"სუპერვარსკვლავი ინტერნი" - გზაპრესი

"სუპერვარსკვლავი ინტერნი"

25 წლის ლელა ოქრომელიძე ამერიკაში, კლინიკა "მაიოში" მოლეკულური ნეირომეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გუნდის წევრი, ასევე, რადიოლოგიის დეპარტამენტის ექიმი-სტაჟიორი და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტია. ეს კლინიკა პირველ სამედიცინო დაწესებულად ითვლება მსოფლიოში, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მედპერსონალით, სახელგანთქმული მეცნიერები მუშაობენ და სამკურნალოდ მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩადიან. რას ნიშნავს მოლეკულური ნეირომეცნიერება, რა გზა გაიარა ლელამ ამ წარმატების მისაღწევად და დაბრუნდება თუ არა საქართველოში? - ამის შესახებ ის თავად გვესაუბრება.

- ახალციხის მე-2 საჯარო სკოლის რუსულენოვან სექტორზე 7 წელი ვსწავლობდი, შემდეგ დედამ იმავე სკოლის ქართულენოვან სექტორზე გადამიყვანა, მე-12 კლასი კი ამერიკაში, ქალაქ პორტლენდში გავიარე FLEX-ის (Future Leaders Exchange Program) ფარგლებში. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ახლა ვსწავლობ ჰარვარდის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაზე, რომელსაც ჰქვია GCSRT (Global Clinical Scholars Research Training Program).

- მაინც რამ განაპირობა შენი არჩევანი, რატომ აირჩიე სამედიცინო სფერო?

- რადიოლოგობამდე სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებაზე ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ამაზე შევჩერდი. დედა რადიოლოგია და მეც რადიოლოგობა მოვინდომე. ის ახალციხესა და ბორჯომში მუშაობს, თავისი პროფესიის ერთგულია. რეგიონებში ექიმების ნაკლებობის გამო თავს უფლებას არ აძლევს, სამუშაოდ თბილისში გადავიდეს.

- რას ნიშნავს ნეირორადიოლოგიის კვლევები და მოლეკულური ნეირომეცნიერება და კიდევ, გვითხარი, როგორ აღმოჩნდი კლინიკა "მაიოს" თანამშრომელთა რიგებში?

- რადიოლოგია საკმაოდ ფართო სფეროა, მე კი განსაკუთრებულად მომწონს მისი ქვესპეციალობა - ნეირორადიოლოგია, რომლის ფოკუსში ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, ხერხემლის, თავისა და კისრის არის პათოლოგიის ვიზუალიზაცია ხვდება. მოლეკულური მეცნიერება კი ნეირომეცნიერების დარგია, რომელიც მოლეკულური ბიოლოგიის კონცეპტებს შეისწავლის ნერვული სისტემის ფარგლებში. 2017 წელს რადიოლოგიის ერთთვიან პრაქტიკაზე ვიყავი და ერთ-ერთ ექიმს მოვუყევი, რომ ნეირორადიოლოგიის კვლევები ძალიან მაინტერესებდა. ვუთხარი, საქართველოში მსგავსი კვლევების ჩატარების შანსიც არ მაქვს-მეთქი. მან დოქტორ მიდელბრუკსა და ექიმ გუფტასთან დამაკავშირა, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს ხელმძღვანელობდნენ. სწორედ მათ მომცეს შანსი, გავმხდარიყავი ინტერნი და სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კლინიკაში დავბრუნებულიყავი. სხვათა შორის, დოქტორი მიდელბრუკი "სუპერვარსკვლავ ინტერნს" მეძახდა, რაც ძალიან მახარებდა კიდეც და დიდ პასუხისმგებლობასაც მანიჭებდა.

GzaPress

- სწავლობდი ესპანეთში, მუშაობდი ტოკიოში, პოლონეთში. როგორ გაიხსენებ ამ ეტაპებს, თუ გაგიჭირდა ადაპტაცია და როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ? - ჩემთვის მარტივია ახალ გარემოსთან ადაპტაცია, ამიტომ არანაირი პრობლემა არ მქონია. საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ და ხშირადაც მიმართლებს, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებისას კარგ ადამიანებს ვხვდები. როდესაც პირველად ამერიკაში ჩამოვფრინდი, გვითხრეს, რომ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის მიუჩვეველი იქნებოდა, შეგვეხედა როგორც არა უკეთესისთვის, არა უარესისთვის, არამედ უბრალოდ განსხვავებულისთვის (not better, not worse, just different) და ამის შემდეგ ეს ჩემი მოგზაურობის საყრდენი ფრაზა გახდა. ესპანეთში ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი, ხოლო ტოკიოში ერთი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობდი იქაური უნივერსიტეტის ერთ-ერთ ლაბორატორიაში. დედამ საკმაოდ დამოუკიდებელ ადამიანად გამზარდა, ასე რომ, არასდროს მქონია დამოუკიდებლად მოგზაურობისა და ცხოვრების პრობლება. დედამ თვითონ რუსეთში მიიღო სამედიცინო განათლება და გამოცდილი აქვს საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის მნიშვნელობა პიროვნული და კარიერული ზრდისთვის.

- 2016 წელს Amgen Scholars-მა ათ საუკეთესო და ამომავალ ვარსკვლავს შორის დაგასახელა - რას ნიშნავდა ეს შენთვის?

- Amgen Scholars-ის ტოპათეულში მოხვედრა მართლაც, საოცარი რამ იყო ჩემთვის. მსოფლიოს 42 ქვეყნის 700 სასწავლო დაწესებულებიდან 3000 სტუდენტს შორის შემარჩიეს. ამ პროგრამაში ისეთი წარმატებული უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ და იღებენ მონაწილეობას (როგორიც არის ჰარვარდი, სტენფორდი და ა.შ.), რომ ვერც წარმოვიდგენდი თუ იმ ათ იღბლიანში მეც, ქართველიც აღმოვჩნდებოდი. დღესაც სიზმარში მგონია თავი.

- თავისუფალი დრო თუ გრჩება და საინტერესოა, სხვა რა გატაცება გაქვს?

- ამ ეტაპზე თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. სამსახურს, კვლევებსა და სწავლას მიაქვს მთელი დრო, რის გამოც დედა საკმაოდ ხშირად მეწუწუნება. რა ვქნა, ახლა ის პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, როდესაც პიროვნული და პროფესიული ზრდის შანსი მაქვს და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. ამჟამადაც ჩიკაგოში, რადიოლოგების ყოველწლიურ შეხვედრაზე უნდა წავიკითხო მოხსენება ჩემი ხელმძღვანელის, ექიმ მიდელბრუკსის ხელქვეითობით ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ.

- იმედია, დაბრუნდები და ცოდნას შენს ქვეყანას მოახმარ...

- წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, თუ სად ვიქნები უახლოეს მომავალში. ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - საქართველო უსაზღვროდ მიყვარს და სადაც უნდა აღმოვჩნდე, მაინც შევეცდები, ქართულ მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. თანაც, მანდ მყავს მშობლები, მეგობრები და ნათესავები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძალიან მენატრებიან.

ნინო ჯავახიშვილი