"ვარსკვლავთცვენა" ერთ ფოტოზე - გზაპრესი

"ვარსკვლავთცვენა" ერთ ფოტოზე

ამ ფოტოებზე ცნობილი ქართველი მსახიობების, რეჟისორების, მუსიკოსების ძვირფასი სახეებია შემორჩენილი... დღეს ბატონი ვაჟა ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე გვიამბობს:

ამაგდარი თაობა

- 1973 წელია, შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე დაასრულა ფილმის გადაღება და ერთად მოიყარა თავი. ამ ფოტოზე სწორედ ეს წუთებია აღბეჭდილი - აქ ჩანს თითქმის ყველა - რეჟისორები, მსახიობები, ტექნიკური პერსონალი... ეს ფილმი გახლავთ "მზე შემოდგომისა", რომელიც ძალიან პოპულარული გახდა არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კადრში ჩანან: ფილმის დამდგმელი რეჟისორი - თემურ ფალავანდიშვილი, სცენარის ავტორი - რეზო თაბუკაშვილი, ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი, ცნობილი ქართველი მსახიობები და თქვენი მონა-მორჩილი - ვაჟა აზარაშვილი, რომელმაც ფილმისთვის მუსიკა შექმნა. აქვე არიან გოგი გელოვანი, ლადო გუდიაშვილი, სესილია თაყაიშვილი, ელენე ახვლედიანი და ფილმის მთავარი გმირები - მედეა ჯაფარიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი. როდესაც მათ სახეებს ვხედავ, ყოველთვის ვფიქრობ, როგორ შეიკრიბა ერთად ამდენი ნიჭიერი ადამიანი, რომლებსაც ბუნებამ ყველაფერი ერთად დააბერტყა - სილამაზეც, ჭკუაც, იუმორიც და თავისი საქმის დიდი სიყვარულიც-მეთქი?!. ალბათ ვერავინ შემომედავება, თუ ვიტყვი, რომ ეს იყო ამაგდარი თაობა, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა თავისი საქმისა და ქართული ხელოვნებისთვის.

განუმეორებელი მედეა და ოთარი - მიუხედავად იმისა, რომ ფილმში უამრავი ბრწყინვალე მსახიობი მონაწილეობდა, ყურადღების ცენტრში მაინც მედეა ჯაფარიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი იყვნენ. მედეამ და ოთარმა მათთვის ჩვეული ოსტატობით შეასრულეს როლები და დაუვიწყარი პერსონაჟები შექმნეს: მხატვარი, რომელიც ცხოვრების ორომტრიალმა გატეხა და ხატვისთვის ვეღარ იცლის; მისი მეუღლე, რომელიც ყველანაირად ცდილობს ნიჭიერი ხელოვანი თავის ნამდვილ საქმეს დაუბრუნოს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ფილმის სიუჟეტი მკითხველმა ძალიან კარგად იცის.

GzaPress ძველი თბილისის კოლორიტი - გადაღებები თბილისის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა. ძველი თბილისის სცენები კი, ელენე ახვლედიანის სახლშია გადაღებული, სადაც ახლა მხატვრის სახლ-მუზეუმია. გახსოვთ ალბათ: მედეა ახალ ბინას რომ გადაცვლის ძველი თბილისის ბინაზე, მივლინებიდან ჩამოსულ ქმარს კი სახლში უცხო ხალხი დახვდება. ამ ფილმში არაჩვეულებრივად არის გადმოცემული ძველი თბილისის სული, კოლორიტი, ყოფა. ზუსტად ის ხდება, რაც ძველ თბილისში ხდებოდა და მე კარგად მახსოვს: მეზობელს სტუმარი რომ მოუვიდოდა, თუ სახლში ღვინო არ ჰქონდა, ერთი მეზობელი ღვინოს შეუტანდა, მეორე - თევზს, მესამე - უბრალოდ, შევიდოდა და დალოცავდა... ასეთი სითბო ტრიალებდა ე.წ. იტალიურ ეზოებში და მერე ეს სითბო მთელ თბილისში ვრცელდებოდა. ამ ეზოებში სულ სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა და ეს ქმნიდა ძველი თბილისის განუმეორებელ კოლორიტს.

მედეა და რეზო - მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ნახვა ერთ რამედ ღირდა: საოცრად ლამაზი წყვილი იყო, რომელიც ძალიან უხდებოდა და ავსებდა ერთმანეთს. გადაღებების დროს ხშირად ვიკრიბებოდით მათ სახლში, ფიქრის გორაზე და ვმსჯელობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, რომელ ეპიზოდს როგორი მუსიკა მოუხდებოდა... ძალიან სტუმართმოყვარე და პურმარილიანი ოჯახი ჰქონდათ. მაშინ ქართული ოჯახი სტუმრებისა და სუფრის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ჩვენი მისვლისთანავე მათთანაც სუფრა იშლებოდა. სხვათა შორის, მედეა ჯაფარიძე ძალიან ყურადღებიანი მასპინძელი იყო. სწორედ ამ შეხვედრების დროს დაიწერა ჩემი "ტანგო", რომლის ფონზეც არაჩვეულებრივად ცეკვავენ ფილმის მთავარი გმირები - ეკა და ვახტანგი. მერე ეს "ტანგო" ძალიან პოპულარული გახდა, სპეციალურად ამ მუსიკისთვის მორის ფოცხიშვილმა ტექსტიც დაწერა და ძალიან ლამაზი სიმღერა შეიქმნა.

GzaPress რა შეიძლება ვუწოდოთ ამას? - როგორ იღებდნენ "მზე შემოდგომისას"? - ძალიან მეგობრულ და თბილ გარემოში, რაც საბოლოოდ ფილმზეც აისახა. კარგი კოლექტივი შეიკრიბა და რაც მთავარია, ამ ფილმმა ქართული კინოს და ხელოვნების ვარსკვლავები აღბეჭდა ფირზე. მარტო ლადო გუდიაშვილის ცეკვა ან სესილია თაყაიშვილის პატარა რეპლიკა რად ღირს! სესილიას შეეძლო ეპიზოდური როლი ისე შეესრულებინა, რომ ის ყველასათვის დაუვიწყარი ყოფილიყო. გურული ქალი გახლდათ, ძალიან ენერგიული, ენაკვიმატი... სხვათა შორის, ამ ფოტოზე ქართული კინოს მშვენება, ულამაზესი თამარ ციციშვილიც არის გადაღებული. აი, გივი ბერიკაშვილი კი არ ჩანს, ეტყობა გადაღებისას იქ არ იყო. ფილმში ბერიკაშვილმაც საინტერესო სახე შექმნა. მას ისე დავუახლოვდი, რომ მერე ჩემი შვილის ნათლია გახდა. აქვეა გოგი გელოვანი, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. მის მიერ შესრულებულ შედევრებს მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გატაცებით უსმენდა. ამ ერთმა ფოტომ ბევრი ცნობილი ადამიანის სახე შემოინახა. რა შეიძლება ვუწოდოთ ამას, თუ არა "ვარსკვლავთცვენა" - სხვა სიტყვას მე უბრალოდ, ვერ ვპოულობ...

ხათუნა ჩიგოგიძე