ჯანსაღი ფსიქიკური სამუშაო გარემო - გაუგებარი ფრაზა დამსაქმებლის, დასაქმებულის, კანონისა და საზოგადოებისთვის - გზაპრესი

ჯანსაღი ფსიქიკური სამუშაო გარემო - გაუგებარი ფრაზა დამსაქმებლის, დასაქმებულის, კანონისა და საზოგადოებისთვის

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) წარმოადგენს ბიზნესის ნებაყოფლობით არჩევანს, ვალდებულებებს საზოგადოების წინაშე კანონის მოთხოვნების მიღმა იღებდეს. ამ გადაწყვეტილებით, ბიზნესი ცდილობს შეამციროს უარყოფითი გავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე. კომპანიებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ როგორც საკუთარი წარმატების, ისე საზოგადოების კეთილდღეობაში, თუკი შეძლებენ და მართავენ იმ გავლენას, რასაც მათი საქმიანობა ბუნებრივ გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებზე, თანამშრომლებზე, მომხმარებლებსა და ზოგადად, საზოგადოებაზე ახდენს.

მშრომელთა უფლებების დაცვის ძირითადი გარანტი სახელმწიფოა, რასაც ის შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებითა და განხორციელებით, ასევე პროფესიული კავშირების ფუნქციონირებით უზრუნველყოფს. თუმცა, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი კომპანიები დამატებით ნებაყოფლობით ვალდებულებებს იღებენ, რათა საერთაშორისო შეთანხმებით აღიარებული სტანდარტები დააკმაყოფილონ.

თანამშრომლებთან დაკავშირებული გამართული პოლიტიკა გადამწყვეტია ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის. თანამედროვე მსოფლიოში კომპანიების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა კვალიფიციური კადრების მოზიდვა და შენარჩუნებაა. თანამშრომლების პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და ჩართულობა ყველაზე ღირებული აქტივია ნებისმიერი კომპანიისთვის. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტი შრომითი საქმიანობის ძირითადი უფლებებისა და სტანდარტების დაცვაა, რაც თავის მხრივ, თანამშრომლებისათვის როგორც ჯანსაღი ფიზიკური, ისე ფსიქიკური გარემოს არსებობას ითვალისწინებს.

სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო ფიზიკური გარემოს არსებობის შესახებ საზოგადოებას ზედმეტად ხშირად სმენია. თუმცა, თითქმის არასოდეს ისმის შეკითხვები არანაკლებ მნიშვნელოვანი, ფიზიკურისაგან თითქმის გაუმიჯნავი ფსიქიკური გარემოს შესახებ. საოცარია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკითხი ჩვენს ქვეყანაში ღია და შეუსწავლელია. თემის ირგვლივ ინფორმაციას არ ფლობენ არც დამსაქმებლები და არც დასაქმებულები. მხოლოდ ზერელე წარმოდგენა აქვთ საკითხზე შრომის ექსპერტებსა და ფსიქიატრებსაც.

არც ერთ კანონში ცალკე რეგულაცია ჯანსაღი ფსიქიკური სამუშაო გარემოს შესახებ არ იძებნება. საკანონმდებლო დოკუმენტებში ჩანიშნულია ზოგადი მითითება, რომლის მიხედვითაც, "სამუშაო ადგილზე სავალდებულოა უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების არსებობა". ცალკე მითითება ჯანსაღი ფსიქიკური სამუშაო გარემოს შესახებ არ არის ჩანიშნული არც შრომის კოდექსში, არც კონსტიტუციაში და არც რაიმე მსგავს კანონქვემდებარე აქტში. პირდაპირ რეგულაციას ფსიქიკურ გარემოსთან დაკავშირებით არ შეიცავს არც კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. 35-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქიკური გარემო. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ფსიქიკური გარემოს შესახებ არც ერთი სახის ჩანაწერი არ იძებნება. საქართველოს კანონში შრომის უსაფრთხოების შესახებ, სადაც სრულადაა თავმოყრილი შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი დებულებები, საერთოდ არ იკითხება ტერმინი "ფსიქიკური გარემო".

ჩემ მიერ გამოკითხულ დასაქმებულთა 90%-მა არ იცოდა, რომ მათ უფლება აქვთ ბიულეტინის უფლებით არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაშიც ისარგებლონ. მნიშვნელოვანი პრობლემაა სტიგმა - მათმა უმრავლესობამ დამიდასტურა, რომ უხერხულობის გამო ბიულეტინს არ აიღებენ, არ მივლენ ფსიქიატრთან კონსულტაციისა და შესაბამისი ცნობის მისაღებად. არადა, სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში ყოველი მეორე ადამიანი შეკითხვას სწორედ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სვამს...

საშუალოზე დაბალია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერებაც. ამ რისკის წინაშე მდგომი ადამიანები თავიანთ მდგომარეობას, უბრალოდ, "გადაღლას" უკავშირებენ... ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა მხოლოდ შიზოფრენია ჰგონიათ და არა დეპრესია ან უძილობა. სტერეოტიპული მიდგომის გამო, საკუთარი თავის "გიჟებთან" იდენტიფიცირება უჭირთ. ამას ურჩევნიათ. პრობლემები შანაგანად უკუაგდონ და ამაზე აღარ იფიქრონ. მდგომარეობა კი სავალალოდ რთულდება და ხშირად, სუიციდამდეც ვითარდება. უკიდურეს შემთხვევაში ვიზიტს გეგმავენ ნევროლოგთან, ფსიქოლოგთან. თავიდანვე ფსიქიატრს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიმართავენ.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა სტრესულ სამუშაო გარემოს "ამოვიცნობთ", მისი შეცვლის, გამოსწორების ბერკეტები თითქმის არ არსებობს... ან არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილების თვალსაზრისით.

ნანა ხელაძე ოფისში, ერთი შეხედვით, კომფორტულ, თუმცა, ზედმეტად სტრესულ გარემოში მუშაობდა. როცა საბოლოოდ გაიაზრა, რომ ვეღარ უძლებდა, სამსახური დატოვა. "ათეული წლებია, როგორც სახელმწიფო სამსახურში, ისე კერძო სექტორში ვმუშაობ. შემთხვევა, ვინმეს არაჯანსაღი ფსიქიკური გარემოს შეცვლა ეცადოს, არ მახსოვს. როცა ამ ფაქტის წინაშე თავად აღმოვჩნდი, პრობლემის შესახებ მენეჯერს ვესაუბრე. სხვა გამოსავალი ვერც მან დაინახა და ჩემი ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით, სამსახურის დატოვება მირჩია. მინდა ხაზი გავუსვა, ეს იმიტომ არ მოხდა, რომ ის გულისხმიერი არ იყო, უბრალოდ, არც უფიქრია, რომ გამოსავლის მოძებნა შესაძლებელი გახლდათ და ნაცვლად იმისა, გამომწვევი მიზეზით დაინტერესებულიყო და კადრის შესანარჩუნებლად ქმედითი ნაბიჯები გადაედგა (რაც სულაც არ გახლდათ რთული), სამსახურის დატოვება გულწრფელად მირჩია. საქმე ისაა, რომ ვერ დაინახა პრობლემა, ვერ განსაზღვრა რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქიკურად ჯანსაღი გარემოს შექმნა სამსახურში".

GzaPress ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების ერთ-ერთ ხშირ რისკ-ფაქტორად სპეციალისტები სამსახურის დაკარგვის შიშსა და დაწინაურების პერსპექტივის ნაკლებობას/არარსებობას ასახელებენ. რისკ-ფაქტორად მიიჩნევა ასევე, რუტინული სამუშაოს შესრულება - ერთი და იმავე საქმის კეთება ხანგრძლივი დროის მანძილზე და დისბალანსი შესასრულებელი სამუშაოს მოცულობასა და მოცემულ დროს შორის - ცაიტნოტში მუშაობა აგრესიულად მოქმედებს ფსიქიკაზე. მიზეზთა შორის იკვეთება ჯანმრთელობისა და ფსიქიკური განწყობისთვის შეუსაბამო სამუშაოზე თანხმობაც. მაგალითად, ბევრ ადამიანს სიმაღლის დაუძლეველი შიში აქვს, თუმცა, იმის გამო, რომ ოჯახი უზრუნველყოს, ამას არ ამჟღავნებს და დღეში რამდენიმე საათს სიმაღლეზე გამართულ მშენებლობაზე ატარებს... საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ერთ-ერთი ლიდერი იმ ფაქტორთა შორის, რომელიც თანამშრომლის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს, მოთხოვნასა და მინიჭებულ უფლებებს შორის დისბალანსია. მიზეზთა შორის ასევე, მოიაზრება არასათანადო ფიზიკური გარემო, მათ შორის, ხმაური, რაც საქმის არაეფექტიანი წარმოების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ამ დროს დასაქმებულს უჭირს კონცენტრირება, შესაბამისად, საქმეს ცუდად ან საერთოდ ვერ აკეთებს და ხდება არაპროდუქტიული. ამას მოჰყვება გაღიზიანება და თანდათან ფსიქიკური მდგომარეობაც უარესდება (კანონის მიხედვით, სამუშაო სივრცეში ხმაურის მაქსიმალური ზღვარი 80 დეციბალია. დასაქმებულს უფლება აქვს მსგავს ხმაურიან გარემოში უწყვეტი 8 საათის მანძილზე იმუშაოს. ყოველი სამი ბალის მომატების შემთხვევაში, ხმაურის ინტენსივობა ორმაგად იმატებს. შესაბამისად, მით უფრო ნაკლები უნდა იყოს ხმაურიან გარემოში ყოფნის მონაკვეთიც. მაქსიმუმია 130-135 დეციბალი. მსგავს ხმაურში ადამიანს მხოლოდ წამის მეათასედებში ყოფნის უფლება აქვს). ფსიქოლოგიურ გადაღლასთან პირდაპირაა დაკავშირებული დასვენების შესაძლებლობის არარსებობა. ხშირად თანამშრომელს ისეთი საქმე ეკისრება, რომლის შესასრულებლადაც ოფისში ყოფნა სავალდებულო არ არის, საქმის შესრულება სახლში ან თუნდაც, ბუნებაში შეუძლია, თუმცა, გაურკვეველი მიზეზით, მას სამუშაო ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვს. სტრესულ გარემოს აყალიბებს კონფლიქტური სიტუაციები, არაკოლეგიალური დამოკიდებულებები, დისკრიმინაცია. ადამიანები დაცინვის ობიექტები ხდებიან არა მხოლოდ კანის ფერის ან ორიენტაციის, არამედ ფიზიკური ნაკლის გამოც. ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევის მიზეზად შესაძლებელია, არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა მივიჩნიოთ (შრომის კოდექსის მიხედვით, ესაა პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი პირობების შექმნას, რომელიც ანალოგიურ პირობებში მყოფ პირებთან შედარებით, მის მდგომარეობას აუარესებს. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. თუ სექსუალური შევიწროების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვენ, ბათილად უნდა ცნონ გათავისუფლების ბრძანება, დათხოვილი სამუშაო ადგილზე აღადგინონ და დადგეს სამართლებრივი შედეგები).

სპეციალისტების შეფასებით, ჯანსაღი ფსიქიკური გარემოს არარსებობა ცუდი მენეჯმენტის ნიშანია. როცა დასაქმებული დამსაქმებელს უხსნის, რომ დაკისრებული დავალების შესასრულებლად არ არსებობს პირობები, დამსაქმებელი, როგორც წესი, პასუხობს, "თუ "მაგარი" ხარ, შეასრულებ". შესაძლოა, ეს დავალება მართლაც შესრულდეს, თუმცა, ბუნებრივია, დასაქმებულის ფსიქოემოციური გადაძაბვის ხარჯზე... გამოდის, რაც რეალურად მენეჯერის მოსაგვარებელია, ამ პრობლემასაც დასაქმებულის პრობლემად მიიჩნევენ და მას სტრესულ გარემოში მუშაობას აიძულებენ. შედეგი ორგვარი შეიძლება დადგეს: ან გაუარესდება ფსიქიკური ჯანმრთელობა (რომელსაც არასოდეს აღვიქვამთ ჯანმრთელობის შემადგენელ ნაწილად), ან დასაქმებული გახდება ფუქსავატი, რომელიც მხოლოდ მოჩვენებითად იმუშავებს. რეგულაციების გაუმჯობესებაზე გავლენას არაჯანსაღი საზოგადოებრივი მიდგომებიც ახდენს. კატასტროფულად იმატებს იმ ნივთისა თუ მომსახურების ფასი, რომლის შრომის ბაზარზე გამოყენებასაც კანონი დაარეგულირებს... მაგალითად, როცა კანონი დამსაქმებელს მუშის ჩაფხუტით აღჭურვას ავალდებულებს, იმ ჩაფხუტის ფასი მეორე დღესვე ათმაგდება... იგივე ხდება ტრენინგის შემთხვევაშიც... სამწუხაროდ, მსგავს ინიციატივებს კონკრეტული ადამიანები გამდიდრების საუკეთესო საშუალებად აღიქვამენ, არავინ ფიქრობს მდგრად შედეგზე...

საქართველო მიერთებულია შრომის უფლებათა მარეგულირებელ საერთაშორისო აქტების უმრავლესობასთან. მოცემულ ხელშეკრულებებზე მიერთებით საქართველომ გამოხატა მათი დაცვის ნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულებები გასათვალისწინებელია ქვეყანაში მოქმედი ყველა ბიზნესკომპანიისათვის, ისევე, როგორც ფიზიკური პირების, სხვა ორგანიზაციისა და სახელმწიფო უწყებებისთვის. თუმცა, რეალურად, მხარდაჭერის გამოხატვის კეთილი ნება ინდივიდებამდე დადის. კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, პრობლემის მოგვარება არც ისე რთულია.

ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის ასისტენტად მუშაობისას სოფიოს საშუალება მისცეს, დილის ნაცვლად საღამოს ემუშავა, მაშინ, როცა გაცილებით დაბალ პოზიციებზე მსგავსი ხელშეწყობა ვერ მოხერხდა. ჯანსაღი გარემოს შექმნა და შესაბამისად, თანამშრომლის უფრო პროდუქტიული საქმიანობა კონკრეტული პიროვნებების ხედვასა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამის ორგანიზაციული კულტურა, სამწუხაროდ, თითქმის არ არსებობს.

დასტრესილი თანამშრომელი ავტომატურად ნიშნავს, რომ მენეჯმენტი შორსაა სრულყოფილებისგან. დღეს ამ მხრივ საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს. თანამშრომლები, პრაქტიკულად არასოდეს არიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც თითქოს "ზედა რგოლის" კომპეტენციაა, მაგრამ რეალურად "ქვემოდან" უნდა დაიწყოს. შშმ პირებისთვის საოჯახო საცხოვრისების მფლობელი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელს, მაია შიშნიაშვილს ჯანსაღი ფსიქიკური გარემოს შექმნის შესახებ თეორიული ცოდნა არსად მიუღია. ამბობს, რომ მანამ, სანამ დადებით შედეგებს მოიმკიდა, დიდი მენეჯმენტის გრძელი პროფესიული გზა გაიარა. "შევცვალე საკუთარი დამოკიდებულებები, რამაც შედეგად მოიტანა თანამშრომელთა კმაყოფილება, გაკეთებული საქმითა და მიღწეული შედეგით ტკბობა. ეს არსად მისწავლია, უბრალოდ, ფიქრი დავიწყე და პრობლემის გადაჭრის გზებს თავად მივაგენი. შევცვალე სტრატეგია, მაგალითად, თანამშრომლებს დავალებებს მათი ძლიერი მხარეების მიხედვით ვარგებ. "თუ არ გამოგდის, გაიგე რატომ არ გამოგდის და რაში გჭირდება მხარდაჭერა" - ეს არის ჩვენი მითითება და არა: "თუ ვერ აკეთებ, წადი!" დავნერგეთ თანამშრომელთა წამახალისებელი ღონისძიებები. მაგალითად, დაბადების დღეების საჯაროდ მილოცვისა და მადლიერების გამოხატვის ტრადიცია. თანამშრომელთა ტრადიციული პერიოდული შემოწმების ნაცვლად დაინერგა ტრენინგები. ამის საშუალებით ისინი შემოწმების ნაცვლად წინასწარ სწავლობენ საქმის სწორად წარმოებას. ეწყობა ექსკურსიები, არსებობს სამუშაო გარემოს ერთი დღით ქალაქგარეთ გადატანის მაგალითები".

მნიშვნელოვანია, მენეჯერებმა თანამშრომლები გუნდის წევრებად, პარტნიორებად განიხილონ. შეცდომაა პრობლემების გადაჭრის გზების "ზემოდან" კარნახი. ქვემდგომი ამის შესახებ თავად უნდა დაფიქრდეს და მისი აზრი ჯგუფური მსჯელობისას გამოხატოს. ამ შემთხვევაში ის გრძნობს, რომ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წევრია, რომ შემდგომი გადაწყვეტილება მის ფიქრსა და მოსაზრებას ეფუძნება. გადაწყვეტილების თანამშრომლების გარეშე მიღებისას კი ძალები არასწორი მიმართულებით იხარჯება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი ხდება რეგულარული ღამისთევაც. ძილის დარღვევის ანუ ინსომნიის 70-მდე სახეობა არსებობს. ტერმინი გულისხმობს ჩაძინების გაძნელებას, ძილის სიღრმისა და ხანგრძლივიბის შემცირებას. არსებობს ინსომნიის მწვავე და ქრონიკული ფორმები. ეს უკანასკნელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა. სრულფასოვანი ძილი პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას. ღამის ძილი ხელს უწყობს ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ გამძლეობას. მისი დარღვევა კი ემოციურ ლაბილობას, ასთენიას, დეპრესიას, თავის ტკივილს, მეტაბოლოზმის დარღვევებს, სიმსუქნესა და ენდოკრინოპათიებს, გასტროინტესტინალური, კარდიოვასკულური, იმუნური სისტემების დარღვევებს იწვევს. მოზრდილი ადამიანის ღამის ძილის ხანგრძლივობა 7-9 საათი უნდა იყოს. ღამის ცვლაში ან ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი მუშაობა ძილის დარღვევის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. რეგულარული 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი უამრავი დაავადების გამოწვევის წინაპირობაა, მათ შორის, წამყვანია ნევროლოგიური და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები. კანონის მიხედვით, სამუშაო საათები არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს კვირაში და გამოყოფილი იყოს კვირაში მინიმუმ ერთი დასვენების დღე. დამატებითი სამუშაო საათებით დატვირთვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, არ აღემატებოდეს 12 საათს კვირაში და ანაზღაურდეს პრემიალური ანაზღაურების ოდენობით. თუმცა, შრომის კანონს ხშირად თავად დასაქმებულები არღვევენ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ექიმები, განსაკუთრებით კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებში მომუშავე ექიმები ხშირად "გადაბმით" მორიგეობენ, ღამენათევები კი დილით კლინიკებსა და პოლიკლინებში აგრძელებენ მუშაობას. სპეციალისტების განმარტებით, ღამით უძილობას მოსდევს ძილიანობა დღისით, ანუ ნარკოლეფსია. ამ დროს სახიფათოა ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დადასტურებულია, რომ ავტოავარიების ყოველ მეხუთე შემთხვევას მძღოლის ჩაძინება იწვევს. აღსანიშნავია, რომ ექიმებისაგან განსხვავებით, ვისაც კანონის თანახმად ყოველი ნებაყოფლობითი დამატებითი სამუშაო დღე ფინანსურად უნაზღაურდებათ, დამატებითი სამუშაო დღეები ანაზღაურებადი არ არის პოლიციელებისთვის.

ამა თუ იმ ქვეყანაში ჩშღ-ის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი სათანადოდ განვითარებული ბიზნესსექტორი და საზოგადოებრივი ცნობიერების მაღალი დონეა. ამიტომ, დასავლეთის მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში ის ბევრად უფრო ფართოდაა დანერგილი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები კი ამ თვალსაზრისით, შედარებით ჩამორჩებიან და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. თანამშრომელთა წახალისების კუთხით ჩვენს ქვეყანაში ძალიან ნელა, თუმცა, ნაბიჯები მაინც იდგმება. მართალია, მეტად მცირე რაოდენობით, მაგრამ არსებობს კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით საკმაოდ ქმედით ღონისძიებებს ახორციელებენ. ქართულმა საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიამ თანამშრომელთა სწავლება-განვითარების მიზნით სამეტაპიანი გეგმა შეადგინა: ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა, პრობლემების გაანალიზება და მათი გამოსწორების გზების დადგენა. პრობლემების გაანალიზების საფუძველზე კომპანიამ თანამშრომლებს შესთავაზა ინგლისური ენის უფასო კურსები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პირველადი დახმარების პერიოდული ტრენინგი და შრომითი უსაფრთხოების საკითხების თანამშრომლებისთვის სწავლება. შედეგად, კომპანიის თანამშრომელთა 95% ინგლისურ ენას საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობს, მექანიკური სამუშაო ავტომატიზებული გახდა და თანამშრომლებს ინფორმაციის კომპლექსურად დამუშავების საშუალება მიეცათ. მომსახურების კომპანიაში თანამშრომელთა საჭიროებების შესახებ ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობას ამჯობინებდა. პროექტი განხორციელდა და მისი წარმატების საზომი სამუშაოს მაღალი შედეგები და თანამშრომელთა კმაყოფილებაა, რის გამოც პროექტმა მუდმივი სახე მიიღო. ქართული სამედიცინო კორპორაციის პროექტის მიხედვით, თანამშრომლებს, ვინც თამბაქოზე თავის დანებების სურვილი გამოთქვა, საშუალება მიეცათ სრულიად უსასყიდლოდ მიეღოთ პროფესიონალი ექიმებისა და ფსიქოლოგების დახმარება და მედიკამენტური მკურნალობა. თანამშრომლები, ვინც შეძლებენ მოწევისთვის თავის დანებებას, კომპანიისგან წამახალისებელ საჩუქრებს იღებენ. ჩართული თანამშრომლების 27%-მა შეძლო საბოლოოდ ეთქვა უარი მავნე ჩვევაზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, განვითარებულ ქვეყნებში თანამშრომლებზე ზრუნვის სისტემა ბევრად ადრეა დანერგილი და შესაბამისად, განვითარებულიც. ერთ-ერთი ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია უფასოდ ამარაგებს თანამშრომლებს ორგანული ხილითა და რძით, ხოლო კვირაში სამჯერ ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო საათებში ჯანსაღი კვებაა უზრუნველყოფილი. კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს მრავალფეროვან სპორტულ პროგრამას (ფეხბურთი, ცურვა, ბადმინტონი, სირბილი, ველოსპორტი და ა.შ.). გარდა ამისა, დღის განმავლობაში თანამშრომლებს საშუალება აქვთ აღიდგინონ ძალები მოკლე, ოცწუთიანი აღდგენითი ძილის მეშვეობით. სამუშაო სივრცე მორთულია ფოთლოვანი მცენარეებით, რაც შინაურულ, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ნორვეგიული კომპანიის მფლობელები ცდილობენ სამუშაო იყოს სახალისო და კარგად დაბალანსებული თანამშრომლების პირად ცხოვრებასთან. კომპანია უზრუნველყოფს თითოეულ თანამშრომელს მობილური ტელეფონითა და სწრაფი ინტერნეტით სახლის პირობებში. არ უთვლის, რამდენ დღეს ატარებენ სახლში ავად გახდომისას ან შვილის საჭიროებების გამო. პოლონურმა სამშენებლო კომპანიამ შექმნა შიდასოციალური ფონდი, რომლითაც აფინანსებს თანამშრომლებისთვის კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებს ან საშობაო ვაუჩერებს. თანამშრომლებს აქვთ სტაბილურობისა და კომპანიასთან მიკუთვნების განცდა, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მათ განწყობასა და სამუშაო შედეგებზე, ამცირებს გადინების მაჩვენებელს. ესპანური კომპანია, რომელიც ქიმიურ სექტორში მოღვაწეობს, თანამშრომლებს, ვინც კომპანიაში სამ წელზე მეტია მუშაობენ, სთავაზობს შესაძლებლობას, გახდნენ კომპანიის აქციონერები, შესაბამისად, მიიღონ მონაწილეობა აქციონერთა შეხვედრებში და მიიღონ მოგების შესაბამისი ნაწილი. კომპანიას შემუშავებული აქვს თანამშრომლების უწყვეტი სწავლების პოლიტიკა, მოქნილ სამუშაო საათებს სთავაზობს ბავშვებიან ქალებს და ნიშნავს მათ ხელმძღვანელ პოზიციებზე (მენეჯერების მესამედი კომპანიაში ქალებია). კომპანიას შემუშავებული აქვს სასწავლო გეგმა თანამშრომლების შვილებისთვის, რომელთაც აინტერესებთ საზაფხულო სტაჟირების გავლა. მცირე რუმინული კომპანია თანამშრომლების შვილებს, მათი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე, ფულად ჯილდოს გადასცემს. რუმინული კომპანიის გენერალური მენეჯერი კვირაში ერთხელ, შეხვედრაზე იწვევს კომპანიის ყველა თანამშრომელს. ისინი ერთად ავლენენ პრობლემას, განიხილავენ მას და გადაწყვეტის გზებს ერთობლივად ეძებენ. კომპანიის მართვის სტილი ცალსახად მონაწილეობითია. ადამიანები თავად იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რადგან მათ აქვთ საშუალება თავისუფლად იაზროვნონ და მიიღონ გადაწყვეტილებები. სლოვენიური კომპანიაში ყველა თანამშრომლისთვის დღეში ორჯერ დაწესდა ათწუთიანი აქტიური შესვენება - ფიზიოთერაპევტის მიერ შემუშავებული პროგრამა. ტარდება გასვლითი დღეები (ექსკურსიები, ლაშქრობები ან თხილამურებით სრიალი). "რატომ ვიქცევით ასე? გვჯერა, რომ უკეთესი სამუშაო პირობები და ეთიკური პოლიტიკა თანამშრომლების მიმართ კომპანიის ეფექტიანობას და ინოვაციურობას უწყობს ხელს. ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ვიზრუნოთ, პირველ რიგში, თანამშრომლებსა და მათ პოტენციალზე, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ისინი ჩვენს გარემოში ატარებენ და კომპანიის წარმატებისთვის იღწვიან. ასევე, ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და გუნდური ხედვა, კარგი სამუშაო ჩვევები და შემოქმედებითი თანამშრომლობა. თანამშრომლების კმაყოფილება, მოტივაცია, ლოიალობა და პროდუქტიულობა კომპანიის წარმატებისა და მისი კონკურენტული უპირატესობის ძირეული ფაქტორებია".

საქართველო რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინიციატივის წევრია, რომელთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ჩშღ-ის განვითარება წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში ჩშღ-ის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე და მის სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრაციას. ასევე, ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას დასავლეთის მრავალ განვითარებულ თუ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანასთან. გარდა ამისა, ამით ქართულ მცირე და საშუალო კომპანიებს მსხვილი მულტინაციონალური კომპანიების მოწოდების ჯაჭვებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

შორენა ლაბაძე