დროსთან ჭიდილში გამარჯვებული დედა - გზაპრესი

დროსთან ჭიდილში გამარჯვებული დედა

დიდი ტრაგედიის მატარებელ ადამიანებს დუმილის დაწყებისა და დარღვევის დრო უდგებათ ხოლმე. მშობელი სულ ატარებს ტრაგედიას, როცა შვილი ჰყავს გარდაცვლილი - ასეთ ტკივილს გადატანა და მორჩენა არ უწერია. ის მუდამ მშობლის გულშია და ათას ფორიაქს იწვევს. ფორიაქი ზოგჯერ ლაპარაკის სურვილს უკარგავს მგლოვიარეს, ზოგჯერ კი მოკრძალებით იკითხავს საკუთარ დარდთან დარჩენილი, ჩემი სატკივარი რომ ვთქვა, შეწუხდებითო? ადამიანი კი იმით განსხვავდება დანარჩენისგან, რომ თანაგრძნობა შეუძლია და ვალდებულიცაა. გაზიარებული ემოცია ყველაზე მეტად შველის მთქმელსა და მსმენელსაც.

მაია მესხი იმ ადამიანთა შორისაა, ვისაც მძიმე ჯვრის ტარება ერგო წილად. შვილის გარდაცვალების მერე ტაძარს მიაკითხა, მეუღლესთან ერთად. მეუღლე შერჩა ტაძარს დიდი რწმენით, მაიას კი თავისი გზა აქვს - მონატრებისა და სიყვარულის, რომელიც ზოგჯერ ტაძარსა და შვილის საფლავსაც გვერდს უვლის...

წერა უნდა შვილზე და არ გამოსდის. დაიწყებს და ფურცელზე უზარმაზარ, ბავშვური ხელით მოხაზულ ასოებს ნერვიულად გადაუსვამს ხაზებს ერთი მიზეზით - რაც გულს უნდა, სიტყვებით იმას ვერ გადმოსცემს. უბრალოდ, არეულია მონატრება, სიხარული, დარდი და მოგონებები ერთმანეთში. ასეთ დროს სიტყვა უძლურიაო, ისევ წერა ამჯობინა. წინ მიწყვია რამდენიმე ფურცელი, ისევ ბავშვურად დიდრონი ასოებით დაწერილი და ვკითხულობ ტკბილ-მწარე ფიქრებს, მოგონებებს. უნებურად ვგრძნობ, რომ ამ სიტყვებს შორის უფრო მეტია ჩატეული, ვიდრე ჩანს...

GzaPress მაია მესხი: "ჩემი შვილი ძალიან კარგი იყო, ძალიან! ვერ მოასწრო ვერაფერი. ცოტა ხანს იყო დედამიწაზე. მენანება, მეცოდება. ცხოვრების გზას შეუდგა და წავიდა. სულ წავიდა. მე? მე ველოდები ან არ ველოდები. ზოგჯერ ისე ვარ, თითქოს ჩემთანაა, ერთად ვლაპარაკობთ, ერთად დავდივართ, ერთად ვიყოფთ მონატრებას, რომელიც მახრჩობს...

ადრე ცას ვუყურებდი, ქუჩებს ვათვალიერებდი, ყველგან შვილს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. ნიკას აქ უნდოდა, ზუსტად ვიცი! სხვანაირად კარგი იყო. ერთხელ ჩემთან მოვიდა ნიკას მასწავლებელი და მითხრა, შენი შვილი არ იყო ამქვეყნიური, მთელი ცხოვრება ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა და ასეთი ადამიანი არ შემხვედრიაო...

ნიჭიერი იყო. მეცადინეობით თავს არ იკლავდა, მალე ითვისებდა ყველაფერს. საოცარი პასუხებისმგებლობა ჰქონდა. ზოგჯერ კლასში დავალება თუ არ ჰქონდათ ბავშვებს, თავისას ჩანთიდანაც არ ამოიღებდა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. მოიტანა და მომცა მედალი, - ახლა არ დაიწყო ამის ფრიალიო. მერე ავაფრიალე, ნიკას მერე. კეთილი იყო ძალიან, არც მე მახსოვს მისგან წყენა, არც სხვას. ბავშვობიდან მშვიდი და ღიმილიანი მეგობრებს ძალიან უყვარდათ. ვერ ვიხსენებ, ნიკას ვინმეზე ცუდი ეთქვას.

მეტსახელად ჰქონდა "სასტიკი" - ამაზე სულ მეცინებოდა. ერთხელ, შემთხვევით ჭიანჭველა გასრისა და თქვა, რა სასტიკი ვარო... მის მერე შეერქვა ასე. მგონი, ეს იყო ყველაზე დიდი ცოდვა, რაც ჩაუდენია.

ერთხელ ლექციიდან მოვიდა, წიგნები და კონსპექტები მაგიდაზე დააწყო და მითხრა, ორშაბათს ფრანგული მაქვს, რადგან დღეს ბორჯომში მივდივართ მე და მეგობრები, ხვალ გვიან ჩამოვალთ, ამიტომ გუშინ მოვამზადეო. წავიდა... ჩავიდა იქ და მორჩა, ყველაფერი მორჩა! მაგიდას შერჩა ნიკას ფურცლები, ჩანთა და თხელი ზურგჩანთა. ჰოდა, ველოდები... მას მერე სულ ველოდები და არ მოდის. სიზმრადაც არ მოდის ჩემი შვილი. ერთი ვიცი, არ დამტოვებდა ნიკა! აქაა! ოდესმე წავალთ ერთად. წავალ და თან წავიყვან...

ფოტოს გადაღება არ უყვარდა. რომლებიც მაქვს, ისინიც ძლივს შევაგროვე. ნიკას მეგობრების "ფეისბუკის" გვერდზე ვიპოვე ან მისი თანატოლები მიგზავნიდნენ ინტერნეტით. ფოტოებზე სულ იცინის...

GzaPress იმ ზაფხულზე თქვა, მანქანის ტარება უნდა ვისწავლოო. ბოლო ორი თვე რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა. ნიკას ვუყურებდი და მაჟრიალებდა. ვფიქრობდი, რატომ არის ასეთი კარგი?! ცუდს არაფერს ვგრძნობდი, მაგრამ რაღაცის მეშინოდა. სულ მინდოდა, გადავფარებოდი. იმ დღეს არ მინდოდა წასულიყო... ნიკა "მანჩესტერის" ფანი იყო. 5 ოქტომბერს, შაბათს ეს გუნდი თამაშობდა. მისი მეგობრის პირველი გამოფენაც ამ დღეს ეწყობოდა. რაღაცებს ვიმიზეზებდით ოჯახში, რომ არ წასულიყო, ის კი სიხარულით წავიდა... მეგობრებთან ერთად ორი დღით წავალ ტიმოთეს უბანშიო...

ცხოვრება მიდის, უკან არ იყურება. ჩემნაირი დედები მხოლოდ უკან იყურებიან. წინ? წინ ჩვენ ისედაც ვიცით, რაც დაგვრჩა. წელიწადში ერთი დღეღა მაქვს ნათელი, იმ დღეს ვარ ყველაზე ბედნიერი და ამაყი. ექვსი წელია, ნიკას სკოლაში, ყოველ გაზაფხულს ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ჩემი შვილის ხსოვნას ეძღვნება და ყოველ წელს ახალი თაობის ბავშვები იგებენ, რომ იყო თბილისში ერთი ძალიან კარგი ბიჭი - ნიკა მესხი..."

ფურცელზე ნაწერი ტექსტად ავკრიბე და მოვიდა არეული შეგრძნებები, რომლებიც მეუბნება, რომ მაიასთვის ზოგჯერ გზა უბოლოოა, სევდიანი, ზოგჯერ მზითა და მოგონებებით გამთბარი. ზამთრის პირს მოაქვს უფრო დარდი, გაზაფხულის დადგომას - ნაღვლიანი ღიმილი, ნიკას გარეშე ცხოვრებამ რომ დაღად დაასვა სახეზე. შემოდგომის ქარს გადააქვს ფოთლები ქუჩიდან ქუჩაზე და ასეა ადამიანის ემოციებიც. გაძარცული ხეები უკანასკნელ ფოთლებს რომ ემშვიდობებიან, ზუსტად ასეა მაიაც. ზოგჯერ ჩათვლემს, ზოგჯერ წაიკითხავს, ზოგჯერ მეუღლეს გაჰყვება სადღაც, რომ ყველაფრის მკვლელ დროს არ გაეთელვინოს. დროის ვალი არ აქვს მაიას, ერთი გრამი და მისხალიც კი! ეგებ დააარსოს ვინმემ დროსთან ჭიდილის გამო რაღაც ორდენი, რომელსაც არ გამოაჩენს მაია ისე, როგორც ნიკა - ოქროს მედალს. ჟამთან შერკინების გამო მიღებულ ორდენს დედა დახედავს, გაეღიმება მის არაფრობაზე და დაელოდება უფრო მეტს - გაზაფხულივით ღიმილიანი შვილის დაბრუნებას, რომელიც თითქოს ისევ ბორჯომის ხეობაშია წასული, სადაც ნაძვები სავსეა გირჩისტოლა მარგალიტებით თუ ზურმუხტით, ცა - ღრუბლებითა და ეთერი - ნისლით. წარმოიდგენს მაია ღიმილით მიმავალ "სასტიკ" ნიკას და გულს მორიგეობით აავსებს სიხარულით და დარდით, სიზმრის ტოლფარდი ზმანებებით... კალენდარს შეხედავს და დაფიქრდება მერე დედა, რა დროს გასულა უერთმანეთოდ და მაინც ერთად... მაიამ ეგებ ოდესმე იმ ნაძვებსაც მისწეროს წერილები, ღრუბლიან ცასაც და ეთერსაც ან სულაც უმისამართოდ წეროს დიდრონი, ბავშვური ასოებით და ბარათს გააყოლოს უზარმაზარი სითბო, რომელიც აქამდე ნიკასთვის უნდა დაეხარჯა, მაგრამ ვერ დახარჯა!

რა მნიშვნელობა აქვს მაიასათვის, ჭრიჭინობელების ჭრიჭინისას ჩაუკრავს მთვარე თვალს დედამიწას თუ ჩიტები აკენკავენ სტვენით მზეს, რომლის ნამცეცებსაც ბუდეში მიიტანენ მხოლოდ იმისთვის, რომ შვილმკვდარ დედებს სითბოდ დაურიგონ სიცოცხლეზე გრძელ ზამთრის ღამეებში, რათა მერე მგლოვიარე ქალებმა გაასმაგებით დაუბრუნონ სამყაროს... მაიასთვის ნიკა ახლოა, უფრო ახლო, ვიდრე ვინმეს ჰგონია...

P.S. ნეტავ რას იზამს, თუ მაიას ვინმე სთხოვს, ის პატარა ზურგჩანთა მომეციო, ნიკას მაგიდაზე რომ უდევს? განა იმიტომ, რომ არ ექნება მთხოვნელს ჩანთა... უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, ყოველდღიურად, ვიდრე ბოლომდე გაცვდება, ატაროს იმის ნიშნად, რომ თანაზიარია სამყაროში ყველაფერი ზედმეტ-ნაკლებად!

როლანდ ხოჯანაშვილი