რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჯანსაღი მომავალი თაობა გვყავდეს - გზაპრესი

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჯანსაღი მომავალი თაობა გვყავდეს

სერტიფიცირებული მწვრთნელი წყალბურთში, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი პროფესია, ახლახან სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯილდოზე წარადგინეს. ბატონ დავით ხავთასს მოზარდებთან მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს. ის გამუდმებით მოგვიწოდებს, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და აუცილებლად დავაკავოთ ისინი სპორტის რომელიმე სახეობით, რათა ძალიან ძლიერები და ჯანმრთელები გაიზარდონ.

- თბილისის წყალბურთის გუნდი "იმედი" ემზადება საქართველოს პირველობისთვის, რომელიც დაიწყება ოქტომბრის ბოლოს. გუნდმა უკვე გაიარა სამწვრთნელო სპორტული შეკრება ბაკურიანში. ყოველდღიური ვარჯიშები გვაქვს. ვემზადებით გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის გლდანის აუზზე. ჩვენი სპორტული კომპლექსის დირექტორია გივი ჩხარტიშვილი, რომელიც მაქსიმალურად გვიწყობს ხელს... მოგეხსენებათ, გასულ წელს 12 გუნდიდან მეექვსე საპრიზო ადგილზე გავედით - ესეც დიდი წარმატება იყო, მაგრამ ახლა ბავშვები უფრო კარგად მომზადებულები იასპარეზებენ და იმედია, უკეთესი შედეგიც ექნებათ.

- ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა წყალბურთი...

- ევროპის ჩემპიონატზე სამჯერ გავიდა საქართველოს ეროვნული ნაკრები, ეს კი სათამაშო სახეობებში ძალიან დიდი მიღწევაა. ამ ზაფხულს 15-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეც იყო წასული და მეექვსე საპრიზო ადგილით დაგვიბრუნდა - ესეც დიდი შედეგია. ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში, დიღმის ოლიმპიურ აუზზე, რაც ასევე სასიამოვნო ფაქტი გახლდათ - უამრავი ტურისტი, გულშემატკივრები ჩამოვიდნენ თბილისში და შეჯიბრების დროს ტრიბუნები გადაჭედილი იყო. ჩვენმა ნაკრებმა - 17-წლამდელებმა მეათე საპრიზო ადგილით დაამთავრეს ევროპის ჩემპიონატი. მისასალმებელია, რომ საწყლოსნო სპორტის სახეობა ვითარდება... ახლა უკვე ტოკიოს ოლიმპიადაც მოახლოვდა - მოგეხსენებათ, 2020 წელს თამაშები გაიმართება და სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლად სპორტსმენები უკვე გაემგზავრნენ. იმედია, ცურვაშიც გვექნება ლიცენზია ისევე, როგორც გასულ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გვქონდა; მაშინ ორი მოცურავე გაემგზავრა... ახლა ყველანაირი პირობები აქვთ სპორტსმენებს საიმისოდ, რომ წარმატებას მიაღწიონ. საბედნიეროდ, ბოლო დროს ძალიან მომრავლდა აუზებიც, რაც სასიხარულოა.

ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ წყალბურთი ოდესმე "ჩავარდნილ" სპორტის სახეობად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვს სპორტის ამ სახეობასაც სახელმწიფოსგან, ისევე როგორც სხვა სახეობებს.

GzaPress

- იყო პერიოდი, როცა მოწადინების მიუხედავად, წყალბურთელები ვარჯიშსაც ვერ ახერხებდით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აუზი, წყალი არ გქონდათ... - კი, 90-იან წლებში იყო მსგავსი ამბები, კატასტროფული მდგომარეობა გახლდათ ამ მხრივ. ბევრჯერ ვარჯიშზე მისულს წყალი არ დაგვხვედრია და მერე უბრალოდ, ფიზიკურად ვვარჯიშობდით. როცა გიყვარს შენი საქმე, შენი პროფესია, ვერ ჩერდები. მერე რა, რომ არ არის წყალი, სხვანაირად შეეცდები მოემზადო, წყალში შესულმა თეორიაში ნასწავლი პრაქტიკაშიც გამოიყენო; არ უნდა მოდუნდე, უნდა ეცადო ფიზიკურად გაძლიერდე.

- შეიძლება თეორიულად ძალიან კარგად იცოდე, როგორ უნდა გაცურო, მაგრამ წყალში რომ შეხვალ, იქ სულ სხვა რეალობის წინაშე დგები...

- როცა უკვე პროფესიონალი ხარ, იოლად ხვდები, თეორია პრაქტიკაში როგორ უნდა გამოიყენო... ცხადია, ბავშვს ვერ ასწავლი ცურვას აუზის გარეშე, მაგრამ რაღაცების ახსნა შეიძლება, რომ მერე, როცა წყალში შევა, არ დაიბნეს... ფიზიკური მომზადებაც ბევრს ნიშნავს. სხვათა შორის, ახლა ჯანსაღი თაობა მოდის. 15 წლამდე ნაკრებზე გესაუბრეთ ზევით და იმის აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ამ მოზარდებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. გადასარევი გუნდია, არაჩვეულებრივი მწვრთნელთა სტაფი ჰყავთ. ბავშვებიც ძალიან მოტივირებულები არიან. იმედი მაქვს, ჩვენი მომავალი თაობა თავის სიტყვას იტყვის და გვასახელებს.

- ისაუბრეთ იმაზე, რომ ახლა სპორტსმენები ხელისუფლების მხრიდან დიდ ყურადღებას გრძნობთ. წინა მთავრობის დროს არ გქონდათ ეს ხელშეწყობა და ყურადღება?

- წინა ხელისუფლების დროს იმდენად დიდი ხელშეწყობა ნამდვილად არ გვქონდა, როგორიც ახლა გვაქვს. ამიტომაც იყო, რომ ძალიან ბევრმა სახელოვანმა სპორტსმენმა თუ მწვრთნელმა დატოვა ქვეყანა. ელემენტარული საარსებო პირობები არ ჰქონდათ, უხელფასოდ დარჩნენ და წავიდნენ, რაც თავისთავად, ძალიან ცუდია. წარმატებული ადამიანები საკუთარ ქვეყანაში უნდა აკეთებდნენ საქმეს. ხელშეწყობა რომ გაქვს, გაქცევაზე ფიქრი არ გიწევს. ცუდია, როცა სპორტსმენი სხვა ქვეყნის დროშას ააფრიალებს, მაგრამ ამისკენ არ უნდა უბიძგო, მას ელემენტარული პირობები უნდა შეუქმნა საიმისოდ, რომ თავის თუ ოჯახის გადასარჩენად გაქცევა არ მოუხდეს...

- მაგრამ მთავრობამ წასულები ვერ დააბრუნა...

- იმედია, ოდესმე ესეც მოხდება, ჩავდგებით კალაპოტში და ისინიც დაუბრუნდებიან თავიანთ პროფესიას სამშობლოში.

- ბავშვებს ასწავლით ცურვის ანაბანას. შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც მშობლებს დაუსვამთ თქვენთვის?

- უცნაურ კითხვებს და კურიოზებს რა გამოლევს. ბევრ მშობელს მოსვლისთანავე წამოუყენებია ასეთი პრეტენზია: ამ ბავშვს ხერხემლის კონკრეტული პრობლემა აქვს. ექიმმა გვითხრა, რომ თქვენთვის გადმოგვეცა, ხერხემლის გამრუდების პირველი წამალი არის ზურგზე ცურვა და ბრასი, პირველ რიგში, ეს უნდა გააკეთებინოთო, - აი, ამაზე საშინელი რეაქცია მაქვს, ვგიჟდები. ექიმებს დიდ პატივს ვცემ; მჯერა, რომ თავისი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ ექიმმა უკეთ იცის თუ პროფესიონალმა მწვრთნელმა ცურვის წესები ან რომელი ილეთი რა დაავადებას უხდება? მინდა ვკითხო ექიმებს, თავად უცურავიათ ისე, როგორ დანიშნულებასაც პაციენტებს აძლევენ? თუ კი, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ ამას ვერაფრით გააკეთებენ, პირველ რიგში, წყალზე გაჩერება თუ არ იციან. 6 წლის ბავშვი რომ მოდის და ცურვა არ იცის, ზურგზე როგორ დავაწვინო? ჯერ უნდა ისწავლოს წყალზე გაჩერება, ზურგზე გაჩერება და მერე შეიძლება ვილაპარაკოთ ამა თუ იმ ილეთზე. მშობლები ექიმების რეკომენდაციით რომ მოდიან, პირდაპირ პრობლემის მოგვარებაზე უნდათ ვიმუშაოთ და კურიოზული სიტუაცია იქმნება.

- მაგრამ ექიმებისაც მესმის. მათ არ იციან, ვისთან მიიყვანს მშობელი ბავშვს. ყველა აუზზე პროფესიონალი არ დაგხვდება.

- აუზზე მწვრთნელად ქუჩიდან მოყვანილს ვინ აიყვანს? ყველგან პროფესიონალები არიან - მე ასე ვიცი და ამის მჯერა. ვისაც არა აქვს სათანადო განათლება, ფიზკულტურის ინსტიტუტში არ უსწავლია და მხოლოდ კარგად ცურვა შეუძლია, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიყვანო მწვრთნელად. კადრი უნდა იყოს უმაღლესი განათლებით.

- დიახ, მაგრამ როცა მე, კერძო პირს შემიძლია გავხსნა აუზი და სანათესავოში მეგულება ადამიანი, რომელიც ძალიან მაგრად ცურავს, დიდია ცდუნება, რომ ის დავასაქმო...

- პირდაპირ გეტყვით: ეს დიდი დარღვევაა, დანაშაულია. იმან შეიძლება ცურვა კარგად იცის, მაგრამ სამწვრთნელო სამუშაოს სწორად ვერ წარმართავს. როდესაც პატარა ბავშვებთან გიწევს მუშაობა, ელემენტარული შეცდომაც კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. შეჯიბრებაზე რომ წაიყვან და ფიზიკური დატვირთვისას ბავშვი წაიქცეს, მწვრთნელმა აუცილებლად უნდა იცოდე, როგორ მოიქცე, ანუ რაღაც დოზით სამედიცინო კუთხითაც უნდა გქონდეს განათლება... არაპროფესიონალები რომ გვყავს, უფრო ხშირად ამიტომაცაა ფატალური შემთხვევები სპორტულ მოედნებზე. ბავშვს შეხედავენ, კარგი აღნაგობა აქვს, ერთი შეხედვით ჯანმრთელია, მიიღებენ და მერე აღმოჩნდება, რომ თურმე მისთვის არ შეიძლებოდა დიდი ფიზიკური დატვირთვა. როცა სხვებს ცურვას ასწავლი, მარტო ცურვა კი არა, ფიზიოლოგია, ანატომია უნდა იცოდე, მიდგომის შენებური მეთოდები გქონდეს და გადმოცემის უნარიც. სპორტული კომპლექსის ხელმძღვანელობამ არ უნდა დაუშვას არაპროფესიონალის მიღება სამსახურში, თორემ ამის გამო, ოდესმე ისევ თავად გაეხვევა შარში.

28-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება მაქვს და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საოცარი ახალი თაობა მოდის, მათ ვერაფერს გამოაპარებ. თუმცა, ცურვის შემსწავლელ ჯგუფებში რომ მოდიან, ადვილი შესამჩნევია, რომ ძალიან სუსტები არიან ფიზიკურად და მათ გაჯანსაღება ესაჭიროებათ. მარტო კომპიუტერი არ არის საკმარისი მოზარდისთვის. ბავშვი რაც უფრო დაკავებული გეყოლებათ სპორტით, მით უკეთესია მისი მომავლისთვის, ჯანმრთელობისთვის. ეზოში თამაშიც ძალიან კარგია, ესეც ხომ ფიზიკური აქტიურობაა, მაგრამ ბოლო წლებში შეიმჩნევა ტენდენცია, რომ მშობლებს ურჩევნიათ, ახლოს ჰყავდეთ შვილები, მათ ეზოში არ უშვებენ და მერე პატარებსაც უჩნდებათ შინ ყოფნის გამუდმებული სურვილი, დამოკიდებულები ხდებიან კომპიუტერსა და ტელეფონებზე, რაც საბოლოოდ, მათ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

არ არის აუცილებელი ჩემპიონი გახდე, მაგრამ ცურვა ყველამ უნდა იცოდეს. აი, ყოველი ზაფხულის დაწყებას შიშით ვეგებები, რადგან არ არსებობს არ გავიგოთ, რომ ბავშვი წაიღო წყალმა, ვიღაც დაიხრჩო. ეს რატომ ხდება? არ იციან ცურვა და იმიტომ! ზოგს ჰგონია იცის, მაგრამ სინამდვილეში, ზერელე ცოდნა აქვს და თავს იღუპავს.

- ბევრს წყლის შიში აქვს...

- ეს შიში საიდან მოდის? ჩემს ბავშვობაშიც მინახავს, მეგობრები სანაპიროსთან ჭიდაობენ, წყალში ჩამოდიო. ვიღაცამ ცურვა სათანადოდ არ იცის, ამ ძიძგილაობის დროს წყალში ვარდება და პანიკა ემართება... არის მეორე ფაქტორი: ხშირად მშობლები სცოდავენ. ბავშვს, რომელსაც დაბანა არ უნდა, ძალით ასხამენ თავზე წყალს ან სულაც, ცემითა და ყვირილით აიძულებენ, მათ დაემორჩილონ. ასეთ დროს შეიძლება პატარამ ისეთი შიში ჭამოს, რომ სამუდამოდ შეიძულოს წყალი. ის მომავალში კოჭებამდე წყალშიც ვერ შევა, მაგრამ როცა ადამიანი, მით უმეტეს ახლობელი შველას ითხოვს, მაშინ შეიძლება უაზროდ გარისკოს და თავიც დაიღუპოს...

ჩვენს აუზზე 3 წლიდან ვიღებთ ბავშვებს და უნდა ნახოთ, ბოლო დროს როგორი სავსეა აუზი, რაც ძალიან მახარებს. ადამიანები მიხვდნენ, რომ ცურვის სწავლა სასარგებლო და აუცილებელიც კია.

- დაბოლოს, როგორც ვიცი, წარდგენილი ხართ საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯილდოზე. ამაზე რას გვეტყვით?

- ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ჯილდოა ნებისმიერი მწვრთნელისთვის და როცა ეს დღე დადგება, ამით მეც ვიამაყებ, მანამდე კი გეტყვით, რომ დავამთავრე სპორტის მენეჯმენტის კურსები, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტი ატარებს. მინდა მოვუწოდო ყველა მწვრთნელსა თუ სპორტსმენს, რომ ეს კურსი გაიარონ. ბევრი ცოდნა მივიღე, რისთვისაც მადლობას ვუხდი ოლიმპიურ კომიტეტს, ბატონ ლერი ხაბელოვს და ქალბატონ რუსუდან აფციაურს, რომ ასეთი დონის კურსებს ატარებენ, ბოლოს კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თომას ბახის (რომელიც ლეგენდაა. მოფარიკავე, ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ) ხელმოწერით გამომიგზანა დიპლომი, რითაც ასევე ძალიან ვამაყობ.

- წარმატებებს გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია