"აქ მხოლოდ კარატეს არ სწავლობენ..." - გზაპრესი

"აქ მხოლოდ კარატეს არ სწავლობენ..."

"ამერიკაში გატარებულმა ცხოვრების ნაწილმა დამანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხების მეგობრობა და ჯანსაღი ინტეგრაცია. გაერთიანება უკეთესი სამყაროს შესაქმნელად... ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ვმონაწილეობ ამ პროცესში, როგორც სენსეი, როგორც მასწავლებელი. ჩვენი სკოლის კარი ყველასთვის ღიაა", - ამბობს ამერიკაში მყოფი ქართველი კარატისტი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ჯიქია.

ჩემი სამშობლო... და საზღვრებს მიღმა შეკრებილი პატარა ქართველები...

- ჩემს სამშობლოს გულით დავატარებ. ჩემი საქმიანობა, ყოველი ჩემი წარმატება მას ეძღვნება. მიზნად დავისახე, ქართველი ბავშვებისთვის გამეხსნა სპორტული სკოლები, სადაც ფიზიკურ განვითარებასთან ერთად, მეგობრებს შეიძენდნენ. ამ ბავშვებისთვის ეს პატარა ქართული სპორტული სივრცე ძალზე პროდუქტიული აღმოჩნდა, ისინი მეგობრობენ სკოლის გარეთაც და მიხარია, რომ ამაში მცირედი წვლილი ჩემს სპორტულ სკოლას მიუძღვის...

ბავშვობა და სპორტული ცხოვრების პირველი საფეხური - ზუგდიდში დავიბადე. მყავს და, რომელსაც არ აქვს შეხება სპორტთან... 4 წლის ასაკში დავიწყე კარატეზე სიარული. ოჯახის წევრებს რიგრიგობით დავყავდი სავარჯიშო დარბაზში. ზამთარში მამაჩემი გარეთ იდგა ხოლმე, რადგან არ მომწონდა, ვარჯიშისას რომ მიყურებდა. რატომ არ მომწონდა? - არ ვიცი, არ მახსოვს, მაშინ რას განვიცდიდი, მაგრამ წლების მანძილზე მამა ფანჯრიდან იჭვრიტებოდა (იცინის).

ჯგუფში ყველაზე პატარა ვიყავი. მთელი ჩემი ოჯახი ჩართული იყო ჩემს სპორტულ აღზრდაში, სახლშიც კი მავარჯიშებდნენ. თუმცა, დედას უჭირდა ჩემი ასპარეზობის ყურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მირტყამდნენ.

GzaPress წარმატებები კარატეში - ვარ მსოფლიოს ჩემპიონი (WSF), მსოფლიოს თასის გამარჯვებული ევროპისა და მრავალი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი. ჩემი სპორტული განვითარება დაიწყო მაშინ, როცა გადავწყვიტე თბილისში საცხოვრებლად გადასვლა და საუკეთესო კლუბში მისვლა. "ალიგატორი" საქართველოში ერთადერთი კლუბია, სადაც საუკეთესო სპორტსმენები იზრდებიან - აქედან დაიწყო ჩემი კარიერული და პიროვნული განვითარება, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გოგიტა არქანიამ, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენმა და მწვრთნელმა.

ქუჩის ინსტიტუტი - კარატე არ დამხმარებია მაგ ინსტიტუტში. ბევრს ვვარჯიშობდი, არასდროს მეცალა ქუჩისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში არანაირად არ გამჭირვებია. ყველგან - ქუჩა იქნებოდა, ოჯახი, სამეგობრო თუ სპორტი, ერთი პრინციპით ვხელმძღვანელობდი. რა იყო ეს პრინციპი? - ადამიანობა, ღირსება, სიტყვის გაუტეხელობა, სიჯიუტე... ბევრჯერ სხვის გამო გამიყვია შარში თავი - ვერ ვიტან, სუსტს რომ ჩაგრავენ და მას ყოველთვის ვეხმარები.

სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ - იმის გამო, რომ დამოუკიდებლობა მინდოდა, ოჯახის წევრებთან სულ ომი მქონდა. სახლიდან წასულს უკან ძალით მაბრუნებდნენ, ერთხელ პოლიციაც კი ჩარიეს. თუმცა, ბოლოს მაინც ჩემსას მივაღწიე, დავიმუქრე კიდეც, თავს რამეს მოვუწევ-მეთქი. ვცდილობდი, საკუთარი თავი მერჩინა, ვმუშაობდი და კარატედან ფულს ვიღებდი... მოკლედ, მშობლები ვერ მიგებდნენ, ჩემზე დარდობდნენ, რაც ალბათ ბუნებრივია. მერე დავსხედით ოჯახის წევრები და მათ ვუთხარი: მესმის, მართლები ხართ, თქვენს ადგილას მე ცემაში გავხევდი ღლაპ ბავშვს, მაგრამ დამიჯერეთ, სხვანაირად ცხოვრებას ვერ ვისწავლი. ხომ იცით, არასდროს მიჩხუბია ქუჩაში, სულ ჭკვიანად ვიქცეოდი. დამიჯერეთ, ახლა ჩემი თბილისში გადასვლაა საჭირო-მეთქი. მერე, მშობლები რომ დამემშვიდებინა, ვუთხარი, ერთ ბიჭთან ერთად ვიქირავებ ბინას-მეთქი, რაც მოეწონათ, მარტო მაინც არ იქნებაო. 1 თვე ვიცხოვრე იმ ბიჭთან ერთად, მერე მარტო გადავედი... მოკლედ, ცხოვრების რამდენიმე წელი ამ კამათსა და "ომებში" გავიდა. თუმცა, მერე მიხვდნენ, რომ ცუდს არ ვაკეთებდი, პირიქით, წინ მივიწევდი და მათი ნდობაც მოვიპოვე, აღარ მთხოვდნენ შინ დაბრუნებას. თუმცა, ამით მე არ დავკმაყოფილდი, ვცდილობდი მშობლებისთვის ყოველ ჯერზე დამემტკიცებინა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა მარტო გამიშვეს... თუმცა, მატერიალურად ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ ვიყავი ალბათ, მშობლებიც მეხმარებოდნენ ფულით.

რატომ მივისწრაფოდი ასე დამოუკიდებლობისკენ? რა ვიცი, ალბათ სიახლეებს ვეძებდი, მომწონდა ბრძოლა, მინდოდა მიზნისთვის მიმეღწია, ოცნება ამეხდინა და ა.შ. მსურდა ძლიერი პიროვნება ვყოფილიყავი, საკუთარ სისუსტეებსა და შეცდომებზე ვიმუშავე. ვფიქრობ, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, დღეს სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა.

სკოლა - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. არაჩვეულებრივი დირექტორი გვყავდა - ის ყველაფერში მეხმარებოდა და როცა გამოცდები მქონდა, ჩავდიოდი ზუგდიდში, რათა ექსტერნად ჩამებარებინა... წლების მანძილზე სკოლაში სიარული რაღაც უცხო გახდა ჩემთვის. სულ ფრენები მქონდა, სხვადასხვა ქვეყანა მოვიარე და სკოლა რად მინდოდა (იცინის)?

ბოლოს, საატესტატო გამოცდა რომ მქონდა, 4 თვე ერთდროულად 7 საგანში ვემზადებოდი და საბოლოოდ, ისეთი ქულები მივიღე, რომ გადაირივნენ, ეს როგორ მოახერხეო. ის, რასაც სხვები წლების მანძილზე სწავლობდნენ, გამოვიდა, რომ მე 4 თვეში ვისწავლე და ეს გაკვირვებაც ბუნებრივი იყო... ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს შრომა თუ არ დაგეზარება და ძალიან მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა.

ემიგრაცია - პირველი ჩემი ემიგრაცია იყო ევროპაში (ბელგიაში). ყოველთვის მივისწრაფოდი სიახლეებისკენ და სირთულეების გადალახვის შემდგომ, საკუთარი წარმატებით ვტკბებოდი. 14 წლიდან აბსოლუტურად მარტო ვცხოვრობდი და ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყანაში. იმდენად დამოუკიდებელი ვიყავი, რომ განცდა არ მქონდა, რთული გადასაწყვეტი არ იყო ჩემთვის საქართველოდან წასვლა და ცხოვრება საზღვრებს მიღმა... როცა ამერიკაში ჩამოვედი, აქ იმხელა ემიგრაცია იყო, აქაურ რეალობას თვალი რომ გადავავლე, მივხვდი, სწორ დროს სწორ ადგილას ჩამოვედი, რადგან ეს კარიერული შანსიც იყო ჩემთვის და ასევე, იმ იდეის განხორციელების შანსი მეძლეოდა, რომელზეც გამუდმებით ვფიქრობდი - ეს გახლავთ ემიგრანტი ბავშვების გაერთიანება და მოვახერხე კიდეც. 3 წელია, ნიუ-იორკში ვიმყოფები. ახლა მხოლოდ კარატეთი ვარ დაკავებული. ასევე, გახლავართ პერსონალური მწვრთნელი ყველა ასაკის მსურველის და მათ ვავარჯიშებ სხვადასხვა დარბაზში...

GzaPress მწვრთნელის ამპლუა - მწვრთნელობა ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად, სასიამოვნო საქმიანობაა. ძალიან მიყვარს ბავშვები და მათგანაც ისეთ დიდ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ, რომ ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია, უფრო მეტად მოვინდომო, მეტი ვასწავლო. დიახ, კარატის მასწავლებელს იაპონურად სენსეი ჰქვია. კარატე იგივე კარატე დო სპორტის სახეობაა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს შეტევასა და სიმტკიცეზე. აქ დისციპლინა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა არის მნიშვნელოვანი. ფიზიკური და გონებრივი აქტივობისთვისაც კარგია სპორტის ეს სახეობა. კარატეს დადებითი მხარეა ისიც, რომ აქ შეუზღუდავია ასაკი. სხვათა შორის, ქართველი მოსწავლეების გარდა, ვასწავლი რუსებს, უკრაინელებს, ებრაელებს, მექსიკელებს და ასე შემდეგ.

საქართველოდან გაყოლილი მოგონება... - მოგონება? მახსოვს, საქართველოში ძალიან ბევრს ვშრომობდი და სასურველ შედეგს მაინც ვერ ვიღებდი. იქაური ეკონომიკური მდგომარეობა, სიდუხჭირე რომ ვიცი, ეს ყველაფერი თითქოს მაძლიერებს და მეხმარება, რომ უფრო მეტს მივაღწიო, მერე კი როგორმე დავეხმარო ჩემიანებს. ერთი ვიცი, ემიგრაციაში ყველაზე მეტად დედა და ძველი ამბები მენატრება.

რჩევა იმ ადამიანებს, რომლებსაც ემიგრაციაში სურთ წასვლა - ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად. აქ ადამიანი შესაძლოა ყველანაირი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ და ყოველ წუთს შეიძლება, ბარიერის გადალახვა მოგიხდეს. სამსახური ძალიან ჭირს, ამიტომ ხშირად ისეთ ადგილას უწევთ დასაქმება, რისი გაკეთებაც არ სურთ, უმძიმთ, მაგრამ იძულებულები არიან, ასე მოიქცნენ. არის სიტუაცია, როცა თვეების მანძილზე უმუშევრად არიან, რაც თავისთავად, ძალიან რთულია. მოკლედ, ემიგრაციაში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. შეიძლება ძალიან გაგიმართლოს და საჭირო დროს საჭირო ადგილასაც აღმოჩნდე, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

პირადი ცხოვრება და პირველი სიყვარული - ზოგადად, არ მიყვარს ამ თემაზე საჯაროდ საუბარი. მე ვარ ადამიანი, რომელიც სიყვარულით ცხოვრობს და შესაბამისად, დიდი სიყვარული შემიძლია, სიყვარულისთვის ადგილი ყოველთვის არის ჩემს გულში (იღიმის).

სხვა ქვეყნიდან დანახული სამშობლო - სხვა ქვეყნიდან საქართველო განვითარებადი ქვეყანა ჩანს, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი. უამრავი გაჭირვებული ადამიანია, რაც ძალზე დამთრგუნველია. სტაბილური სოციალური მდგომარეობა არ აქვთ. ვინაიდან საქართველოში რთული სიტუაციაა, თითქმის ყოველი მეორე ემიგრანტი ქველმოქმედი გახდა და ისინი ხშირად ეხმარებიან სამშობლოში დარჩენილებს.

ქველმოქმედება - ემიგრანტების ჯგუფი Helping hands, შორენა მოსიძის ორგანიზატორობით, 5 წელია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა ამერიკიდან საქართველოში; ეხმარებიან აქედან გაგზავნილი ნივთებით, როგორიცაა ტანსაცმელი, სამედიცინო მომსახურების ნივთები ჩაწოლილი ავადმყოფებისთვის, შეგროვილი თანხით კონკრეტული ოჯახების სურვილისამებრ, ყიდულობენ მათთვის სასურველ პროდუქტებს, საკვებს, წამლებს და ხშირად, მათ კომუნალური გადასახადების დაფარვაშიც დახმარებიან. მოკლედ, ვის რა საჭიროება აქვს, იმის მიხედვით ვუწვდით მეგობრულ ხელს.

ჩემი ერთი დღე - ჩემი დღე იწყება დილის 5 საათიდან, რადგან სხვადასხვა ქალაქში მიწევს გადასვლა და ვარჯიშების ჩატარება. ქართველები იკრიბებიან ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ ვახერხებ თავშეყრის ადგილებში მისვლას.

რა შემთხვევაში დავბრუნდები საქართველოში - საქართველოში, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით! იმედია, ეს ყველაფერი დროებითია. არა მგონია, რომელიმე ქართველი სულით და გონებით საქართველოდან წავიდეს. ამერიკა ჩემთვის მეორე ქვეყანაა, რა თქმა უნდა და მე პატივს ვცემ ქვეყანას და აქაურ ხალხს, რადგან მიმიღეს, მაძლევენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის და იდეების განხორციელების საშუალებას... მომავალი წლიდან დიდი შეჯიბრებები მელოდება. მე მოქმედი სპორტსმენი ვარ და ვიბრძოლებ ზოგჯერ ამერიკის, ზოგჯერ საქართველოს სახელით, გააჩნია, რა დონის ტურნირი იქნება...

დაბოლოს, გიორგი, შენ "ფეისბუკზე" დადე ასეთი პოსტი: "ყოველი სუნთქვა შეიგრძენი, სიცოცხლე იზეიმე. ნუ მოკვდები შენს სიკვდილამდე. ნამდვილი ბედნიერება მადლიერებაში იმალება, ამიტომ მადლიერი იყავი და იცხოვრე ყოველი წუთით!" საინტერესოა, შენ ვისი მადლიერი ხარ და კიდევ, რას ეტყოდი უმადურ ადამიანებს?

- უფლის მადლიერი ვარ და იმ მეგობრების, რომლებიც უყოყმანოდ ამომიდგნენ მხარში გაჭირვების დროს. უმადურ ადამიანებს კი ვეტყვი, რომ ოდნავ მაინც დააფასონ ის, რაც გააჩნიათ. ვინაიდან თვითონ სიტყვა "უმადურობა" იმას ნიშნავს, რომ როცა რაღაც დახმარებას მიიღებ ადამიანისგან ან ქვეყნისგან, შენ ამას ვერ კი არა, არ აფასებ - ეს ძალიან ცუდია.

ლიკა ქაჯაია