"არ შეგეშინდეს, არ გაბრაზდე, გქონდეს ნებისყოფა!" - გზაპრესი

"არ შეგეშინდეს, არ გაბრაზდე, გქონდეს ნებისყოფა!"

მას თანამედროვეები ასე მიმართავდნენ - ვასილ პავლოვიჩი. ლენინგრადის ბლოკადაგამოვლილმა კომისარმა მეორე მსოფლიო ომი გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაასრულა. ის საქართველოში თითქმის 30 წლის შემდეგ დაბრუნდა და ურთულეს დროს ჩაიბარა მეტად საპასუხისმგებლო პოსტი. ვასილ მჟავანაძე 1953-1972 წლებში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. მის სახელს უკავშირდება რესპუბლიკის მთლიანი ელექტროფიკაცია, გაზიფიკაცია; იმ პერიოდში აშენდა: ენგურჰესი, ხრამჰესი, მეტროპოლიტენი, სპორტის სასახლე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, ჭადრაკის სასახლე, კუს ტბის კომპლექსი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და სხვა უამრავი ობიექტი თუ საცხოვრებელი მასივი. ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ თბილისში უნდა იყოს ვასილ მჟავანაძის სახელობის ქუჩა, თუმცა ეს საკითხი ჯერ ისევ მოუგვარებელია. ვასილ მჟავანაძის ცხოვრების ეპიზოდებს მისი უმცროსი ქალიშვილი - ნინო იხსენებს.

- მამა სულ დაკავებული იყო. გარდა ამისა, ნადირობა უყვარდა და 15 წლისა იყო ჩემი ძმა, როცა სანადიროდ უკვე ერთად დადიოდნენ. ამიტომ ისინი უფრო ხშირად იყვნენ ერთად, ჩვენ - გოგონები მეტ დროს დედასთან ვატარებდით (ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდა ვასილ მჟავანაძეს - ავტ.). მაგრამ როცა რაიმე იხსნებოდა, იქნებოდა ეს ახალი ფაბრიკა, ქარხანა თუ ნებისმიერი ობიექტი, აუცილებლად მთელი ოჯახი იქ ვიყავით. მახსოვს ენგურჰესის მშენებლობა. როცა მანქანით სოხუმში ან გაგრაში მივდიოდით, გზად ყოველთვის შევივლიდით ხოლმე. სადაც უნდა ვყოფილიყავით, თუ იმ რეგიონში რაიმე მშენებლობა მიდიოდა, მამა აუცილებლად მოინახულებდა... ერთხელ მეფრინველეობის ფაბრიკის გახსნაზე ვიყავით და შენობაში რომ შევედით, პირზე ხელი ავიფარე, სუნმა შემაწუხა. მამა გამიბრაზდა და მკაცრად მომთხოვა, რომ ხელი ჩამომეწია. მითხრა, აქ ხალხი მუშაობსო.

- მამა განებივრებდათ? დაბადების დღეებზე ალბათ, ყველა სურვილს გისრულებდათ.

- ისეთი არაფერი სურვილები მქონია... ცუდ დღეში ვიყავი იმ მხრივ, რომ 17 ივლისს დავიბადე და ბავშვები ჩემთან ვერ მოვიდოდნენ. ჩემი ძმისა და დების შემთხვევაში, დაბადების დღეები არდადეგებს არ ემთხვეოდა. რა თქმა უნდა, ასეთ დღეებში მოდიოდნენ მათი მეგობრები და მამა ყოველთვის გაესაუბრებოდა ხოლმე ბავშვებს. ყველაზე ახლო ურთიერთობა მე მქონდა მამასთან, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთს ქართულად ველაპარაკებოდით. ჩემი ძმა და დები ქართულს სწავლობდნენ, მე კი თავიდანვე ქართულად ვსაუბრობდი. მამამ ქართულ სკოლაში შემიყვანა. რადგან თბილისში დავიბადე, უნდოდა მშობლიური ენა კარგად მცოდნოდა. კითხვა რომ ვისწავლე, ქართული კლასიკის წაკითხვას მავალებდა და ხშირად მეკითხებოდა, - აბა, დღეს რა წაიკითხეო?

- სკოლაში შეღავათებით სარგებლობდით?

- აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ იყო ჩემსა და კლასელებს შორის. სულაც არ მომწონდა სკოლაში მანქანით წასვლა და ფეხით დავდიოდი ისევე, როგორც სხვები. მეც ისე მიბრაზდებოდნენ, როგორც იმათ. აბა, ერთი ცუდად მოვქცეულიყავი, კარგადაც მომხვდებოდა (იცინის). დედა ყველა მშობლის მსგავსად, ჩვეულებრივად დადიოდა კრებებზე. მამაჩემის გაბრაზებაც მახსოვს. ყველაზე საშინელი გაბრაზება იყო მისი მზერა იმ მომენტში, როცა იტყოდა: "ნინა, მოდი აქ!" ფეხები უკან მრჩებოდა. მამა ძალიან თავმდაბალი კაცი იყო და ჩვენც არასოდეს გვიტრაბახია მისი თანამდებობით. მიყვარდა და პატივს ვცემდი როგორც ადამიანს, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული ქვეყანასა და ხალხზე. ამ სიყვარულმა შეაძლებინა ბევრი რამ.

GzaPress

- ქალბატონო ნინო, თქვენ ორ ქართულ ფილმში მონაწილეობთ, ეს როგორ მოხდა? - კინომდე ცხენის სიყვარულმა მიმიყვანა. იპოდრომზე დავდიოდი (მე და ჩემი უფროსი და ამ სპორტს მივდევდით), სადაც მნახა რეჟისორის ასისტენტმა. ჯერ გადამიღეს ფილმში "ტარიელ გოლუა", ჩემს გმირს თათია ჰქვია. ამას მოჰყვა "დიდოსტატის მარჯვენა", სადაც ლალი ბადურაშვილის დუბლიორობა შემომთავაზეს. არ იცოდნენ, ვისი შვილი ვიყავი და როცა გაიგეს, როლის მოცემა უნდოდათ, მაგრამ უარი ვთქვი: არაფერი მინდა, მხოლოდ ცხენზე დამსვით-მეთქი. კინოსტუდიას ძალიან კარგი ცხენები ჰყავდა. გადაღების პროცესი მომეწონა, მაგრამ ეს არ იყო ჩემი საქმე. დედა ექიმი გახლდათ. მისი გავლენით მეც ექიმობა ვარჩიე და დერმატოლოგი გავხდი. ცხენების სიყვარული ჰობია და დღემდე მომყვება, მაგრამ უკვე შიში მაქვს, ცხენიდან რამდენჯერმე ჩამოვვარდი და ეს საშიშროება ყოველთვის არსებობს.

- ვასილ მჟავანაძის ჩანაწერები მისი გარდაცვალების მერე აღმოაჩინეთ?

- ვიცოდით, რომ წერდა და ფურცლებს წიგნებში ათავსებდა. მერე ყველაფერი ერთად შევაგროვე და რვეული დავარქვი. მამამ წერისთვის უფრო მაშინ მოიცალა, როცა პენსიაზე გავიდა. წერასთან ერთად, ტყეში სიარული და ბუნება უყვარდა. ბოლოს წიგნს პეტრე პირველზე კითხულობდა. წიგნები მისი საკუთრება იყო და ძალიან უყვარდა საინტერესო ადგილების ფანქრით ხაზგასმა. ფურცლებზე წიგნებიდან ამოკრებილ ფრაზებს იწერდა, აფორიზმებიც უყვარდა. პენსიაზე მყოფი მამა მოსკოვში წავიდა და სამთავრობო აგარაკზე, სოფელ ჟუკოვკაში ცხოვრობდა. მასთან მგონი 1979 წელს, მოსკოვიდან ჟურნალისტი ჩავიდა, რომელმაც ჰკითხა, მემუარები ხომ არ ჰქონდა დაწერილი. მამამ უთხრა, რომ არ ჰქონდა და ვერც შეძლებდა რამის დაწერას. ჟურნალისტმა შესთავაზა, როგორც პარტიულ მოღვაწე ვიაჩესლავ მოლოტოვზე გაკეთდა წიგნი და დაერქვა "საუბარი ჟურნალისტთან", მსგავსი ფორმა აერჩიათ. მართლაც, ჟურნალისტი კვირაში რამდენჯერმე იწერდა ინტერვიუებს, სადაც ბავშვობის მოგონებებიდან დაწყებული, მამა ყველაფერზე საუბრობდა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 6-7 თვე. მამა იხსენებდა, მერე ის ჟურნალისტი აღარ გამოჩნდაო და თურმე გარდაცვლილა. ძალიან გვეწყინა, ასე დაიკარგა ამდენი ჩანაწერი.

- თქვენ რამ გიბიძგათ, რომ წლების წინ მამაზე წიგნი გამოგეცათ?

- მამას გარდაცვალების მერე სულ ვფიქრობდი წიგნზე, მაგრამ ქართულად ვერ დავწერდი, მხოლოდ მეოთხე კლასამდე ვისწავლე ქართულ სკოლაში. მოხდა ასეთი რამ: ერთხელ ჩემთან ახალგაზრდა ჟურნალისტი მარიკა კახაძე მოვიდა. მასთან ვთქვი, რომ ჩემი ოცნებაა, მამის ხსოვნას წიგნი მივუძღვნა, სამი წლის მერე 100 წელი სრულდება მისი დაბადებიდან და სულ ამაზე ვფიქრობ-მეთქი. მითხრა, მე დავწერო. გაკვირვებულმა შევხედე: თქვენ? როგორ-მეთქი? - მოდი, დავიწყოთო, - ასე პირდაპირ მიპასუხა. დავფიქრდი და გაგახარებს ღმერთი, დავიწყოთ-მეთქი. ასე მოულოდნელად გამომიგზავნა ეს გოგო უფალმა. მე რუსულად ვწერდი, ის თარგმნიდა და ერთობლივად შევქმენით წიგნი "ასეთი იყო ჩემი საქართველო". კიდევ ის იყო საინტერესო, რომ იმ პიროვნებებიდან, ვინც მამაზე საუბრობენ, წიგნი დამთავრდა თუ არა, ათი ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო, ე.ი. მოვასწარით მათი ჩაწერა.

- ვასილ მჟავანაძეს თქვენთვის უცნობი ადამიანებიც იხსენებდნენ?

- რასაკვირველია, ისინი სიხარულით მოდიოდნენ და ისეთ ფაქტებზე საუბრობდნენ, რასაც მამა არასოდეს მოჰყვებოდა. მაგალითად, ბიჭის ნაამბობი, რომელსაც დედა ყოველ დილით ახსენებდა, - ადექი, მჟავანაძემ (მამა ფეხით დადიოდა) გამოიარა და სკოლაში არ დაგაგვიანდესო. ერთხელაც, მამამ გაიარა ბიჭის სახლთან და ქალის ხმა რომ ვერ გაიგონა, მივიდა ფანჯარასთან, რომელიც პირველ სართულზე იყო, შეყო თავი და დაიძახა: ადექიიი (იცინის)! ანდა, ასეთი ეპიზოდი, როცა მამა ერთი ქურთი კაცის იუბილეზე მივიდა, რომელსაც 50 წელი უსრულდებოდა და მეზობლებმა წააქეზეს, - ვასილ პავლოვიჩს მისწერე წერილი და დაპატიჟეო. იმასაც დაუწერია წერილი, რაზეც ატყდა ერთი ამბავი, ყველა იცინოდა. ეს უბრალო ქურთი კაცი თბილისის ზღვაზე ცხოვრობდა. სწორედ იმ დღეს, როცა გაიშალა სუფრა, გაიღო ეზოს კარი და შევიდა მჟავანაძე... ეს საიდან უნდა მცოდნოდა?

GzaPress

- ვინ იყვნენ მამას მეგობრები? - როცა თბილისში ცეკას პირველ მდივნად დაინიშნა, შორეული ნათესავების გარდა, არც მეგობარი და არც ახლო ნათესავი აქ არ ჰყავდა. არცაა გასაკვირი, 30 წელი არ ცხოვრობდა საქართველოში. მერე და მერე შეიძინა მეგობრები. მამა მონადირე იყო და დაუმეგობრდა მონადირე ტარიელ კაპანაძეს, რომელიც კარგად მახსოვს. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იოსებ ნონეშვილთან, ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. მეზობლებიც ვიყავით, მისი შვილი სანდრო და მე ბაღში ერთად დავდიოდით და მერე კლასელებიც გავხდით. მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ და დიდ პატივს ვცემ. ჩვენ კალანდაძის 8 ნომერში ვცხოვრობდით და ამ სახლს დაჰყურებდა მწერალთა სახლი, სადაც ბატონი იოსები ცხოვრობდა. მამა სხვა მწერლებთანაც მეგობრობდა. მათ შორის იყო ირაკლი აბაშიძე, რომელსაც გამორჩეული იუმორი ჰქონდა და მას არც მამა ჩამორჩებოდა. მათი შეხუმრების დეტალები არ მახსოვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ყველა გულიანად იცინოდა.

- მამას რაიმე გამორჩეული ან საყვარელი ნივთი ჰქონდა?

- ასეთი რამის ინტერესი საერთოდ არ ჰქონია. ერთ ფაქტს მოგიყვებით: მოსკოვში რომ ჩავიდა, ქალაქის ცენტრში ოთხოთახიანი ბინა მისცეს მე-8 სართულზე. როცა დედა გარდაიცვალა, ეს ბინა მე-10 სართულზე, ოროთახიანში გადაუცვალა ვიღაც გენერალს, მეტი არ მჭირდებაო. იმას თანხის დამატებაზე დაუწყია საუბარი, მაგრამ მამას არ აუღია. ეს ზოგს უცნაურად მიაჩნია, მაგრამ ასე იყო, მატერიალური მხარე მისთვის პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა.

- დედა და მამა ერთად არიან დაკრძალული?

- კი, საბურთალოს სასაფლაოზე, არადა, ყველა პანთეონში ეძებს. ჩემი მშობლები ერთად წავიდნენ საცხოვრებლად ჟუკოვკაში 1973 წელს. ჯერ დედა გარდაიცვალა, 6 წლის მერე - მამა, რომელიც ორ კვირაში 86 წლის გახდებოდა. მამას მეუღლის გვერდით უნდოდა დასაფლავება. მოსკოვში პანაშვიდებზე ხალხი გამოემშვიდობა და თბილისში ჩამოვასვენეთ. ქუთაისში არის ერთი ძალიან კარგი, ხანში შესული მოქანდაკე, რომელმაც მამას ბიუსტი გააკეთა "გიფსში", თუმცა მისი ჩამოსხმა ბრინჯაოში ძვირი ჯდება, ამიტომ დევს ბიუსტი სახელოსნოში უკვე 8 წელია. ჩავედი მოქანდაკესთან, ვნახე, მადლობა გადავუხადე, მაგრამ სხვა არაფერი შემიძლია.

- თქვენი ძმა და დები აქ ცხოვრობენ?

- უფროსი და - ვიქტორია 11 წლის წინ გარდაიცვალა. ძმა და და დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობენ; მათი შვილები და შვილიშვილებიც იქ არიან. რა თქმა უნდა, გვაქვს ურთიერთობა და აქაც ჩამოდიან.

- დაბოლოს, მამას ჩანაწერებიდან რომელს გაიხსენებთ?

- "არ შეგეშინდეს, არ გაბრაზდე, გქონდეს ნებისყოფა!"

ნანული ზოტიკიშვილი