ანბანი, რომელიც ქვეყნის "სავიზიტო ბარათად" იქცა - გზაპრესი

ანბანი, რომელიც ქვეყნის "სავიზიტო ბარათად" იქცა

ქართულ კალიგრაფიულ სკოლას, საუკუნეების ტრადიცია აქვს. ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ არსებულ, ქართულ სამწიგნობრო კერებში, ქართული ხელნაწერი წიგნები უძველესი პერიოდიდან იქმნებოდა. დღეს კომპიუტერულ ეპოქაში, ხელით წერის კულტურა თანდათანობით იკარგება. ეს მაშინ, როცა "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა", იუნესკომ არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარა.

27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამ დღეს, სტრასბურგის მთავარ მოედანზე, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა და ტრამვაის ვიტრაჟზე ქართული ანბანი განთავსდა, რომლის ავტორიც 19 წლის კალიგრაფი ნიკა ღუნაშვილი გახლავთ. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ანბანის ასეთ მაღალ დონეზე პოპულარიზაციაში, მას უდავოდ დიდი წვლილი მიუძღვის.

- ნიკა, პირველ რიგში წარმატებას გილოცავ! მიამბე, კალიგრაფიით როდის და რატომ დაინტერესდი?

- კალიგრაფიიის შემსწავლელ ჯგუფში თავდაპირველად დედამ მიმიყვანა. შემდეგ დავით მაისურაძის ნამუშევრები ვნახე და იმდენად მომეწონა, მინდოდა, მეც მისი მსგავსი კალიგრაფია შემექმნა. მაშინ 8-9 წლის ვიყავი. კარგად ვხატავდი, მაგრამ კარგად ვერ ვწერდი. დედამ ამიტომ გადაწყვიტა, კალიგრაფიის შესწავლა დამეწყო. დავით მაისურაძე ჩემი პედაგოგი გახდა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს კალიგრაფი ვარ. შემდეგ კალიგრაფიაში ჩემი სტილის ჩამოყალიბება დავიწყე.

- თავად კალიგრაფიის ისტორია არის ძალიან საინტერესო.

- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. ჩვენი ქართულ დამწერლობა ხომ სამი სახისაა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, რაც იუნესკომ არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა. ეს სამივე დამწერლობა რუსთავში, კალიგრაფიის სკოლაში შევისწავლე. იქ სწავლა უფასოა და ნებისმიერს შეუძლია მისვლა.

GzaPress

- შენს თანატოლებში კალიგრაფიით ბევრია დაინტერესებული? - არა მხოლოდ ჩემი ასაკის ადამიანები, ჩემზე პატარებიც დიდ ინტერესს იჩენენ, რაც მისასალმებელია. კალიგრაფიის შესწავლის ინტერესს იწვევს კონკურსები და სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებაც. მაგალითად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ატარებდა კალიგრაფიის კონკურსს, რომელიც კალიგრაფებისთვის დიდი სტიმული იყო. წლიდან წლამდე შრომობდნენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინათ. სამწუხაროდ, დღეს ეს ცენტრი ამ კონკურსს აღარ ატარებს, თუმცა ქვემო ქართლის მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება კონკურსი "კალიგრაფიის მარგალიტები" და რეგიონში მცხოვრები კალიგრაფები ამ კონკურში ყოველთვის მონაწილეობენ. წელს რუსთავის მერიამ გადაწყვიტა, პირველ სამ ადგილზე გასულ კონკურსანტს ფულადი ჯილდოები გადასცეს.

- პირველი წარმატება გაიხსენე.

- იმ კონკურსში გავიმარჯვე, რომელიც ქვემო ქართლის მასშტაბით ტარდებოდა. სამწუხაროდ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურსში, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ტარდებოდა, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ შემდეგ ეს გახდა მოტივაცია, გამეგრძელებინა მუშაობა, ჩემი თავი მეტად განმევითარებინა, მეტი მემუშავა, რომ შესაძლებლობებიც სრულად გამომევლინა.

- ნიკა, კალიგრაფიის გარდა, კალიგრამებითაც ხართ დაინტერესებული, ეს სიტყვისა და გამოსახულების ერთობლიობაა. როგორ ქმნით კალიგრამებს, ინსპირაციის წყარო რა არის?

- ეს კალიგრაფიის ერთ-ერთი მიმართულებაა. კალიგრამები ქართულ კალიგრაფიაში არ გვხვდება. კალიგრამებზე მხოლოდ თანამედროვე კალიგრაფები მუშაობენ.

- ჩვენს კულტურაში ეს "ახალი სიტყვაა"?

- დიახ, თუმცა ფესვები წარსულიდან აქვს. ეს დამახასიათებელი იყო სხვა ქვეყნების დამწერლობისთვის, მაგალითად, არაბული კალიგრაფიისთვის, მაგრამ ქართულში არ გვხვდება.

- გამორჩეულად შენი "ქართული ცეკვა" მომწონს. ეს კალიგრამი როგორ შეიქმნა?

- დიდი მადლობა, ეს კალიგრამი ბევრს მოსწონს. ზოგადად, ინსპირაციის წყარო შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს. კალიგრამია ძირითადად საკუთარი სათქმელის გადმოცემაში მეხმარება. ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს. "დედა" სპეციალურად დედაჩემისთვის არის დაწერილი. "ქართული ცეკვის" შექმნის იდეა ერთ-ერთ ღონისძიებაზე დამებადა, როცა ქართულ ცეკვას ვუყურებდი. ოკუპაციის თემაზე სათქმელი კალიგრამით ვთქვი. მინდოდა, ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა. თავად ოკუპირებული რეგიონიდან, ახალგორიდან ვარ. ოჯახი ყოველ ზაფხულს სოფელში, ჩვენს სახლში ვატარებდით, მაგრამ 2008 წლის შემდეგ, ვეღარ ჩავდივართ.

GzaPress

- კალიგრამებს ახლა ვინმე გასწავლის? - თავიდან ვისწავლე ტრადიციული კალიგრაფია, ახლა დამოუკიდებლად ვმუშაობ. ძალიან ბევრი ჩანაფიქრი და იდეა მაქვს, მათ დროთა განმავლობაში განვახორციელებ. სტუდენტი ვარ და სწავლა ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. "ქართული ცეკვა" ერთ დღეში გავაკეთე. მთავარი არის იდეა, რომელიც შეიძლება, რამდენიმე წუთში მოხაზო და მერე შექმნა კალიგრამი.

- მუშაობის პროცესში ალბათ, ბევრი გადაშლილი ფურცელიც არის, არა?

- ძალიან ბევრი, მაგრამ სანამ საბოლოო სახე მიეცემა, ბევრი შრომაა საჭირო.

- როგორ და რამდენ ხანში შექმენი ანბანი, რომელიც ტრამვაის ვიტრაჟზე დაიტანეს და ახლა სტრასბურგში ჩვენს "სავიზიტო ბარათად" იქცა?

- ერთ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, ასეთი ჩანაფიქრი გვაქვს და შეძლებო? ბუნებრივია, დავთანხმდი. კალიგრაფია რომ შევისწავლე, ჩემს ნამუშევრებს სოციალურ ქსელში ვტვირთავდი და ამ პერიოდში ბევრმა ადამიანმა გამიცნო. მათ კალიგრაფიის გარდა, ჩემი კალიგრამებიც მოსწონდათ.

- რა განცდა გქონდა, როცა ეს შემოთავაზება მიიღე - დამეთანხმები, საპასუხისმგებლო საქმეა.

- რა თქმა უნდა და მე ეს პასუხისმგებლობა გავაცნობიერე. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, ანბანზე ერთი თვე ვმუშაობდი. კიდურყვავილოვანი სტილის მიხედვით შევქმენი. ეს ძველი ქართული სტილია, რომელსაც ხელნაწერებში სახელ-გვარის ასოებში, სათაურებში იყენებდნენ. მე ამ სტილის ახალი ვერსია შევქმენი და ვეცადე, ისე გამეკეთებინა, ევროპის ამ ქალაქში მცხოვრები და იქ ჩასული სტუმრებისთვის საინტერესო ყოფილიყო. მინდოდა, ამ ანბანს მნახველი ჩვენი ქვეყნისადმი დადებითად განეწყო და ჩვენს კულტურაზე წარმოდგენა შეჰქმნოდა. ტრამვაიზე ანბანი 6 თვის განმავლობაში დარჩება, სანამ საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

GzaPress

- თავად ეს ტრამვაი ნახე? - არა, საშუალება არ მქონდა, რომ წავსულიყავი.

- ჩემი აზრით, ეს თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა უზრუნველეყო... ამ ამბის შემდეგ ვინმე დაგიკავშირდა?

- ქვემო ქართლის გუბერნატორთან და რუსთავის მერთან მქონდა შეხვედრა, მათ სიმბოლური საჩუქრები გადმომცეს. ასევე შემომთავაზეს სტაჟირება მერიის არქიტექტურის სამსახურში. ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე ვსწავლობ. ბუნებრივია, ამ შემოთავაზებას დავთანხმდი.

- ეს პროფესია რატომ აირჩიე?

- ძალიან საინტერესოა, ბავშვობაში სულ ვხაზავდი, მაკეტებს ვქმნიდი, ვხატავდი. ადრეული ასაკიდან ამ სფეროს ინტერესი მქონდა. ლექტორებსა და კურსელებს ჩემი წარმატება ძალიან უხარიათ, მილოცავენ. ხშირად მესმის: "ის ბიჭი შენ ხარ"? მინდა მშენებლობა და კალიგრაფია ერთმანეთს დავაკავშირო. არაერთი საინტერესო იდეა მაქვს. ბუნებრივია, ახლა ვერ გავამხელ. უხეშად რომ ვთქვა, არქიტექტურისა და კალიგრაფიის სინთეზი იქნება. მსგავსი შენობა არა მხოლოდ საქართველოში, მგონია, ქვეყნის გარეთაც არ არსებობს.

- წარმატებას გისურვებ!

- გმადლობთ!

თამუნა კვინიკაძე