ბავშვების სამსახურში გალეული 50 წელი და ბედნიერი ოჯახის საიდუმლო - გზაპრესი

ბავშვების სამსახურში გალეული 50 წელი და ბედნიერი ოჯახის საიდუმლო

მის ხელში არაერთი თაობა აღიზარდა. 50 წელია, რაც ბავშვებს ემსახურება და მათ დანახვაზე თვალები ძველებურად უციმციმებს. აქვს ძალიან ლამაზი, ქართული ოჯახი და საყვარელი საქმე, რომელსაც ამდენი წელი შეალია... - "პიონერფილმის" ხელმძღვანელი - გრიგოლ ჩიგოგიძე და მისი მეუღლე - ძალიან სათნო და ლამაზი ქალბატონი ნინო ჩიგოგიძე თავიანთ ცხოვრებაზე, ოჯახსა და შვილებზე დიდი სიყვარულით საუბრობენ.

"ბედნიერებას არც ასაკი აქვს და არც - საზღვრები"

გრიშა ჩიგოგიძე: - იმაზე, თუ რა არის ბედნიერება, ყველა დაფიქრებულა. ბედნიერება ნებისმიერ დროს შეიძლება გეწვიოს, ოღონდ, ხელიდან არ უნდა გაუშვა. 53 წლისა ვიყავი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე - ნინო კალაძე გავიცანი. ტელევიზიაში ვმუშაობდი და ყველგან კამერით დავდიოდი, ხან - საქართველოში, ხან - უცხოეთში... ალბათ, ჩემმა პროფესიამაც განაპირობა, რომ "მარტოხელა მონადირე" ვიყავი. ოჯახი არ მქონდა, მაგრამ მინდოდა მქონოდა. ერთ დღესაც, ტელევიზიის გრძელი დერეფნის ბოლოში, ულამაზესი ქალბატონი შევნიშნე, რომელმაც ჩემი გული მოინადირა. გადავწყვიტე, სახლში დამეპატიჟებინა. ამ ჩანაფიქრის ასრულებაში მეგობრებიც დამეხმარნენ და ახალგაზრდა, ლამაზი, კოპწია ნინო ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად მესტუმრა. როცა დავიშალეთ, სახლამდე მანქანით მივაცილე და გზაში პური ვუყიდე. 1994 წელი იყო, მოგეხსენებათ, საქართველოში იმ წლებში როგორი გაჭირვება გახლდათ - მაშინ პური ყველაზე ძვირად ფასობდა. ცოტა ხანში ნინოს ხელიც ვთხოვე: ოჯახში მივედი და მთელი მისი საახლობლო გავიცანი. მეორე დღეს უკვე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვესტუმრე და ქორწილიც დავნიშნეთ. მოკლედ, ყველაფერი ტრადიციის მიხედვით ჩატარდა. ნინო ჩემზე 18 წლით უმცროსია, ის ჩემი მეუღლე გახდა და მეც დავრწმუნდი, რომ ბედნიერებას არც ასაკი აქვს და არც - საზღვრები.

"პენსიონერი" მეუღლე GzaPress - ნინო ანსამბლ "ერისიონში" ცეკვავდა. როცა ცოლად გამომყვა, ანსამბლი ახალი დატოვებული ჰქონდა და როგორც მოცეკვავეები ამბობენ, უკვე პენსიაზე იყო. მეც ვხუმრობდი - პენსიონერი ცოლი მყავს-მეთქი. მერე თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, სტუდენტი გახდა და ვხუმრობდი, - ახლა უკვე სტუდენტი ცოლი მყავს-მეთქი. მჯერა თუ არა ერთი ნახვით შეყვარების? - რა თქმა უნდა, მჯერა, რადგან პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ურთიერთობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ დილიდან საღამომდე ჭკუას მარიგებს და მისი ნათქვამი ყოველთვის მისრულდება. რაც მთავარია, თბილი, მეგობრული ოჯახი გვაქვს. ზოგჯერ ვხუმრობ, ეს ჩემი მეუღლე კი არა, ექიმია-მეთქი. რაც მთავარია, კარგი შვილები გვყავს: უფროსი - ილია ჩიგოგიძე უკვე 24 წლისაა. "თავისუფალი უნივერსიტეტი" დაამთავრა და მუშაობს, მეორე - ნიკა ჩიგოგიძეც "თავისუფალ უნივერსიტეტში" სწავლობს, მესამე კურსზე. ისინი კარგი ადამიანები არიან და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ბედნიერი ოჯახის საიდუმლო

ნინო ჩიგოგიძე:

- კალაძე ვარ, მაგრამ როცა დავქორწინდი, გვარი შევიცვალე და ჩიგოგიძე გავხდი. გრიშა რომ გავიცანი, ტელევიზიაში ვმუშაობდი. ყველა მეუბნებდა, ერთ ძალიან კარგ კაცს მოსწონხარო. ტელევიზიაში ბევრი მეგობარი ჰყავდა, ყველა მას ეხმარებოდა. აქებდნენ და თანდათან მეც დავინტერესდი, მერე კი, მის მიმართ სიმპათიებიც გამიჩნდა. დავრწმუნდი, რომ ის მართლაც თბილი, კარგი ადამიანი იყო, ყველას უყვარდა. ამბობენ, გურულები ფიცხი ხალხიაო, მაგრამ მე მის გურულობას დიდად არ შევუწუხებივარ. პირიქით, ძალიან მშვიდია. ზოგიერთი ქმარი სახლში რომ ბრუნდება, ცოლს ჩხუბითა და საყვედურებით ავსებს. 25 წელია, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და თუ დამიჯერებთ, სერიოზული უსიამოვნება ჯერ არ გვქონია. როდესაც ჩვენ შორის რაღაც უთანხმოებაა, თითქმის ყოველთვის გრიშა თმობს. ან რაზე უნდა ვიკამათოთ? - ის აგრესიული არ არის და წვრილმანების გამო არასოდეს ჩხუბობს. ძალიან უყვარს სიურპრიზები და პატარ-პატარა დღესასწაულები. საღამოს კარს რომ შემოაღებს, ისე იქცევა, თითქოს იმ დღეს პრობლემა საერთოდ არ ჰქონია და არც არავის უწყენინებია. ორივე ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, დავუთმოთ და ცხოვრება არ გავურთულოთ - ბედნიერი ოჯახის საიდუმლო, ალბათ, ეს არის.

შვილები

- ჩვენი უფროსი ვაჟი, ილია რომ დაიბადა, გრიშა სიურპრიზებს უწყობდა. სათამაშოსა და ველოსიპედზე არაფერს ვამბობ, ერთხელ უთხრა: ისეთი ხე უნდა გაჩვენო, რომელიც "კინდერებს" ისხამსო. თურმე, უყიდია 20-30 შოკოლადი, სანაპიროზე ლამაზი ხე შეურჩევია და მისი ტოტები მოურთავს. ბავშვმა ეს რომ ნახა, კარგა ხანს სიხარულისგან დაფრინავდა. არც მე და არც გრიშას ბავშვებთან არასოდეს გვიჩხუბია, ზედმეტი სიმკაცრეც არ გამოგვიჩენია. ბევრჯერ უთქვამთ - რა წყნარი შვილები გყავთო... მე ვფიქრობ, აგრესიული ბავშვები უფრო ისეთ ოჯახებში იზრდებიან, სადაც სულ ჩხუბი და კამათია. ჩვენს ოჯახში კი ყოველთვის სიმშვიდე და სითბო ტრიალებდა. შვილები თავად გავზარდე, რადგან ძიძა ბავშვს ისე ვერ მოუვლის, როგორც მშობელი დედა. ამიტომ, ძიძისთვის ვერც ერთი გავიმეტე. ახლა ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი და ამის დასტურად ერთ ამბავს მოგიყვებით: ორი თუ სამი კვირის წინ, ერთ-ერთ სკვერში დავინახე, როგორ გადმოუვარდა ძიძას ბავშვი სავარძლიდან. ძალიან შეწუხდა, განიცადა, მაგრამ ის ამ ამბავს დედას ხომ ვერ ეტყოდა? არადა, ვინ იცის, რა დაუზიანდა იმ დღეს პატარას.

როდის ხდება ურთიერთობა აუტანელი?

- ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ოჯახს იოლად ანგრევენ და სულ ვამბობ, რომ ურთიერთობაში ბევრი რამ ქალზეა დამოკიდებული. როდესაც ქალი მოწესრიგებული არ არის, როცა სისუფთავე და წესრიგი არ უყვარს, ეს მამაკაცში წყენასა და აგრესიას იწვევს. ეს წყენა და აგრესია ადრე თუ გვიან თავს იჩენს. თუ ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ენა შეაჩვია, მერე უკვე ეჩვევიან კამათს, კონფლიქტებს და მეუღლეს ყველაფერს აკადრებენ. ჩემი აზრით, რაღაც ზღვარი ნებისმიერ ურთიერთობაშია საჭირო. ზოგჯერ ერთი მწარე სიტყვაც დაპირისპირებას იწვევს, თანდათან ყველაფერი უბრალოვდება და ბოლოს აუტანელი ხდება. ზოგჯერ დიდი ხნის შეყვარებულები ქორწინდებიან, თითქოს, ერთმანეთზე გიჟდებიან და ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას რომ დაიწყებენ, მათი ურთიერთობა რადიკალურად იცვლება. ეს გასაგებია: როცა ადამიანი შეყვარებული, ბედნიერია, ყვავილები მოაქვს, მაგრამ მასთან ერთად რომ დაიწყებ ცხოვრებას, ბევრი ისეთი ნიუანსი ჩნდება, რომელიც არ მოგწონს. უნაკლო არავინაა და რაღაცის დათმობა უნდა შეძლო. თუ გიყვარს, მის ცუდ თვისებასაც აიტან. ქმარზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ და არ მახსოვს, გრიშას ჩემთვის რაიმე ხმამაღლა ეთქვას. როცა მეუღლე კარგად გექცევა, შენც ასეთივე საქციელით პასუხობ და ეს ლოგიკურია. ჩემი აზრით, ჭკვიანი ქალი ყოველთვის პატივს სცემს მეუღლის პროფესიას, რადგან ეს ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. მეც ძალიან ვაფასებს ჩემი მეუღლის საქმიანობას: ვიცი, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა მისი ცხოვრების აზრია, ძალიან უყვარს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს. GzaPress როცა სამსახური შენი მეორე ოჯახია...

გრიგოლ ჩიგოგიძე: - ჩემი ცხოვრების 60 წელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან არის დაკავშირებული - ადრე მას "პიონერთა სასახლე" ერქვა. ჯერ აქ ვსწავლობდი, მერე კი პედაგოგი გავხდი და უკვე 50 წელია ბავშვებს ვასწავლი. ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდა გაიზარდა და დაფრთიანდა ჩემ თვალწინ, ამ სასახლეში. ჩემი ყოფილი მოსწავლეების წარმატებები მეც ბავშვივით მახარებს. ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ სერიოზულ ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღო ჩემმა მოწაფემ - გიორგი თავართქილაძემ და ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო. ჩემი მოსწავლეები იყვნენ: ლაშა ჟვანია, ნინო შუბლაძე, რეზო ცხვარაძე, თამუნა კვერნაძე, გიორგი ხარებავა, რომელიც ახლა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორია. ახლახან, ნოემბერში ჩავატარეთ საბავშვო ფილმების კინოფესტივალი "თბილისური აისი", რომელიც პირველად 1979 წელს გაიმართა. წელს ამ ღონისძიებაში 9 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ესენია: ბელგია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, გერმანია, იაპონია, ირანი, რუსეთი, სომხეთი და უკრაინა. ხუთი დღის განმავლობაში ნაჩვენები იყო კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 80-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. ამ ფილმების ავტორები 8-დან 20 წლამდე მოზარდები არიან, მათ შორის, ჩემი მოსწავლეებიც. მიხარია, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე დღესაც ცოცხლობს და სუნთქავს, ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, ჩემი მეორე სახლია.

ხათუნა ჩიგოგიძე