ქართველი დრამატურგების მუზა ჩიხტიკოპიანი მსახიობი - გზაპრესი

ქართველი დრამატურგების მუზა ჩიხტიკოპიანი მსახიობი

ასეთი თამამი და მეამბოხე ქალები რომ არა, ალბათ "სუსტი სქესის" ადგილი ქართულ რეალობაში კიდევ დიდხანს არ შეიცვლებოდა და მანდილოსნები საკუთარ სურვილებს სულში ჩაიხშობდნენ. თუმცა, არაერთი ქალის დინების საწინააღმდეგოდ სვლამ, ბევრს გამბედაობა შემატა და მათ მაგალითზე მოახერხეს საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება.

უწინ ხალხის დიდ ნაწილში მსახიობი ქალი დიდ გაღიზიანებას იწვევდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ქალი სცენაზე ასვლით "პატიოსნებას კარგავდა". "სწორი გზიდან გადახვეულებს", არათუ ოჯახი, ზოგჯერ ნათესავები და მეგობარ-ახლობლები სამუდამოდ აქცევდნენ ხოლმე ზურგს... მიუხედავად ამისა, ნატო გაბუნია ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ხალხის აზრს არ შეუშინდა. მოღვაწეობა მან 16 წლისამ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, გორის სახალხო თეატრში დაიწყო. სწორედ იქ იხილა დავით ერისთავმა და 1879 წელს სამუშაოდ თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მიიწვია...

ნატო გორში დაიბადა. ადრეული ასაკიდანვე წერდა ლექსებს და სურდა, დაბეჭდილიყო. რამდენიმე მათგანი ანტონ ფურცელაძეს გამოუგზავნა. მაშინ ეს მწერალი იმხანად რამდენიმე პერიოდულ გამოცემასთან თანამშრომლობდა, რამდენიმე წელი მისი თაოსნობით გამოდიოდა ჟურნალი "მნათობი". ალბათ სწორედ აქ ან რომელიმე სხვა გამოცემაში სურდა ნატოს თავისი ლექსები ეხილა, მაგრამ ფურცელაძემ მისი "შემოქმედება" დაიწუნა და ახალგაზრდა ავტორს ლექსები სხვაზე გადაბრალებით უკან დაუბრუნა - ცენზორმა არ გაუშვაო. მის შემდეგ ანტონ ფურცელაძემ ნატო ერთ-ერთ პირველ საქველმოქმედო წარმოდგენაში იხილა. რამდენიმე დღეში იქვე, გორში შეხვდნენ ერთმანეთს და ფურცელაძემ ნატოს ურჩია, პოეტობას თავი დაანებე, სასცენო ქალი ხარო.

ნატოს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და მამას თავისი სურვილი გაანდო. ოჯახის უფროსი შვილის განზრახვას აღფრთოვანებული არ შეხვედრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატოს უკან არ დაუხევია, გორიდან თბილისში გაიპარა და მშობელი გაანაწყენა. რამდენიმე წელი მამა აღარ ურიგდებოდა ქალიშვილს და მხოლოდ მაშინ "აპატია", როცა ნატო დაოჯახდა და ჯვარი დაიწერა: 23 წლის იყო, როცა თავისზე 2 წლით უფროს დრამატურგ ავქსენტი ცაგარელს გაჰყვა ცოლად. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, უპირველესი კი თეატრი იყო.

GzaPress *** პერიფერიიდან დედაქალაქში გამომგზავრებული, ერთი შეხედვით გარეგნულად არაფრით გამორჩეული ქალი მალე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაშიც არტისტული ბუნება და თამამი ხასიათი უწყობდა ხელს. ამავდროულად, კარგად უკრავდა, მღეროდა.

ნატო საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი ქალი იყო, მრგვალი სახით, ხშირი წარბებითა და დახრილი თვალებით, ოდნავ კეხიანი ცხვირით და სქელი ტუჩებით.

მაშინდელი არისტოკრატების ტანსაცმელს უკვე ეტყობოდა ევროპული გავლენა, ნატო კი მუდამ ქართულ სამოსს ატარებდა. სპეციალურად ნატოსთვის წერდნენ პიესებს: ილია ჭავჭავაძე, ავქსენტი ცაგარელი, აკაკი წერეთელი... ამ უკანასკნელმა მისთვის დაწერა პიესა "კინტო".

წლების განმავლობაში შესრულებული უამრავი როლის მიუხედავად, მისი სახელი მაინც სპექტაკლ "ხანუმასთან" ასოცირდება, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა ავქსენტი ცაგარელმა. 23 წლის იყო ნატო, 50 წელს მიტანებული მაჭანკალ ხანუმას როლი რომ მოირგო და ამ პერსონაჟს თითქმის 30 წელი თამაშობდა. საერთოდ, სპექტაკლისა და როლის ამდენი წელი "სიცოცხლე" თეატრალურ სამყაროში იშვიათია. სულ კომპლიმენტებს იღებდა. ერთხელ, როცა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი აღტაცებული დარჩა მისი ხანუმას ხილვით და მსახიობს შთაბეჭდილებები გაუზიარა, ნატო გაბუნიამ იქვე პირობა დაადებინა, რომ სპეციალურად მისთვის დაწერდა რამეს. იუჟინი დაჰპირდა და დაწერა კიდეც "ღალატი".

***

იმხანად ნატო გაბუნიას მსგავსი წარმატება და პოპულარობა, მხოლოდ რამდენიმე მსახიობს ჰქონდა, თუმცა მის ცხოვრებაში არის გარემოება, რომელზეც ღიად და ხმამაღლა ლაპარაკს მაშინაც გაურბოდნენ და ახლაც გაურბიან. ისევე, როგორც ბევრი სხვა, ნატოს ნიჭით, გარეგნობითა და სასიმღერო მონაცემებით ილია ჭავჭავაძეც აღფრთოვანდა.

ნატოსა და ილიას შორის 22-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო. ნატო აქტიურად ტრიალებდა ილიას გარემოცვაში და იმ პერიოდის "მაღალი წრის" წარმომადგენლების გვერდით საპატიო ადგილსაც იკავებდა. ილიას განსაკუთრებით მოსწონდა ნატო გაბუნიას სიმღერა დაირის თანხლებით. დავით კასრაძის მოგონებებში ასეთი ფაქტია მოყვანილი: ელისაბედ ჩერქეზიშვილთან გამართულ ერთ-ერთ მორიგ წვეულებაზე ილიას თავისი ხელით გადაუცია ნატოსთვის დაირა და სიმღერა უთხოვია. მსახიობსაც გული არ დაუწყვეტია და "ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია" შეუსრულებია. ილიას თვალზე ცრემლი მოსდგომია, ასთმამ თავი გაუხსენა და თავი ცუდად იგრძნო. "ბატონო ილია, ბატონო ილია!" - გაისმა ნატოს ხმა, დაირა გვერდით მიაგდო და პატარა ბავშვივით მიუალერსა, გულზე მიიხუტა..."

ძველ თბილისში, ამ ორ ადამიანს შორის გაჩაღებულ ფარულ რომანზე ჩურჩული მაშინ დაიწყეს, როცა ილია მსახიობი ქალით აღფრთოვანებას საჯაროდ გამოხატავდა და ამის საფუძველს მსახიობისადმი მიძღვნილი ქება-დიდებით აღსავსე სათეატრო რეცენზიებიც იძლეოდა. თავიდან რამდენიმე წერილში ილია თითქოს, მაკო საფაროვასა და ნატო გაბუნიას მეტყველებას აკრიტიკებდა, სპექტაკლის მსვლელობისას ზოგან სიტყვებს ყლაპავდნენო, მაგრამ შემდეგ წერილების ტონი იცვლება და ძირითადად, მხოლოდ ნატოსადმი დადებითი შეფასებები გვხვდება.

"...უკეთესი თამაშობა აღარ შეიძლება, ამას ზევით ხელოვნება ვერ წავა..." - წერდა ილია, როცა ნატოს მიერ განსახიერებული ხანუმა იხილა.

ცხადია, არასდროს არავის დაუდასტურებია მათი რომანი და არც ჩვენ ვწერთ მტკიცებით ფორმაში. შესაძლოა, ილიასა და ნატოს ამბავი ჭორების მოყვარული საზოგადოების ფანტაზიის ნაყოფია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ამ ჭორის აგორებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ილიას მეუღლე ოლღას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნატოსთან და ერთხანს მას თავის სახლშიც მასპინძლობდა. შესაბამისად, ნატოსაც ხშირად ხედავდნენ ილიას გვერდით.

***

1863 წლის გაზაფხულზე ილია ჭავჭავაძე ჯვარს ოლღა გურამიშვილზე იწერს. მაშინ კაცი 25-ის, ხოლო ქალი 20 წლის იყო... წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როცა პეტერბურგიდან ახალდაბრუნებული ილია სამშობლოში საკუთარ ადგილს იმკვიდრებდა. ოლღა თბილისის მაშინდელი მაღალი საზოგადოების წრეში ტრიალებდა და ყურადღებით ადევნებდა თვალს "ცისკრის" გამოცემაში გაჩაღებულ "მამათა და შვილთა" ბრძოლას. ურთიერთსიმპათიაც მაშინ გაღვივდა და მიმოწერაც გაჩაღდა.

ოლღამ მსახიობი ნატო გაბუნია პირველად სცენაზე იხილა და მისით მოიხიბლა. 21 წლის ნატოს ბენეფისი რომ გადაუხადეს, თბილისელმა აშუღებმა ვერცხლის მოჭედილი დაირით დაასაჩუქრეს და იმ დღეს ეტლით, დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს თეატრიდან თავის პატარა ბინაში. სწორედ იქ ესტუმრა ოლღა ვანო მაჩაბელთან ერთად და ახალგაზრდა მსახიობი თავისთან სადილად დაპატიჟა. რასაკვირველია, ნატოც გაჰყვა და საღამო ჭავჭავაძეების სახლში გაატარა. ერთი კვირის შემდეგ კი, მორიგი რეპეტიციისას, ნატოს ვანო მაჩაბელი ესტუმრა და უთხრა: კნეინას ძალიან ეწყინა, პატარა ოთახი რომ გაქვს და თანაც, რკინის ფეჩი გიდგას, შეიძლება ხმა წაგიხდეს, ნათბილარევი რომ გამოხვალ იმ პატარა ოთახიდან. კნეინას სურს თავისთან ახლოს დაგაყენოს. ოთახი უკვე დაიქირავაო...

"მეორე დღეს გადამიყვანეს კნ. ოლღას მახლობლად იმავე ეზოში. სადილი, ჩაი მათთან მქონდა, რასაკვირველია უზრუნველად", - წერდა ნატო გაბუნია.

***

ნატო თავის პირვანდელ სამუშაო ადგილას 1908 წლიდან აღარ მოღვაწეობდა. მიუხედავად ამისა, მონაწილეობდა საქველმოქმედო სპექტაკლებში. მან თეატრი თავად დატოვა - გარემოებების მსხვერპლი გახდა თუ კიდევ სხვა მიზეზი იყო, ეს რთული დასადგენია. იმხანად არც მისი მეუღლე და აღარც ილია იყვნენ ცოცხლები.

მართალია, ავქსენტი ცაგარელის ნაწარმოებებმა თავიდანვე მოიპოვა წარმატება, მწერალი საკმაოდ აქტიურად იყო ჩაბმული ლიტერატურულ პროცესებში, თუმცა, ფინანსურად მაინც ვერ იყვნენ მყარად. 40 წელს გადაცილებული ავქსენტი სასმელს მიეძალა. ხშირად სვამდა და თურმე, ალკოჰოლს ყოველგვარი მისატანებლის გარეშე იღებდა. სასმელმა ჯანმრთელობა შეურყია. მეგობრებმა სცადეს ამ მდგომარეობიდან გამოეყვანათ და "ცნობის ფურცელში" დაასაქმეს. მართლაც, ერთხანს თითქოს მავნე ჩვევა დაივიწყა, მაგრამ მერე, როგორც კი მარტო რჩებოდა და საშუალება მიეცემოდა, ჩუმად სვამდა.

ნატო გაბუნია 1910 წელს ქარელში, მორიგ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობდა. "ხანუმა" ითამაშა. გაყიდული ბილეთებით შემოსული თანხით გლეხებისთვის აბანოს აშენება იგეგმებოდა. სწორედ ამ დროს, თბილისში მისი მეუღლე გარდაიცვალა.

მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი წერდა: "1902 წელს, მარიამობისთვის 12-ს შემატყობინეს, რომ ნატო შინ არ არის, ასიკო (ასე მოიხსენიებდნენ ავქსენტის მეგობრები) ავად არის და მიჰხედეო, მაშინ ის ავჭალის ქუჩის დასაწყისში იდგა. მე ძალიან ახლოს ვიდექი. მაშინვე გავქანდი. ასიკოს დამართვოდა საშინელი ხურვება. ბოდავდა. ვიღაცას ელაპარაკებოდა. ეამა ჩემი ნახვა. მაშინვე მოვიწვიეთ ექიმი ექვთიმე ვაშაკიძე. უიმედობა მითხრა. ნატო პროვინციაში იყო წასული. დეპეშა დავკარით გორსა და სურამში, რომ ჩამოსულიყო. მე ასიკო გულზედ მივისვენე: ჭირის ოფლი ღვარად სდიოდა, ოხუნჯობას მაინც არ იშლიდა... ამოხვნეშით სთქვა: ოჰ, ხანუმავ, სადა ხარ (ასე უწოდებდა თავის მეუღლეს)?! მე ვანუგეშებდი. დილიდან მოკიდებული, ორ საათამდე აქეთ-იქით აწყდებოდა. შუადღის სამი საათი იქნებოდა, როცა ჩემს მკლავზედ განუტევა ასიკომ სული. საღამოს ნატოც მოვიდა..."

ქარელში ნატოს მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, სადაც გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა. ავადმყოფობის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. მსახიობი დრამატურგი მეუღლის გვერდით, კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ანა კალანდაძე