ქართულ-გერმანული ურთიერთობები, საიდუმლოებებით მოცული აგუძერა და აფხაზეთში დაბადებული ბიჭის გზავნილი სიდნეიდან - გზაპრესი

ქართულ-გერმანული ურთიერთობები, საიდუმლოებებით მოცული აგუძერა და აფხაზეთში დაბადებული ბიჭის გზავნილი სიდნეიდან

1991 წლის აგვისტოში, ჩვენს ქვეყანაშიც დარეგისტრირდა ასოციაცია "აინუნგი". ეს ძველი გერმანული სიტყვაა და ქართულად "ერთობას" ნიშნავს. ახლა ასოციაციის პრეზიდენტი გარი აუგსტი გახლავთ. ორგანიზაცია 2000-მდე წევრს აერთიანებს.

გარი აუგსტი პროფესიით ფიზიკოსია. ავტორია წიგნისა "საქართველოში გერმანელების 200-წლიანი ცხოვრების ისტორიის საკითხები", სადაც აღწერილია, როგორ მოღვაწეობდნენ საქართველოში გერმანელი მწერლები, მშენებლები, ექიმები...

ბატონი გარი აფხაზეთში ატომურ ბომბზე მომუშავე გერმანელი ფიზიკოსების ამბავს გვიამბობს და იმ წერილს გაგვაცნობს, რომელიც გერმანელი ფიზიკოსის აგუძერაში დაბადებულმა და გაზრდილმა შთამომავალმა სიდნეიდან გამოუგზავნა.

- 1939 წლის ოქტომბერში დავიბადე. მამა გერმანელი იყო, დედა - ქართველი. დიდი ბებია ფრანგი მყავდა. მამა საქართველოში ჩამოსვლამდე უკრაინაში ცხოვრობდა. სოფელი ასნოვა გერმანული დასახლება იყო, ეს სოფელი ზღვის ფსკერზე დარჩა. ამ სოფლის გვერდით იყო სოფელი შვედენდორფი. გერმანელები და შვედები უკრაინაში ერთ პერიოდში ჩამოსახლდნენ. შვედებს ჰქონდათ ლუთერანული ეკლესია, სადაც მამა მოინათლა. პაპას მეღვინეობის დიდი მეურნეობა ჰქონდა. მისი ძმა ოდესაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლდათ, მაგრამ 1917 წელს ეს ადამიანი გაქრა.

- იქნებ გერმანიაში დაბრუნდა.

- ეს ხომ უნდა გამოჩენილიყო? უკვალოდ გაქრა. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა... მამიდას ძალიან კარგი ხმა ჰქონდა. ოდესის კონსერვატორია დაამთავრა. რუსეთში იტალიურ თეატრში მღეროდა. შემდეგ ეს თეატრი გასტროლზე ჩინეთში წავიდა და დასის წევრები აღარ დაბრუნდნენ. წლების განმავლობაში, მამიდა შანხაის ოპერაში მღეროდა, სოლისტი იყო.

- მამათქვენი საქართველოში როგორ აღმოჩნდა?

- უკრაინიდან წამოსვლის მიზეზი "ჰოლოდომორი" (მასობრივი შიმშილობა) იყო. მამა ცხინვალში დასახლდა. მას პირველი მეუღლე გერმანელი ჰყავდა. როგორც გადასახლების სიებიდან ჩანს, მაშინ ცხინვალში 12 გერმანული ოჯახი ცხოვრობდა.

- ცხინვალი რატომ აირჩია?

- არ ვიცი. ოჯახში ამაზე არ ლაპარაკობდნენ, აკრძალული, ტაბუდადებული თემა იყო. ასეთ შეკითხვებს არ ვსვამდით. ბებია ამბობდა, ჩუმად იყავით, მეზობლებმა არ გაიგონო. შემდეგ მამა გერმანელ მეუღლეს დაშორდა და დედაჩემზე იქორწინა. ცხინვალში ახალი სახლი ააშენეს, მაგრამ შესვლა ვერ მოასწრეს, ომი დაიწყო. ომის დაწყებისთანავე გერმანელების დეპორტაცია დაიწყო. სიები გახლდათ შედგენილი. სტალინის ბრძანებით, გასახლებას 24 ათასი ადამიანი ექვემდებარებოდა. გერმანელი ქალები, რომლებიც სხვა ეროვნების კაცებზე იყვნენ გათხოვილები, არ გადაასახლეს. მამა დააკავეს და ბაქოში გადაიყვანეს. შემდეგ თქვეს, 1942 წელს გულის შეტევით გარდაიცვალაო. ეს ოფიციალური ვერსია ნაკლებად სარწმუნოა, მამა სრულად ჯანმრთელი იყო და თან - ახალგაზრდა.

- როდესაც მამა დააპატიმრეს, ამ დროს დედათქვენი სად იყო?

- დედა ჩემთან ერთად თბილისში იყო. მე 2 წლის ვიყავი. შემდეგ ჩვენ კარდენახში, ბებიაჩემის ძმებთან ვცხოვრობდით. ჩემი კახელი პაპა მჭედლიშვილი იყო, ანაგიდან. მას ვლადიკავკაზში ღვინის საწყობი ჰქონდა. პაპა მილიონერი გახლდათ, გროზნოში ნავთობის საბადოც ჰქონდა, პირველი გილდიის ვაჭარი იყო. რუსეთში მდგომარეობა რომ აირია, ის და ბებია საქართველოში წამოვიდნენ. მოგვიანებით, ბებია იხსენებდა, მატარებელში ხმა გავრცელდა, მგზავრებს ჩხრეკენ და ვისაც ძვირფასეულობას უპოვიან, ხვრეტენო. ჩემებს ერთი დიდი პარკი ოქრო მატარებლიდან გადაუყრიათ.

- თქვენ კახეთში გაიზარდეთ?

- ომის დროს კახეთში ვიმალებოდით, ომი რომ დამთავრდა, თბილისში ჩამოვედით. მამას დები ჰყავდა. ერთის შესახებ უკვე გიამბეთ, შანხაის ოპერის სოლისტი იყო. მეორე მამიდა გერმანიაში ცხოვრობდა - ის არასდროს მინახავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შორის ძალიან დიდი სითბო იყო, სულ გვეხმარებოდა. ტანსაცმელს ჯერ მე და დედას გვიგზავნიდა, შემდეგ - ჩემს მეუღლეს და შვილებს. ის მამიდა, რომელიც შანხაის ოპერაში მღეროდა, მდიდარი იყო. ბებია 1937 წელს დააპატიმრეს, მას უფიქრია, ჩავალ, დედას დავეხმარებიო. წარმოდგენა არ ჰქონდა, საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა. მამიდას ჯერ დიდი თეატრის სოლისტის წოდება მისცეს, შემდეგ კი ისიც დააპატიმრეს და 20 წელი სხვადასხვა ბანაკში გაატარა. იმ ბანაკში, მის გარდა, კიდევ სამი სახალხო არტისტი იყო და თვითშემოქმედებას ეწეოდნენ. მამიდა 1957 წელს გაათავისუფლეს. ძალიან საინტერესო და მაღალი კულტურის ადამიანი იყო. მას ვიცნობდი, მაშინ მოსკოვში ვსწავლობდი, მისგანაც ბევრი რამ მაქვს ნასწავლი. გენები მამის უფრო მეტი მაქვს.

GzaPress

- პროფესიით ფიზიკოსი ხართ. სანამ იმ წერილზე მიამბობთ, რომელიც აფხაზეთში დაბადებულმა ადამიანმა სიდნეიდან გამოგიგზავნათ, გთხოვთ, აგუძერაში მომუშავე გერმანელ ფიზიკოსებზე მიამბეთ, რომლებიც აფხაზეთში, ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობდნენ. ისინი სოხუმში როგორ მოხვდნენ? - ატომური იარაღის შექმნაზე სამუშაოები ყველაზე ადრე გერმანელებმა დაიწყეს და "ურანის პროექტს" უწოდებდნენ. მრავალი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ გერმანიაში ბირთვული იარაღი, მათი ფიზიკოსების შეცდომების გამო კი არ იყო შექმნილი, არამედ იმიტომ, რომ "ურანის პროექტის" ხელმძღვანელები, სამუშაოებს შეუმჩნევლად აფერხებდნენ. ცნობილია, რომ ომის დასაწყისში ჰაიზენბერგი (გერმანელი ფიზიკოსი) კოპენჰაგენში თავის მასწავლებელს, ნილს ბორს შეხვდა და ეცადა, მიეღწია შეთანხმებისთვის, რომ ფიზიკოსებს ატომური იარაღი არ შეექმნათ. სამწუხაროდ, ბორი არ ენდო, შესაბამისად, შეთანხმებაც არ შედგა.

პირველი ატომური ბომბი შექმნეს ამერიკელებმა, რომელთან ერთადაც ევროპიდან ემიგრირებული ფიზიკოსებიც მუშაობდნენ. მაშინ ბომბები ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოაგდეს. ომის დამთავრებისას, დაიწყო ნადირობა გერმანელ სპეციალისტებზე, პირველ რიგში მათზე, ვინც რაკეტული ტექნიკის და ბირთვული ფიზიკის დარგში საქმიანობდა. საბჭოთა კავშირში ათასობით გერმანელი მეცნიერი ჩამოიყვანეს, რომლებიც მესამე რაიხში, ურანის პროექტზე მუშაობდნენ. მეცნიერების გარდა, საბჭოთა კავშირში გზავნიდნენ ინჟინრებს, მექანიკოსებს, ელექტროტექნიკოსებს... სხვადასხვა მონაცემით, საბჭოთა ატომურ პროექტში მონაწილეობდა 7 000 ადამიანი.

1945 წელს გერმანელ ფიზიკოსებს გადაეცათ სანატორიუმები სინოპი და აგუძერა. ასე დაარსდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირის ზესაიდუმლო ობიექტების სისტემაში შედიოდა. ობიექტს "ა" ხელმძღვანელობდა ბარონი ფონ არდენე. სანატორიუმმა "აგუძერამ" მიიღო პირობითი დასახელება ობიექტი "გ", მას გუსტავ ჰერცი ხელმძღვანელობდა. გერმანიიდან სოხუმში მოწყობილობებით დატვირთული ეშელონები მოდიოდნენ. საბჭოთა ატომურ ბომბზე მუშაობის ხელმძღვანელობა ლავრენტი ბერიას დაევალა. ბერიამ მის მოადგილედ დანიშვნა საბჭოთა კავშირის ყველაზე ავტორიტეტულ ფიზიკოსს, პეტრე კაპიცას შესთავაზა. შეხვედრისას კაპიცამ განუცხადა, "მე თქვენი შრომები ფიზიკაში არ წამიკითხავს, თქვენ - ჩემი, მაგრამ მიზეზი სხვადასხვაა", - ამ სიტყვებისთვის ნებისმიერ სხვას დახვრეტდნენ, მაგრამ კაპიცას ვერ გაუბედეს. ის აგარაკზე საშინაო პატიმრობაში ჰყავდათ, თუმცა მეცნიერული კუთხით მუშაობას მაინც ახერხებდა.

პროექტის მეცნიერ ხელმძღვანელად დაინიშნა იგორ კურჩატოვი. მან დაზვერვის მონაცემებიდან ბევრი საიდუმლო იცოდა, მაგრამ ამის თქმის უფლება არ ჰქონდა. ხელისუფლება არ იშურებდა სახსრებსა და ჯილდოებს. ძალიან ბევრმა მეცნიერმა მიიღო სტალინური პრემია, აგარაკი, ავტომობილი... გერმანელმა ფიზიკოსებმა შეასრულეს დიდი როლი მათთან მომუშავე ქართველი ფიზიკოსების აღზრდაში. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი საბჭოთა კავშირის ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტების რიცხვში შედიოდა. სტატია, რომელიც გერმანელი ფიზიკოსების საქართველოში მოღვაწეობის (1945-1955 წწ.) თემაზე დავწერე, ასოციაციის საიტზე აიტვირთა და მალე ძალიან საინტერესო გამოხმაურება მივიღე.

- ეს ადამიანი ვინ არის?

- ბატონი ვოლფგანგ მიულერი, აგუძერაში მდებარე ამ ბანაკის თვითმხილველია. ის ამჟამად ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში ცხოვრობს, პროფესიით ჟურნალისტია და თანხმობა მივიღე, რომ მისი წერილი გავასაჯაროო.

"ახლახან წავიკითხე თქვენი სტატია, გერმანელ მკვლევრებზე და სამხედრო ტყვეებზე სოხუმში, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ჩემი სამი და-ძმა და მეც იქ დავიბადეთ...

ჩემი ოჯახი ბანაკ აგუძერაში ცხოვრობდა. ჩვენი მშობლები 1955 წლამდე რუსეთის ატომურ კვლევებში მონაწილეობდნენ. დედა, როგორც პროფესორ გუსტავ ჰერცის მდივანი, მამა - იზოტოპების განცალკევებაში, როგორც მაღალი ვაკუუმის ინჟინერი. ბავშვობაში ვთამაშობდი გადამუშავებული ურანის ნარჩენებში, რომელიც რუსული დაუდევრობით პირდაპირ ქუჩის ნაპირებზე ეყარა. მაშინ გარემოს დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება დაბალი იყო. ჩემი თავი 1953 წლის სექტემბრიდან მახსოვს, როდესაც დედა მოვინახულე საავადმყოფოში უმცროსი ძმის, - ოლაფის დაბადების შემდეგ.

საავადმყოფო მდებარეობდა ბანაკის გარეთ. ჩვენ მამასთან ერთად მოგვიხდა ფეხით საკმაოდ დიდი მანძილის გავლა. საავადმყოფო წარმოადგენდა უბრალო აგურის შენობას, აქერცლილი საღებავით და პატარა, ბაღლინჯოებით სავსე ოთახებით. დედა თავს ცუდად გრძნობდა და მე ის ძალიან მეცოდებოდა. ის იყო ძალიან გამხდარი, რადგან ტუსაღობისას საჭმლით ცუდად ამარაგებდნენ. ბავშვებიც დაუძლურებულები ვიყავით. რა თქმა უნდა, არც ჩვილებისთვის იყო კვება. ვაკვირდებოდი ერთ რუს ქალს, რომელიც ღეჭავდა პურის ლუკმებს და მერე თავის ჩვილს აძლევდა.

GzaPress ბანაკი აგუძერა შავი ზღვის გასწვრივ მდებარე ტრასის მონაკვეთზე მდებარეობდა. შუაში იყო ინსტიტუტი, რომელშიც ჩემი მშობლები მუშაობდნენ, ცოტა მოშორებით იყო მაღაზია, რომლის თაროებიც გახლდათ ცარიელი... ბანაკის მცველებს ჰქონდათ საკუთარი საცხოვრებელი. შესვლისას და გამოსვლისას უნდა გაგევლო შლაგბაუმთან. ხუთი წლის ასაკიდან, რუსულ სკოლაში, მეზობელ სოფელში დავდიოდი. გზაზე ზოგჯერ სოფლის ბავშვები მცემდნენ. მე ხომ მტრის შვილი ვიყავი, მაგრამ სკოლის მასწავლებლები კარგად მეპყრობოდნენ და ჩემი ნიშანი ყოველთვის იყო ფრიადი. რუსულად თავისუფლად ვლაპარაკობდი, მათემატიკაში მამაჩემი მეხმარებოდა.

იქამდე საბავშვო ბაღში დავდიოდი. სხვა ბავშვები ჩემთან არ თამაშობდნენ. მეგობრები თითქმის არ მყავდა... საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ვეცოდებოდი, შესაძლოა იმის გამოც, რომ ძალიან გამხდარი ვიყავი. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მაიძულებდნენ უმი კვერცხის მიღებას, რაც ძალიან მეჯავრებოდა. შესაძლოა, სწორედ ამან შემინარჩუნა სიცოცხლე. საბავშვო ბაღის დამთავრებისას მივიღე წითელი ვარსკვლავი ჩემს ბეწვის ქუდზე, მე ხომ ამაზე ვოცნებობდი, მე გავხდი სხვების მსგავსი და ვამაყობდი, როგორც არასდროს. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ შემდგომში მივიღე ჯვარი "გფრ-ის წინაშე დამსახურებისთვის", მაგრამ წითელი ვარსკვლავი იყო ყველაზე სასურველი ჯილდო. 1953 წელს გავიგე ამბავი სტალინის გარდაცვალების შესახებ, ვიყავი გულწრფელი და დამწუხრებული. აი, როგორ შეიძლება შეცდე ცხოვრებაში.

ბანაკში ჩვენ ხის "ფინურ სახლში" ვცხოვრობდით. ის მდებარეობდა მწკრივში ბანაკის ქუჩაზე, შუშაბანდიდან ხედით შავ ზღვაზე. ჩემი მშობლები, და-ძმები და მე შავ ზღვაზე ავდრის წარმოშობას ვაკვირდებოდით, რაც უაღრესად მღელვარე სანახაობა იყო. 1955 წლის მაისში ეს ცხოვრება უეცრად დამთავრდა, მოხდა ბანაკის ლიკვიდაცია და ჩვენ ყველანი გერმანიაში უნდა წავსულიყავით. მე მაშინ 8 წლის ვიყავი. კარგად მახსოვს, როგორ უხეშად აშორებდნენ ჯარისკაცები ერთმანეთს გერმანელ კაცებს, მათ რუს ცოლებს და შვილებს. ეს იყო გულშემზარავი სანახაობა. მატარებლით ჩვენი მოგზაურობა დამთავრდა გდრ-ში.

გზად გვქონდა გაჩერება მოსკოვში, სადაც სატვირთო მანქანით გავიარეთ წითელი მოედანი. მახსოვს, გზაში როგორ დავინახეთ კრემლი და ლენინის მავზოლეუმი. შემდეგ ჩემი ოჯახი ბერლინიდან დასავლეთ გერმანიაში გაიპარა და ამერიკელების დახმარებით, ფრანკფურტში გადავსახლდით.

ჩვენ გერმანიაში ყველაფერი უნდა დაგვეწყო ნულიდან...

დღეს ჩემი ცხოვრების პირველი 8 წელი არის ძალიან შორეული მოგონება, მაგრამ მაინც მგონია, რომ მაქვს სურვილი, კიდევ ერთხელ მოვინახულო აგუძერა და სოხუმი. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი...

საუკეთესო სურვილებით,

ვოლფგანგ მიულერი".

- საინტერესო წერილია. ამის შემდეგ, მასთან მიმოწერა არ გაგიგრძელებიათ?

- არა. ეს ტექსტი ერთ დღეს არ მოუწერია, ჩვენი მიმოწერიდან შევაგროვე. ბევრი დეტალი არ ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ ყველა ფიზიკოსი "ოქროს გალიაში" არ ყოფილა. არდენეს და მისი რანგის ფიზიკოსებს დღევანდელი კურსით მილიონები ჰქონდათ. არ ვიცი, რამდენად ზუსტი ინფორმაციაა, ინტერნეტში წავიკითხე, არდენეს ხელფასი 10.500 მანეთი იყო. ამ დროს სტალინის ხელფასი 10.000 მანეთი გახლდათ. მაშინ მანეთი დოლარზე მეტი იყო.

1955 წელს, როცა ფიზიკოსები აფხაზეთიდან გაუშვეს, გერმანიაში დაარსდა მეცნიერებათა აკადემია, მისი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სოხუმიდან იყვნენ...

თამუნა კვინიკაძე