"კლიენტმა მითხრა, - რას ჰგავხარ, აქ როგორ გამუშავებენო?.." - გზაპრესი

"კლიენტმა მითხრა, - რას ჰგავხარ, აქ როგორ გამუშავებენო?.."

ამბავი, რომელსაც ნინო საღირაშვილი გვიამბობს, ჩვენთვის უცხო არ იქნება, რადგან ხშირად გვსმენია და ალბათ ყველა შევსწრებივართ ფაქტს, როცა სრულიად უცნობ ადამიანებს უნებურად თუ მიზანმიმართულად, გულს ვტკენთ... ამიტომ ვერავინ ვიტყვით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება...

3 წლის იყო, როცა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. მერე იყო ბევრი ოპერაცია, პლასტიკური ქირურგიაც ჩაუტარდა, მაგრამ თვალისთვის შესამჩნევი ნაიარევები ისევ აქვს. ბევრს შრომობს, მაგრამ მორიგი ოპერაციისთვის ფულს ვერაფრით მოუყარა თავი. ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო სასტიკია, თვითონ გაუღიმოს ყველას და ყველაფერს, მაგრამ არ გამოსდის, რადგან გულს ხშირად უკლავს ვიღაც უგულოს (უკაცრავად, მაგრამ აქ ეს სიტყვა აუცილებლად უნდა მეთქვა. უფრო მძაფრიც შეიძლებოდა, მაგრამ თავს შევიკავებ მიზეზთა გამო) მიერ წამოსისინებული საშინელებები, რომელიც ლახვარივით ესობა და როგორც თავად ამბობს, მის გულში გაჩენილ ნაიარევს კიდევ უფრო აფართოებს...

- მინდა მოგიყვეთ ჩემ შესახებ. დავიბადე 1992 წლის 17 ოქტომბერს, მცხეთაში. სამი წლის ვიყავი, როდესაც დავიწვი - სახის მძიმე დამწვრობა მივიღე, არაერთი ოპერაცია ჩამიტარდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და 5 წლის ასაკში გერმანიაში გადამიყვანეს სამკურნალოდ. მართალია, ოჯახს ჩემი მკურნალობისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნდა, მაგრამ იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც გვეხმარებოდნენ. ერთი წელი ვიყავი გერმანიაში, ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და მივედი სკოლაში. იმ პერიოდში რთული იყო ყველაფერი, რადგან მესმოდა, ჩემს ზურგს უკან როგორ კითხულობდა ყველა, თუ რა მჭირდა? ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირა. ბავშვებსაც უჭირდათ ჩემთან თამაში, სანამ არ მიხვდნენ, რომ მეც მათნაირი ვიყავი...

- როგორ მიიღე დამწვრობა, გახსოვს?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მაშინ სამი წლის ვიყავი. სახლში მე და ჩემი და ვიყავით, დედა სამსახურში იყო, მამა - ეზოში. როდესაც გავიღვიძე, იქვე ასანთი დავინახე, ავიღე და თამაში დავიწყე. თამაშისას ცეცხლი ჩემს ჩითის კაბას მოედო. ავტირდი. ტირილის ხმაზე ჩემს დას გაეღვიძა და საშველად მამას დაუძახა, მაგრამ... ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი...

- გერმანიაში მკურნალობის მერე რა შედეგი მიიღეთ?

- იმ დროისათვის ჩემს ოჯახს არანაირი სახსრები არ გააჩნდა და კეთილი ადამიანების წყალობით რისი მოგროვებაც შევძელით, იმის მიხედვით მიმკურნალეს... გერმანიაში ჩამიტარდა სამი ოპერაცია: ხელზე, რომელსაც ვერ ვწევდი მაღლა; თითებზე, რომელსაც ვერ ვშლიდი და ფეხზე - რადგან მარჯვენა ფეხის გადადგმა მიჭირდა... ვერ გამოვყოფ, ყველაზე მეტად სხეულის რა ნაწილი იყო პრობლემური, ყველაფერი მაწუხებდა...

მაგრამ ყველაზე რთული ის წუთები იყო, როცა ჩემზე ჩურჩულებდნენ. გადიოდა წლები, მე კი ვხვდებოდი, რომ ჩემი ნაიარევების გამო, უფრო და უფრო ვიქცევდი გარშემო მყოფების ყურადღებას. ხშირად მოურიდებლად იშვერდნენ თითს ჩემკენ, - ნახე რა სჭირს, რას ჰგავსო. ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო... როგორც აღვნიშნე, მძიმედ მქონდა დამწვარი ყელი და თავს ვერ ვწევდი მაღლა, ხელს ვერ ვშლიდი, ტანზე უამრავი ნაკერი, ნაწიბური დამრჩა... გავიზარდე და ჩემთან ერთად ეს ნაწიბურებიც იზრდებოდა.

- ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანები, რომლებიც შენს ნაიარევებზე აკეთებდნენ აქცენტს, ძალიან ბევრნი იყვნენ...

- არადა, იყვნენ და დღემდე არიან... თუმცა მადლობა ღმერთს, ჩემ გარშემო ისეთებიც არიან, ვინც მუდამ მხარში მედგნენ და მამხნევებდნენ; მირჩევდნენ, ხალხისთვის არ მომესმინა და ცხოვრება ხალისიანად განმევლო.

- როგორც ვიცი, კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთე ცოტა მოზრდილ ასაკში, ამჯერად - საქართველოში...

- კი, 13 წლისამ ყელზე გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია კუზანოვთან და მომეცა საშუალება, თავი მაღლა ამეწია - ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემთვის... მაგრამ ოპერაციის შემდეგ დამრჩა კიდევ ერთი იოლად შესამჩნევი დამწვრობის კვალი, რის გამოც ყურადღებას ვიქცევ. "რას ჰგავს!" - ეს სიტყვები გულს მიკლავს, მანადგურებს. ახლა უკვე 27 წლის ვარ, მაგრამ ისევ გულს მიკლავს ჩემ მიმართ გამოთქმული მსგავსი შეფასებები, როგორც მაშინ მიკლავდა, როცა პატარა ვიყავი, თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო...

უკანასკნელ შემთხვევას მოგიყვებით, რომელმაც სისხლი გამიყინა ძარღვებში: ერთ-ერთ მაღაზიაში სალაროსთან ვმუშაობდი, როდესაც რიგითმა მომხმარებელმა სრულიად მოულოდნელად მითხრა: რას ჰგავხარ, არ მესმის შენნაირს სალაროსთან როგორ გამუშავებენო, მერე "დააზუსტა", რომ ჩემნაირი ადამიანი საერთოდ არ უნდა მუშაობდეს - ეს იყო ჩემთვის უდიდესი ტკივილი. ახლაც მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ჩემს გარეგნობაზე ისე ამახვილებენ ადამიანები ყურადღებას, თითქოს ამით მათ ვუშავებდი რამეს... ძალიან ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო მსგავს რეპლიკებს, მაგრამ არ გამომდის; დღემდე მიჭირს მსგავსი რაღაცების მოსმენა...

- იმას, ვინც მსგავსი შეურაცხყოფა მოგაყენა, რა უპასუხე ან არ გამოჩნდა შენ გვერდით ადამიანი, რომელიც საკადრის პასუხს გასცემდა?

- ერთ ადგილას გავიყინე, გავშეშდი - არ ველოდი მსგავს რამეს და დავიბენი, ვერ შევძელი პასუხის დაბრუნება. გული უსაფუძვლოდ მატკინა და ვერ ვხვდები, რას მერჩოდა, მაგრამ ამ ერთი წინადადებით გამანადგურა. თანამშრომელმა რომ შემატყო, ცუდად გავხდი და თვალები ცრემლებით ამევსო, მკითხა, რა მოხდაო? როცა მიზეზი გაიგო, მასაც ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა ამაზე, მაგრამ იმ მომენტში ის კლიენტი იქ აღარ იყო... საბედნიეროდ, სამსახურში არანაირი პრობლემა არ შემქმნია, დღესაც იქ ვმუშაობ და იმედია, დამსაქმებლისგან ნაწიბურების გამო პრობლემას არასდროს არსად წავაწყდები....

- არის შანსი იმისა, რომ ეს შესამჩნევი ნაიარევები პლასტიკური ჩარევის შედეგად გაქრეს?

- კი, მე მაქვს პატარა შანსი... შანსი, რომელიც კიდევ ერთ ოპერაციასთანაა დაკავშირებული, მაგრამ საამისოდ თანხის მოგროვება ვერ მოვახერხე, ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული...

ბოლო ოპერაცია (რომელიც გავიკეთე კუზანოვთან) სახელმწიფო დაფინანსებით ჩამიტარდა, 100%-ით დამიფინანსეს პლასტიკური ოპერაცია, კანის გადანერგვა გამიკეთეს. ამ ოპერაციის შემდეგ უნდა გასულიყო რამდენიმე თვე, რომ მერე ნაწიბურების დაშლაზე ეზრუნათ, მაგრამ დაფინანსება ვეღარ მოვიპოვეთ, აღარავინ მომისმინა. სადაც დახმარება ვითხოვე, ყველამ უარით გამომისტუმრა... არადა, მე ხომ იმისთვის არ მინდა ეს პლასტიკური ოპერაცია, ფორმები შევისწორო მეტი სილამაზისთვის. უბრალოდ მსურს ქუჩაში უშიშრად გავიდე და ზურგს უკან აღარასდროს გავიგონო სიტყვები: "რა სჭირს?" "რას ჰგავს!.."

- დაბოლოს, ნინო, რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებიც გულს უსაფუძვლოდ გტკენენ?

- ვიცი, მარტო მე არ მაქვს მსგავსი პრობლემა. ჰოდა, ყველას სახელით მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც არ უფიქრდებიან საკუთარ სიტყვებს: თქვენ ასეთი ლაპარაკით გვანადგურებთ! ისედაც ძალიან განვიცდით საკუთარ მდგომარეობას, ძალიან გვტკივა, მაგრამ როგორღაც ვცდილობთ, ძალა მოვძებნოთ საკუთარ თავში, რომ უკეთესად ვიყოთ ხვალ, ვიდრე დღეს ვართ და მოგვეცით საშუალება, ნაკლებად ვიფიქროთ ნაიარევებზე. მოგვეცით უფლება, ისე გავიდეთ ქუჩაში, რომ შინ დათრგუნვილები არ დავბრუნდეთ. მარტო დარჩენილებსაც გვეყოფა ფიქრი საკუთარ თავზე. ხალხის გარემოცვაში ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რაც გვაწუხებს წლების მანძილზე; თქვენ ჩვენი ტკივილის შემსუბუქებაზე თუ ვერ იზრუნებთ, აქცენტს მაინც ნუ გააკეთებთ ისეთ რამეზე, რაც გულს გვატკენს და ჩვენს გულში ღრმად ჩაბეჭდილ ნაიარევს გააფართოებს... ვის რას ვუშავებ თუნდაც მე იმით, რომ ვმუშაობ? ჩვენც ადამიანები ვართ...

მინდა იმ ადამიანებსაც მივმართო, ვისაც ჩემს მსგავსად, ხშირად სტკენენ გულს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში რაღაც არ მოსწონთ: ალბათ ამან უფრო უნდა გაგვაძლიეროს. კარგი იქნება, რომ ყურადღება არ მივაქციოთ ბოროტულად ნათქვამ სიტყვებს, თუმცა ეს რთულია, ძალიან რთული... ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი გააძლიეროთ. აუცილებლად უნდა ვირწმუნოთ, რომ შეუძლებელი არაფერია!

P.S. ძალიან მინდა, ნინოს როგორმე დავეხმაროთ ოცნების ასრულებაში, რომ შეძლოს კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება, რომელიც მის ნაიარევებს მინიმუმამდე შეამცირებს. თუ დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ნინო საღირაშვილის სახელზე, საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე: GE75BG0000000222752200

წინასწარ გიხდით მადლობას!

P.P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია