"ვერასოდეს გახდებით მაგარი ჟურნალისტი, თუ პოლიტიკას გვერდს აუვლითო"
font-large font-small
"ვერასოდეს გახდებით მაგარი ჟურნალისტი, თუ პოლიტიკას გვერდს აუვლითო"
როგორ აალაპარაკა დამწყებმა ჟურნალისტმა სიტყვაძუნწი მხატვარი

რამდენიმე ეპიზოდი მინდა შემოგთავაზოთ ყოფილი ჟურნალისტის ცხოვრებიდან, რომლის პირველმა დამოუკიდებელმა, თუმცა არშემდგარმა ინტერვიუმ, მისი პროფესიაში დარჩენა სათუო გახადა. მაია მატიაშვილის ჟურნალისტური მოღვაწეობა მხოლოდ ექვს წელს გაგრძელდა, თუმცა საინტერესო ამბები მოგონებებში დარჩა.

აღფრთოვანებული და მოხიბლული
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბოლო კურსზე ვსწავლობდი, როცა შტატგარეშე კორესპონდენტად მიმიღეს ტელე-რადიოკომიტეტში - მაშინ ასე ერქვა, ერთი რადიო და ერთი ტელევიზია არსებობდა. რადიოგადაცემისთვის "ლილე" სიუჟეტებს ვამზადებდი, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა მასალას ოპერატორიც იღებდა. თუკი სიუჟეტი მეორე არხის გენერალურ დირექტორს, ნატო ონიანს მოეწონებოდა, რეზოლუციას დაადებდა და საინფორმაციო გადაცემაშიც გადიოდა. მაგალითად, ტელევიზიით გავიდა ავჭალის მეორე დამხმარე სკოლა-ინტერნატზე მომზადებული მასალა, სადაც სკოლაში მოწყობილი გამოფენა-გაყიდვა გავაშუქე. ძირითად ოპერატორთან ერთად, იცით, ვინ გამოგვყვა? - გია ჯაჯანიძე, მასაც ანდობდნენ ხოლმე კამერას, მაშინ ტელევიზიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. გია იყო ძალიან მონდომებული. როგორც კი ყურს მოჰკრავდა, ვინმე გადაღებაზე მიდიოდა, ყველას ეხვეწებოდა, გამოგყვებითო. ჰოდა, ყველანი მანქანით წავედით. ზუსტად არ მახსოვს, იმ დღეს გიამ რამე გადაიღო თუ არა, რადგან აღფრთოვანებული და მოხიბლული ვიყავი იმ ფაქტით, რომ წილად მერგო ტელევიზიაში ცხვირის შეყოფა (იცინის). საერთოდ, მინდოდა ხელოვნებასა და ქალის ფენომენზე მეკეთებინა სიუჟეტები, ოღონდ ქალი-სპორტსმენი და პოლიტიკა არ მიყვარს. ჩვენი ლექტორი გელა ზედელაშვილი, რომელიც ასაკით დიდად არ განსხვავდებოდა ჩვენგან და სტუდენტებთან მეგობრობდა, ასე გვეუბნებოდა: ვერასოდეს გახდებით მაგარი ჟურნალისტი, თუ პოლიტიკას გვერდს აუვლითო.

"კოვზი ნაცარში ჩამივარდა"
- "ლილე" იყო დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემა, სადაც გელა ზედელაშვილმა მიმიყვანა. მომცეს უფლება დამოუკიდებლად ამერჩია ნებისმიერი რესპონდენტი და ჩამეწერა ინტერვიუ. 1993 წელია, ჯერ კიდევ ის პერიოდი, როცა რადიო ოჯახებში კედელზეა ჩამოკიდებული და ყველა უსმენს. ოცნებებში წარმოვიდგინე, - აი, მოისმენენ ჩემს სიუჟეტს და დაიწყება ჟურნალისტის მომავალი საინტერესო ცხოვრება... ვიფიქრე და გადავწყვიტე, ერთი ცნობილი მსახიობი ჩამეწერა, რომელსაც ყველა მამსგავსებდა, ასე ვთქვათ, ჩემი გოგოობიდან დაწყებული. ამაში რაღაც სიმბოლური დავინახე. ისე ხშირად მეუბნებოდნენ, რომ სახე, ღიმილი, სიცილი ზუსტად მისი მსგავსი მქონდა, მეც თავში ჩამიჯდა. მომცეს მსახიობის სახლის ტელეფონის ნომერი და სანამ დავურეკავდი, მოვემზადე. ყველა წვრილმანი გავიაზრე (არ მიყვარს ზერელობა), წინასწარ ვინერვიულე კიდეც და დავრეკე. გავეცანი, ვთხოვე ინტერვიუ და ავუხსენი, რა კუთხით მაინტერესებდა მასთან საუბარი - ის მსახიობია, მაგრამ იმის იქით რა არის? ყველა ქალი ხომ განსხვავებულია, ინდივიდუალური და რაღაცით გამორჩეული... მისი პასუხის მწარე დედააზრი ახლაც მახსოვს. ხისტად და ცივი ხმით, დაახლოებით ასეთი რამ მითხრა: თქვენ რომ გაინტერესებდეთ თეატრი, ჩემი პროფესია და როლები, დაგელაპარაკებოდით, მაგრამ ამ თემაზე თავი შეიკავეთ და აღარ შემაწუხოთო. ყურმილი დაკიდა და დავრჩი გაოგნებული, არადა, მოწიწებით ვესაუბრე. პატარა გოგო ვარ. ისე განვიცადე, საერთოდ აღარაფერი მინდოდა, ინტერვიუს ხსენებაც კი. როგორ ვთქვა, რომ ვერ დავითანხმე, რატომ ვერ შევძელი, რა გავაკეთე არასწორად? განადგურებული ვიყავი. ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ საყვარელ მსახიობთან ინტერვიუ არ შედგებოდა. ასე ჩამივარდა კოვზი ნაცარში (იცინის). ჩემს ლექტორს არ ვეუბნებოდი, რაც მოხდა. არ მითქვამს, რომ მსახიობს დავურეკე. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ინტერვიუს აღარ გავაკეთებდი. რატომო? გაკვირვებული მეკითხებოდა. ბოლოს ყველაფერი მოვუყევი. რა თქმა უნდა, ამიხსნა, რომ უარი ასე ემოციურად არ უნდა მიმეღო, სხვა დარიგებებიც მომცა. პირველი ინტერვიუ ერქვა და ამიტომ იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაც პერიოდი ინტერვიუზე წასვლაზე კატეგორიულ უარს ვამბობდი. მაშინ ჟურნალისტიკას თავი დაანებე და სხვა რამე აირჩიეო, - მითხრა გელამ. ისევ მისი დაჟინებით წავედი პირველ ინტერვიუზე.
GzaPress
სიტყვაძუნწი მხატვარი
- ნიჭიერი ხელოვანი, მხატვარი შალვა მატუაშვილი სიტყვაძუნწი კაცია. მასთან სახელოსნოში გელა ზედელაშვილი და მე მივედით. გელამ სთხოვა წინასწარ, ახალგაზრდა კორესპონდენტთან ერთად მოვალო. მხატვარი დათანხმდა და მეც ინტერვიუსთვის მომზადებული წავედი. სახელოსნოში პატარა სუფრასთან რამდენიმე კაცი იყო შეკრებილი. მათ შორის ერთი ქალი ვიყავი, ჩემი სადღეგრძელო დალიეს და მომაყარეს კომპლიმენტები. მერე ყველა დაგვემშვიდობა, წავიდნენ და დადგა ჩემი ჯერი. შალვას დავუსვი შეკითხვები პროფესიაზე, გეგმებზე, ვკითხე ოცნებაზე... მითხრა, რომ ოცნებობდა თბილისში გაეხსნა სამხატვრო სკოლა ბავშვებისთვის და ლამაზად ჩამოაყალიბა კონცეფცია. იმ მძიმე წლებში, მისი მიზნის განხორციელება წარმოუდგენელი იყო. მხატვარი თანდათან მოვიდა საუბრის ეშხზე და როცა გაიგო, მეც კახელი (ქიზიყელი) ვარ, ცალკე შესვა კახეთის სადღეგრძელო. თავიდან ვფიქრობდი, გამიჭირდება სიტყვაძუნწი კაცის ალაპარაკება-მეთქი და ბოლოს ისე ავალაპარაკე, ვამღერე კიდეც ნუნუ დუღაშვილის "ირმების გადმოსახედო, კახეთო, ჩემო კახეთო". ჩემს სიამაყეს საზღვარი არ ჰქონდა. ინტერვიუ ამ სიმღერით დავაგვირგვინეთ. სანამ დავურეკავდი იმის სათქმელად, როდის გავიდოდა სიუჟეტი, თავად დამირეკა და მთხოვა, რომ მისი ნამღერი ეთერში არ გამეშვა. დავთანხმდი, რა თქმა უნდა. მასალას როცა ვამონტაჟებდი, სამონტაჟოში ჯულიეტა ვაშაყმაძესთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა. ქალბატონი ჯულიეტა იქ სამუშაოდ შემოვიდა. ცნობილმა დიქტორმა თბილად შემომხედა და მომესალმა, ძალიან მოსიყვარულე ქალია, საოცრად თავმდაბლად იქცეოდა. მხატვრის მასალა დავამონტაჟე სიმღერასთან ერთად, ძალიან მოუხდა სიუჟეტს და როგორ დამეკარგა? მიცემული პირობა არ შევასრულე და ასე გავიდა ეთერში. ცოტა თავხედობა გამომივიდა, მაგრამ სიმღერა მხოლოდ დადებითად წარმოაჩენდა შალვა მატუაშვილის პიროვნებას და რატომაც არა? მხატვარი არ შემხმიანებია, არ ვიცი, ის სიუჟეტი საერთოდ მოისმინა თუ არა...
P.S. მაია მატიაშვილს მსახიობ ქალბატონზე გაბრაზებამ არც ისე მალე, მაგრამ გაუარა და ახლაც, ხშირად დადის მის სპექტაკლებზე.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2189 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი