დაბრუნდი, ნუნუ მასწავლებელო!
font-large font-small
დაბრუნდი, ნუნუ მასწავლებელო!
ამ ბავშვებს ხალისი და ცოდნა ერთად უნდა მოვუტანო გაკვეთილზეო...

ვიდრე ზამთრის სუსხიანი ფრთა მიდამოს ფერს საბოლოოდ შეუცვლიდა, კიდევ ერთი ქალის ცხოვრებაში ყველა ფერი გამუქდა. სიყმაწვილის ჟამს ერთ ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს - 18 წლის შვილი თოვლმა წაართვა მშობლებს. ვაებასა და ტკივილს ზომა არ ჰქონდა. სანუგეშებელ სიტყვებს ვერავინ პოულობდა. ხსნა ეკლესიაშიაო, - თქვა ვიღაცამ. ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე მივადექი ეკლესიის მოძღვარს და დავეკითხე, რა უნდა მეთქვა ჭირისუფლებისთვის. მან ერთი დეკაბრისტის შესახებ ასეთი ამბავი მომითხრო:


"რუსეთში, დიდგვაროვანთა ერთ ოჯახში ჩვილი კვდებოდა. მუხლდაჩოქილი დედა ხატებს ევედრებოდა შვილის გადარჩენას. მისი წრფელი ვედრება დიდხანს გრძელდებოდა და ცრემლმდინარემ იხილა წმინდანი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ზუსტად ახლა იყო მისი შვილის გარდაცვალების დრო, ეს იყო მისი სულის ხსნის ჟამი და ახლა უნდა დახსნილიყო წუთისოფლის ამაოებისგან. დედა კვლავ ევედრებოდა უფალს, რომ მისი შვილი სიკვდილისგან დახსნილიყო. იყოს ნება შენიო, სინანულიანი სახით უთქვამს მოვლენილ წმინდანს. წლების მერე, პოლიტიკური შეხედულებებისა და ტერორიზმის გამო ჩამოახრჩვეს. დედამისს ისევ გამოეცხადა წმინდანი და უთხრა, იყო ჟამი ამ ქვეყნიდან შენი შვილის სულის უმანკოდ წასვლის, რათა განესვენა იქ, სადაც არ არის შური, ბოროტება, ძალისხმევა... ახლა კი მისი ადგილი ჯოჯოხეთშია და მისი სულის აღმოსაყვანად უფრო მეტი გულმხურვალე ლოცვაა საჭირო, ვიდრე მაშინ, ჩვილობის დროს მის გადარჩენას რომ ითხოვდიო".
დეკაბრისტის ამბავი შვილმკვდარ დედას მოვუყევი. შავოსანმა თვალი თვალში გამიყარა და მითხრა, ჩემს შვილს არც არავინ მოუკლავს, არც პოლიტიკაში შერეულა, რად წამართვა ჩემი შვილიო...
დიახ, შვილმკვდარ მშობლებს ნუგეში არ სურთ, მათ მხოლოდ შვილი უნდათ და არა ნუგეში! ჰოდა, ერთხელაც, დედა შეშლილი სახით გაიჭრა სახლიდან, მიაგდო ყველა და ფეხშიშველა შეუდგა თავის გოლგოთას, ვინ იცის მერამდენედ. გარბოდა დედა უმისამართოდ და ძალიან სწრაფად, წინ შემხვედრებს მოხერხებულად იცილებდა, უკან მიდევნებულებს კი სისწრაფე არ ჰყოფნიდათ, რომ თუნდაც კაბის კალთას ჩაბღაუჭებოდნენ. კილომეტრს იქით, მდინარის წყალში გარბენისას, დედა დაემხო დაბლა და ეძებდა სიკვდილს, რომელთანაც ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი ან სულაც - ევედრებოდა, მალე თავის შვილთან მიეყვანა. მომეჩვენა, ალბათ მომეჩვენა, მაგრამ ეს მოჩვენება ასეთი იყო: სევდიანი ღიმილით გაუარა სიკვდილმა წყალში ჩამხობილ დედას გვერდით და მწვანედ აღაღანებულ ტყეს შეერია. მაშინ ამის თქმა ვერ გავბედე, შემეშინდა, გიჟად არავის ჩავეთვალე. უბრალოდ, იმ სევდიანი ღიმილის მქონე სიკვდილისა აღარ მეშინოდა. ვფიქრობდი ბავშვურად, რომ სიკვდილს ღიმილით მიჰყავს ამ საცოდავი საწუთროდან ადამიანები შვებისთვის!
GzaPress
სამიოდე თვის წინ საჩხერის ერთ სკოლაში მიმავლინეს კიდევ ერთი რეფორმის ეტაპის დასაწყებად. ყველა მასწავლებლის გაკვეთილი უნდა მენახა, მერე გვემსჯელა სუსტ თუ ძლიერ მხარეებზე და გვეზრუნა პროგრესზე. ეს ყველაფერი მკითხველისთვის უბრალოდ, მოსაწყენი პროზაა, მაგრამ სათქმელის დასასრულებლად ერთ დეტალს მაინც მოვყვები:
24 ბავშვი ერთ თვალად და ერთ ყურად ქცეული უყურებდა კლასში შემოსულ მასწავლებელს. გარეთ ცრიატი ამინდი იდგა. ქალბატონი, საოცრად რომ უხდებოდა მოზომილი ღიმილი, მიესალმა მოსწავლეებს და დავალება მისცა. ბავშვებმა მოიმარჯვეს ფურცლები, ფერადი ფანქრები და დაიწყეს ხატვა. არსებობს ბედნიერი გაკვეთილები, როცა არაფერია ზედმეტი ან ნაკლები მოსწავლეებისთვის. ეს ისეთი შემთხვევაა, როცა გაკვეთილი მთლიანად ბავშვებისთვისაა და არა მასწავლებლის ხელფასისთვის, ან კიდევ, საიდანღაც მოსული დამსწრისათვის. ბავშვებს ეტყობოდათ, რომ ნუნუ მასწავლებელი ისეთი სიყვარულით უყვარდათ, რომელსაც დაუმსახურებლად ვერ მიიღებ. უმანკო თვალები ისარკავდა მასწავლებლის შინაგან სამყაროს. ვერ დავფარე აღფრთოვანება და გაკვეთილის დასრულებისას ვუთხარი, - ნუნუ მასწავლებელო, ვიცი, რომ ჯილდოებისთვის არ მუშაობთ, რადგან ამ ბავშვების სიყვარული თქვენთვის უმაღლესი ჯილდოა, მაგრამ მსოფლიოში არსებული მასწავლებლის ყველა ჯილდო ნამდვილად გეკუთვნით-მეთქი. მერე დავსხედით, ვსაუბრობდი დაუღალავად მისი გაკვეთილის ეფექტიანობის დამადასტურებელ ფაქტებზე. ნუნუ მასწავლებელი დინჯად ისმენდა ჩემს სიტყვებს და სხვანაირად არც შემიძლია, მე ამ ბავშვებს ხალისი და ცოდნა ერთად უნდა მოვუტანო გაკვეთილზეო...
ცოტა ხნის წინ სკოლის დირექტორმა მითხრა, ნუნუ მასწავლებელს შვილი გარდაეცვალაო. ბავშვებს გავყევი სამძიმრის სათქმელად. ასფალტირებულ გზას ბეტონისა შეენაცვლა, მერე ნამდვილ იმერულ ორღობეში ამოვყავით თავი: ტალახიც იყო, ღობეებს იქით ზვინები და ვენახში ობლად დატოვებული კვახებიც, მგონი დუმილით დაქანცული, პირგახეთქილი ბროწეულებიც... გზის თავქვე ნუნუ მასწავლებლის სახლი, მოღვრემილი და მგლოვიარე კედლებით, გზის აღმა - სოფლის სასაფლაო და მცირე საყდარიც, ისიც მგლოვიარე და გარუხებული. ბავშვები ფეხაკრეფით ავიდნენ სახლის მეორე სართულზე, მე კი ფეხები უკან მრჩებოდა. ძნელია, ნახო კიდევ ერთი დანაცრებული გულის მეპატრონე დედა შვილის ცხედართან. ძნელია, სანუგეშო სიტყვების პოვნა, უფრო ძნელია, ანუგეშო ადამიანი, თუ ნუგეში არ უნდა... გონება უკან მწევდა, გული წინ მექაჩებოდა, როგორ აღმოვჩნდი კართან, არც მახსოვს, სამაგიეროდ, მძაფრად მახსოვს ნუნუ მასწავლებლის სიტყვები, - როგორღა ჩავატარო ის მხიარული გაკვეთილები, თქვენ რომ ამდენად მომიწონეთო... ენაზე მომდგარი ყველა სიტყვა გადაიყლაპა და გაქრა. მხოლოდ ჩახუტებაღა მოვახერხე, ცრემლებიც გამშრალიყო და ფიქრი ბურღავდა ტვინს - ნუნუ მასწავლებელი სკოლაში უნდა დაბრუნდეს, ნუნუ მასწავლებელი სკოლაში უნდა დაბრუნდეს...
მერე ნაცემი ძაღლივით გამოვიძურწე ოთახიდან. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ნუნუ მასწავლებელი ნუგეშს მიიღებდა, უბრალოდ, მე ეს ვერ შევძელი და ამეკვიატა სიტყვები, ვინმე იქნება ამქვეყნად, ვინც ნუნუ მასწავლებელთან ამ ძნელბედობისას იქნება, ვინმე იმ ყაჩაღივით, ქრისტეს გვერდით ჯვარზე რომ გააკრეს?!
და მაინც, რა არის შვილის სიკვდილი? მოპასუხე მხოლოდ ისევ შვილმკვდარი დედა თუ იქნებოდა. ქალბატონმა, რომლის სახელისა და გვარის დასახელება არაფერს მოიტანს, მიპასუხა: ეს არის ტკივილი, რომელიც არასდროს გადის სხეულიდან, გულიდან, სულიდან, სისხლიდან, ტვინიდან. ტრაგედია, რომელსაც სახელი არა აქვს. როცა დედას შვილი უკვდება, მისთვის ის ბოლო დღეა, რომელიც დაღამდა და აღარ გათენდება მანამ, სანამ ის დედა დედამიწაზე დადის; მანამ, სანამ დედა შეძლებს ეს ტვირთი ზიდოს და ადამიანები დააჯეროს, რომ ისევ ცოცხალია. სულ ვფიქრობ, რა ბედნიერება იქნებოდა დედისთვის, შვილის ზეცაში გაფრენამდე რამდენიმე წუთით მაინც რომ მოასწროს იმ ქვეყნად წასვლა, მაგრამ არ ხდება ასე. ერთი ღერი თმა არ ჩამოგივარდება თავიდან, თუ უფლის სურვილი არ იქნება. კი ბატონო, დავიჯერეთ, ვენდეთ უფალს, მივაბარეთ შვილები. რა ძნელია დედისთვის, მოისმინო, უფალს კარგები მხოლოდ თავისთვის უნდაო ან ეტყობა, უარესს აარიდა უფალმა და იმიტომ წაიყვანა თავისთანო. თეორიულად რა კარგად გვიხსნიან მავანნი და ისე ერთი სიკვდილი და ერთი არგათენებული დღეა დედისთვის. თითქოს ცხოვრება ისევ გრძელდება, ისევ მიდიხარ სადღაც და აუცილებლად დაბრუნდები უკან, ისევ მიულოცავ ვიღაცას დაბადების დღეს თუ ქორწინების სიხარულს, გაიღიმებ კიდეც, გაიხუმრებ და სხვის ხუმრობასაც შეეხმაურები... მაგრამ არ არის არც ერთი წუთი, წამი, დღე, ღამე და ძილიც კი, სადაც მუდმივად არ არის დედისთვის შვილი. არათუ არის, ისეთი რამ შეიძლება გაგახსენდეს მისი ხანმოკლე ცხოვრებიდან, რომელიც არასდროს მოგაგონდებოდა მისი სიცოცხლის შემთხვევაში. დღე დღეს მისდევს, ღამე ღამეს, თვე თვეს, წელი წელს და ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ მხოლოდ სხეულსაც შეუძლია იაროს დედამიწაზე სულის, გულის და სიცოცხლის გარეშეც კი. ღამე კი აიღებს დედა ხელში თავის სხეულს და დადებს ლოგინზე, რომ მეორე, მესამე და ასე შემდეგ წლების შემდეგ კვლავ აიძულოს, წამოაყენოს, რათა შვილთან წასვლამდე მის სულს ეფეროს და ემსახუროს...
ნუნუ მასწავლებელთან წასვლა მოვისურვე. ვუთხარი მის კოლეგებსაც, - ავიდეთ, მივაკითხოთ და მოვიკითხოთ-მეთქი. უდროობამ თუ ჯერ კიდევ იმან, რომ ამის დრო არ დამდგარა, შეგვაფერხა. ალბათ იმ იმერულ ორღობეში ისევ ტალახია, ისევ რუხია სახლისა და ტაძრის კედლები, ეზოებში სიცივეს გადარჩენილი ქრიზანთემები ყვავილობას ჯიუტად აგრძელებენ, ჩიტბატონები ისევ შესევიან ხურმებს, ბროწეულებს პირი უფრო გადახსნილი ექნებათ, კვახებსაც პატრონის ხელი შელალავდა სიმშრალეში, ზვინს წვეროს მოურღვევდა მეურნე კაცი. თითქოს არაფერი შეცვლილა სამყაროში, კავკასიონის მწვერვალებს ისევ დაბატკნებია თოვლი, უფრო ქვემოთ შეშლილი ჩონჩხებივით დგას ტყეები, უფრო ქვემოთ, საადამიანოში სიხარული და მწუხარება ენაცვლება ისევ ერთმანეთს დღე-ღამესავით.
ნუნუ მასწავლებელი კი ამ დროს თავის ეზოს იქით არ უშვებს ზღვა საწუხარს. მას მხოლოდ სიხარულის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის და აბა, რატომ გაუშვას თავისი საწუხარი სხვასთან? მჯერა, ნუგეში უნდა, მაგრამ მე და სხვები ვაგვიანებთ, ვაგვიანებთ ძალიანაც და იმ გაცემული სიხარულის ნამცეციც რომ დავუბრუნოთ შვილმკვდარ დედას, ეგებ მერე უფრო ადვილად დაუბრუნდეს თავის პატარებს სკოლაში სიხარულის გასაცემად და კიდევ სამაგალითოდ, როგორ უნდა ავუყვავოთ ბავშვებს ის ხანა, მოსწავლეობა რომ ჰქვია...
P.S. მინდა, მომდევნო პარასკევს სკოლაში მისულს ნუნუ მასწავლებელი შემხვდეს; უფრო ის მინდა, შევიდეს იმ ოთახში, სადაც 24 წყვილი თვალი მისი მუდმივი მონატრებით იმზირება...
დაბრუნდი, ნუნუ მასწავლებელო!
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ოჯახის სამი წევრი ერთ ფილმში
"არჩევანის საშუალება არ მქონდა, დედა ემიგრანტი მყავდა"
"ის მორალურ პოლიციად ექცა ბავშვებს და დიდებსაც"
"კახეთში რამდენიმე წელიწადში სულ სხვა ცხოვრება იქნება"
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი