"ფეხმძიმობის დროს შაქრიანი ჩაიც კი მენატრებოდა" - გზაპრესი

"ფეხმძიმობის დროს შაქრიანი ჩაიც კი მენატრებოდა"

თეა ბეკოვა 15 წლის იყო, დედა რომ გახდა. დალხენილი ცხოვრება არც მანამდე ჰქონია, თუმცა, რაც შემდეგ გადახდა თავს, ჩემთვის იოლი მოსასმენი არ იყო. ბევრი რამის თქმა არ მინდა სახალხოდ, მაგრამ უთქმელობაც ვეღარ შევძელიო, - მითხრა... მისი ამბავი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რამხელა ძალა აქვს ქალს, დედას. უკვე წლებია, ბათუმში პატარა რესტორანს ამუშავებს, ზაფხულობით შვილებიც ეხმარებიან.

- თეა, ალბათ რთულია, მარტომ გაზარდო შვილები, მით უმეტეს, ბიჭები.

- უფროსი 21 წლისაა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე სწავლობს, უმცროსი 19-ისაა, ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტია. მე და ჩემი შვილები ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. არ არსებობს თემა, რომელზეც მათთან ვერ ვილაპარაკებ. ყოველთვის ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, ამან პიროვნული თვალსაზრისით ორივე გაზარდა და თან, მეგობრებადაც ჩამოგვაყალიბა. პრობლემებიც არის, ერთმანეთზეც გავნაწყენებულვართ, მაგალითად, 17 წლისამ მანქანის მართვის უფლება არ მივეცი, მაგრამ წყენა მალევე გვავიწყდება.

- ქართული გვარი არ გაქვთ. საიდან ხართ?

- მამა უზბეკი მყავს. სამხედრო პირი იყო, კომუნისტების დროს საქართველოში გაიცნო დედაჩემი. დედა დუშეთის რაიონიდან იყო, გვარად რევაზიშვილი. ერთმანეთი შეუყვარდათ და უზბეკეთში გაიპარნენ. დედამ 6 წელი იცხოვრა იქ, მერე კი საქართველოში დაბრუნდა. როგორც ამბობდა, ვერ შეეგუა იქაურობას, ტრადიციებს, კულტურას, კლიმატს. 3 დღე ვიყავი თურქეთში და ვერც მე შევძელი იქ მეტხანს დარჩენა. ამიტომ კარგად მესმის დედაჩემის. ქართველებს მაინც სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ამ საკითხთან, სითბო, სიყვარული, ურთიერთობა გვიყვარს.

- როგორც ჩანს, ქართული ხასიათი უფრო ჭარბობს შენში...

- ასეა, რადგან საქართველოში გავიზარდე. 6 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მე და ჩემი და უზბეკეთში წაგვიყვანა. გადაწყვიტა, მამა გაეცნო ჩვენთვის. პირველად მაშინ ვნახე მამა და მეორედ - 2013 წლის იანვარში, როდესაც მე თვითონ მოვძებნე... ახლაც ცოცხალია, ჰყავს ოჯახი, 2 ბიჭი და ერთი გოგო. ჩემთვის ისინი უცხოები არიან... თუმცა, პატარაობაში ხშირად ვფიქრობდი, - აი, მამა რომ მყავდეს, ის გამიგებდა-მეთქი. გვიან მივხვდი, რომ უნდა შეეგუო იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობ.

- თუმცა რეალობას არ შეეგუეთ და ის უკეთესობისკენ შეცვალეთ.

- კი, მაგრამ რისი შეცვლაც შეუძლებელია, იმისთვის აღარ უნდა იბრძოლო. არასდროს არის მართებული მუდმივად ვიღაცის დადანაშაულება. ერთი ადამიანის ბრალი არ არის, რომ რაღაც ვერ მოგცა. დედა სხვა დროში, სხვანაირად იყო აღზრდილი და ბევრი რამ ჩემგან განსხვავებულად ესმოდა. იქნებ ჩემი დაცვაც უნდოდა, როდესაც ნაადრევ ასაკში ჩემს გათხოვებას ცდილობდა.

- მითხარი, როგორ იზრდებოდი? ბებიასთან ყოფნის პერიოდი ყველაზე ტკბილად მახსენდებაო, - ამბობ.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მოგონებები სწორედ ბებიას, ანა აზმაიფარაშვილს უკავშირდება. კასპის რაიონში, სოფელ მეტეხში ვიზრდებოდი. ბებიას ყველაფერში ვეხმარებოდი, ფიჩხი და შეშაც კი ერთად მოგვქონდა. ზედმეტად თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველი იყო, ყველას ეხმარებოდა, როგორც შეეძლო. მთელი სამეზობლო პატივს სცემდა. - ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ გაიქეცი და ითამაშეო, - მეტყოდა ხოლმე. სულ მფარველობდა, მივლიდა, სკოლაში უჭმელს არ გამიშვებდა. იცოდა ხოლმე თქმა, - ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგებაო. როცა გარდაიცვალა, 21 წლის ვიყავი, უკვე შვილებიც მყავდა. ის ჩემთვის მისაბაძი ქალია.

- დედაზე რას იტყვი?

- დედა გარემოვაჭრე იყო, ოჯახში ერთადერთ შემომტანად ითვლებოდა. სულ უკმაყოფილო გახლდათ ჩემი საქციელით. რაც უნდა გამეკეთებინა, არ შემაქებდა, მკაცრად მექცეოდა. ალბათ მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არასდროს ვიყავი, დავკომპლექსდი, ყველაფერს განვიცდიდი. მე-3 კლასში თვითმკვლელობაც კი ვცადე, ვადაგასული წამლები დავლიე. პირიდან დუჟი გადმომდიოდა. ექიმებს ეგონათ, "საყმაწვილო" მჭირდა. წამლების დაცარიელებული უჯრა ვერავინ შეამჩნია და მეც ხმა არ ამომიღია... 12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო. უწინ გოგოები პატარა ასაკში თხოვდებოდნენ, მაგრამ ოჯახს უძღვებოდნენო, - სულ ამას მიმეორებდა. მე კი სწავლის გაგრძელებაზე ვოცნებობდი. ვფიქრობდი, როგორც კი ატესტატს ავიღებ, თავს ვუშველი, თბილისში გავიქცევი-მეთქი. ისე მოხდა, რომ 14 წლის 26 წლის ბიჭმა მომიტაცა. ოჯახში დამხვდნენ დედამთილ-მამამთილი, მაზლი, მული, მულის ქმარი და მათი შვილი. ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებსაც კი არ იცავდნენ... არადა, ბებია მასწავლიდა სისუფთავეს. ვიცოდი, რომ პატარა სუფთად უნდა მყოლოდა, დამებანა, საკვებზე მეზრუნა, თოჯინასავით მომევლო. ვეცადე, დამესუფთავებინა იქაურობა, მაგრამ ეს არავის მოეწონა. 15 წლის უკვე დედა გავხდი. ძალიან ბევრი გაჭირვება გადავიტანე, ფეხმძიმობის დროს შაქრიანი ჩაიც მენატრებოდა.

GzaPress

- ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, არ შეშინდით და მალევე, მეორე შვილიც გააჩინეთ. - მეორე შვილი 17 წლისას გამიჩნდა. არანაირად არ ვიყავი მზად, მაგრამ წუთითაც არ მიფიქრია, რომ არ გავაჩენდი... არადა, მართლა ძალიან გვიჭირდა. ფეხზე დედამთილის მოტანილი, ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ზამშის ქოშები მეცვა ზამთარში. მახსოვს, ფეხმძიმობისას მეზობელმა ერთი კომში მომაწოდა, იქნებ გესიამოვნოსო. მე ლიტრიან ქილაში ჩავჭერი, - მეორეც რომ მეყოლება, უფრო გამიჭირდება, ზამთარში ფქვილს მოვუკიდებ და ამას მაინც ვაჭმევ-მეთქი პატარებს... სამშობიაროდან გამოსულმა ბებიაჩემთან გადასვლა მოვითხოვე. წინააღმდეგობა გამიწიეს, მაგრამ მაინც გავიტანე ჩემი. მერე ჩემმა ქმარმა სხვა რაიონში დაიწყო მუშაობა, მეც და ბავშვებიც თან წაგვიყვანა. უმცროსი მაშინ 2 თვის იყო, უფროსი კი - წლისა და 10 თვის. საქონლის ფერმაში მწველავად დავიწყე მუშაობა. ყოველდღე ადრიანად ვდგებოდი, ნატურალური რძის პროდუქტები ჰქონდათ ჩემს შვილებს და კმაყოფილი ვიყავი, დაღლას აღარ ვჩიოდი. იქაური მიწაც მოსავლიანი იყო, დავამუშავე და აღებული მოსავალი ნახევარ ზამთარს გვეყო. 18-19 წლის გოგოსთვის ეს ყველაფერი იოლი არ ყოფილა, წყალს 2 კილომეტრიდან ვეზიდებოდი, შეშას - ტყიდან. მამამთილის გარდაცვალების შემდეგ ისევ სოფელში დავბრუნდით. ჩემმა ქმარმა ერთი წელი ვერსად იმუშავა, სამაგიეროდ, მე ვმუშაობდი დღიურ მუშად...

მერე როგორღაც კომპიუტერული პროგრამები შევისწავლე და აგურის ქარხანაში ექსკავატორის მემანქანედ 5 წელი ვიმუშავე. შემდეგ მარკეტში, მოლარე-ოპერატორი ვიყავი. ზოგჯერ გადაბმულად 48 საათიც მიმუშავია, მაგრამ ამას აღარ ვჩიოდი. მახსოვდა შიმშილის გამო ატირებული ჩემი შვილი. იყო დრო, წვნიანიც გვენატრებოდა...

- თქვენ გარშემო არავინ იყო, ვინც დაგეხმარებოდათ?

- მამის მხრიდან ნათესავებთან არ მაქვს ურთიერთობა, დედის მხრიდან ამბის საკითხავადაც არავინ მოსულა. ბებიასაც მარტომ მოვუარე, დამხმარე არ მყოლია.

- გამხდარიყავი სუროგატი დედა - ეს გადაწყვეტილება ალბათ ძნელად მიიღე...

- 2012 წელი იყო. ჩემს შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და სამკურნალოდ ფული ვერ ვიშოვე. სესხი გამოტანილი მქონდა და ბანკი მეტს აღარ მომცემდა. ამიტომაც, დედამთილს ვთხოვე, იქნებ პენსია გამოიტანო და ხელფასიდან (250 ლარს მიხდიდნენ) გადაგიხდი-მეთქი. - მე რომ ცუდად გავხდე და დამჭირდეს, მერე რა ვქნაო?.. ღამის ცვლაში ვმუშაობდი მოლარედ და სამსახურში რომ არ ჩამძინებოდა, ძველ ჟურნალ-გაზეთებს იაფად ვყიდულობდი ხოლმე. სწორედ იქ წავიკითხე რეკლამა და სუროგატობაზე სერიოზულად დავფიქრდი. კიდევ კარგი, ამ მხრივ მაინც გამიმართლა და ჯანმრთელი აღმოვჩნდი. ოჯახში ამის შესახებ რომ ვთქვი, ყველას გაუხარდა, განსაკუთრებით - დედამთილს. სულ მეკითხებოდა, - რამდენს მოგცემენ, ხომ არ მოგატყუებენო? მთელ სოფელს მოსდო ეს ამბავი და იქაურები ისე მიყურებდნენ, როგორც საკუთარი შვილის გამყიდველს... ორსულობის ბოლო თვეებში თბილისში წამოვედი, გამოვერიდე ამ სიძულვილს. 4 თვით დავტოვე ჩემი შვილები მამასა და ბებიასთან. საჭმლის, წამლების, გადასახადების, ტანსაცმლის, შეშის ფულს ყოველთვიურად ვუგზავნიდი. ჩემს მდგომარეობაში მყოფ ერთ გოგოსთან ერთად, გლდანულაში ვცხოვრობდი, 65-65 ლარს ვიხდიდით ქირას. 3-4 დღე ისე გასულა, ფუნთუშის საყიდლადაც არ დამიტოვებია ფული. ცალკე იმაზე ვნერვიულობდი, რომ ბავშვი სხვას უნდა წაეყვანა. ის გოგო მეუბნებოდა, - სხვის შვილს ნუ ეფერები მუცელში, შეგიყვარდება და გაგიჭირდებაო. როცა უკვე მშობლებს მიჰყავდათ, მითხრეს, თუ გინდა, ხელში აიყვანეო, მაგრამ უარი ვთქვი. ხელში რომ ამეყვანა, შეიძლებოდა ბავშვიანად, უკანმოუხედავად გამოვქცეულიყავი...

- აღებული ფულით რა გააკეთე?

- შვილს ვუმკურნალე, მაგრამ იმ სოფელში და იმ სახლში ვეღარ დავრჩი. თბილისში ბინა ვიქირავე და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადმოვედი. მიმტანის კურსები გავიარე, სერტიფიკატიც ავიღე, მაგრამ სამსახური კარგა ხანს ვერ ვიშოვე. ბოლოს ნაცნობმა შემომთავაზა, ბათუმში სეზონური სამუშაო. ღამით ვმუშაობდი, დღისით კი ინგლისურის, მართვის მოწმობისა და ბუღალტერიის კურსებს გავდიოდი. ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების ოპერატორად დავიწყე მუშაობა და მალე ფილიალის მენეჯერიც გავხდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ კვლავ უმუშევრად დავრჩი. დანაზოგი თანხით გავრისკე და რესტორნისთვის ფართობი ვიქირავე, მენიუ შევადგინე და შარშან, 18 ივნისს პირველი სტუმარიც მივიღე. აქცენტს წვნიანებზე ვაკეთებ, ასევე, ვამზადებთ ტრადიციულ კერძებსაც. ამბობენ, რომ გემრიელია ჩვენი ნახელავი. შეფმზარეული თვითონ ვარ. ყოველთვის მიყვარდა შვილებისთვის ახალი კერძის მომზადება და გაფორმება.

- თეა, ბიჭები რას ამბობენ ამ ყველაფერზე?

- ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ ამ თემაზე. რაც იყო, დასრულდა... უბრალოდ, რაც იყო, იმ ყველაფერმა მასწავლა, რომ მონდომება, ნებისყოფა და მოთმინება ბევრ რამეს შეგაძლებინებს!

ნინო ჯავახიშვილი