"ხელში აყვანილი მატარა ჩემმა ქმარმა ექიმებთან" - გზაპრესი

"ხელში აყვანილი მატარა ჩემმა ქმარმა ექიმებთან"

დიანა ჯიშიაშვილს, მსოფლიოს და ევროპის პრიზიორს ფარიკაობაში, 2 წლის წინ შევხვდი. 17 წლის ოცნებებით სავსე გოგო იყო, როდესაც უბედური შემთხვევის გამო საწოლს მიეჯაჭვა და მას შემდეგ უკვე 15 წელია, ეტლით მოსარგებლეა. შეხვედრისას მითხრა, ვოცნებობ, რომ დედა გავხდე და როგორც ექიმები მეუბნებიან, ეს ჩემს მდგომარეობაში შესაძლებელიაო.

"18 წელი საავადმყოფოში შემისრულდა. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი - კისრის მალები მქონდა ჩამტვრეული. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მშობლები ჩემი სიცოცხლის შენარჩუნებას ნატრობდნენ, ექიმებს კი იმედი არ ჰქონდათ, - ხომ ხედავთ, კვდება და სახლში წაიყვანეთო, ეუბნებოდნენ თურმე მამას. გადარჩენის შემთხვევაში გამორიცხავდნენ, რომ ოდესმე უკეთესად გავხდებოდი. ერთ-ერთ ექიმს, გოგი მაღალაშვილს შევცოდებივარ, რისთვისაც დღემდე მისი მადლობელი ვარ და უთქვამს: მოდი, გავრისკოთ და ოპერაციის გაკეთება ვცადოთო. შემდეგ, როდესაც ურთულესი ოპერაცია გადავიტანე და გადავრჩი, ჩემი ექიმი სიხარულისგან აღარ იყო, რომ მისმა ცდამ შედეგი გამოიღო და სიცოცხლე შემინარჩუნა! როცა ადამიანი ასეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, სიცოცხლე ძალიან უნდა უყვარდეს, რომ ყველაფერს გაუმკლავდეს. მაშინ უფრო მეტად გიყვარს და აფასებ ყველაფერს, უფრო მეტი სწრაფვა გაქვს სიცოცხლისკენ, შანსი გეძლევა, რომ თავიდან დაიწყო ყველაფერი და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო!" - ეს ნაწყვეტია ჩვენი მაშინდელი საუბრიდან. ამ 2 წელში დიანასთვის ბევრი სასიკეთო რამ მოხდა - 6 აგვისტოს ვაჟი, ანდრია შეეძინა, 20 დეკემბერს კი საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმის წარმოების დეპარტამენტში დაიწყებს მუშაობას. ამჯერად სწორედ ამ სიახლეებზე ვისაუბრეთ:

- პარლამენტს თვითონ მივმართე დასაქმების თხოვნით, ისევე, როგორც სხვა უწყებებს. დამიკავშირდნენ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატიდან და დამასაქმეს. მიხარია, რომ იქ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოა და მუშაობა არ გამიჭირდება. ბევრი ხარჯი აქვს ეტლით მოსარგებლეს, ბავშვსაც უამრავი რამ სჭირდება, ამას სხვა პრობლემებიც ემატება, ასე რომ, მართლაც ძალიან მჭირდებოდა სამსახური. თან, ეს რამდენიმე თვეა, ჩემი მეუღლე სამსახურის გარეშე დარჩა და ვიდრე იშოვის, ანდრია მასთან იქნება. ისედაც, ის უვლის ძირითადად, მე რამდენიმე საათით მყავს ბავშვი, ანდრიასთვის დედაც არის და მამაც.

GzaPress- ანდრიაზე მითხარი, როგორი ბიჭია?

- როცა რაღაც ძალიან გინდა, აგიხდება კიდეც, სამყარო სარკისებურად უკან გიბრუნებს ყველაფერს. ხომ იცით, შვილი ყველასთვის განსაკუთრებულად კარგი და ლამაზია. ფეხმძიმობის დროს ნაყოფს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ამიტომაც სულ ვამბობდი, მაგარი ბიჭია-მეთქი. ბორბლებიანი დედიკოს მუცელში დახტოდა 7 თვე (იცინის); უნდოდა, თავისი დაბადებით ჩვენი გულები გაეხარებინა. ისიც მებრძოლია, გენებით გადავეცი ალბათ. სხვა რა გითხრათ, ჭკვიანი ბავშვია, უპრობლემო. მთავარია, რომ მყავს - ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული და მოტივაციაა, ცხოვრება სულ სხვანაირად გამიფერადდა. საკეისრო კვეთის დროს გული ხომ აჩქარებული მქონდა, მაგრამ მერე, ანდრია რომ დავინახე, საერთოდ მქონდა თუ არა, ვერ გეტყოდით. სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. მეგონა, ძალიან პატარა იქნებოდა და მეშინოდა, პრობლება არ ჰქონოდა. თურმე დედობა ყველაფერზე მეტი ყოფილა. ახლა დედაჩემს კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, რადგან კარგად ვხვდები, რისი გადატანაც უწევდა შვილების გამო. სხვანაირად აღვიქვამ დედაშვილობას. ყოველ დილით თავის არსებობას იმით მახსენებს, რომ თვალებს ახელს და საჭმელს ითხოვს. ძალიან მსუნაგი არ არის, მაგრამ უყვარს ჭამა. 4 თვისაა და უკვე 5 კილოა, არადა, კილო და 750 გრამი გაჩნდა.

- დიანა, ორსულობის დროს რა დაბრკოლებები გქონდა?

- რა თქმა უნდა, ორსულობა გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ახლა რომც მოვკვდე, მგონია, მარადიულად ვიარსებებ, რაკი ჩემს ნაწილს ვტოვებ აქ. ამაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობს. რთული ორსულობა არ მქონდა, მაგრამ გართულებების თავიდან ასაცილებლად საკეისრო გამიკეთეს. ორსულობის დროს წნევა მივარდებოდა, სხვას არაფერს ვუჩიოდი. ხშირად ვიტარებდი გამოკვლევებსაც, მაგრამ სირთულეს მიქმნიდა არაადაპტირებული გარემო. ამხელა მუცლით, ხელში აყვანილი მატარა ჩემმა ქმარმა ექიმებთან. ვერც ერთ უფასო გამოკვლევას ვერ ვიტარებდი და კერძო კლინიკაში დავდიოდი. ჩემამდე იმ ტრავმითა და დაზიანებებით, რაც მე მქონდა, ბავშვი არავის გაუჩენია. ამიტომაც ყველას უკვირდა ჩემი ამბავი. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ მეც არ მჯერა, რომ ნამდვილად ჩემი შვილია.

ნინო ჯავახიშვილი