მეგობრობის სვანური კოშკების მშენებლის ამბავი - გზაპრესი

მეგობრობის სვანური კოშკების მშენებლის ამბავი

გვიანი შემოდგომის მზე სვანეთის ფერდობებს უხვად აყრის სხივებს და ათასი ფერით გადაკაზმულ სოფელ უშხვანარსაც არ აკლებს მცხუნვარებას. ქალი მოზომილი, ნელი ნაბიჯით და სანთლებით ხელში მიდის სოფლის განაპირა უბნის აღმართზე. ახლა მისთვის სულერთია გარშემო ყველაფერი, რადგან მამის საფლავს უნდა მიეახლოს. სითბოსა და ნესტს საფლავზე ბალახი აუბიბინებია. ჯერ საფლავის ქვას წმენდს ნაღვლით შეპყრობილი ჭირისუფალი, მერე ბალახებს მორიგეობით გლეჯს, ხელში მოხვედრილ დაკროლილ კაკალს ცალკე აგროვებს და იქვე ტოვებს. საფლავს დაღვენთია სანთლის ნადნობი, არყის ბოთლიც იქვეა, ჭიქაც, კრაზანადასეული ყურძნის მტევანიც. რუ მოლუღლუღობს თავდაღმა, ლაღობს ირაოდ გაჭრილი ქორის მართვე ცაში, თრითინა თუ ციყვი ხის კენწეროზე ეწვალება ნიგვზის ლებნებს და კაკლის ნაჭუჭებს დაბლა დაურიდებლად ყრის. შესაძლოა, ასეთი იყო ბევრი შემოდგომა უშხვანარში, იმ დროსაც, როცა არეთა კვიციანი თეთნაშის ხეობიდან ბავშვური დაუდევრობით მიჰყვებოდა კოწახურიან ხირხატებს, აჩოლყილ ანწლნარს და მურყვამ-მაჩუბების საძირკვლებით დასევდიანებულ ყოველდღიურობას. ახლა არეთას მხოლოდ ორი ციდა მიწაღა დაუკანონებია სამუდამოდ და სათავისოდ, დანარჩენი კი სხვებისა გამხდარა...

არეთა უშხვანარში მცხოვრები კვიციანების ოჯახის 5 ძმიდან ყველაზე უმცროსი იყო. 14 წლისა თავის უფროს ძმას მთიდან ბარში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაკიანში წაჰყვა. მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ ცოლი შეირთო, ყმაწვილმა სამეგრელოდან უფულოდ, მხოლოდ ათიოდე კილოგრამი დაფნის ფოთლის იმედად, ბედის საძიებლად სოხუმს მიაშურა. ვინ იცის, რამდენჯერ ნახევრად მშიერს უნატრია დედის ხელით გამომცხვარი პური, სვანეთში დაკრეფილი მომჟავო ვაშლი, ნაღვერდალში შემწვარი კარტოფილი, მაგრამ ფიზიკურად უნდა ემუშავა და დღიდან დღემდე თავი მძიმე შრომით გაეტანა. ფიქრის დრო მუდამ ჰქონდა, განსაკუთრებით კოშკების არქიტექტურა აფიქრებდა. ყველა კოშკს სვანები უხსოვარი დროიდან განსაკუთრებული მიდგომით აშენებდნენ. მიწისძვრასა და ზვავის ზათქს მხოლოდ ის კოშკები უძლებდა, რომლის საძირკველი მიწისზედა სიმაღლის მესამედს შეადგენდა. თან კვერცხისებური ფორმით უნდა ყოფილიყო ჩაშვებული ვეება ლიბო მიწაში, სხვანაირად რყევას ვერ გაუძლებდა სიპითა და ფიქლებით ნაშენები კონსტრუქცია... ფიქრობდა ამაზე არეთა და თან თავდაუზოგავად მუშაობდა...

არეთას გულკეთილობაც გამოარჩევდა სხვებისგან. საკმარისი იყო, ვინმეს ახლოდან გაეცნო ეს ბიჭი, რომ მის მიმართ პატივისცემით განეწყობოდა. სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის გამო გაუმარტივდა მას სოხუმში დამკვიდრება. ყოველდღიურად იზრდებოდა მათი რიცხვი, ვისთვისაც ის პატივსაცემი ადამიანი გახდა, მათ შორის იყო აფხაზეთის იმდროინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლეო კონსტანტინეს ძე არძინბა. სწორედ მისი დახმარებით, მომავალში რეგიონისთვის უამრავი სასიკეთო საქმის განხორციელება შეძლო არეთამ. პირველი ასეთი საქმე წყალსადენის პროექტი იყო. ამ პროექტის შედეგად სასმელი წყლით უზრუნველყოფა მოხერხდა გუდაუთის, გულრიფშისა და ოჩამჩირის 50-მდე სოფლის მცხოვრებთათვის. ამის გამო იქაური მოსახლეობა დღემდე პატივისცემით იხსენებს ამ ადამიანის სახელს. მშენებლობის მასშტაბები იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი იყო. მდინარეების სათავეებიდან, კლდეების გავლით გაიჭრა 50-კილომეტრიანი გზა წყალსადენის მილებისთვის, აშენდა სათავე ნაგებობი და აუზები. თითოეულ ობიექტზე დაახლოებით სამასი ადამიანი იყო დასაქმებული. გონივრულად დაპროექტებულ საქმეს ორგანიზაციული ნიჭიც ამშვენებდა...

მალე არეთა აფხაზეთში თითით საჩვენებელი ადამიანი გახდა, რომლისთვისაც შეუძლებელი თითქმის არაფერი იყო. მისი სახლის სტუმრები ხშირად იყვნენ როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და გამოჩენილი მოღვაწეები, ასევე საბჭოთა კავშირის რანგით მაღალი თანამდებობების პირები. მის სტუმართმოყვარეობაზე კი მთელ აფხაზეთში ლეგენდები დადიოდა. სწორედ ამ პიროვნული თვისებებისა და პროფესიონალიზმის გამო არეთა ერთადერთი ქართველი გახდა, რომელსაც უფლება მიეცა აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში აეშენებინა სვანური კოშკი. მიუხედავად იმ კვალისა, რომელიც ომმა ამ სოფელსა და მთლიანად აფხაზეთს დაატყო, დანგრეულ-გაძარცული შენობების ფონზე დღესაც ამაყად დგას ეს კოშკი, როგორც სიმბოლო და დასტური იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს ნაწილი.

ახლახან აფხაზეთის მიწაზე გადასულმა ქართველმა ქალბატონმა მოგვაწოდა აფხაზეთში არეთას მიერ აშენებული კოშკის ფოტო. ოდნავი დაკვირვების მერე გიჩნდება აზრი, რომ კოშკის ჯვრებით შემკულ კედლებს თითქოს ფარავს უფლის ძალა და უძლებს დროსაც, ადამიანთა უგუნურებით წამოწყებულ შფოთსა და ქარტეხილებსაც. საძირკველთან ახლოს დაქცეული სახლის კედლებია, იქვე თუ შორს ჩანს მე-20 საუკუნის ბოლოს ტყვიებით დაცხრილული ქართულ-აფხაზური საუკუნოვანი მეგობრობა... ტკივა ეს იარა აფხაზეთს, მაგრამ სალბუნი არსადაა. იმედი კი მაინც არის, რადგან არეთასეული კოშკი გაუძლებს საუკუნეებს და ასეულობით წლების მერე ისევე იამაყებენ ქართველები ამ არქიტექტურით, როგორც ახლა ვამაყობთ სევდანარევად ბედიისა და ბიჭვინთის ტაძრებით. ვიღაც აუცილებლად იტყვის, ადრეული შუა საუკუნეების სვანური არქიტექტურა მე-20 საუკუნეში გააცოცხლა არეთა კვიციანმა აფხაზეთში და ამით ავის მსურველებს აგრძნობინა, აფხაზეთი რომ საქართველოაო!

GzaPress როცა საუკუნეობით ნაგები მეგობრობის ხიდი რუსულმა იდეოლოგიამ ჩაანგრია, არეთა იძულებული გახდა, აფხაზეთი დაეტოვებინა და მშობლიურ სვანეთს მიაშურა. გადაწყვიტა, იქ დაფუძნებულიყო და სახლი შეიძინა. სოფელში გაურკვევლობა მოხდა, რის შედეგადაც მისი სახლი დაიწვა. შესაძლოა, ეზედმეტა ვინმეს აფხაზეთში ნაცხოვრები კაცის მამაპაპეულ სოფელში დაბრუნება... ახლა მხოლოდ კედლის ნაშთებიღა დარჩენილა იქ... არეთა კონფლიქტის არიდების მიზნით სვანეთს მოშორდა და ზუგდიდისკენ აიღო გეზი. მაშინდელი გუბერნატორის, ბონდო ჯიქიას დახმარებით იჯარით მიიღო მიწის ნაკვეთი და საკუთარი ხარჯებით დაიწყო აფხაზეთის კოშკის ანალოგის მშენებლობა. მაშინ, როცა პროექტი თითქმის ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად გარდაიცვალა ხობში. დაკრძალეს ზუგდიდში, მისსავე აშენებული კოშკის ძირში, შემდეგ კი სვანეთში, მშობლიურ მიწაზე გადაასვენეს.

მაია კვიციანი (არეთას შვილი): - მას ყველა არეთად იცნობდა. რუსეთში სულიკოს ეძახდნენ, ოჯახში კი ის დათიკო იყო. დილის ექვს საათზე გადიოდა სახლიდან, შაბათ-კვირასაც მუშაობდა. ამიტომ ორმაგად ვაფასებდით დღეებს, რომლებსაც ჩვენთან ატარებდა. ეს დღეები ნამდვილი დღესასწაული იყო. მთელი ოჯახი მივყავდით ქალაქგარეთ, მივდიოდით ზღვაზე ან მდინარეზე, ვაწყობდით პიკნიკებს. იყო მშვიდი, კეთილი და მხიარული. არავის გვახსენდება მისი ხმამაღალი სიტყვა. ყველაზე მეტად სხვების პატივისცემა უყვარდა. ამიტომაც ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანს ვმასპინძლობდით. დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, ბავშვები კი ვეხმარებოდით. პატარობისას ძალიან მშიშარა ვიყავი, ხმამაღალი საუბარიც მაშინებდა. ერთხელ ღამით ტირილმა გამაღვიძა, მამაჩემი იყო. ჩემს საწოლთან იჯდა და ტიროდა. შეშინებულმა მიზეზი ვკითხე. მთხოვა, რომ როდესაც მოკვდებოდა, არ შემშინებოდა, არ გავქცეულიყავი, ჭირისუფლებში ვმდგარვიყავი და დამეტირებინა. შევეცადე, დამემშვიდებინა და დავპირდი, რომ ასეც მოვიქცეოდი, თუმცა ვერ შევუსრულე, მაინც შემეშინდა და ამის გამო გული მწყდება. მზარავს იმ დღის გახსენება, როცა მისი სიკვდილი შევიტყვეთ. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერ ვიჯერებდით და თითქოს მას შემდეგაც ქაოსში ვცხოვრობთ... წარმოუდგენელი იყო, როგორ ახერხებდა ამდენი საქმის კეთებას, ამდენ ხალხზე ზრუნვას. დღემდე წინ მხვდება მისი გაკეთებული კეთილი საქმეები და სიამაყით ვივსები, რომ მისი შვილი ვარ.

GzaPress თამარ ფულარია: - არეთა, ჩემი მულის ქმარი, კაცთმოყვარე, კეთილი, გამცემი, უშურველი პიროვნება იყო. საოცრად შრომისმოყვარე დილაუთენია იწყებდა მუშაობას. მოუსვენარს მუდამ ახალი იდეა უჩნდებოდა. მან არა მხოლოდ აფხაზეთში ააშენა სვანური კოშკი, არამედ ზუგდიდშიც და მას მეგობრობის კოშკი დაარქვა. რომ დასცლოდა, მსგავსის გაკეთებას აპირებდა აჭარაშიც და საერთოდ, ბევრ სიკეთეს გააკეთებდა, უამრავ გაჭირვებულს შემოსავდა და დააპურებდა... ბევრი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ ერთ პატარა ეპიზოდზე შევჩერდები: ერთ წელიწადს სოხუმში ძლიერმა მიწისძვრამ საკმაოდ შეგვარყია, შეშინებულები კორპუსიდან გამოვცვივდით. ვერავინ ბედავდა შინ შებრუნებას, ღამის ორი საათი იქნებოდა. მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები, რომ სადმე დაგვერეკა. ცოტა ხანში არეთა მოგვადგა მანქანით. ვიფიქრე, შეშინდებოდითო. ჩაგვსვა მთელი ოჯახი და თავის სახლში წაგვიყვანა... მის ოჯახში სტუმრიანობა არ ილეოდა. სტუდენტებს ფულს ჩუქნიდა, აცმევდა, მთელი სანათესავოს პატრონი ის იყო.

ნორა გულედანი (მეუღლე): - მიჭირს ვისაუბრო, როგორც მეუღლემ და თანამგზავრმა არეთას შესახებ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ უანგარო თანადგომა იცოდა... ოჯახი 1967 წელს შევქმენით. ვზრდიდით 6 შვილს. არეთა მუდამ დაკავებული იყო მშენებლობით. მეგობრობდა და დიდ პატივს სცემდა აფხაზს ხალხს. მოსწონდა მათი ადათ-წესები და ტრადიციები. ქართულ-აფხაზური მეგობრობის გამო ააშენა აფხაზეთში სვანური კოშკი, რომელიც დღესაც ამაყად დგას და არავინ იცის, რამდენს ახსენებს, რომ აფხაზეთიც საქართველოა! ომი რომ დაიწყო, მოგვიწია უღელტეხილით გადასვლამ სვანეთში. იქ ერთი წელი ვიცხოვრეთ, მაგრამ იძულებული გავხდით, არეთას მშობლიური სოფელი დაგვეტოვებინა და მეორეჯერ გავხდით დევნილები - ეს დევნილობა წინაზე არანაკლები ტკივილი იყო! მერე ზუგდიდში ააგო ისეთივე კოშკი, როგორიც დატოვა სოხუმში და დაარქვა სვანებისა და მეგრელების მეგობრობის სახლი. რომ არა ტრაგიკული სიკვდილი, არ აპირებდა ზუგდიდში გაჩერებას; უნდოდა ზღვის სანაპიროზე, აჭარაშიც აეშენებინა. დიდი სურვილი აქვს ჩემს ოჯახს, მესამე კოშკის აშენების ოცნება სისრულეში მოიყვანოს...

გეგეშა კვიციანი, არეთას და:

- ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, დღეში რამდენჯერმე ვიხსენებთ არეთას. მე მის ხსენებაში ამომხდება სული. ხუთი ძმიდან არც ერთი არ დამრჩა. თვითონაც მიკვირს, როგორ ვარ ცოცხალი. არეთაზე ბევრი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი. ჩემს ძმებში ყველაზე უმცროსი იყო და ყველაზე მეტად მიყვარდა. მე მის გარეშე არ შემეძლო, მას კი უჩემოდ. ვისაც იცნობდა, ყველა უყვარდა. ვისაც არეთა ახსოვს, უფალმა დალოცოს. არეთა კი ღმერთმა ნათელში მიმყოფოს.

P.S. ძნელი სათქმელია, არეთას მრავალრიცხოვანი შთამომავალი შეძლებს თუ არა მესამე სვანური კოშკის აგებას საქართველოსთვის. არც ისაა ადვილი სათქმელი, რომ წინაპრების დატოვებულ მიწას დაიკანონებენ სვანეთში, მაგრამ ერთი ადამიანის საკეთებელი პირნათლად აღასრულა არეთა კვიციანმა, კაცმა, რომელზეც მის დას, მეუღლეს, შვილებსა და ათასობით ნაცნობს მხოლოდ კარგის მოგონება შეუძლიათ. როცა დროის მსახვრალი ხელი ბევრ ხსოვნას ისე გადარეცხავს, როგორც შავი ზღვის ტალღები სანაპიროს, არეთას კოშკი თავისას უხმოდ იტყვის ისევე, როგორც ბედიისა და ბიჭვინთის ტაძრები...

როლანდ ხოჯანაშვილი