92 წლის ქალბატონის საოცარი აწმყო და წარსული - გზაპრესი

92 წლის ქალბატონის საოცარი აწმყო და წარსული

თამარ კალმახელიძეს მალე 92 წელი შეუსრულდება. ასაკის მიუხედავად, მხნედ გამოიყურება, ხშირად სტუმრობს სილამაზის სალონს, ვარჯიშობს, უყვარს სამკაულები, სუნამოები, დადის ექსკურსიებზე, ახლახან კი კომპიუტერის შესწავლა დაიწყო.

ინტერვიუს დაგეგმვისას ვიცოდი, წინ საინტერესო შეხვედრა მელოდა, მაგრამ მონათხრობმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემი რესპონდენტი წლების განმავლობაში მოსამართლედ მუშაობდა. რას იხსენებს იმ პერიოდიდან, რომელი პროცესი ახსოვს ყველაზე მძაფრად, რა განცდაა, როცა დახვრეტის განაჩენი გამოგაქვს და წლების შემდეგ, შენ მიერ სიკვდილმისჯილი ადამიანი ქუჩაში გხვდება? - ქალბატონმა თამარმა ეს ყველაფერი გულახდილად მიამბო.

- ახალგაზრდობაში ძალიან აქტიური ვიყავი. ცეკვა და სიმღერა მიყვარდა. სკოლაში სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი გახლდით, ცეკვის წრეზეც დავდიოდი. სკოლა წითელ მედალზე დავამთავრე, შემდეგ ინსტიტუტში ჩავირიცხე. პროფესიით იურისტი ვარ. მეორე კურსზე რომ ვიყავი, გავთხოვდი. ძალიან ბევრი მთხოვნელი მყავდა, მათ შორის ცუდი ბიჭებიც იყვნენ. მშობლებს შეეშინდათ, ცუდ გარემოში არ მოვხვედრილიყავი და როგორც კი ჩემი შესაფერისი თაყვანისმცემელი გამოჩნდა, გამათხოვეს. არაჩვეულებრივ ოჯახში მოვხვდი. კარგი მეუღლე მყავდა, თენგიზ კალმახელიძე, ის 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედამთილთან 37 წელი ვიცხოვრე. მისგან წყენა არ მახსოვს. მამამთილსაც ძალიან ვუყვარდი და მეც ორივეს უდიდეს პატივს ვცემდი.

ინსტიტუტში ძალიან კარგად ვსწავლობდი. როგორც კი სასწავლებელი დავამთავრე, მეორე დღესვე "ცეკაში" გამომიძახეს, სამხრეთ ოსეთში, საოლქო სასამართლოს წევრად გამიშვეს და არა - რიგით მოსამართლედ. იქ 11 წელი ვიმუშავე. დიდი ბრძოლის შედეგად წამოვედი. თბილისში დაბრუნება მინდოდა. ჩემი შვილი აქ სწავლობდა.

ერთი შვილი, ოთხი შვილიშვილი, 5 შვილიშვილის შვილი და 2 შვილიშვილის შვილის შვილი მყავს. აი, ამდენ თაობას მოვესწარი. ჩემი მონაგარით ბედნიერი ქალი ვარ. შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, მარტო რატომ ცხოვრობო? ჯერჯერობით საკუთარი თავის მოვლა შემიძლია. ყურადღება არ მაკლია, შვილი და შვილიშვილები, მათი შვილებიც ხშირად მოდიან. დილით უკვე იყვნენ, ცოტა ხანში ისევ შემოივლიან, საღამოსაც მოვლენ, აქვე, ახლოს ცხოვრობენ. საკუთარ თავს ვუვლი, არაფერს ვიკლებ. მოხუცი ვარ, მაგრამ სილამაზის სალონში ხშირად დავდივარ. ჩემი სტილისტი მყავს, პერიოდულად ვიკეთებ პედიკიურს, მანიკურს, მიყვარს სუნამოები, ბევრი სხვადასხვა ფერის სამკაული მაქვს... მიუხედავად ასაკისა, დიასახლისობაც ძალიან მიყვარს. ზამთრისთვის პომიდვრის საწებელს, სხვადასხვა ხილისგან მურაბას და ჯემს ვაკეთებ. სიცოცხლე მიყვარს, წუთითაც არ მინდა გავჩერდე.

GzaPress

- თქვენი დილა როგორ იწყება? - გავიღვიძებ თუ არა, საწოლშივე ვვარჯიშობ. ჩემს გოგოს ფიზკულტურის ინსტიტუტში, სამედიცინო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ის სპორტსმენი იყო, მხატვრული ტანვარჯიშის ოსტატი. ყოველ დილას, მისგან ნასწავლი ვარჯიშით ვიწყებ. შემდეგ საწოლიდან ვდგები და წელისთვის სპეციალურ ვარჯიშს ვაკეთებ. ვსვამ წნევის მარეგულირებელს, ვრთავ ტელევიზორს, რომელიც ძალიან მიყვარს, ზოგჯერ ღამის 3 საათამდე ვუყურებ, მაგრამ პოლიტიკურ გადაცემებს - არასდროს. ინდური ცეკვები და სიმღერები მიყვარს. დილის საუზმის შემდეგ, ქუჩაში გავდივარ, დავდივარ ფეხით, დილის ვარჯიში თუ არ მომეწონა, აქვე, სკვერში ტრენაჟორებია და კარგად ვვარჯიშობ. სკვერში ბევრი ხალხია, ძიძები ბავშვებს ასეირნებენ. ჩემი ვარჯიში უკვირთ, მე კი ის მიკვირს - მათ რატომ უკვირთ? ყველას ვურჩევ, ივარჯიშონ, როგორც შეუძლიათ.

სახლში რომ ვბრუნდები, ყავას მივირთმევ, სადილს ვამზადებ ან სახლს ვალაგებ. მაღაზიაშიც გავდივარ, სიმძიმის აწევაც შემიძლია, ენერგია მაქვს. 23 წლიდან სულ ვმუშაობდი, დიდი სტაჟი მაქვს და ბიულეტენი ერთხელაც არ დამჭირვებია. ახლაც სათვალის გარეშე ვქსოვ და ვკითხულობ.

ვიყავი მოსამართლე, არბიტრი, შემდეგ ვმუშაობდი ქალთა კოლონიაში, ჯერ ხორცის და რძის, შემდეგ პურპროდუქტების წარმოებაში... 23 წლიდან 86 წლამდე რამდენი წელია? - ამ პერიოდში ერთი დღეც არ გამიცდენია.

- გთხოვთ, მოსამართლედ მუშაობის პერიოდი გაიხსენოთ. წლების განმავლობაში უამრავი საქმე გექნებათ განხილული, მათგან გამორჩეულად, რომელი პროცესი გახსოვთ?

- ძალიან რთული საქმეები მქონდა, ურთულესი პროფესია ავირჩიე და იმ საქმეებიდან რომელი ერთი გავიხსენო?

- იმ წლებში, როცა მოსამართლედ მუშაობდით, სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა იყო. თქვენ ეს განაჩენი გამოგიტანიათ?

- კი. ამაზე ლაპარაკი, არ მინდა, მაგრამ... რადგან მეკითხებით, გიპასუხებთ. დახვრეტა მივუსაჯე ბიჭს, რომელმაც დედა დაჩეხა. გამსვლელ სესიაზე ლენინგორში (ახლანდელი ახალგორი) ვიყავი. უმძიმესი საქმე იყო. ეს ბიჭი მეცხვარე გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, კარგ პიროვნებად ახასიათებდნენ, მაგრამ ამას სასამართლოზე ღიად არავინ ამბობდა. ეს დახასიათება საქმეში არ მქონდა. თურმე ბიჭის დედას და ბიცოლას ერთმანეთთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონიათ. ბიძას ბიჭისთვის უთქვამს, შენ რომ ცხვარში იყავი, დედაშენი აქ უწესოდ ცხოვრობდა, ჩემი თუ არ გჯერა, მეზობლებს ჰკითხე, - შენი ამხანაგები რომ მოდიოდნენ, მასთან შედიოდნენ თუ არაო? ამის შემდეგ, ეს საშინელი ტრაგედია მოხდა. ამ ბიჭის ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. წესის თანახმად, როდესაც მოსამართლეს განაჩენი გამოაქვს, ბრალდებულს გასაჩივრების წესიც უნდა გამოუცხადოს. ჩემზე ამ განაჩენმა იმდენად იმოქმედა, ამ წესის ახსნა ვეღარ შევძელი, ფურცლებს ხელი მოვკიდე და სათათბირო ოთახში შევვარდი. შევედი თუ არა მოვიცელე, გული წამივიდა. სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. რაიკომის მდივანი, ადგილობრივი მოსამართლე, პროკურორი - ყველანი კაცები იყვნენ. გონზე რომ მოვედი და თვალი გავახილე, პირველად ექიმს შევხედე, მაგრამ იმ ბიჭის სახე დავინახე. ყველა ადამიანს, ვინც ოთახში იყო, იმ ბიჭის სახე ჰქონდა.

GzaPress

- რას ამბობთ, ძალიან ემოციური ამბავია. რა იცით, შემდეგ რა მოხდა, ის ბიჭი დახვრიტეს? - მას შემდეგ, რაც დახვრეტის განაჩენი დგებოდა, საქმე ბევრ ინსტანციას გადიოდა. საბოლოო სიტყვა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უნდა ეთქვა. ეს ბიჭი დახვრეტას გადაურჩა. დახვრეტის განაჩენი 4-ჯერ გამოვიტანე, საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. ასეთ პატიმრებს ხშირად ციმბირში გზავნიდნენ და რამდენიმე წელში უკან ჩამოდიოდნენ.

- წლების შემდეგ, მათგან რომელიმე ხომ არ შეგხვედრიათ?

- ერთი შემხვდა, ცხინვალში ქუჩაში ბავშვთან ერთად ვიყავი და...

- იცანით?

- როგორ არ ვიცნობდი?! ვუთხარი, ბავშვთან ერთად არაფერი მითხრა-მეთქი. - თქვენ ფიქრობთ, რამეს დაგიშავებდათ? თქვენი პოზიცია სწორი იყო, ღირსი ვიყავი იმის, რაც გამიკეთეთო. ციხეში ყველამ იცის, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი და რა სასჯელი ეკუთვნის.

- შეგეშინდათ?

- უსიამოვნო შეხვედრა იყო.

- რომელიმე განაჩენის გამო, სინანული თუ გაქვთ?

- ყოველთვის ვცდილობდი, სამართლიანი ვყოფილიყავი. მორალურ მხარეს აუცილებლად ვითვალისწინებდი. ვსწავლობდი ოჯახურ მდგომარეობას, რამ აიძულა დანაშაული ჩაედინა, როგორ გარემოში იყო აღზრდილი... გარდა ერთისა, არც ერთი ჩემი განაჩენი გაუქმებული არ ყოფილა.

- იმ ერთ შემთხვევაში რა მოხდა?

- გამსვლელ სესიაზე ზნაურში ვიყავი. მაშინ სხვა წესები იყო, სათათბირო ოთახის ამბები გარეთ არ გადიოდა, კარიც არ უნდა გაგვეღო, არავის უნდა ვენახეთ. იმ დღის საქმე გვიან დამთავრდა, მერე კი სინათლე გაითიშა. რადგან გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა, განაჩენის დაწერა მთვარის სინათლეზე მომიხდა. გადაწყვეტილი მქონდა, რომ მინიმუმი მიმესაჯა. უეცრად, ფანჯარას ტყვია მოხვდა. თავისი ჭკუით, შემაშინეს. მსაჯულებს ვუთხარი, მინიმუმი მაქვს დაწერილი, ახლა რომ გავიდე და ეს გამოვაცხადო, იფიქრებენ, რომ შემეშინდა, მაქსიმუმი უნდა მივუსაჯო, ჩემს ავტორიტეტს არ დავაკნინებ-მეთქი. მეორე დღესვე უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარესთან მივედი, მდგომარეობა ავუხსენი, თან დავაყოლე, ამ ბიჭს მაქსიმუმი არ ეკუთვნის-მეთქი. მთხოვა, ჩემი განსაკუთრებული აზრი ჩამომეყალიბებინა და საქმისთვის დამერთო. მე 8 წელი მქონდა მისჯილი და უმაღლესმა სასამართლომ რომ განიხილა, 10 წელი მიუსაჯა, ანუ იმ სროლამ 2 წელი მიამატებინა.

- ამ შემთხვევის გარდა, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებია?

- არა, მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა მახსენდება. ყოველთვის ვცდილობდი, ლოიალური ვყოფილიყავი, თან ისე, რომ კანონი არ დამერღვია.

- თბილისში დაბრუნების შემდეგ სად მუშაობდით?

- ქალთა კოლონიის გამომძიებელი ვიყავი. ქალი პატიმრები ცოტათი რთულები არიან. ერთი რუსი, ულამაზესი პატიმარი იყო, გარიუშკინა, რაღაცის მიტანა მთხოვა, არ მივუტანე და დამემუქრა, მაგრამ შემდეგ რომ შემხვდა, მომეხვია, - აქ პატიმრებს ძალიან ჰყვარებიხარო.

- ძალიან საინტერესო წარსული გაქვთ.

- ნამდვილად.

GzaPress

- 91 წლის ასაკში, კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე სიარული რატომ დაიწყეთ? - ჩემი და რუსეთში ცხოვრობს, იქ მისი მონაგარი 8 ოჯახია. ჩემი და ჩემზე 14 წლით პატარაა, ჩემი გაზრდილია. შარშან მასთან რომ ჩავედი, იქ ყოფნის პერიოდს ჩემი დაბადების დღე დაემთხვა, 91 წელი შემისრულდა. დის მონაგარმა, ყველამ ერთად მოიყარა თავი და არაჩვეულებრივი დაბადების დღე გადამიხადეს, თან საუკეთესო პლანშეტი მაჩუქეს, - საქართველოში რომ ჩახვალ, ხშირად გველაპარაკეო. ძალიან კარგი აურა მაქვს, სადაც მივდივარ, ხელისგულზე მატარებენ. კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავს, აკაკი დოლიძე. ყველა დეტალს მიხსნის და მასწავლის. გაკვეთილზე ჩემი პლანშეტით დავდივარ. დღესაც 4 საათზე ვარ დაბარებული.

- ახლა ექსკურსიებზეც მიამბეთ, მითხარით, ხშირად დავდივარო.

- კი, ტყე-ღრეშიც დავდივარ, ფეხით სიარული ძალიან მიყვარს. ახლახან ვიყავი ხელოვნების მუზეუმში, მთაწმინდაზე ყველის ფესტივალზე, ვარციხეში... ექსკურსიებზე გადაღებული უამრავი ფოტო მაქვს. აქამდე ვბეჭდავდი, ახლა პლანშეტშიც შევინახავ. ჩვენი ჯგუფის წევრები "მერცხლები" ვართ. პენსიონერების პირველი ჯგუფია, რომელიც ექსკურსიებზე სასიარულოდ შეიკრიბა. ძალიან კარგი გიდი გვყავს, მაია ხაბურზანია. 20-ზე ნაკლები არასდროს ვიკრიბებით. კარგი მეგობრები შევიძინე. ყველაზე უფროსი მე გახლავართ, 1928 წელს ვარ დაბადებული.

- უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის! დაბოლოს, რას გვეტყვით?

- იყავით აქტიურები, სამაგალითოები, თავს მოუარეთ, ივარჯიშეთ, ჯანსაღად იკვებეთ! წლები არაფერია, არ შეიმჩნიოთ. სიცოცხლე მშვენიერია, ყველას კარგი ფიქრები უნდა გვქონდეს, კარგი ამბები გავიხსენოთ და ჩვენი სამშობლო გვიყვარდეს. მე საქართველო ძალიან მიყვარს, ვათაყვანები!

თამუნა კვინიკაძე