ვინ იყო მდიდარი ამერიკელი კაცი, რომელმაც ლილი გეგელიას თანხმობის გარეშე ცოლი არ შეირთო
font-large font-small
ვინ იყო მდიდარი ამერიკელი კაცი, რომელმაც ლილი გეგელიას თანხმობის გარეშე ცოლი არ შეირთო
თაყვანისმცემლებისგან განებივრებული ქართველი მომღერალი

ლილი გეგელია ქართული საესტრადო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. მას საკუთარი საკონცერტო რეპერტუარი ჰქონდა. გარდა ამისა, გაახმოვანა ფილმები: "წარსული ზაფხული", "ყვავილი თოვლზე", "ნინო", "პალიასტომი", "ჭიაკოკონა"... მისთვის სიმღერებს საგანგებოდ წერდნენ ქართველი და რუსი კომპოზიტორები. 1962 წელს ლილი გეგელიამ პირველმა გაიტანა რეზო ლაღიძის "თბილისო" საზღვარგარეთ, სიმღერა ინგლისში აჟღერდა. კონცერტს ცნობილი პიანისტი ლიბერაჩე დაესწრო და სიმღერით ისე აღფრთოვანდა, რომ მომღერალმა ნოტები სამახსოვროდ გადასცა. ქართველი მომღერლის სამი სიმღერა მსოფლიოში ცნობილმა კომპანია "ბიბისიმ" ჩაწერა. ლილი გეგელიას გასახსენებლად მის ქალიშვილს, მუსიკოს ქეთი მაჭავარიანს ვესტუმრე.


- ქალბატონი ლილი ალბათ, თავიდანვე არ ფიქრობდა, მომღერალი გამხდარიყო. ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი მუსიკალურ სასწავლებელში შევიდა. ვინ ასწავლა სიმღერა?
- ბავშვობიდან მღეროდა, მაგრამ თავისთვის. ლილის დედა - ოლღა ბაგრატიონი მღეროდა, გიტარაზე უკრავდა და ისინი ხმებს უწყობდნენ ერთმანეთს. დედისგან ბევრი ბაიათი ისწავლა, რომლებიც მერე ძალიან პოპულარული გახდა. ლილიმ თავად გადაწყვიტა მუსიკალურ ტექნიკუმში ესწავლა. უზომოდ ემადლიერებოდა ნადეჟდა ხარაძეს. ამბობდა, რომ მარტო სიმღერა კი არა, მისგან ბევრი სხვა რამეც ისწავლა.
GzaPress- ბებიაზე მიამბეთ...
- ოლღა ბაგრატიონი იმერეთის მეფის შთამომავალი იყო პირდაპირი ხაზით. ძალიან ლამაზმა ქალბატონმა რთული ცხოვრება გაიარა, მისი მეუღლე დააპატიმრეს და დახვრიტეს, მერე ბებიაც დაიჭირეს. ოთხი ბავშვი დარჩა: დედაჩემი, მისი უფროსი და, უფროსი ძმა და ყველაზე უმცროსი - 8 თვის და. ათარბეგოვის ქუჩაზე დიდ სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც ჩამოართვეს და მხოლოდ ერთი ოთახი დაუტოვეს პირველ სართულზე. ოთახს გასასვლელი კარიც კი არ ჰქონდა, ფანჯრიდან გადადიოდნენ. საბოლოოდ, ბინიდან საერთოდ გამოუშვეს. ბავშვები დაიქსაქსნენ, დედა ქუთაისში წაიყვანეს და რაღაც პერიოდი, თავის მეგობარ ნელი ქუთათელაძესთან ერთად იზრდებოდა ნელის დეიდასთან. შემდეგში ნელი ცნობილი მსახიობი გახდა. ლილის უფროსი და სამედიცინოზე სწავლობდა და როცა სამამულო ომი დაიწყო, ფრონტზე ექთანად წაიყვანეს, ასევე - ძმაც ომში ჩაება. იქიდან არ დაბრუნებულან, თუმცა გვქონდა ინფორმაცია, თითქოს ძმა გადარჩა, ტყვედ ჩავარდა და საზღვარგარეთ დარჩა. დედას რამდენჯერმე, საგასტროლო მოგზაურობის დროს, ჩუმად მიაწოდეს ცნობა იმის შესახებ, რომ მისი ძმა ცოცხალია, საკმაოდ მდიდარია და მონტე-კარლოში სასტუმროს ფლობს. კომუნისტური რეჟიმი ცოტა რომ მინელდა, დედამ დაწერა წერილი, ჩადო თავისი ფოტოსურათი და ვიღაცას გაატანა ძმისთვის გადასაცემად. სწერდა, რომ აღარ იდგა ისეთი საშიში დრო და სთხოვდა გამოჩენილიყო, თუმცა არავითარი პასუხი არ მიგვიღია.
- ქალბატონი ლილი დედისგან ნასწავლ სიმღერებს სცენაზე ასრულებდა?
- არა, მაგრამ საინტერესო შემთხვევა მოხდა. ერთხელ დედა ბათუმში იყო მეგობრებთან ერთად, ისინი ოთახში მღეროდნენ. გვერდით მსახიობები ცხოვრობდნენ. თურმე ფილმს იღებდნენ, რომელშიც მონაწილეობდნენ: ეროსი მანჯგალაძე, ჩიტოლია ჩხეიძე, შალვა ღამბაშიძე... ჩიტოლიამ გაიგონა დედას ხმა და დაინტერესდა, ვინ იყო? მიაკითხეს. ეროსის ისე მოეწონა სიმღერები, ლილის სთხოვა და ბაიათები მაგნიტოფონზე ჩაიწერა. ამ დროს დედა არის ახალგაზრდა, ისტორიულზე სწავლობს და მოყვარული მომღერალია. მაშინ ბაიათები და ქალაქური სიმღერები აკრძალული იყო. ეროსი რადიოში მუშაობდა და თურმე, ამ სიმღერებს ეთერში უშვებდა დილის 6 საათზე. რუსთაველზე მდებარე რადიოკომიტეტის შენობიდან მუსიკა მთელ ქუჩას ეფინებოდა და გამვლელებს ესმოდათ. ვიღაცამ ეს ამბავი მჟავანაძემდე მიიტანა. მას უთქვამს, - ჩანაწერი მომასმენინეთო. ისე მოსწონებია, სიმღერების გადაწერა უთხოვია. მჟავანაძის მეუღლესაც უყვარდა ლილის ნამღერი. მოკლედ, ბაიათები დედას შესრულებით ისეთი პოპულარული გახდა, რომ კობა იმედაშვილისგან ვიცი, ათარბეგოვის ქუჩაზე ერთი მეწაღე ცხოვრობდა, რომელიც საბეჭდი მანქანის ლენტზე ამრავლებდა ბაიათებს და ყიდდა. როცა დედამ სცენაზე სიმღერა ოფიციალურად დაიწყო, აღარ აკმაყოფილებდა ძველი სიმღერები და ცდილობდა მათ გაქრობას. რომ გაიგებდა, მისი სიმღერა ვიღაცას ჰქონდა, ეტყოდა, - მე არა მაქვს, მათხოვე, გადავიწერ და დაგიბრუნებო, მერე კი უფუჭებდა (იღიმის). სადაც ხელი მიუწვდებოდა, ასე იქცეოდა. ოთარ იოსელიანმა ლილის შესრულებით ორი ბაიათი ჩართო ფილმში "გიორგობისთვე", სადღაც უპოვია. დედა მიყვებოდა, რომ გაბრაზებულა, ოთარს მისთვის არაფერი უკითხავს, ამიტომ რეჟისორს უსაყვედურა. სხვათა შორის, წლების მერე, ბატონ ოთარს ამის შესახებ ვკითხე, მაგრამ მან პასუხს თავი აარიდა.
- მისი კარიერა რადიოში მოღვაწეობით დაიწყო და "რეროში" გაგრძელდა, არა?
- დედა რადიო-ტელევიზიის სოლისტი იყო. როცა ტელევიზია გაიხსნა, ის მიიწვიეს კაკო ძიძიგურმა და ანტონ კელენჯერიძემ. ლილი ასე იხსენებდა იმ დღეს, როცა გასინჯვაზე მივიდა: "ძალიან პატარა ოთახი "შნურებით" იყო ახუნძლული. უსაშველოდ ცხელოდა. მითხრეს, ჯერ რეპეტიცია გაიარეთ და მზად რომ იქნებით, გვითხარითო. მუსიკალურ ფრაზებს ვიმეორებ სხვადასხვა რეგისტრით, თან ვნერვიულობ და როცა ვთქვი, რომ მზად ვიყავი, მიპასუხეს, - ჩვენ ყველაფერი მოვისმინეთ, საკმარისია, მიღებული ხართ". საესტრადო ხელოვნება პირველ ნაბიჯებს დგამდა, ახლგაზრდები იყვნენ დამწყები კომპოზიტორები: სულხან ნასიძე, ნოდარ მამისაშვილი, ბიძინა კვერნაძე, გოგი ცაბაძე, შოთა მილორავა... ბევრი კომპოზიტორი დედას არაჩვეულებრივ სიმღერას უწერდა. მას როგორც რადიო-ტელევიზიის სოლისტს, რეპერტუარი უნდა ჰქონოდა. ლილი იყო მრავალი სიმღერის პირველი შემსრულებელი. ის პარალელურად "რეროში" მიიწვიეს და ფილარმონიის სოლისტიც გახდა.
- რომელიმე კომპოზიტორთან მუშაობის პერიოდი გახსოვთ?
- პატარა ვიყავი, როცა ჩვენთან ერთი ახალგაზრდა, კარგი გარეგნობის კომპოზიტორი (სახელს არ ვიტყვი) მოვიდა. ის კაცი ძალიან მომეწონა. მერე საკმაოდ ცნობილი ადამიანი გახდა. დედას უთხრა: ქალბატონო ლილი, სიმღერა მაქვს თქვენთვის, მინდა შეასრულოთ და დაგიკრავთო. - კი ბატონო, მობრძანდითო, - უთხრა, მაგრამ რატომღაც, მკაცრად შეხვდა, საერთოდ ასე არ იქცეოდა. კაცი დაჯდა, დაუკრა და თავად იმღერა. დედამ ნოტები სთხოვა. იმან, - არ ვიცი ნოტების ჩაწერაო. ჰოდა, როცა ისწავლით, მაშინ მობრძანდითო და გაუშვა. ის სიმღერა სხვამ შეასრულა, დედას ძალიან მოსწონდა... ბევრჯერ მიკითხავს მისთვის, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი? ლილიმ არ იცოდა მიზეზი, - რა მოხდა, ვერ ვხსნიო.
მახსოვს სანდრო მირიანაშვილი, ძალიან პატარა ვიყავი და ეს ადამიანი მკაცრი მეჩვენებოდა. როიალთან იჯდა და თავად ასწავლიდა დედას სიმღერას. მინახავს მედეა გონგლიაშვილთან ერთად რეპეტიციის დროს, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბუთხუზ ბასილაიასა და მის მეუღლესთან, რომლებიც თავის შექმნილ საესტრადო ბრიგადაში ჩართო. ამ ჯგუფში იყვნენ მეთოჯინე ცოლ-ქმარი ზალინაშვილებიც. პატარა ვიყავი და ამ თოჯინებზე ვგიჟდებოდი. ბრიგადა დედას ხელმძღვანელობით, ხშირად დადიოდა საგასტროლოდ.
- ლილი გეგელიამ ბევრი ფილმი გაახმოვანა. მსახიობებიდან ვისთან მეგობრობდა?
- ბევრი მსახიობი მეგობარი ჰყავდა. ამ მხრივ განებივრებული ვიყავი, ვიცნობდი ყველა საესტრადო მომღერალს და უამრავ მსახიობს. მახსოვს, ლია ელიავამ კალთაში ჩამისვა და ამას მეგობრებს ვუყვებოდი. ლეილა აბაშიძესთან დედას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ერთად დავდიოდით ბაკურიანში დასასვენებლად, მისი ბიჭის თანატოლი ვიყავი. ორივე ქალბატონი ძალიან მომწონდა, მაგრამ მედეა ჩახავაზე ვგიჟდებოდი, ისეთი ლამაზი იყო ცხოვრებაში, სცენაზე და კინოში კი მისი ეს განსაცვიფრებელი სილამაზე არ ჩანდა. ფილმის "ყვავილი თოვლზე" კომპოზიტორმა, რეზო ლაღიძემ ლილი თვითონ მიიწვია სიმღერების შემსრულებლად, თან, ერთი ხერხი ასწავლა: ფილმის დირექტორი ხელშეკრულების გაფორმების წინ რომ გკითხავს, როგორი ანაზღაურება გინდა, წუთობრივი თუ მთლიანი? უთხარი, რომ მთლიანი გინდაო. ეს ნიშნავდა გარკვეული თანხის დასახელებას, მაშინ, როცა წუთობრივად ცოტა გამოდიოდა. სხვათა შორის, ჩემი მამამთილი ანდრია ბალანჩივაძე ამბობდა: თუ ნაწარმოების ერთი ტაქტი 20 კაპიკი ღირს, მაშინ შოპენის ერთი ძალიან პატარა პრელუდი, ალბათ, მანეთი და 60 კაპიკი ეღირებოდა, თუ ასე ტაქტებით დავითვლითო და იცინოდა. ფილმის დირექტორმა უთხრა ლაღიძეს, მომღერალმა დიდი თანხა მთხოვაო (მგონი, 500 მანეთი იყო) და არ აპირებდა გადახდას, მაგრამ ბატონმა რეზომ მომღერლის მხარე დაიჭირა, - მარტო ქალბატონი ლილი თუ იმღერებს, თუ არადა, სხვა კომპოზიტორი აიყვანეთო. ამ ფილმის ჰონორარით დედამ პიანინო შეიძინა. იმ პერიოდში ერთი კონცერტიდან 16 მანეთს იღებდნენ ხელფასს, ხოლო სოლო კონცერტიდან 50-ს. მეორე ფილმზე მუშაობის დაწყების წინ ბატონმა რეზომ დედას ჰკითხა, - აბა, მითხარი, ოჯახში რა გაკლიაო და დაუმატებია, ახლა ერთი სიმღერაა ჩასაწერი და დიდ რამეს ვერ იყიდიო.
GzaPress
- სკოლაში კრებებზე დედა დადიოდა?
- დედა განსაკუთრებით პოპულარული იყო სკოლაში ჩემი სწავლის პერიოდში. ყველა მასწავლებელი, განსაკუთრებით მამაკაცი პედაგოგები, მას ხშირად იბარებდნენ, იყო ეს საჭირო თუ არა. რამდენადაც დედა ძირითადად გასტროლებზე იყო, სკოლაში მამა მიმყავდა, რაც არ მოსწონდათ. გაწვალებული ვიყავი შეკითხვებით: შენ არ მღერი? ხმა არა გაქვსო? ძირითადად, არას ვამბობდი, მაგრამ როცა მომბეზრდებოდა, ვამბობდი, რომ ვმღერი. ამ დროს ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ, - რა სავალდებულოა, დედა მღერის და შვილიც მღეროდესო?..
ერთი პერიოდი სკოლაში, გაკვეთილების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, გამამხნევებელი ვარჯიშები ტარდებოდა. მოსწავლეები ეზოში ვიდექით, ამ დროს რადიოდან ისმოდა დედაჩემის სიმღერა, რომლის მუსიკაზეც ვვარჯიშობდით. სადაც წავიდოდით, იქნებოდა ეს მაღაზია, ბაზარი, ტაქსი - ფულს არ ართმევდნენ, დედას ყოველთვის ძალიან ერიდებოდა. ინსპექტორები იმიტომ აჩერებდნენ, რომ მისთვის კომპლიმენტები ეთქვათ. გოფილექტის ბაღის ღია საკონცერტო დარბაზში იმართებოდა კონცერტები, სადაც მიყვარდა წასვლა, მაგრამ დედას ისეთი ოვაციებით ხვდებოდნენ, თავს უხერხულად ვგრძნობდი. საბჭოთა კავშირში მოგზაურობის დროს სისტემატურად მიგზავნიდა ამანათებს და წერდა, - "გახსნას მხოლოდ ქეთუთიმ (ასე მეძახდა)". მამამ ერთხელ შეურაცხყოფილმა თქვა, მე რომ გავხსნა, რა მოხდებაო? დედას უნდოდა სიურპრიზი ყოფილიყო ჩემთვის, მაგალითად, აღდგომისთვის გამოგზავნილ ყუთში, კანფეტებსა და კვერცხებზე კრუხი იჯდა. ინგლისიდან ჩამომიტანა პატარა ჩემოდანი, ტაბლეტების ფორმის "ჟუვაჩკებით" სავსე. რა თქმა უნდა, მთელ კლასს დავურიგე. მისი ჩამოტანილი ტანსაცმელი ყველას ეცვა ჩემ გარდა - ეზოში ბავშვები ერთმანეთს ვუცვლიდით ხოლმე ჩასაცმელს. მე მათი რამეები მეცვა, იმათ - ჩემი. ასე ვხალისობდით.
ერთხელ ყირიმში მეც ვიყავი გასტროლზე, სიმფეროპოლიდან გემით დავბრუნდით სოხუმში. 4 დღე საშინელ შტორმში მოვხვდით, იმდენად არ შეგვშინებია, მაგრამ ვერ ვჭამდით და წყალსაც ვერ ვსვამდით. როგორც კი გადმოვედით გემიდან, სოხუმის პორტში პატარა რესტორანში შევედით. უცებ რესტორანთან შავი "ჩაიკა" გაჩერდა, შავებში ჩაცმული ახალგაზრდები დარბაზში შემოვიდნენ, მოვიდნენ იმ მაგიდასთან, სადაც მე და დედა ვისხედით და ჩვენთან ერთად წამობრძანდითო, გვეუბნებიან. ძალიან შეგვეშინდა. არც გვითხრეს, სად უნდა წაგვიყვანონ. დედამ უთხრა, შეკვეთას ველოდებით, ბავშვი მშიერიაო... არა, ახლავე წამოდითო. ჩავსხედით "ჩაიკაში", წინ მანქანა მიგვიძღვის, უკან ვოლგა მოგვყვება და მახსოვს, პიპინით მივედით რესტორანში, სადაც თურმე, სოხუმის რაიკომის მდივანს დიდებული სუფრა გაუშლია და დედას ზარ-ზეიმით შეხვდნენ.
GzaPress
- თაყვანისმცემლები აწუხებდნენ?
- უამრავი წერილი მოსდიოდა, ვიღაც სიმღერის გაგზავნას სთხოვდა, ზოგი სამსახურში მოწყობას, შვილის უმაღლესში ჩარიცხვას და ა.შ.
გერმანიაში გასტროლზე ყოფნისას, კონცერტის მერე დედასთან დაახლოებით 65 წლის კაცი, მდიდარი ამერიკელი ჯერალდ პიტერსონი შევიდა, მაშინ ლილი 42 წლისა იქნებოდა. ამერიკელმა ავტოგრაფი სთხოვა, კომპლიმენტებით აავსო და ბოლოს უთხრა: მეუღლე არ მყავს და დიდი პატივი იქნება ჩემთვის, თუ გამომყვებითო. დედა მამასთან უკვე გაშორებული იყო, მაგრამ ამ შემოთავაზებას მაინც ვერ მიიღებდა. ეს ხდება გდრ-ში, საბჭოთა დროა, თან რეპრესირებული მშობლები ჰყავდა. დედამ თქვა, ლამის გული გამისკდაო, ძალიან შეიცხადა და უთქვამს: რაზეა ლაპარაკი, ქმარი და შვილი მყავსო. დედამ ეს რომ მიამბო, გული დამწყდა, ამერიკა ხომ მაშინ საოცნებო ქვეყანა იყო. წაჰყოლოდი-მეთქი რომ ვუთხარი, გამინაწყენდა. გავიდა დრო და ფილარმონიაში წერილი დახვდა ჯერალდ პიტერსონისგან. თურმე თბილისში ჩამოსულა და ლილი რომ უკითხავს, უთხრეს, თბილისში არ იმყოფებაო. იმან რაღაც იეჭვა, ვიღაცას სთხოვა, დააწერინა წერილი და კონვერტსაც ქართულად ეწერა - ფილარმონია. წერილში ეწერა, რომ ჩამოვიდა საქართველოში და ჩამოიყვანა საცოლე, რომელიც უნდა ლილის გააცნოს. ბოლოს იყო ასეთი ტექსტი, რა თქმა უნდა, ხუმრობით, "თქვენ თუ არ მოგეწონებათ, ცოლად არ შევირთავ". ლილიმ ეს ყველაფერი უთხრა დირექტორს. დართეს ნება, მათი შეხვედრა ფუნიკულიორზე გაიმართა, თვითონ შეუკვეთეს მაგიდა, გააყოლეს თარჯიმანი და გააფრთხილეს, რომ არ ესაუბრა პრობლემებზე, ოჯახზე, ხელფასზე, მხოლოდ ზოგადი თემების შესახებ შეეძლო კითხვა-პასუხის დასმა და გაცემა. დედამ გაიცნო ფრანგი ქალბატონი ანეტი, მოეწონა და უთხრა, თანახმა ვარ, ცოლად მოიყვანოთო (იცინის). ის ამერიკელი დედას ხშირად უგზავნიდა მისალოც წერილებს, ფირფიტებს და კიდევ, წიგნებს, რომლებსაც ეწერა, რომ დაბეჭდილია სპეციალურად ლილი გეგელიასთვის.
- დედის გარდაცვალების მერე, მისი ხსოვნის საღამო გაიმართა?
- არ გამართულა და გული ძალიან მწყდება, ბოლო დროს მისი კოლეგებიც აღარ ახსენებენ. ლილის სიცოცხლეში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დედას მადლობა არ გადაეხადა მის მიმართ ნათქვამი თბილი სიტყვებისთვის, ანდა თუ ვინმე ოდესმე დახმარებია, ეს არ აღენიშნა. ყველა კოლეგას ეფერებოდა, უყვარდა ახალგაზრდა შემსრულებლები, მათ არასოდეს აკრიტიკებდა, პირიქით - სტიმულს აძლევდა. უხაროდა, როცა ვინმე მის სიმღერას ასრულებდა, თუმცა ხანდახან გული სწყდებოდა, როცა საერთოდ არ ახსენებდნენ ვინ იყო პირველი შემსრულებელი. დედას რეპერტუარიდან მიყვარს "გაზაფხულის ბრალია", "ია-ია", "ლურჯი იები"... მერე მერაბ სეფაშვილი მღეროდა და დედასთან ერთად პატარა მონაკვეთიც ჩაწერეს. ბევრი მეკითხება, რატომ არ იმართება ლილისადმი მიძღვნილი საღამო? ჩემგან უხერხულია ამის მოთხოვნა, მაგრამ მსიამოვნებს, რომ დედა ახსოვთ და ენატრებათ.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აალაპარაკა დამწყებმა ჟურნალისტმა სიტყვაძუნწი მხატვარი
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
"მე ხშირად მავიწყდება მისი სიკვდილი და ნადირას - არასდროს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი