"როცა მითხრეს, ნინო რამიშვილთან ერთად უნდა იცეკვოო, ფეხები ამიკანკალდა"
font-large font-small
"როცა მითხრეს, ნინო რამიშვილთან ერთად უნდა იცეკვოო, ფეხები ამიკანკალდა"
თენგიზ უთმელიძე - ცნობილი ქართველი მოცეკვავის საინტერესო ცხოვრების გზა


ცნობილი მოცეკვავე, ერთხანს ქორეოგრაფთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე თენგიზ უთმელიძე, "სუხიშვილების" ანსამბლის ფოტომატიანეს წლების მანძილზე ქმნიდა. 70 ქვეყანაში საგასტროლო მოგზაურობიდან ათი ათასამდე ფოტო დააგროვა. გადაიღო რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომლებიც ასახავს ანსამბლის წარმატებებს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სინგაპურში. გარდა ამისა, ის ჟურნალისტია და იყო "საქინფორმისა" და გაზეთ "კომუნისტის" სპეცკორესპონდენტი საზღვარგარეთ. იგი გახლავთ წიგნის "სუხიშვილები - რომანტიკული ფოტომატიანე" ავტორი და როგორც ამბობს, ფოტოების გარდა, იმდენი მასალა აქვს საკუთარი ჩანახატებისა და ნოველების სახით, რომ ბარემ სამ წიგნსაც ეყოფა.

- ბატონო თენგიზ, ცეკვით რა ასაკში დაინტერესდით?
- ცეკვის ანა-ბანა ცნობილ ქორეოგრაფ მიშა რაქვიაშვილთან შევისწავლე, ე.წ. ბერიას კლუბში დავდიოდი. მან ბევრი კარგი მოცეკვავე აღზარდა, მათ შორის იყო ვახტანგ გუნაშვილი, რომელიც "ქართულს" ისე ცეკვავდა, დაფრინავდა. როცა წამოვიზარდე, პიონერთა სასახლის წრეში, რომან ჭოხონელიძესთან მივედი და ცეკვებს იქ დავეუფლე. ვცეკვავდი ჩემთვის, ანსამბლზე არც მიფიქრია. დავამთავრე სამთო-მეტალურგიული ტექნიკუმი და "გეპეიში" ჩავაბარე. იმ წელს მოსკოვში ტარდებოდა სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-6 მსოფლიოს ფესტივალი. იქ გასაგზავნად შეგვკრიბეს კონკურსის შედეგად არჩეული სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. ასე მოვხვდი 150-კაციან ჯგუფთან ერთად მოსკოვში. დიდი გაერთიანებული ცეკვა "ფერხული" "ლუჟნიკებში" წარმოვადგინეთ. ეს სტადიონი სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა და გაიხსნა. ანსამბლს ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობდნენ, ისინი მაშინ გავიცანი. რეპეტიციებზე როცა მნახეს, ილიკომ დამიძახა, გამომკითხა ვინაობა, მერე ნინოს გადახედა და მითხრა: ჩვენ გვინდა, ანსამბლში მიგიღოთო. მათ ყველა ეთაყვანებოდა და მეც მათ შორის ვიყავი. ასეთმა მოულოდნელმა შემოთავაზებამ შემაცბუნა და ესღა მოვახერხე, - ბატონო ილიკო, ისეთი ცეკვა არ ვიცი, რომ პროფესიულ ანსამბლში მოვიდე-მეთქი. უხერხულად ვიგრძენი თავი. - არა უშავს, გასწავლითო. მერე სწავლა მოვიმიზეზე, რაზეც მიპასუხა, - შვილო, ხელს შეგიწყობთო. არაფერი გამომივიდა, მადლობა გადავუხადე და თბილისში ვილაპარაკოთო, ასე შემითანხმდნენ. მოკლედ, გადამიბირეს, თან პირდაპირ ხელფასი დამინიშნეს, რაც გასაკვირი იყო, რადგან მოცეკვავეს 6 თვის სტაჟირებით იღებდნენ და ხელფასს მერე აძლევდნენ. ეს იყო 1957 წლის სექტემბერი და ზუსტად ორთვენახევრის შემდეგ გასტროლზე პარიზში წავედით.
GzaPress
- როგორი იყო პარიზული შთაბეჭდილებები, პირველი ემოციები და პირველი გასტროლი?
- ახალბედა მოცეკვავე მოვხვდი ზღაპარში. პარიზში მოსკოვიდან გავფრინდით. მარტის თვე იყო და მოსკოვში თოვლ-ჭყაპი დავტოვეთ. პარიზამდე დიდხანს ვიმგზავრეთ, რამდენჯერმე გადაჯდომა მოგვიწია, გამთენიისას თვითმფრინავი ორლის აეროპორტში დაჯდა. ქალაქში გამოვედით, მეეზოვეები ქუჩებს ასუფთავებდნენ, ყველგან "შანელის" სუნი იდგა. მეგონა, სამოთხეში მოვხვდი (იცინის), დაბნეული და გაოცებული ვიყავი. ეს იყო პირველი შთაბეჭდილება, თუმცა პარიზს ისე მივეჩვიე და შევისწავლე, იქ რამდენჯერმე ყოფნის მერე, რომ ქუჩებს პარიზელსაც კი მივასწავლიდი. რაც შეეხება თავად გასტროლს, წარმატებაზე ნუღარ იტყვით, ეს იყო საოცარი ამბავი... იქიდან გავარდა ხმა მთელ ევროპაში.
- ქალბატონი ნინოს პარტნიორი იყავით ცეკვა "ქართულში". ხომ არ გაგიჭირდათ ასეთი ავტორიტეტის გვერდით?
- ანსამბლში მისულს, ცოტა ხანში ილიკომ მითხრა, რომ "ქართულზე" მემუშავა. ურთულესი ცეკვაა. თავდაუზოგავად ვმუშაობდი, დღე და ღამეს ვასწორებდი, არ გამჭირვებია - სპორტსმენი ვიყავი (კალათბურთელი), ჟინიც მქონდა და აზარტიც. ოღონდ პარტნიორის გარეშე ვმუშაობდი. 1959 წელს "ქართული" პირველად ინგლისში, გასტროლების დროს ვიცეკვე. ნინოს პარტნიორი ჰყავდა, პირველი თაობის შესანიშნავი მოცეკვავე ზურაბ ქველიძე. გლაზგოს სამეფო თეატრში გამოვდიოდით, როცა ილიკომ მითხრა, მოდი, ნინოს სიურპრიზი მოვუწყოთ, შენ გახვალ საცეკვაოდ ისე, რომ მან არ იცოდესო. ფეხები ამიკანკალდა, 21 წლისა ვარ. ყველაფერი კარგად იქნებაო, - მითხრა და ზურაბს დაუძახა. მოვირგე თეთრი ჩოხა, გავედი სცენაზე. მახსოვს სამეფო თეატრის გადაჭედილი დარბაზი, მაყურებელს თავი დავუკარი, გაისმა ტაში. ამან ცოტა გამამხნევა, მაგრამ არ მახსოვს, როგორ ვიცეკვე. ნინოს ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, ცეკვის მერე არაფერი უთქვამს, ალბათ გამოსვლას არა უშავდა, თორემ რამეს აუცილებლად იტყოდა... ნინოსთან ერთად "ჯეირანიც" მიცეკვია. საერთოდ, სასწაული პარტნიორი და მოცეკვავე იყო, ისე აგანთებდა... როცა თვითონ ცეკვავდა, ჩვენს ცეკვას მაშინაც კი აკონტროლებდა, ხოლო თუ არ ცეკვავდა, კულისებში იდგა ნახევრად ჩაცმული და იქ იცვლიდა. მუდმივად ყურადღებას გვაქცევდა, ვერაფერს გამოაპარებდი, დიდი ქალბატონი გახლდათ. სამწუხაროდ, ტელევიზიაში ვერ მოვიძიე ის ვიდეო, სადაც ნინო რამიშვილთან ვცეკვავდი. რეპეტიციებზე დაუნდობელი იყო. არ უყვარდა, როცა მასზე ამბობდნენ, რომ მკაცრია ან მომთხოვნი. ერთხელ ვუთხარი: ნინა შალვოვნა, თქვენ იყავით მკაცრად მომთხოვნი-მეთქი, ორი სიტყვა გავაერთიანე. ილიკო კი ერთვებოდა რეპეტიციებში, მაგრამ უფრო ორგანიზაციული მხარე იყო მისი. ძირითად, ე.წ. შავ სამუშაოს ნინო ასრულებდა. მისი 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტატიაში, ჩემი ინტერვიუ ჩართეს და ჟურნალისტს ვთხოვე, სათაურად დაეწერა: "რომ არ ყოფილიყო რამიშვილი, არ იქნებოდა სუხიშვილები" და ასეც დაიბეჭდა. ყველამ იცის, რომ ანსამბლის უდიდეს წარმატებაში ნინოს ლომის წილი აქვს.
GzaPress
- სხვა პარტნიორები ვინ გყავდათ?
- განებივრებული ვიყავი ულამაზესი და უნიჭიერესი პარტნიორებით. "ქართულს" ვცეკვავდი იამზე დოლაბერიძესთან, ლატავრა ფოჩიანთან, პირველი თაობის მოცეკვავე მარინე მხეიძესთან. მარინეს დეიდა, გალაკტიონის ცნობილი მუზა მერი შერვაშიძე გახლდათ. ეს ქალბატონი საფრანგეთში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ვნახეთ, ჩვენ ახლოს არ მივსულვართ, მარინა მივიდა, რა თქმა უნდა. თავიდან ემიგრანტები ჩვენთან კონტაქტს ერიდებოდნენ. იცოდნენ, რომ გვაკონტროლებდნენ, თუმცა მერე ნელ-ნელა მივეჩვიეთ მათთან შეხვედრებს. სხვა ცეკვებში პარტნიორები მყავდა: მანანა აბაზაძე, ნინო კირვალიძე, ლია ღოღელიანი... თითოეულ მათგანთან ცეკვა განსხვავებული იყო, რეპეტიციებზე რაღაც შტრიხებს ვამატებდით, იმპროვიზაცია შეგვქონდა. ნინო ყველაფერთან ერთად გამომსახველობასაც გვასწავლიდა. "ხევსურულს" მანანა აბაზაძესთან ვცეკვავდი და ერთხელ ნინომ მითხრა, მართლა შეყვარებული ხარო? ისე შევიჭრებოდი ხოლმე როლში. ჩვენი ანსამბლის დადგმები სპექტაკლს ჰგავდა, ამიტომ შევედით მუსიკის ციტადელში - ლა სკალაში და ფურორი მოვახდინეთ. ახლა მოცეკვავეებს უძლიერესი ტექნიკა აქვთ, მაგრამ ინდივიდუალიზმი და თეატრალურობა დაიკარგა, ამაზე გული მწყდება.
- გრიგოლ რობაქიძესთან შეხვედრა და მისი ცნობილი წერილი გაიხსენეთ.
- ქართველ მწერალს 1962 წელს ჟენევაში შევხვდით. კონცერტის მერე ხალხი გველოდებოდა ავტოგრაფებისთვის. 4-5 ბიჭი გარეთ ვსაუბრობდით, დავინახეთ, ჩვენკენ წამოვიდა ასაკოვანი კაცი, მახსოვს ბერეტი ეხურა. ისეთი დაჟინებით მოდიოდა, მივხვდით, ქართველი იყო. მოგვიახლოვდა, წყლიანი თვალები ჰქონდა, ალბათ ემოციების გამო. მოგვესალმა და გვითხრა: "გენიალური იყო, გენიალური!" ორჯერ გაიმეორა, გვარი არ უთქვამს, არ ვიცოდით ვინ იყო. მოგვეფერა, ხოტბა არ დაიშურა და ახლა, თქვენს ხელმძღვანელებს ვნახავო, - გვითხრა. მან იცოდა, რომ მისი გვარის ხსენება ჩვენთან იკრძალებოდა. რობაქიძე კიდევ სამ კონცერტს დაესწრო, დარბაზში ვხედავდით მის აღფრთოვანებულ სახეს. მერე დაწერა სასწაული წერილი "ქართული გენია როკვით განფენილი", რომელიც ილიკოსა და ნინოს გადასცა და ილიკომ ჩუმად წაგვიკითხა. ცოტა მოგვიანებით ეს წერილი პირველად დაიბეჭდა, პარიზში გამომავალ ქართულ ჟურნალში "ბედი ქართლისა" და უკვე წლების მერე გახმაურდა. სხვათა შორის, გრიგოლ რობაქიძე იმ წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში.
- ჰოლივუდშიც იყავით, არა?
- ჰოლივუდში მოვხვდი 1959 წელს, ამერიკა-საბჭოთა კავშირის კულტურული პროგრამის ფარგლებში. გრანდიოზული წარმოდგენა - სამგანყოფილებიანი კონცერტი დიდი თეატრის რეჟისორმა ბორის პოკროვსკიმ დადგა. მოკავშირე რესპუბლიკების ანსამბლებიდან მცირე ჯგუფს არჩევდნენ. სუხიშვილებიდან 16 ბიჭი, ნინო, ილიკო და რამდენიმე მუსიკოსი ვიყავით. პირველი განყოფილება მთლიანად ეთმობოდა პიატნიცკის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, მეორეში იყვნენ დიდი თეატრის სოლისტები, პრიმა-ბალერინები, მომღერლები... და მესამეში, რესპუბლიკები გამოდიოდნენ. კონცერტი ჩვენი გამოსვლით იხურებოდა და სცენიდან აღარ გვიშვებდნენ. ცნობილ და უდიდეს დარბაზებში (10 ათასი, 15 ათასი) გამოვდიოდით, ლოს-ანჯელესშიც გავმართეთ კონცერტი. ქალაქის გარეუბანში ღია ესტრადაზე 24 ათასი კაცი მოვიდა. ერთხელ, კონცერტის შემდეგ სიმპათიურმა ქალბატონმა ლესლიმ ჰოლივუდში დაგვპატიჟა, მისი ქმარი ცნობილი ფილმის "ბენ ჰურის" ერთ-ერთი რეჟისორი იყო. 6 მოცეკვავე აღმოვჩნდით ჰოლივუდის ყველაზე დიდ კინოსტუდიაში "მეტროპოლიტენ მაიერში". ფოტოაპარატით წავედი, მაგრამ შესასვლელში დამატოვებინეს. სხვათა შორის, სადილის დროს მიგვიყვანეს, მგონი სპეციალურად. დიდ, რესტორნის მსგავს დარბაზში შევედით, სადაც მთელი ჰოლივუდი იყო თავმოყრილი. თვალი მოვკარი რამდენიმე ცნობილ მსახიობს. მერე დავათვალიერეთ კინოსტუდია - უზარმაზარი ქალაქი, გავიარ-გამოვიარეთ და ბოლოს, მიგვიყვანეს ორ პავილიონში, სადაც გადაღების პროცესი ვნახეთ. იმ დროის კინოვარსკვლავები (დები რეინოლდსი, გლენ ფორდი...) გაგვესაუბრნენ, მათთან ერთად ფოტოები გადაგვიღეს და ავტოგრაფებიც მოგვცეს. შემდეგ ქალბატონმა ლესლიმ, ექვსივე ბიჭი ჩაგვსვა თავის რძისფერ "კადილაკში" და ბევერლი ჰილზში, საკუთარ ვილაში წაგვიყვანა. ზაფხული იყო, იქ დაახლოებით სამი საათი დავყავით და ლოს-ანჯელესის ზღაპრული ხედების ცქერით ვტკბებოდით. ეს არ დამავიწყდება.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აალაპარაკა დამწყებმა ჟურნალისტმა სიტყვაძუნწი მხატვარი
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
"მე ხშირად მავიწყდება მისი სიკვდილი და ნადირას - არასდროს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი