"ტერიტორიაზე დაბრუნებამდე ერთმანეთის გულებში უნდა დავბრუნდეთ" - გზაპრესი

"ტერიტორიაზე დაბრუნებამდე ერთმანეთის გულებში უნდა დავბრუნდეთ"

"ეს ომი რომ ოდესმე დამთავრდეს, ყველამ ჩვენი მიცვალებულები უნდა გავუშვათ ჩვენგან, გავათავისუფლოთ ამ მძიმე ტვირთისგან, დავივიწყოთ ყველა ნასროლი ტყვია, დანგრეული სახლი და დაღვრილი სისხლი. ახლის შენებას მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ. გავათავისუფლოთ მიცვალებულები, რათა ცოცხლებმა ცოცხლების შეყვარება შევძლოთ. მძიმე, მაგრამ საჭირო ნაბიჯის გადადგმაა აუცილებელი... რა ვქნათ, არ ვიმეგობროთ?! ძველი ჭრილობებით ვაცხოვროთ შემდეგი თაობა?!" - ასე ჩამოაყალიბეს სათქმელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და ორ ხალხს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების შესახებ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მავთულხლართებით გაყოფილ სცენაზე მსახიობებმა სპექტაკლში - "sara bara bzia bzboit, ანუ მე შენ მიყვარხარ". თეატრალური პროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს, გაყინულ ურთიერთობებს, ორ ხალხს შორის სავალი გზების ძიების პრობლემას ეხმიანება.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი, პიესის ავტორი:

- ეს სპექტაკლი ჩემთვის უკვე მესამე პროექტია, რომელიც აფხაზეთის თემას მიეძღვნა. ჯერ კიდევ 1996 წელს, როცა ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი, ჯემალ მონიავას პიესა დავდგი. ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საერთაშორისო ფესტივალზე პრიზიც მოიპოვა. ჩვენი თეატრის რეპერტუარში რეზო მიშველაძის ნოველებზე აგებული სპექტაკლი - "არ დამივიწყო" გვაქვს, სადაც ერთი ნოველა მთლიანად ამ თემას ეძღვნება. სულ ვეძებდი მასალებს ამავე თემასთან დაკავშირებით. დამიკავშირდა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ალიბეგაშვილი და სპექტაკლი შემომთავაზა აფხაზური ზღაპრების მიხედვით დაგვედგა. დავიწყე მოძიება და ვნახე, რომ აფხაზური ზღაპრები, რომლებიც შეიძლება გასცენიურდეს, პრაქტიკულად, ქართული ხალხური ზღაპრების იდენტურია. ერთი რამ კი აღმოვაჩინე - უამრავი საერთო გვაქვს: არა მხოლოდ ტერიტორია, არამედ ტრადიცია, წეს-ჩვეულება თუ დამოკიდებულება გვაერთიანებს. მოგვიანებით, ერთ პატარა კრებულს გავეცანი, რომელშიც დევნილთა ოჯახის წევრების წერილები იყო თავმოყრილი. მათ არ ჰქონდათ ნანახი სოხუმი, რადგან მისი დაკარგვის შემდეგ დაიბადნენ და მხოლოდ წარმოსახვაში არსებულ სოხუმზე წერდნენ. ერთმა ფრაზამ ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა - "იქნებ ჩვენი მიცვალებულების სულები გავათავისუფლოთ ამდენი წლის ცოდვისგან, რომ ცოცხლებმა ცოცხლების შეყვარება შევძლოთ". ამ ფრაზამ მომგვარა ფიქრი პიესის შესახებ. მალე ანაკლიაში გასტროლზე წავედით. იქიდან ერთ კილომეტრში სოფელი განმუხურია. აქ მავთულხლართი სანაპირო ზოლამდეა გაბმული, სანაპიროზე კი - აღარ არის. ანუ ეს გახლავთ ადგილი, სადაც თან არის მავთულხლართი და თან - არა.

- გარდა იმისა, რომ სპექტაკლში მავთულხლართით სცენაა გაყოფილი, ის პარტერშიც იჭრება... ანუ მავთულხლართი არა მხოლოდ ტერიტორიებით, არამედ ცნობიერებითა და დამოკიდებულებებითაც გვაშორებს?

- ასეა. პირველ რიგში, სწორედ დამოკიდებულებაა შესაცვლელი. სპექტაკლში, მართალია, სიყვარული იმარჯვებს, მაგრამ გადამწყვეტი სწორედ აქამდე მისვლაა. მთავარია, შეგვიყვარდეს ერთმანეთი - მერე აუცილებლად გავიმარჯვებთ! ტერიტორიაზე დაბრუნებამდე ერთმანეთის გულებში უნდა დავბრუნდეთ! ახალმა თაობამ უნდა თქვას თავისი სიტყვა, ახალი ურთიერთობები გაჩნდეს. იქნებ გავაცნობიეროთ შეცდომები და შესაბამისად, საკუთარი საერთო მომავლის გაუმჯობესება შევძლოთ?! ეს გახლავთ სპექტაკლი-აქცია სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის შესახებ. მაქსიმალურად ვეცადეთ პოლიტიკა გამოგვერიცხა, თუმცა, თემა თავად მოიცავს პოლიტიკას - როდესაც სცენაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით თბება, მაყურებელს ავტომატის ჯერის ხმა ესმის... ესაა მესამე ძალა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ სურს ამ გაყინული მდგომარეობის შეცვლა.

GzaPress

ანანო მირიანაშვილი, პიესის ავტორი:

- ქართულ დრამატურგიაში პიესები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ ნაკლებადაა. ამ ნაწარმოებზე მე და ბატონმა დიმიტრიმ ორი თვე ვიმუშავეთ. მთავარი მიზანია, როგორმე დავძრათ, გავაახლოთ საუბარი ამ თემაზე. სპექტაკლში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ყველა თაობას თავისი პოზიცია აქვს, თავისებურად ხედავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვდებთ მზა რეცეპტს, უბრალოდ, გამოვხატავთ პოზიციას და ვცდილობთ, მაყურებელში ამ თემის მიმართ ინტერესი გავაღვივოთ. ვცდილობთ გაიხსენოს და თუ არ იცის - გაიგოს ამის შესახებ. ვეცადეთ, ბანალურ კონკრეტიკას გავქცეოდით. მაგალითად, სუფრაზე არ არის ნამდვილი საკვები და ღვინო. შევქმენით არა ტიპური ქართველი შვილმკვდარი შავოსანი დედის, არამედ ცოტა უფრო განსხვავებული ტიპაჟი. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიის გამო მისი ცხოვრება თითქოს შეჩერებულია, ცდილობს გაამწვანოს, ყვავილებით აავსოს ორივე მხარე, სიყვარულის თესლი ჩააგდოს... მის საპირწონედ ვაჩვენეთ აფხაზი ბაბუა, რომელმაც ასევე ომში დაკარგა შვილი. საბოლოოდ, ის ეთანხმება თავის მომავალ მოყვრებს, რომ როგორღაც უნდა შევძლოთ ძველი ჭრილობების მოშუშება და ურთიერთობის აღდგენა.

თამარ ჭანუყვაძე, მსახიობი:

- მეტად გულისამაჩუყებელი იყო და დიდი ემოცია, ტკივილი და სევდა მოჰქონდა ქართულ-აფხაზურ სიმღერას. ყოველი რეპეტიციის შემდეგ ეს ემოცია სულ უფრო მიმძაფრდებოდა. ვისურვებდი, ბევრმა ახალგაზრდამ ნახოს ეს სპექტაკლი, რომელიც ორი ადამიანის სიყვარულს ეხება; სიყვარულს, რომელსაც საზღვარი და ჩარჩოები არ გააჩნია. ეს გრძნობა აიძულებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაივიწყონ წყენა, ამბიციები. ვფიქრობ, სიყვარული ყველაზე ძვირფასი, ღირებულია ცხოვრებაში და მისით "შეპყრობილებს" უამრავი სასიკეთო საქმის გაკეთება შეგვიძლია.

- როგორი იყო თქვენ მიერ განსახიერებული სოფიას "გამოძერწვის" პროცესი?

- ყოველი ახალი პერსონაჟი მსახიობის ცხოვრებაში ახალი ადამიანივით შემოდის. იწყებ მის "გაფერადებას". მისი მიზნები, ფასეულობები, ხასიათის შტრიხები დაწვრილებით შევისწავლე და შემიძლია ვთქვა, რომ სოფია ხიშბა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსონაჟია, რაც კი დღემდე გამისახიერებია.

ნიკა ნანიტაშვილი, მსახიობი:

- თემა ყველასთვის - ჩვენთვისაც და მაყურებლისთვისაც მეტად ემოციური და მტკივნეულია. სამწუხაროა, რომ დრო გადის, მაგრამ არაფერი იცვლება. დროა ნაბიჯი გადავდგათ, იქნებ რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ?! წარმოდგენის მიზანია მოზარდმა თაობამ იცოდეს ამის შესახებ, დაინტერესდეს და არ დაივიწყოს. იქნებ, პრობლემის მოგვარების გზებზეც სხვაგვარად დაფიქრდეს...

ნუგზარ ყურაშვილი, მსახიობი: - წარმოშობით სოხუმელი ვარ. შესაბამისად, ამ თემაზე მუშაობა ჩემთვის ორმაგად ემოციური იყო. სპექტაკლის მიხედვით, სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებს საზღვრები არა აქვს... თუ პოლიტიკას დროებით მაინც გავმიჯნავთ, შესაძლებელია, ადამიანები შერიგდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სისხლი ორივე მხარეს მრავლად დაიღვარა. დანაშაული უნდა ვაღიაროთ და ერთმანეთს არ გადავაბრალოთ. დავიწყებას ვერ შევძლებთ, მაგრამ პატიება არ ვცადეთ. ჩხუბითა და ომით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. თბილმა ურთიერთობებმა კი შესაძლოა, უფრო მეტად გამოკვეთოს ერთმანეთისკენ სავალი გზები.

GzaPress

ნათია კუპატაძე, მსახიობი:

- სპექტაკლი რომ მეტისმეტად დამზაფვრელი არ ყოფილიყო, ვიცელქესავით (იცინის). რეჟისორმა გადაწყვიტა, პერსონაჟისთვის სახელი და გვარი არ შეეცვალა და ჩემს გმირს სპექტაკლშიც ნათია კუპატაძე ჰქვია - როგორიც ხარ, ისეთივე ტიპაჟი განასახიერეო.

- კითხვაზე, "თქვენი სახელი, ქალბატონო?" თქვენ მიერ განსახიერებული პერსონაჟი, ქართველი შავოსანი დედა ასე პასუხობს: "მე დედა ვარ!" მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი არცთუ ისე დატვირთულია ტექსტის თვალსაზრისით, მისი როლი მდუმარებით მეტყველი, დამუხტული და საგრძნობია...

თამარ მამულაშვილი, მსახიობი: - ნებისმიერ ახალ პერსონაჟზე მუშაობა ახალ, განსხვავებულ მიდგომასა და ძალისხმევას მოითხოვს. როლზე ერთობლივად ვმუშაობდით. პროცესში ბევრი რამ შევცვალეთ, რაღაცები დავუმატეთ, გამოვაკელით. შვილმკვდარ დედას, რომელსაც ვასახიერებ, ტრაგედიის მიუხედავად, იმედი არ აქვს დაკარგული. ურთიერთგაგება, გაგების შემდეგ კი სიყვარული, დადგომა ეროვნებასა და აღმსარებლობაზე მაღლა, შესაძლებელია, ცხოვრების გაგრძელებისა და თესლის გაღვივების იმპულსად იქცეს. ეს ქალბატონიც იმავე მაგალითს გვაძლევს - თვითონ მავთულხლართებშიც კი ცდილობს ყვავილების გახარებას, მშვიდობის დამყარებას...

შორენა ლაბაძე შორენა ლაბაძე