"სანამ უფროსი ძმა ცოცხალი იყო, დები სცენაზე არ გასულან"
font-large font-small
"სანამ უფროსი ძმა ცოცხალი იყო, დები სცენაზე არ გასულან"
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან

ალექსანდრე იშხნელისა და ვასასი ლოლაძის ოჯახში 12 ბავშვი დაიბადა, მაგრამ ზრდასრულ ასაკს შვიდმა გოგომ და სამმა ვაჟმა მიაღწია. ყველას აღმოაჩნდა მუსიკალური ნიჭი და თითოეული მღეროდა. წლების შემდეგ დებმა იშხნელებმა კვარტეტი შექმნეს, რომლის შემადგენლობა იცვლებოდა და ისინი პროფესიულ სცენაზე გამოდიოდნენ. მათ თავისი განუმეორებელი კვალი დატოვეს ქართული სასიმღერო ხელოვნების ისტორიაში. ამ გვარის ერთ-ერთი შთამომავალი, ექიმი-ფტიზიატრი და მომღერალი კახა იშხნელი გახლავთ, რომლის გარეშე არ გამართულა არც ერთი კონცერტი თუ საღამო, რომელშიც ექიმები მონაწილეობდნენ.


- ალექსანდრე იშხნელის შვილებს სიმღერის ნიჭი დედისგან, ლოლაძეების მხრიდან გამოჰყვათ, მომღერლები ისინი იყვნენ. იშხნელები ამ თაობამდე მომღერალ გვარად არ ითვლებოდა. ბაბუა ვალოდია კავსაძის გუნდში მღეროდა, მისი ხმა დარჩენილია ფილმში "დაკარგული სამოთხე", სადაც კადრს მიღმა მღერის. ბებია - თამარი ამბობდა, რომ სანამ უფროსი ძმა (ჩემი ბაბუა) ცოცხალი იყო, დები სცენაზე არ გასულან. როგორც ვიცი, რაღაც კონფლიქტიც კი ყოფილა გალაკტიონთან, რადგან პოეტს უყვარდა პატარა იშხნელები და ისინი ბავშვობისას, გალაკტიონის საღამოებს და შეხვედრებს, ასე ვთქვათ, მუსიკალურად აფორმებდნენ. ბებია თამარს უთქვამს, რომ ხშირად დები ფარდის მიღმა მღეროდნენ. ბაბუას არ მოსწონდა, როცა მათ სამღერლად იწვევდნენ. ის იმ ეპოქის შვილი იყო, როცა ღირსებას დუელში იცავდნენ. მამაჩემისგან ვიცი ერთი დუელის შესახებ, რომელიც ქუთაისის პოლიციის უფროსთან ჰქონია. ბაბუა სიმღერასთან ერთად, მაშინ მოდურ "გიმნასტიკას" პროფესიულად მისდევდა და გარდა ამისა, კარგადაც ჭიდაობდა. წვეულებების მერე, თურმე ჭიდაობა იმართებოდა და ბაბუას პოლიციის უფროსთან საჭიდაო ორთაბრძოლა მოუგია. ის იმდენად გაბრაზებულა, რომ ვალოდია დუელში გამოიწვია... საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
- ქალბატონ თამარზე მიამბეთ, მღეროდით ხოლმე ერთად?
- ბაბუას ვერ მოვესწარი, მაგრამ ბებია თამარი მახსოვს, როგორც ქალი-დღესასწაული. მან სოლიდურ ასაკს მიაღწია. რამდენჯერმე ჩემს მეგობრებთან ერთადაც ვეწვიე, ეს იყო ბედნიერება. გვეკითხებოდა ახალ, თანამედროვე სიმღერებზე. იყო მომენტი, როცა ვუმღერეთ და მან ბანი მოგვცა. მაშინ ძალიან მოდაში იყო ანსამბლ "ჟურნალისტის" (იგივე "ქართული ხმები") სიმღერები. ჩვენ იმათი სიმღერების სხვა ვარიანტებს ვასრულებდით, ბებია კი ყოველთვის ინტერესს იჩენდა და ერთვებოდა. მასთან ურთიერთობა იყო სპექტაკლი. ბებო იშვიათად, მაგრამ სიგარეტს ეწეოდა და ხანდახან ჩუმად მიმქონდა, რადგან შვილები და შვილიშვილები უშლიდნენ (იცინის). ასეთ ცელქობას ჰქონია ადგილი. არ მოვსწრებივარ იმ პერიოდს, როცა ბევრნი იყვნენ უფროსი იშხნელები და შეიკრიბებოდნენ. ჩემთვის უთქვამთ, - შენ უნდა გენახა მათი სიმღერა, იუმორი, საოცარი სითბო და სიყვარული, რა სასწაული იყოო.
GzaPress
- "ქართული ხმების" წევრებიდან ვის იცნობდით?
- ახლოს ვიცნობდი ზაურ ბოლქვაძესა და გურამ თამაზაშვილს, დანარჩენებს დღესაც დიდ პატივს ვცემ და მათთან ურთიერთობა მაქვს. ამ ანსამბლმა ისეთი დიდი ნაბიჯი გადადგა, რომ ჩვენს თაობას საკეთებელი თითქმის აღარ დაუტოვა. ზაურთან ერთად მიმღერია, მის შვილთან - დათოსთან ვმეგობრობ. ბედნიერი ვარ, რომ გურამთან ერთად განვახორციელეთ პროექტი - ზაურ ბოლქვაძის მიერ შესრულებული ქალაქური და ხალხური სიმღერები ჩავწერეთ (ზაურის სიცოცხლეში), ორი ალბომი გამოვიდა. საფუძველი ჩავუყარეთ ანსამბლ "ალილოს", რომელსაც თავიდან "ზარები" ერქვა და ერთხანს ვხელმძღვანელობდი პაატა კურტანიძესთან ერთად, თუმცა ყველაფრის სულისჩამდგმელი გურამ თამაზაშვილი იყო.
- სიმღერა როდის დაიწყეთ?
- როგორც ამბობენ, ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ღიღინი. დედა ლებანიძე მყავს და მისი მხრიდან ლებანიძეები, ჭოხონელიძეები - რაჭული მხარე, ხელოვნებასთან იყვნენ დაკავშირებული. 4-5 წლისა ვიქნებოდი, პიონერთა სასახლეში ქალბატონ შურა ჯანელიძესთან რომ მიმიყვანეს. ჯერ ცეკვაზე უნდოდათ ჩემი შეყვანა, მაგრამ გვარმა თავისი გაჭრა. ანსამბლი "მართვე" ჯერ არ არსებობდა და მაშინ საესტრადო სიმღერა უფრო მოდური იყო, ვიდრე ხალხური. ჩემმა მშობლებმაც საესტრადო მიმართულება აირჩიეს. მერე ისე მოხდა, რომ ბატონმა ლექსო თორაძემ მომისმინა და გადამიწყვიტეს, რომ ჩემგან პიანისტი უნდა გამოსულიყო. როგორც ჩანს, კარგი მონაცემები მქონდა, თან გვარია მომგებიანიო... და გადამიყვანეს მე-16 სამუსიკო სასწავლებელში, თუმცა მალე ლექსო საზღვარგარეთ წავიდა და ჩაფიქრებული "პროექტი" გაჩერდა. აღარც ფორტეპიანოს კლასი დავამთავრე, რადგან მისი ხელი დამაკლდა. ამას ახლა ვაანალიზებ. დადგა ის პერიოდი, როცა ჩემი ნათესავების ქართულ სუფრასთან სიმღერას ახლოს ვეცნობი და... მივედი ოთარ რამიშვილთან. ამ დროს უფროსკლასელი ვარ, ჩემი თაობის ბავშვები, ვინც თბილისში ვცხოვრობდით, ფაქტობრივად, ყველა მასთან დავდიოდით. თუმცა, სულ ორი თვე ვიარე, გიტარაზე აკორდები მასწავლა, თავისი კვალი დატოვა და მთელი ცხოვრება მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ოთარის შემდეგ, მის ოჯახთან და შვილებთან გრძელდება ურთიერთობა.
- სამედიცინო ინსტიტუტში საკუთარი სურვილით ჩააბარეთ?
- ჩემი გადაწყვეტილება იყო. სხვათა შორის, ძალიან კარგი ბიძაშვილი მყავდა, შესანიშნავი კაცი და მოსწრებული ენის პატრონი. ის სულ მეუბნებოდა: ამ იშხნელებს, გიტარაზე მძიმესთვის ხელი არაფრისთვის მოგვიკიდია და შენ ეს ექიმობა რამ მოგანდომაო (იცინის)? გვარში ექიმი არ გვყოლია, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს პროფესია მინდოდა, ამისთვის მიზანმიმართულად ვემზადებოდი. დაიწყო სტუდენტური დღეები და შევიკრიბეთ: სოსო ბურდულაძე, გიორგი მიქელაძე, ლადო ციმაკურიძე, ლაშა ღლონტი... ლაშა ხომ სიმღერისთვისაა დაბადებული. ჯონი ჯანაშია აწყობდა საღამოებს: "ექიმები არ ხუმრობენ" და "ექიმები მღერიან", სადაც ყველა მომღერალი ექიმი ვმონაწილეობდით. სტუდენტობიდან დაწყებული და მერეც, კარგა ხნის მანძილზე მე, სოსო და ლაშა ტრიოში ვმღეროდით. დადგა საკითხი - მედიცინა თუ მუსიკა? სოსო და მე, თითქოს სასცენო მომღერლები არ ვიყავით. ყოველ შემთხვევაში, ასე ვთვლიდით, თუმცა, ძალიან ხშირად გვიმღერია სცენაზე. დავრჩით ექიმებად, მაგრამ როცა საჭიროა, ცოტ-ცოტას კიდევ ვმღერით.
GzaPress
- ტრიოს რეპერტუარში იშხნელების სიმღერები გქონდათ?
- რამდენიმე სიმღერას ვასრულებდით იშხნელების რეპერტუარიდან. ვერ შევძელით ერთი რამ! არის სიმღერა "ო, მარგარიტა", რომელზეც ბებია თამარი ამბობდა, - ეს ქალების სიმღერა არ არისო, თუმცა ისინი ასრულებდნენ. ბებიას უნდოდა, "ო, მარგარიტა" მე, სოსოს და ლაშას გვემღერა. რთული სიმღერაა, მცდელობები კი გვქონდა... ცხონებულ გურამ თამაზაშვილს არაერთხელ უთქვამს: მოდი კახა, ჩავუჯდეთ იშხნელების სიმღერებსო. გული მწყდება და უნდა ვაღიარო, რომ მეც ბოლომდე არ ვიცი, რასაც ისინი მღეროდნენ. შეიძლება ზოგი ჩემს ხმაში ამჩნევს ტემბრალურ მსგავსებას რაღაც ობერტონებში, მაგრამ რასაც ისინი აკეთებდნენ, მე კი არა, ბარე ორმა არ იცის, ანუ იქ რაღაც სხვა ხდებოდა. ბებო ასე მომმართავდა - ჩემი ვალოდიას შვილიშვილი, ამით გამოხატავდა სიყვარულს. მოსწონდა და უყვარდა ჩემი ნამღერი რამდენიმე სიმღერა, მათ შორის "თეთრი ვარდები". მეგობრები როცა ვიკრიბებით, ყოველთვის იშხნელების სიმღერებისკენ მიბიძგებენ ხოლმე და მე, რაც შემიძლია, ვაკეთებ, მაგრამ ის სხვა ფენომენია, ვერ დავიჩემებ, რომ მთლიანად მათი მემკვიდრე ვარ. ოჯახში გვაქვს ბებიების დედის ნაქონი, დაახლოებით 100 წლის წინანდელი გიტარა, რომელიც პეტრიაშვილების ოჯახმა გადმოგვცა. მათ უფროსი თაობისაგან იცოდნენ, რომ ეს გიტარა იშხნელებს ეკუთვნოდათ. ასე დაგვიბრუნდა ჩვენი რელიკვია.
- რა მოგონებები გაქვთ ქუთაისზე? ამ ქალაქში ხომ თქვენი წინაპრები დაიბადნენ.
- ბაბუა მეტყევე-ინჟინერი იყო და ასე ვთქვათ, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მაგალითად, მამაჩემი ხოვლეში დაიბადა და სკოლა სოხუმში დაამთავრა. დედამ - ლალი ლებანიძემ და მამამ - გოგი იშხნელმა ქუთაისში გაიცნეს ერთმანეთი. იმდენად განსხვავებული სამყარო აქვთ, რომ მიფიქრია, ამათ რა ჰქონდათ საერთო-მეთქი? საერთო ყველაზე დიდი რამ - სიყვარული აქვთ. ბაბუასთვის პირველი შვილიშვილი ვარ. მთელი ბავშვობა და ყმაწვილობა ქუთაისში გავატარე. ვთვლი, რომ კარგწილად ქუთაისელი ვარ. ერთი და მყავს, მაკა. ის ტიპაჟით ჩემზე მეტად, ნაღდი იშხნელია, მაგრამ ნაკლებად მღერის, თავისთვის ღიღინებს.
- თქვენი შვილები მღერიან?
- ორი ვაჟი მყავს: ირაკლი და გიორგი. უფროსს განსაკუთრებულად უყვარს სიმღერა და კარგ რაღაცებს ვიჭერ მის ნამღერში. უმცროსს საოცარი მახსოვრობა აქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ მომყვება სწავლაში. არც ერთს არაფერს ვაძალებ, თავად გადაწყვეტენ.
- როგორც ექიმს, ამ პროფესიის რომელი წარმომადგენელი გახსენდებათ გამორჩეულად?
- ზუსტად 1 წელი და 8 თვე მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი კლინიკური ორდინატორი ყოფილ სეფსისის ცენტრში, დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ამჟამად ვმუშაობ. ბატონი ვახტანგი იყო გენიალური კაცი და მე ვესწრებოდი სამედიცინო სპექტაკლებს. ცნობილია, რომ მან ჯერ თეატრალური განათლება მიიღო, მერე წავიდა სამედიცინო მიმართულებით. მისი თუნდაც ერთი ლექციის მოსმენა, ნებისმიერი ადამიანისთვის დაუვიწყარ და არნახულ შთაბეჭდილებად დარჩება. მინდა ასევე, გავიხსენო ბავშვთა რეანიმატოლოგი ვალოდია ნიკიტინი, რუსი წარმოშობის თბილისელი კაცი, რომელმაც რეალურად დამანახვა, რა არის ეს ყველაფერი. ის ახლა მოსკოვში მოღვაწეობს. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ცუდი ადამიანი არ შემხვედრია. დღესაც, ძალიან კარგ ხალხთან ერთად მიწევს მუშაობა.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აალაპარაკა დამწყებმა ჟურნალისტმა სიტყვაძუნწი მხატვარი
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
"მე ხშირად მავიწყდება მისი სიკვდილი და ნადირას - არასდროს"
სპექტაკლი-აქცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შესახებ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი