"ვისაც ბევრი აქვს, ალბათ იმიტომ აქვს ბევრი, რომ არ ემეტება სხვისთვის..." - გზაპრესი

"ვისაც ბევრი აქვს, ალბათ იმიტომ აქვს ბევრი, რომ არ ემეტება სხვისთვის..."

დიდი ხნის წინ ერთი ამბავი მოვისმინე, რომელსაც მიზნობრივად, წინ წავუმძღვარებ რესპონდენტის - მარის ნაამბობს. თუ რატომ, ამას მკითხველი თავად მიხვდება: "ერთ დღეს ერთი კაცი სახლში გვიან დაბრუნდა, როგორც ყოველთვის, დაღლილი და დაინახა, რომ მას თავისი ექვსი წლის ვაჟი ელოდებოდა კართან.

- მამა, შეიძლება რაღაც გკითხო? - რა თქმა უნდა, რა მოხდა? - მამა, რამდენს იღებ გასამრჯელოს? - ეს შენი საქმე არაა და რატომ გაინტერესებს? - უბრალოდ, მინდა ვიცოდე. გთხოვ, მითხარი, რამდენს იღებ ერთ საათში? - 50 დოლარს. - მამა! შეგიძლია მომცე 300 დოლარი? - ამას იმიტომ მეკითხები, რომ მოგცე თანხა რაიმე სათამაშოს საყიდლად? - დაიყვირა მამამ, - ახლავე მომცილდი! არ შეიძლება იყო ასეთი ეგოისტი. მე მთელი დღე ვმუშაობ, სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები, შენ კი ასეთ შეკითხვებს მისვამ!

ბავშვი მშვიდად წავიდა თავის ოთახში და კარი ჩაკეტა, მამა კი იმავე ოთახში დარჩა და ყვირილი გააგრძელა... ცოტა ხნის შემდეგ ის დაწყნარდა და დაიწყო განსჯა: ეგებ მას მართლაც რაიმე აუცილებლის ყიდვა უნდა? კარგი, ჯანდაბას, მივცემ იმ 300 დოლარს, თანაც მას ხომ არასოდეს უთხოვია ჩემთვის ფული. მამა შევიდა ბავშვის ოთახში.

- შვილო, გძინავს? ძალიან ცუდად მოვიქეცი... მძიმე დღე მქონდა. აიღე ფული, რომელიც მთხოვე!

ბიჭი წამოდგა და გაიღიმა.

- მადლობა, მამა! - წამოიძახა აღტაცებულმა, მერე ბალიში ასწია, გამოიღო რამდენიმე დოლარი და მამას უთხრა:

- მამა, აქ ზუსტად 300 დოლარია. შეიძლება, მე ვიყიდო შენი სამუშაოს ექვსი საათი? გთხოვ, ხვალ უფრო ადრე მოდი სახლში, მე მინდა, ჩვენთან ერთად უფრო მეტხანს იყო..."

ახლა კი მარის ნაამბობი:

"მე ვარ მარი (მარეხი) მირუაშვილი, 35 წლის, ეტლით მოსარგებლე. ჩემი ბავშვობა არ იყო ისეთი ლაღი და უდარდელი, როგორიც სხვა ბავშვების, თუმცა იყო ლამაზი წლებიც. პატარა ვიყავი, 11-12 წლისა, დედა და მამა რომ დაშორდნენ. ეს მძიმე იყო ჩემთვის, მაგრამ იმდენს ვიაზრებდი, რომ ასე ჯობდა... ჩემი ასაკის კვალობაზე ბევრად მეტი მესმოდა. დედა სულ მუშაობდა. მე და ჩემმა ძმამ ერთმანეთი გავზარდეთ, ერთი წლით პატარაა ჩემზე. სულ ვცდილობდით, კარგად მოვქცეულიყავით, დედას ჩვენი დარდი რომ არ ჰქონოდა და მართლაც, გამოგვდიოდა. რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. დედმამიშვილობა ყველასთვის ტკბილია, ვიცი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა დედმამიშვილობაზე და ყველაფერზე მეტია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა! ძალიან წყნარი და მორიდებული ვიყავი, გამარჯობის თქმისაც მრცხვენოდა. ახლა ვფიქრობ, ეს კომპლექსი უფრო იყო. სკოლაში ნელ-ნელა გავიხსენი. რამდენიმე ისეთი კლასელი მყავდა, ვინც პარალელურად მეზობლებიც იყვნენ და ერთად გაზრდილებიც. გამორჩეულად მიყვარდა და მიყვარს ჩემი პირველი მასწავლებელი ლია ბერუაშვილი, მასაც ძალიან ვუყვარდი და ამას ვგრძნობდი. მახსოვს, ერთხელ მითხრა, რა ჩემხელა ასოებით დაგიწერიაო. მე ეს კომპლიმენტად მივიღე, მეგონა მასავით ლამაზად ვწერდი.

მე-9 კლასიდან გამოსვლა გადავწყვიტე, მინდოდა მესწავლა და მალე შემძლებოდა დედას დახმარება. ჩავაბარე კოლეჯში, ეკონომიკურის განხრით. მაგრამ ახალბედა, გამოუცდელი, 19 წლის ბუღალტრისთვის მაშინ სამსახური არ მოიძებნებოდა. ამიტომ დროებით დედასთან მუშაობა გადავწყვიტე, რადგან მინდოდა, ფული მქონოდა. ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებას, მინდოდა იურიდიული განათლების მიღება. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი უსამართლობას, ვინმეს დაცინვას ან დაჩაგვრას, მაგრამ ჩემი ოცნება დარჩა ოცნებად...

დედასთან მუშაობის პარალელურად დავდიოდი კომპიუტერის კურსებზეც. უკვე 21 წლის ვიყავი, როცა მომავალი მეუღლე, სერგო თოხაძე გავიცანი... თითქოს ჩვენი სიყვარული თავიდანვე ზეცაში იყო კურთხეული, რადგან დღემდე შეყვარებულები ვართ, ისევ ისე შევციცინებთ თვალებში ერთმანეთს, ისევ ისე ვიბუტებით... მგონი, არ გავზრდილვართ. სიამაყით ვივსები, როცა გვეუბნებიან, მისაბაძი წყვილი ხართო. თამამად შემიძლია იმის თქმა, როცა გასაჭირია, სიყვარული არსად იპარება, პირიქით, ძლიერდება, ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ! ჯანმრთელობაც დავკარგე, სახლიც, მატერიალურადაც გვიჭირდა და არც ახლა გვილხინს, მაგრამ ბედნიერები ვართ, არ ვწუწუნებთ, პირიქით - სხვებს ვამხნევებთ. ერთი წელი გაგრძელდა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი. მე 22 წლის ვიყავი, სერგო - 27-ის, როცა დავქორწინდით - 2006 წლის 11 ნოემბერს. 2007 წლის 10 აგვისტოს კი შეგვეძინა ჩვენი პრინცესა გვანცა. ისეთი ბედნიერები ვიყავით, ზოგჯერ შიში გამკრავდა გულში, ეს შიში კი არა, წინათგრძნობა ყოფილა, ამას მერე მივხვდი...

GzaPress 2 თვის მყავდა პატარა, სრულიად ჯანმრთელს ქვედა კიდურების დაბუჟება დამეწყო. ვიდრე გამოკვლევები გავიკეთე, 2 დღეში სრულიად პარალიზებული ვიყავი წელს ქვემოთ. დამიდგინდა იშვიათი დაავადება - ოპტიკური ნეირომიელიტი. იყო იმედი, აღდგენა მოხდებაო, მაგრამ უკვე 12 წელია, ეტლით ვსარგებლობ და მარტო რეფლექსები აღდგა... გავყიდეთ ბინა, დავრჩით ქუჩაში... არ მინდოდა ეტლში ჩაჯდომა, მაგრამ მალევე გავიაზრე, ასე წინ ვერ წავიდოდი, შვილს ვჭირდებოდი, მეუღლეს, დედა მებრალებოდა, ამიტომ მოვიკრიბე ძალა და დავიწყე ყველას გამხნევება; თავი დავირწმუნე, რომ ისევ გავივლიდი. დღემდე მოვედი ჩემი ოჯახის სიყვარულითა და მხარში დგომით. ბევრი კაცი გარბის და ტოვებს ავადმყოფ შვილსაც კი, არათუ მეუღლეს... მაგრამ ასეთებს კაცები არ ჰქვიათ. მახსოვს, ერთხელ ტელევიზიით იყო გადაცემა, ბატონი კახისა და ქალბატონი ბელას სიყვარულზე. თქვენნაირი სიყვარული არ არსებობსო, - უთხრა ჟურნალისტმა კახის... როგორ გულზე მომხვდა, ვერ წარმოიდგენთ! თქვენ ჩემი მეუღლე და ჩვენი სიყვარული არ გინახავთ, ცნობილები რომ არ ვართ-მეთქი, - ისე მეწყინა, გეგონება, უნდა სცოდნოდათ ჩვენზე! დროთა განმავლობაში ეტლს მივეჩვიე, მაგრამ სულ ვამბობ, არ დავიმეგობრებ, რადგან მისი გადაგდება მომიწევს, მეგობარს კი არ აგდებენ-მეთქი! - მე ამის გულწრფელად მჯერა. ეტლმა თავისი დადებითი მხარეები დამანახვა. მან მასწავლა ადამიანების ცნობა: ბანალურად ჟღერს, შეიძლება, მაგრამ გაქრნენ ისეთი მეგობრები, ვინც მეგონა, სულ ჩემთან იქნებოდნენ... მადლობა უფალს ამისათვის, რადგან დარჩა რამდენიმე ნამდვილი მეგობარი და შევიძინე ახალიც, თანაც უანგარო; ეტლმა მასწავლა ფიქრი, რაც ადამიანს ზრდის, ასევე დამანახვა ჩემი უხილავი ნიჭი: ვქსოვ, ვაკეთებ სამკაულებს. 2015 წლის 21 ოქტომბერს მქონდა გამოფენა ერთი ძვირფასი ადამიანის დახმარებით, ესაა გოჩა გაგუა. გამოდის, ეტლს ბევრ რამეს უნდა ვუმადლოდე... მან დამაახლოვა უფრო მეტად უფალთან და უფალია, რომელიც ასე მაძლიერებს და ხელჩაკიდებული დამატარებს, სულ ვგრძნობ მის სიახლოვესა და მფარველობას.

იყო წლები, როცა მეუღლესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა - ესეც დავძლიეთ! ამხელა ძალას საიდან პოულობს ადამიანი, რომ გაუძლო ყველაფერს და თან დარჩე სრულ ჭკუაზე, არ ვიცი... არაა იოლი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ ცხოვრების ეს გამოწვევა წარმატებით ჩავაბარეთ... გამოჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებმაც იმედი ჩაგვისახეს - იმედი იმისა, რომ არსებობენ კეთილი და უანგაროებიც: მათ ჯერ ფინანსური დახმარება გაგვიწიეს, შემდეგ კი ჩვენი ოჯახის მეგობრები, გულშემატკივრები გახდნენ. ჰოდა, ყოველი ასეთი ადამიანი მავიწყებს იმ მწარედ გასახსენებელ დღეებს...

სულ სამი ოცნება მაქვს, ფეხზე წამოდგომის, საკუთარი ჭერის ქონისა და კიდევ ერთი ოცნება შვილს უკავშირდება... მეორე შვილის გამო ფეხზე გავლას არც დაველოდები, მიუხედავად იმისა, მშობიარობის შემდეგ ვარ ეტლში. ეს არ მაშინებს! მე მაშინებს დღევანდელი დღე, გაჭირვება და ქირით ცხოვრება... ძალიან რთულია, როცა სულ ხვალინდელ დღეზე გეფიქრება..."

P.S. და ახლა ისევ დასაწყისის გასააზრებლად, მარის მცირე მონათხრობს დავურთავ: "პატარები ვიყავით, მოდიოდა 3 მარტი, ე.წ. დედის დღე და გვინდოდა, მშობლისთვის ყვავილები გვეყიდა... ფული ძალიან ცოტა გვქონდა და როგორმე უნდა გვყოფნოდა. ვათვალიერებდით თაიგულს და ჩემმა ძმამ გახედა "ვენოკებს" - დიდი რომ იყო, მოეწონა. არ იცოდა, რისთვის იყო გამზადებული და მეძახის: აუ, ნახე, რამხელა და რა ლამაზია, ფული რომ გვქონდეს, დედას ამას ვუყიდდითო..."

ფული მარის ძალიან ესაჭიროება, ჯანმრთელობისთვის, შვილისთვის, ბინისთვის... ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვინც უანგაროდ სიკეთეშია ჩაბმული, მაგრამ მათ ბევრი არ აქვთ, ხოლო ვისაც ბევრი აქვს, ალბათ იმიტომ აქვს ბევრი, რომ არ ემეტება სხვისთვის... მე კი მინდა, ვინმემ მარისთვის იმდენი მაინც გაიმეტოს, ენთუზიაზმი და იმედი რომ არ გაუქრეს...

როლანდ ხოჯანაშვილი