"სამყაროში არაფერი იკარგება..." - გზაპრესი

"სამყაროში არაფერი იკარგება..."

"მასტერშეფის" მონაწილემ, მარტა ბარამიძემ ვიდეოში, რომელიც პროექტის "ფეისბუკ"-გვერდზე აიტვირთა, ბავშვობის რთული პერიოდი გაიხსენა. თქვა, რომ დაბადებისთანავე გაყიდეს, რომ არაერთხელ გახდა ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლი, გამოიარა შიმშილი, ბევრი განსაცდელი... ამას პროექტის მაყურებლებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. წერდნენ, რომ მას ძალიან კარგად ექცეოდნენ აღმზრდელები - ცოლ-ქმარი, ვინც მარტა იშვილა და ეს ყველაფერი პროექტში გასამარჯვებლად მოიგონა. ბევრიც პირიქით, ამხნევებდა და წარმატებებს უსურვებდა. მარტამ ეს ყველაფერი ღირსეულად გადაიტანა, რადგან თვლის, რომ სამყაროში არაფერი იკარგება და რომ მას შეცდომა არ დაუშვია...

- მარტა, გაიხსენე, პატარაობისას სამზარეულოში ტრიალი და რამის მომზადება თუ გიყვარდა?

- ლითონის ქილები ეზოში ჩამქონდა, ბოსტნეულს ვშუშავდი და მეგონა, საოცარ კერძებს ვამზადებდი - აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული სამზარეულოს მიმართ. პირველად დამოუკიდებლად კარტოფილი შევწვი, მერე ხაჭაპურის გამოცხობა გადავწყვიტე. ცომი თვითონ მოვზილე და მთელი სამზარეულო გადავათეთრე, ყველაფერი ფქვილიანი იყო. ცოტა რომ წამოვიზარდე, სულ თვითონ ვიმზადებდი საჭმელს და ნელ-ნელა გავერკვიე რაღაცებში.

- საბაზისო ცოდნა საიდან მიიღე - ინტერნეტით, მეგობრებისგან თუ კულინარიის შემსწავლელი კურსები გაიარე?

- 22 წლისამ ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დავიწყე მუშაობა, თავიდან დამხმარე ვიყავი და მერე მზარეულად გადამიყვანეს. ისეთ პროდუქტებთან მქონდა შეხება, რაც მანამდე არც გამეგო და არც გამომეყენებინა. მყავდა შეფი, რომელიც ექსპერიმენტების კეთების საშუალებას მაძლევდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს საქმეში. ამ მხრივ მართლაც გამიმართლა. როცა მზარეულს ახალი კერძის შექმნა და გატესტვა უნდა, შეფი კი ამის შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული თვალსაზრისით ეს გზრდის. სამზარეულო არის მუდმივი ძიება, ვიდრე რამე ახალს გამოიგონებ. მანამდე შეიძლება ასჯერ სცადო და საბოლოოდ მიხვიდე სასურველ შედეგამდე. გამოდის, რომ პრაქტიკაში მივიღე ცოდნა. თეორიულად რაც მაინტერესებდა, ინტერნეტში ვეძებდი. მას შემდეგ, რაც იმ რესტორნიდან წამოვედი და სხვაგან დავიწყე მუშაობა, უკვე ვეღარ ვახერხებდი ინტერესის დაკმაყოფილებას და თუ რამე მომწონდა, სახლში ვაკეთებდი ხოლმე.

- ალბათ მეგობრებს აგემოვნებინებდი, არა?

- კი, მეგობრები საცდელი თაგვებივით იყვნენ. საბედნიეროდ, ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან დღეს (იცინის). უცებ მომივიდოდა იდეა, - მოდი, ეს გავაკეთოთ-მეთქი, ავდგებოდი და ვიწყებდი მზადებას. ჩემს სამეგობროში არ არიან კულინარიის მოყვარულები და თავიდან ყველა შიშით მიყურებდა, ამას როგორ გააკეთებ ან როგორი გამოგივაო? ახლა როცა რამეს ვამზადებ, პროცესში ყველა ერთვება, ზოგი მიქსერით თქვეფს, ზოგი ცომს ზელს...

- "მასტერშეფამდე" კიდევ სად მუშაობდი?

- ბევრგან ვიმუშავე, ბოლოს მქონდა კაფე, მექსიკური სამზარეულოთი. მანამდე არასდროს გამისინჯავს მექსიკური კერძები. ინტერნეტით ვნახე რეცეპტები, ვინც იცნობდა, მათ ვაგემოვნებინებდი და ასე "ვსვამდი" გემოებს. საკმაოდ წარმატებულად ვმუშაობდი და ჩვენი მომხმარებელიც კმაყოფილი იყო. ჯერჯერობით დავკეტე, ახალ ფართობს ვეძებ და ისევ გაიხსნება. მანამდე კიდევ უფრო დავხელოვნდები. სწავლა არასდროს არის გვიანი. კულინარიაში დრო გჭირდება, ერთი ეტაპიდან მეორეზე რომ გადახვიდე, მე კი ამის დრო ნაკლებად მქონდა. უამრავი ხარჯის გაწევა მიწევდა და ამიტომ უნდა ამერჩია სამსახური, სადაც ფიქსირებული ხელფასი მექნებოდა. მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ქართული კულინარია სხვა საფეხურზე აიყვანეს და მზარეულის პროფესიაც ნელ-ნელა ფასდება, მათი ანაზღაურებაც შესაბამისად იზრდება. ეს საკმაოდ მძიმე შრომაა და ამ პროექტის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გვაჩვენოს, რეალურად რა შესაძლებლობები გვაქვს ქართველებს კულინარიაში; გვაჩვენოს, რამდენად შეგვიძლია გარდავქმნათ და გავათანამედროვოთ ჩვენი სამზარეულო და შევქმნათ ახალი ქართული პროდუქტები. "მასტერშეფმა" მომცა საშუალება, ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს. ხშირად მეკითხებოდნენ, რომ არა აქ, სად იმუშავებდიო? აუცილებლად სამზარეულოში-მეთქი, ყოველთვის ასე ვპასუხობდი.

- პირველი სეზონის შემდეგ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება?

- პირველ სეზონს რომ ვუყურე, ისე დავიძაბე და ისე შევშინდი, რომ მონაწილეობაზე არც მიფიქრია. ყველას გამო ვნერვიულობდი და ძალიან განვიცდიდი ვინმეს გავარდნას. ვერ ვბედავდი ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ უცებ თავში რაღაც გადამიტრიალდა და მივხვდი, ეს იყო შანსი, რომელსაც სამყარო მაძლევდა. თუ არ ცდი, ვერაფერს მიაღწევ, ხომ ასეა? მოდი, გავრისკავ და ვცდი, რას დავკარგავ-მეთქი, ვიფიქრე და მოვედი.

GzaPress

- როგორი წარმოდგენა გქონდა ჟიურის წევრებზე და რეალურად როგორები აღმოჩნდნენ? - ზუსტად ისეთები აღმოჩნდნენ, როგორებიც მეგონა და რეალურად, ამაზე კიდევ უფრო მკაცრები არიან შეფები სამზარეულოში, ერთ შეცდომასაც არ გაპატიებენ. სამივე სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს, ამიტომ ყურადსაღებია მათი რჩევები. კერძს მარტივ მამრავლებად შლიან და თითოეულ დეტალს - ვიზუალს, სტრუქტურას, გემოს, ფერს გიფასებენ.

- პირველად 3 სუსტ კერძს შორის რომ დაასახელეს შენი კერძი, მოულოდნელი არ ყოფილა ეს შენთვის, რატომ?

- ძალიან ვინერვიულე, ამ დაძაბულობამ შედეგი გამოიღო და საშინელი კერძი გამომივიდა. ისე მრცხვენოდა, ხელსახოცებს ვაფარებდი, ვმალავდი. არაფერია, თანდათან ვეჩვევი გარემოს და ყველაფერი დალაგდება.

- უკვე გარკვეული წარმოდგენა გაქვთ ერთმანეთზე. ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის მიიჩნევ?

- კონკრეტულად ვერ ვიტყვი რომელიმეზე, ჩემთვის ყველა კონკურენტია. ყველამ აჩვენა თავისი უნარი და ამიტომ, წინასწარ არასდროს არ იცი, ვინ როგორ კერძს "დადებს".

- მარტა, ერთი გამოთქმა არსებობს, მამაკაცებსა და ჭამას უკავშირდება...

- მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე რომ გადის?

- მერე, შენს შემთხვევაში როგორ ჭრის?

- (იცინის) ჭრის, როგორ არა, თავიდან მოდიან, მაგრამ მერე გასუქების შიშით გარბიან. ჯერ ეჭვის თვალით მიყურებენ, შეიძლება გემრიელად ვერ ამზადებსო, მერე მიირთმევენ და შეშინებულები გარბიან - გამოდის, ვერ მიძლებენ. ამჯერადაც ასეთი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, გაქცეულია, ეშინია გასუქების.

- აუცილებლად უნდა გკითხო იმ ვიდეოს შესახებ, რომელშიც შენი რთული ბავშვობისა და გამზრდელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდი. ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ ვიდეოს, ზოგი - ნაცნობი, ზოგიც უცნობი, ბევრსაც უბრალოდ ეჭვი ეპარება ამ ამბის რეალურობაში...

- იმ კორპუსში, სადაც მე გავიზარდე, ალბათ 200 ადამიანი მაინც ცხოვრობს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მიშვილეს და ამ ხალხის თვალწინ ვიზრდებოდი. მოძალადე სახალხოდ არ იქცევა ცუდად, მეც პატარა და დაუცველი ვიყავი, საქვეყნოდ ვერ ვამბობდი ვერაფერს. ყველა ოჯახში სცემენ ბავშვებსო, - ამბობენ... ალბათ ამიტომ, ბოლო ხმაზე რომ ვკიოდი, მიშველეთ-მეთქი, არავინ მშველოდა. თავიდან ვიფიქრე, ეს ადამიანები იმიტომ მწამებენ ცილს, რომ ბევრი რამ ან არ იციან, ან აღარ ახსოვთ-მეთქი. ერთ-ერთი მეზობელი წერდა, თითქოს ჩემმა აღმზრდელმა ცხელი დანა შემთხვევით მომადო სახეზე. ამის შემდეგ აღარაფრის ახსნისა და დაკომენტარების სურვილი აღარ გამიჩნდა. წლების განმავლობაში დამჭირდა ფსიქოლოგებთან სიარული, ემოციური კავშირი რომ გამეწყვიტა ბავშვობაში მომხდართან. ეს გზა უკვე გამოვიარე, გავბედე და ასე ხმამაღლა პირველად ვისაუბრე ამ ყველაფერზე. მანამდე მხოლოდ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა და ფსიქოლოგმა თუ იცოდა. მაგ პერიოდმა, იცი, რამდენი რამ მასწავლა? 7.000 წიგნი რომ წაიკითხო და ემოციებით დაიღალო, აი, ასეთი შეგრძნებაა. ახლა უკვე ჩემი ცხოვრების წიგნის გადაშლა შემიძლია. მქონდა მცდელობა, გამეგო, ვინ იყვნენ ჩემი ნამდვილი მშობლები, მაგრამ მწირი ინფორმაცია მოვიპოვე და თავი დავანებე. მათგან უბრალოდ, სიმართლის გაგება მინდოდა, სხვა არაფერი.

- თუმცა, ბევრი რამის მიუხედავად, დედობილს ბოლომდე უპატრონე, ხომ?

- სიმსივნე რომ აღმოაჩნდა, თბილისში ჩამოვიყვანე, გერმანიაში გავგზავნე ანალიზები, რაც შემეძლო, ყველაფერი ვცადე. ვცდილობ, არ ვისაუბრო იმაზე, რაც გავაკეთე, რადგან ჩემთვის საკუთარი თავის ქება მიუღებელია. სამყაროში არაფერი იკარგება...

ნინო ჯავახიშვილი