"ხმაური იწვევს ბევრ დაავადებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანს კლავს" - გზაპრესი

"ხმაური იწვევს ბევრ დაავადებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანს კლავს"

როდესაც ბინის ყიდვას გადაწყვეტთ, სავარაუდოდ, ბევრი თავსატეხი გიჩნდებათ - რამდენად სანდოა სამშენებლო კომპანია, დაასრულებს თუ არა მშენებლობას და თუ დაასრულებს, რამდენად ხარისხიანად, თეთრი კარკასი სჯობს თუ შავი, როგორ უნდა გაიყვანო მილები და კაბელები უსაფრთხოდ და ა. შ. ჯონი სამხარაძე, მშენებლობის ტექნოლოგი, 8 წელია უკვე ამ სფეროში მუშაობს და ამ კითხვებზე პასუხების გარდა, სხვა არაერთ სასარგებლო რჩევას გვაძლევს.

- 7 წელი ვმუშაობდი მშენებლობის მენეჯმენტისა და ხარისხის კონტროლის მიმართულებით, რაც მშენებლობის დაგეგმვას, კოორდინაციას, მონიტორინგსა და ხარისხის კონტროლს გულისხმობს. პროექტთან მიმართებაში თუ რამე შეუსაბამობა იყო, წინასწარ ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება სამშენებლო კომპანიებისთვის, საწყის ეტაპზევე რომ შეუსაბამობები აღმოფხვრილიყო. ბევრი მშენებლობა მინახავს, სადაც შეუსაბამობა იყო პროექტთან და სამშენებლო სტანდარტებთან მიმართებაში, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიწისძვრის დროს ისინი აუცილებლად ჩამოიშლება. მშენებლობის დროს, გარდა იმისა, რომ სამშენებლო კომპანიის მიერ სამშენებლო სტანდარტებისა და პროექტის მოთხოვნების დაცვა უნდა მოხდეს, უმნიშვნელოვანესი ასპექტია პროექტირების საფუძვლები, რის შესახებაც ინფორმაციას გვაწვდის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა. ეს კვლევა ყველა შენობას ცალ-ცალკე უნდა ჩაუტარდეს. არსებობს სამშენებლო ბაზარზე მაგალითები, როდესაც სამშენებლო კომპანიას თუ დამკვეთს არ სურს საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხა ჯდება და მშენებლობას ახორციელებენ გამოცდილების საფუძველზე, რაც ცალსახად არასწორი და საშიში მიდგომაა. გარდა კონსტრუქციული მდგრადობისა, შენობას დამატებით ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს, როგორიცაა ხმისა და თბოიზოლაცია, რაც ერთი მხრივ, საშუალებას გვაძლევს, შენობას ნაკლები საექსპლუატაციო ხარჯები ჰქონდეს და მცხოვრებლებს აღარ შეაწუხებთ არასასურველი ხმაური, ხოლო მეორე მხრივ, ბუნებაში მოხდება ნახშირორჟანგის ნაკლები ემისია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ მეტად სამწუხარო სიტუაციაა სამშენებლო ბაზარზე - ერთი მხრივ, მომხმარებელი არ არის სათანადოდ ინფორმირებული ამ ყველაფრის შესახებ და მეორე მხრივ, სამშენებლო კომპანიების უდიდესი ნაწილი სათავისოდ იყენებს პოტენციური დამკვეთების ნაკლებად ინფორმირებულობას. დღეს მშენებლის პატიოსნება პირდაპირპროპორციულია სამშენებლო ხარისხის.

GzaPress- ესე იგი, თუ უკვე დასრულებულ კორპუსში ვიყიდი ბინას, ვეღარ გავიგებ რამდენად კეთილსინდისიერად არის ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები? მშენებლობის პროცესს პერიოდულად არავინ ამოწმებს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. მეტად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს მშენებლობის ხარისხი მხოლოდ მშენებლის პატიოსნებაზეა დამოკიდებული, რამეთუ სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს კონტროლის სწორი მექანიზმი და არავინაა ვალდებული, რომ მშენებლობის კონტროლი განხორციელდეს დამოუკიდებელი ექსპერტებისა თუ საექსპერტო ბიუროების მიერ. საბოლოოდ, ნებართვის გამცემი ამოწმებს შენობის იერს და გაბარიტებს, ლიფტის ექსპლუატაციაში გაშვების აქტს და მხოლოდ ამის საფუძველზე იბარებს შენობას ექსპლუატაციაში. ანუ პოტენციურად შესაძლებელია, რომ შენობა იყოს კონსტრუქციულად არამედეგი, თუმცა იმის გამო, რომ ვიზუალურად ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ეს პროექტშია, სამშენებლო ნებართვის გამცემი მას ექსპლუატაციაში მიიღებს.

სხვა განვითარებულ ქვეყნებში არსებობს დამოუკიდებელი ექსპერტის ინსტიტუტი. ექსპერტი პერიოდულად ამოწმებს მშენებლობას, ყოველ ეტაპზე იბარებს შესრულებულ სამუშაოს და ბოლოს, თუ ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა, ხელს აწერს დასკვნას, რომ შენობის მედეგობას საფრთხე არ ემუქრება. 5 და 10 წელიწადში შენობას თუ რამე დაემართა, პასუხს, პირველ რიგში, მოსთხოვენ ექსპერტს და მშენებელს. თუ ვინმე დაშავდება, ანაზღაურებაზეც ისინი არიან პასუხისმგებლები. ჩვენთან კიდევ რა ხდება? ვინ არის პასუხისმგებელი შენობების მდგრადობაზე? სამშენებლო კომპანია, რომელსაც ალბათ 5 წლის შემდეგ ვეღარც იპოვით. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო, როგორც სამშენებლო, ასევე სხვა სფეროებში მინიმალურად უნდა ჩაერიოს, თუმცა უნდა შექმნას კანონი, რომლითაც სამშენებლო ბაზრის მონაწილეებს დაავალდებულებს, რომ დაიქირაონ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც შეამოწმებენ ყველა მშენებლობას იმავე პრინციპით, როგორც მოხდა ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება. სამწუხაროდ, დღეს მყიდველების უდიდესი ნაწილი უყურებს მხოლოდ ფასადს და იმას, თუ რამდენი ოთახი გამოუვა კონკრეტულ კვადრატულობაში. ეს არ არის გადაწყვეტილების მიღების რაციონალური კრიტერიუმი; უნდა ვიცოდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იერი, არამედ ის, თუ რა იმალება ამ საფუძვლებში.

ცალკე საუბრის თემაა სარემონტო სამუშაოები, სადაც უმეტეს შემთხვევაში, ისე გამწარებული ჰყავხარ ხელოსანს, მისი მოკვლა გინდა, მაგრამ ვერ კლავ და ბოლოს მაინც მადლობას უხდი, რომ კეთილი ინება და დაასრულა. თუ 2 თვის დაგვიანებით ჩაგაბარათ სახლი, ხომ გაგიმართლათ და თუ არა, შეიძლება გაგიქირავოთ კიდეც ბინა - ასეთი შემთხვევებიც მქონია. ერთ ხელოსანს 2 წლის განმავლობაში ჰქონდა ბინა გაქირავებული. ქალბატონმა დამირეკა, 10 დღეში ჰოლანდიიდან ჩამოვდივარ, რემონტის გაკეთება მინდა, შევხვდეთ და შევთანხმდეთო. შეხვედრისას მითხრა, რომ ჩემამდე ვიღაც გივის მისცა ფული და რემონტის დასრულებას ელოდებოდა, "მალიარკა" უნდა გაეკეთებინა. ზამთარში მეუბნება, რომ ძალიან ცივა და არ შრება, ზაფხულში სიცხეა, ვერ ვმუშაობო და ამასობაში 2 წელი გავიდა. 3 კვირის განმავლობაში სახლის მეპატრონე პოლიციის მეშვეობით უშედეგოდ ცდილობდა სახლის გათავისუფლებას და გივისგან თავის დაღწევას. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა ალბათ, გივი და სხვა მსგავსი ხელოსნები ასე ბევრს ამწარებენ. ყველაზე კურიოზული, იცით, რა იყო ამ ამბავში? გივიმ თქვა, კი არ ვაქირავებდი ამ ბინას, არამედ კერია რომ არ გაცივებულიყო, ჩემი ნათესავები ჩამოვიყვანე და აქ ვაცხოვრებდიო. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი პატიოსანი და პროფესიონალი ხელოსანი, ისევე როგორც სამშენებლო და სარემონტო კომპანიები, თუმცა სამწუხაროდ, ცუდი შემსრულებლები იმდენად ბევრია და ნდობა იმდენად შერყეულია, რომ რემონტი ჯოჯოხეთის პროცესთან არის გაიგივებული ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

- ესე იგი, ხელოსნებიც გულდასმით უნდა შევარჩიოთ. ახლა მითხარით, რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შეძენისას?

- აუცილებლად უნდა შეამოწმოთ მშენებლობის დაწყებისა და დასრულების ვადები. თუ სტანდარტული ტიპის, დაახლოებით 12 სართულამდე მშენებლობა უკვე 2-3 წელზე დიდხანს მიმდინარეობს და სამუშაოების დიდი ნაწილი შეუსრულებელია, უმეტეს შემთხვევაში, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ სამშენებლო კომპანიას აქვს ფულადი რესურსების პრობლემა და ნაკლებად სანდოა. შეამოწმეთ მშენებლობის ნებართვა, ეს შესაძლებელია საკადასტრო კოდის ცოდნით ან თუ უკვე დასრულებულია კორპუსი, მაშინ მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტი მოითხოვეთ. ასევე, თუ ბინას ყიდულობთ უბრალოდ ფიზიკური პირისგან, შეამოწმეთ, რამე ვალდებულებები ხომ არ აქვს, რაც ახალ ამონაწერში გამოჩნდება. გაარკვიეთ ახლო მდებარე მშენებლობების ფასები და თუ თქვენი ფასი გაცილებით ნაკლებია, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სამშენებლო კომპანია ფინანსურად გაიჭედა, ანუ რაღაცაში კარგად არ არის საქმე. შეხედეთ რკინაბეტონის კოლონებს და რიგელებს, თუ ჩანს არმატურა ან/და ზედაპირზე შეინიშნება ე.წ. ჩაშკები უსწორმასწოროა, ე.ი. ხარისხი მთლად კარგი არ არის. აუცილებლად შეამოწმეთ პარკინგის სართული, რადგან იქ არის როგორც კოლონა, ასევე რიგელი და კედელი უმეტესწილად მოუპირკეთებელია, ვიზუალურად ყველაფრის დანახვა შეიძლება. ნებისმიერ მშენებლობას უნდა ჰქონდეს ფარული სამუშაოს აქტები, სადაც დაფიქსირებული იქნება ყველა ის სამუშაო, რაც აღარ არის შემდეგ ხილული. მაგალითად, არმატურის განლაგება, თაბაშირმუყაოს ტიხრებში პროფილების სტრუქტურა, კაბელები ან სხვა კომუნიკაციები. აღნიშნული აქტები ხელმოწერილი უნდა იყოს როგორც შემსრულებლის, ასევე შესაბამისი ინჟინრის მიერ, სადაც ეთანხმებიან, რომ სამუშაოები შესრულებულია სამშენებლო ნორმების დაცვით. ეს ალბათ 95%-ს არა აქვს, მაგრამ მაინც. ფასადი უნდა იყოს დათბილული, 20 ან 30-იანი ბლოკი არ ითვლება ფასადის დათბუნებად, არც პემზის ბლოკია საუკეთესო ვარიანტი. საჭიროა, რომ ფასადი გარედან "დათბუნდეს" მასალით, რათა საბოლოო ჯამში ფასადის "სენდვიჩი" იყოს არაალებადი და არატოქსიკური. შიგნიდან "დათბუნებაც" შესაძლებელია, თუმცა ცუდია გარე "დათბუნებასთან" მიმართებაში. იატაკზე ან/და ჭერზე საჭიროა ხმის იზოლაცია, ასევე ტიხრებში, თუ არ გინდათ, რომ თქვენი პირადი ცხოვრება მთელმა სამეზობლომ იცოდეს და პირიქით, თქვენ არ იყოთ მათ პირად ცხოვრებაში გარკვეული. ხმაური იწვევს ბევრ დაავადებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანს კლავს. ხმის იზოლირებისთვის 300-400 ლარის გადახდა კი აშკარად რაციონალური გადაწყვეტილებაა.

პარკინგი თუ მიწის ქვეშაა, აუცილებლად უნდა იყოს ჰიდროიზოლირებული, წყალი რომ არ შემოვიდეს და იმავდროულად, არ დააზიანოს რკინაბეტონის კონსტრუქცია. ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს ხილვადი, მაგრამ იდეაში, მშენებლობის დროს ჩანს. შეამოწმეთ სახურავი და შეხედეთ, ვიზუალურად როგორ გამოიყურება ჰიდროიზოლაცია, რაც დამატებით წარმოდგენას შეგიქმნით. შეხედეთ სადარბაზოს მოპირკეთებას და ასევე ლიფტს, თუ ის დაბალფასიანი მასალებითაა მოპირკეთებული ან მოუწესრიგებელია, ეს ნიშნავს, რომ მშენებელი არის ნაკლებად კეთილსინდისიერი და ჩალიჩობს, რაც შეიძლება მეტი ფული დარჩეს. მნიშვნელოვანია, შენობას ჰქონდეს გამწვანება, ბავშვების სათამაშო მოედანი და ასე შემდეგ. შეეცადეთ მიაღწიოთ, რომ ხელშეკრულება კი არ იყოს მორგებული გამყიდველზე, არამედ თქვენი პოზიციებიც იყოს დაცული, მათ შორის, თუ მშენებელი დააგვიანებს ჩაბარებას, მაშინ ფულად ჯარიმას ითვალისწინებდეს. სიტყვაზე არავის ენდოთ. დაბოლოს, ზოგადად, როგორც მშენებლობის, ასევე რემონტის დროს, იფიქრეთ არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე, არამედ იმაზე, რომ თქვენ მოიხმაროთ ნაკლები ენერგია, ხმაურმა არ მოგკლათ, წყალი არ ჩამოგივიდეთ და ა.შ. მიაქციეთ ყურადღება კაბელებისა და მილგაყვანილობის ხარისხს, რასაც შემდეგ ძალიან ძნელად შეცვლით. შეიძლება, თქვენ ბინის შეძენისას ამ რჩევებიდან მხოლოდ ერთი ან ძალიან ცოტა გაითვალისწინოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

GzaPress

- ხშირად ბევრს ფიქრობ და არ იცი, რა გადაწყვეტილება მიიღო - შავი კარკასი ამჯობინო თუ თეთრი? - გირჩევთ, ყოველთვის იყიდოთ შავი კარკასი, მიზეზები არ არის სუბიექტური, რეალობაში სიტუაცია შემდეგია: წყლისა და გათბობის მილგაყვანილობა, რაც ე.წ. სტიაჟკაში ხვდება, მაღალი ხარისხის უნდა იყოს. კარგ რემონტს გააკეთებ და ბოლოს მიხვდები, რომ მილი, რომელიც სამშენებლო კომპანიამ ჩადო, დაბალი ხარისხისაა... ტიხრები გააკეთეთ თაბაშირმუყაოთი, სივრცესაც მოიგებთ და უკეთესი ხარისხიც გექნებათ, რადგან მინიმუმ უკეთესი ხმის იზოლაცია იქნება. კაბელები უნდა იყოს მინიმუმ ჩეხური ან გერმანული. ჩინური ან დაბალი ხარისხის თურქულ კაბელებს რომ ყიდულობენ, ჯამში 300 ლარის ეკონომიისთვის, არც ეს არის სასურველი. გაჯი არ არის საოცრება, მის გამოშრობას მინიმუმ 3 თვე სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ გარედან გეგონებათ, მშრალიაო, შიგნიდან მაინც სველია და მიმდინარეობს შრობის პროცესი. თანაც, გაჯით კარგად გალესილი კედლები არ მინახავს, გაჯის სპეციალისტები "გადაშენდნენ", ფაქტობრივად, ისევე როგორც დინოზავრები (იცინის). ჯამურად, ხარისხობრივად კარგ პროდუქციას მიიღებთ - თუ შავ კარკასს იყიდით და თვითონვე გაარემონტებთ, დარწმუნებული იქნებით იმაში, რაც გააკეთეთ.

- ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობისას, პირველ რიგში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- მილგაყვანილობა ისეთი რამაა, რაც ადამიანმა შეიძლება შეცვალოს 15-20 წელიწადში ერთხელ, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მილები კარგი იყოს. ძირითადად, ტენდენციები მეტალოპლასტმასის მილებისკენ იხრება. მათი უპირატესობა ისაა, რომ უფრო დიდი ხნის საექსპლუატაციო პერიოდი აქვთ, არ ხდება მათი გადაბმა და შესაბამისად, მისი დაზიანების შესაძლებლობაც პოტენციურად ნაკლებია, ვიდრე უბრალოდ უთოთი შედუღებული პლასტმასის მილების შემთხვევაში. არ დაუჯეროთ არავის, ვინც მილების ეკონომიას გთავაზობთ, ანუ ისეთი მოუწესრიგებელი ტრაექტორიებით გაატარებს მილებს, რომ სიგრძეში ნაკლები დაიხარჯოს. რაც უფრო მოწესრიგებული ტრაექტორიით იქნება გატარებული, მით მეტი იქნება მისი პოტენციური დაზიანების ალბათობა. მნიშვნელოვანია, მილები იყოს შეფუთული, ერთი მხრივ იმისგან დაგიცავთ, რომ ნაკლები თბოდანაკარგი ექნება და ასევე, დაიცავს დაზიანებისგან "სტიაშკის" დასხმის პროცესში. დამონტაჟების პროცესში მილის ბოლოები აუცილებლად უნდა დაილუქოს, რაც შეიძლება მარტივად განხორციელდეს ე.წ. სკოჩის გადახვევით, რათა მასში არ მოხვდეს მტვერი ან სხვა რამ. დაბოლოს, როდესაც მილგაყვანილობა მორჩება, აუცილებელია გადაიღოთ ვიდეო, სადაც ნათლად იქნება ასახული მილების ტრაექტორიები, ეს შემდგომში ბევრ პრობლემასა და საფიქრალს აგარიდებთ თავიდან. ამ ყველაფერს სჭირდება სმარტფონი, რომელიც ყველას გვაქვს და მაქსიმუმ 5 წუთი. ვიდეო შეინახეთ და ერთ დღეს აუცილებლად გამოგადგებათ ან გამოადგება სხვას. როდესაც მორჩება მილგაყვანილობა, აუცილებელად შევამოწმოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სპეციალისტმაც ყველაფერი კარგად გააკეთა და შემდეგ "სტიაშკის" დამსხმელმა ან მეტლახის ხელოსანმა არ დააზიანა მილი, თავიდან რომ არ მოგიხდეთ დანგრევა. ტესტირებისთვის დაგჭირდებათ მანომეტრი. ტესტირება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 48 საათი, თუმცა რეკომენდებულია, რომ მილები წნევის ქვეშ იყოს რემონტის დასრულების ბოლომდე. რაც შეეხება გათბობის ქვაბებს, ნუ იყიდით გაურკვეველი წარმოშობის ქვაბს. ქვაბი და მილგაყვანილობა სასურველია, შეიფუთოს და კარადაში მოექცეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის საოცრად ცივი კლიმატი და შესაძლოა, არც არაფერი მოუვიდეს, მაგრამ სჯობს თავი დაიზღვიოთ. ქვაბის მილს ნუ მიმართავთ იმ მიმართულებით, რომ მეზობლის ან თქვენს ფანჯარას უყურებდეს, რადგან გამონაბოლქვი საკმაოდ დიდ მანძილზე გამოიტყორცნება და თუ არ მოწამლავთ ვინმეს, მინიმუმ, სუნით შეაწუხებთ. ამიტომ გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობასაც.

თბილ და უსაფრთხო ზამთარს გისურვებთ.

ნინო ჯავახიშვილი