"გადავწყვიტე, რომ სიცოცხლე მინდოდა"
font-large font-small
"გადავწყვიტე, რომ სიცოცხლე მინდოდა"
ძლიერი ქალი, რომელსაც უბრალოდ, ადამიანები უყვარს

სპორტსმენი, მოცეკვავე ანა ნაზღაიძე 38 წლისაა. 21 წლის იყო კუნთების პროგრესული დისტროფიის დიაგნოზი რომ დაუსვეს. "ღეროვანი უჯრედის გადანერგვა ორჯერ მაქვს გაკეთებული და შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა უკვე ხელებზეც გადავიდა ეს დაავადება, პატარა ბავშვსაც კი ჩემზე მეტი ძალა აქვს", - მითხრა და მეტი დამაჯერებლობისთვის, ხელი ხელზე მომიჭირა... მიუხედავად ამისა, მაინც ვგრძნობ მის შინაგან სიძლიერეს, სიჯიუტეს, სიცოცხლის სიყვარულს. ანა ამჟამად პროფესიული მომზადების სამმართველოს ინსტრუქტორია და ტრენინგებს ატარებს შშმ პირთა საკითხებზე.


- ძალიან აქტიური და ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, კარგადაც ვსწავლობდი - ღონისძიებებში, სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, სხვადასხვა წრეზე დავდიოდი: ცეკვაზე, მუსიკაზე, ტანვარჯიშზე, კალათბურთზე, კარატეზე, სამეჯლისო ცეკვაზე. ზაფხულობით საგურამოში, დედაჩემის სოფელში რომ ჩავდიოდი, ისეთ კონცერტებს ვაწყობდით მე და ჩემი მეგობარი, რომ მცხეთის რაიონიდან მიწვევაც კი მივიღეთ (იცინის). 15 წლისამ ბესო ჩუბინიძის ჟურნალ "კოქტეილში" დავიწყე მუშაობა. ჩემი უფროსი ძმა მეგობრობდა ბესოსთან და ინტერვიუზე რომ მიდიოდნენ, მეც მივყავდით. იმ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. მახსოვს, ანჟელიკა ვარუმი იყო ჩამოსული, კონცერტზე დაცვა არ გვიშვებდა. ავდექი და ღობეზე გადავძვერი. პოლიციელებმა მერე ბესო და გიორგიც შემოუშვეს, მიხედეთ მაგ ბავშვსო და ასე ჩავწერეთ ინტერვიუ. ჩემი სახელი რომ ეწერა ჟურნალში, ამით ბედნიერი ვიყავი. გიორგი მამაცაშვილმა "სტუდენტური პაემანი" რომ გამოუშვა, იქაც ვმუშაობდი მის მოადგილედ. 15-16 წლის გოგოსთვის ეს ბევრს ნიშნავდა. მეგონა, ცა და დედამიწა ჩემი იყო. პირველი ჰონორარი 20 ლარი ავიღე. მომწონდა ჟურნალისტობა, მაგრამ მერე ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ სასწავლებელში ჩავაბარე, ლაბორანტობა ვარჩიე. ფინანსების გამო, რაკი სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლას ვერ შევძლებდი, სპორტული მედიცინის ფაკულტეტი აღმოვაჩინე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში და იქ გავაგრძელე სწავლა, მაგისტრატურაც დავამთავრე. ამ მხრივ გამიმართლა. ეტყობა, ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის - ადაპტური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალობა გაძლევს ცოდნას, თუ როგორ უნდა დაეხმარო შშმ პირებს ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაში... პირველივე კურსიდან შეხება მქონდა შშმ პირებთან, გავდიოდი პრაქტიკებს. ვფიქრობ, იმიტომაც არ ჩავვარდი დეპრესიაში, რომ ვიცოდი, ჩემზე უარეს მდგომარეობაში სხვები იყვნენ.
GzaPress
- ანა, უფრო დაწვრილებით მითხარი შენი დაავადების შესახებ.
- კუნთების პროგრესული დისტროფია მაქვს, კუნთების მოდუნებას რომ ვეძახით. მე 19 წლისას გამომივლინდა. კუნთების წვას ვგრძნობდი. ტანმოვარჯიშე, აკრობატი ვიყავი და ვარჯიშის დროს ფეხზე ადგომა მიჭირდა, ბაგირზე ასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. არადა, ფეხების გარეშე, მხოლოდ ხელებით ავდიოდი ხოლმე. ექიმები მეკითხებოდნენ, ძლიერი მოყინვა, ორგანიზმის გადახურება ხომ არ გქონია ან რაიმე ტრავმა ხომ არ მიგიღიაო? ხიდანაც კი არ ჩამოვვარდნილვარ. ბოლოს, გენეტიკური ხომ არ არისო? გენეტიკური მიზეზიც გამოირიცხა. გლანდები ამოიჭერიო - არც ამის ბრალი არ აღმოჩნდა. რევმატოლოგთან გამგზავნეს. 3 წელი უშედეგოდ ვმკურნალობდი რევმატიულ ართრიტზე, რის გამოც მდგომარეობა გამიუარესდა. იმ პერიოდში დავდიოდი, მაგრამ მიჭირდა, სიარულის მანერაც შემეცვალა. ბოლოს მითხრეს, ნევროპათოლოგსაც გაესინჯეო და მან დამისვა დიაგნოზი უკვე 21 წლის ასაკში. იმ წუთში ვერ გავიაზრე, რა მჭირდა. გარდა სამკურნალო ფიზკულტურა-რეაბილიტაციისა, სამედიცინო ინსტიტუტიც დავამთავრე, ზოგადი მკურნალი ექიმი ვარ. სახლში გადმოვქექე წიგნები, მოვიძიე ინფორმაცია და გავიგე, რომ თურმე ეს დაავადება განკურნებადი არ არის, მაგრამ შეიძლება იცოცხლო. მკურნალ ექიმთან მივედი, - რა იმედს მაძლევ-მეთქი? შემომხედა: იცი, რას გეტყვი? ღმერთს მადლობა შესწირე, შენნაირი პაციენტები დღეს ცოცხლები არ არიან და თუ ვინმესთვის რამე გაქვს დასატოვებელი, შეგიძლია დაწეროო. სიტყვა "ანდერძი" არ უხსენებია, თორემ ანდერძი დაწერეო, ფაქტობრივად, ამაზე მიმანიშნა. იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, დროთა განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდება, მაგრამ ბრძოლა ღირსო, პირდაპირ მითხრა, უნდა მოკვდეო... ამის მერე იმ ექიმთან აღარც მივსულვარ. მთელი გზა ვტიროდი. დაახლოებით ერთი თვე დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რაც ხდებოდა - ან იმ ექიმის სიტყვებისთვის უნდა დამეჯერებინა და დავლოდებოდი, როდის მოვიდოდა სიკვდილი, ან უნდა მეცხოვრა და მებრძოლა. გადავწყვიტე, უნდა მეცოცხლა!
- ოჯახის წევრები, მეგობრებიც დაგეხმარებოდნენ ამ რთული სიტუაციის გადალახვაში.
- რა თქმა უნდა, დღემდე მშობლების სახლში ვცხოვრობ და ყურადღებას არ მაკლებენ. მეგობრები ერთ დღესაც არ მაძლევდნენ მარტო დარჩენის საშუალებას. თუმცა, რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე ამ მდგომარეობის გამო.
- როგორც ვხვდები, შეყვარებულს გულისხმობ?
- ასეა, ჩემი ჯგუფელი იყო. 6 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მტკივნეული იყო ეს ამბავი ჩემთვის, თუმცა დრო ბევრ რამეს გავიწყებს. ეუბნებოდნენ, რომ ისეთი დაავადება მჭირდა, რომელიც არ იკურნებოდა და შეიძლებოდა, ეტლში აღმოვჩენილიყავი. როდესაც ყოყმანი შევატყვე, თვითონვე მივიღე გადაწყვეტილება და ვუთხარი, რომ ყველაფერი დამთავრდა. დღეს მას ოჯახი ჰყავს. 2 წლის შემდეგ მეც გავთხოვდი, მაგრამ 8 წლის წინ დავშორდით, მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჩემი ავადმყოფობა იყო. სამწუხაროდ, შვილი არ მყავს. ზოგი ჭირი მარგებელიაო და მაშინ ვთქვი, - აი, ნახავთ, რამდენ რამეს შევძლებ-მეთქი. ამ დროს უკვე ძალიან მიჭირდა სიარული. დავინტერესდი ხატწერით, გავიხსენე ჩემი პირველი პროფესიაც, ჟურნალისტობა - "ერთსულოვნებაში" ყოველ პარასკევს მიმყავდა გადაცემა შშმ პირებთან დაკავშირებულ თემებზე. ტელევიზიის გარდა, ტაქსების კომპანიაში, ოპერატორად ვმუშაობდი.
- დიაგნოზის დასმიდან 10 წლის მერე გახდი ეტლით მოსარგებლე. ჯიუტად ცდილობდი არ დანებებოდი...
- გადაადგილებისას ერთის კი არა, უკვე 2 ადამიანის დახმარება მჭირდებოდა, ეს კი დისკომფორტს მიქნიდა მეც და სხვასაც ვაწუხებდი. ერთხელ კოალიციაში სახელწოდებით "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" შემთხვევით შევხვდი რატი იონათამიშვილს. დაინახა, რომ ორმა კაცმა შემიყვანა. წამოსვლისას მკითხა, ეტლში რატომ არ ჯდებიო? მახსოვს, იმდენად შეურაცხმყოფელად მივიღე ეს კითხვა, რომ რეაქცია ვერ დავფარე. რატი მიხვდა, რომ გავბრაზდი. - ვიცი, ყოფილი მოცეკვავე ხარ და არ გინდა, კიდევ იცეკვოო? - იმ პერიოდში მაია ასათიანის შოუში იყო სტუმრად, იცეკვა. ეგ როგორ-მეთქი? - პირობას გაძლევ, იცეკვებო, - მითხრა. გზიდანვე დავურეკე და ვუთხარი, გადავწყვიტე, ეტლით ვისარგებლებ-მეთქი. ასე უცებო? - გაუკვირდა. მერე სენაკში, სპეციალურ ბანაკში გამიშვეს, სადაც ეტლით სარგებლობას ასწავლიან. ისეთი კომფორტული იყო, ფეხზე აღარ ვდგებოდი, აღარც ვნერვიულობდი, აღარც სიარულისას ვიღლებოდი.
GzaPress
- ამჟამად რას საქმიანობ?
- 2015 წელს შსს-ს აკადემიაში დავიწყე მუშაობა. ერთ დღეს სპორტის სამინისტროდან დამირეკეს და შემომთავაზეს "ეტალონში" მონაწილეობა. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი. ჩაწერაზე რომ მივედი, კიდევ უარს ვამბობდი, სხვა ვინმე შეუშვით ჩემ ნაცვლად, მეხუთე კლასელი ხომ არ ვარ-მეთქი. პირველი ეტაპი რომ გადავლახე, მომეწონა, აზარტში შევედი; ფინალში რომ გავედი, ამას უკვე აღარ ველოდი. სულ ათი სპორტსმენი ვმონაწილეობდით და გოგო მხოლოდ მე ვიყავი. გამარჯვებულად რომ გამომაცხადეს, არ ვიჯერებდი. დაახლოებით თვე-ნახევარში უცხო ნომრიდან დამირეკეს, შს სამინისტროდან გირეკავთო. დღემდე არ მავიწყდება ეგ შეგრძნება, მთელი ცხოვრება თვალწინ გადამეშალა (იცინის), მგონი, მიჭერენ და ნეტავ, რა დავაშავე-მეთქი? - ჩავილაპარაკე. - ნუ ნერვიულობთ, არ გიჭერთ, პირიქით, კარგ საქმეზე გირეკავთ, სამსახურის თაობაზე გვინდა გასაუბრებაო. უკვე ვმუშაობ, თანაც კარგი პირობები მაქვს, ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ და დამხმარეც მყავს-მეთქი. მოკლედ, კარგა ხნის საუბრის შემდეგ შეხვედრაზე შევთანხმდით. ქოლცენტრში დავიწყე მუშაობა. ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის, მერე კომუნიკაციის განყოფილების სპეციალისტი. ამჟამად პროფესიული მომზადების სამმართველოს ინსტრუქტორი ვარ. ქოლცენტრში მუშაობის დროს სასწავლო პროგრამებთან მქონდა წვდომა და რომ გადავხედე, შშმ პირების თემა ვერ ვნახე. იყო ქალების, ბავშვების, ელგბტ თემის, ბულინგის შესახებ, მაგრამ არა შშმ პირების. ჩემს უფროსს ვუთხარი ამის შესახებ და შევთავაზე, პროგრამა შეგვემუშავებინა. სამინისტროდან 6 თვეში მოვიდა თანხმობა. სასწავლო პროგრამა ერთად შევიმუშავეთ. მასში შედის პრაქტიკული მეცადინეობაც და თეორიული კურსიც, როგორ დაამყარო კომუნიკაცია, რომელია სწორი ტერმინები, კონვენციის არსი და ა.შ. ამას წინათ ერთმა სტუდენტმა მითხრა, თქვენი ლექციის შემდეგ სხვა ლექციაზე შევედით და ლექტორი ისე ხშირად ამბობდა "ინვალიდს", გვინდოდა, შეგვესწორებინა და ვერ გავუბედეთო. პატრულის ნებისმიერ თანამშრომელს, ვინც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდა აკადემიაში, შეუძლია დაეხმაროს შშმ პირებს - ეტლი დაუკეცონ, ჩაუდონ მანქანაში... ახლა უკვე მანდატურის სამსახურიც გაივლის ამ კურსს.
- ძლიერი ქალი ხარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნუთუ არასდროს წამოგცდება ხოლმე საყვედური?
- ზოგჯერ, როცა გავბრაზდები, მაშინ ვიტყვი ხოლმე, - ღმერთო, ნეტავ, მოვკვდე-მეთქი, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ საყვედური ბედისა თუ გარშემო მყოფების მისამართით არასდროს დამცდენია. გულში ბოღმას ვერ ჩავიდებ, მიყვარს ადამიანები და სხვანაირად არ შემიძლია!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"დახვრეტის განაჩენი ოთხჯერ გამოვიტანე"
როგორ აალაპარაკა დამწყებმა ჟურნალისტმა სიტყვაძუნწი მხატვარი
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1580 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი