზოგი ამას სწრაფად აკეთებსო. მე ვუსმენდი ყველას, კოლეგების აზრი მაინტერესებდა. ჰოდა, იმ საღამოს წავიყვანე "მოამბე" და კვლავ ნელა გავატრიალე თავი. მეორე დღეს მხვდება ცნობილი რეჟისორი კარლო ღლონტი, ჩემი ახლობელი და ჩემთვის ავტორიტეტული კაცი. გადამკოცნა, მომიკითხა და მეკითხება: რა მოგივიდა შენ, კისერი გტკივაო (იცინის)? მივხვდი, რაშიც იყო საქმე. რასაკვირველია, ამის მერე აღარ ვაყოვნებდი თავის მიბრუნებას.
- კითხვა ხომ ძალიან გიყვართ და დღეს რას კითხულობთ?
- მთელი აქცენტები ერთადერთ შვილიშვილზე გადავიტანე. ელენეა დღეს ჩემი ფიქრი, სიამაყე და ყველაფერი. ბედნიერი ვარ, რომ მან მსახიობის გზა არ აირჩია დედის - ჩემი ქალიშვილის (მაკა ბარდაველიძე) მსგავსად. ელენემ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლობს მეორე კურსზე, გარდა ამისა, წერა დაიწყო. მისი ნაწერები როსტომ ჩხეიძემ წაიკითხა და შეაქო. მწერლის აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რეზო ჭეიშვილის ჟურნალში დაიბეჭდა ჩემი ელენე ჯანელიძის მინიატიურები და ერთი ლექსი, რომელსაც ჰქვია "თვის ბოლოს". ვფიქრობ, საამაყო შვილიშვილი მყავს.
- თქვენ გახმოვანებულ ფილმებს როცა უყურებთ, რა ფიქრები გეძალებათ?
- ნოსტალგია მაქვს და ყველაფერზე ცრემლი მადგება, რადგან ის არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი მსახიობები აღარ არიან. სევდას მგვრის ეს ამბავი. ვინც დარჩა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. ახლა ქართულ ფილმებს აღარ უყურებენ, რაღაც საერთო სენია და ამაზეც მწყდება გული.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გოჩა შათირიშვილი ბოლო 25 წელია, არგენტინაში ცხოვრობს.
საქართველოს ისტორიაში იყვნენ ქალები, ვინც ამა თუ იმ ეპოქის დოგმებს არ ეპუებოდნენ და წინაპრების წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ მიდიოდნენ.
ექვსი წელია, ნიკას სკოლაში, ყოველ გაზაფხულს ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება
ძლიერი ქალი, რომელსაც უბრალოდ, ადამიანები უყვარს
"საღამოს კარს რომ შემოაღებს, ისე იქცევა, თითქოს იმ დღეს პრობლემა საერთოდ არ ჰქონია"
საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გერმანელი საზოგადოებები დაარსდა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1284 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი