"ზვავი" - შიშის შემაძრწუნებელი თვალსაჩინოება ახმეტელის თეატრის სცენაზე - გზაპრესი

"ზვავი" - შიშის შემაძრწუნებელი თვალსაჩინოება ახმეტელის თეატრის სცენაზე

GzaPress"თუ გაჩუმდებით, ვერაფერს მიაღწევთ. მცდარი წესების მიღებით ვერაფერს შეცვლით", - ამ ფრაზით ეხმაურება ცნობილი თურქი დრამატურგი, თუნჯერ ჯუჯენოღლუ მისივე პიესაში ("ზვავი") წარმოჩენილ პრობლემას, რომელიც საზოგადოებაში ათეული წლების მანძილზე ჩაბუდებულ შიშსა და უმოძრაობას უკავშირდება. შიში, მორჩილება და ნიჰილიზმი თაობებს მემკვიდრეობით გადაეცემა - ოდესღაც დამკვიდრებული მოსაზრების მიხედვით აჯერებენ და სწამთ, რომ ოდნავ ზედმეტ ფიზიკურ მოძრაობას ან ხმამაღლა გამოხატულ ემოციას შეუძლია ზვავი გამოიწვიოს, რომელიც მთელ სოფელს დანთქავს. ამ საშიშროების გამო ადამიანებს დაკარგული აქვთ თითქმის ყველა სახის ემოციური რეაქცია - ითრგუნავენ ხმამაღალი საუბრის, სიცილის, გაბრაზების, სასიხარულო ან ტკივილნარევი შეძახილის უნარს... მათი ერთადერთი მბრძანებელი შიში გამხდარა, რომელიც აიძულებთ ქედმოდრეკილებმა, გამოფიტულებმა, ყოველგვარი ემოციისგან დაცლილებმა განვლონ უღიმღამო, მხოლოდ არსებობად ქცეული ცხოვრების გზა. ამასობაში კი, ვერც კი გაუგიათ, ისე გამხდარან პირუტყვები - მზად არიან ცოცხლად დამარხონ ახალგაზრდა ორსული ქალები, ოღონდ კი მათმა ტკივილიანმა შეძახილებმა ან ბავშვის სამყაროს მისამართით ამოტირებულმა მისალმებამ ზვავი არ გააღვიძოს... საბოლოოდ, გამეფებულ შიშს სიყვარული და თავისუფლების წყურვილი უპირისპირდება, ძველ თაობას - ახალი და დამყაყებული ჭაობიც ტორტმანს იწყებს; მონური ყოფისთვის განაჩენი ახალ თაობას, სიყვარულს, თავისუფალი საზოგადოების წევრობის სურვილს გამოაქვს და ყალბი ილუზიაც იმსხვრევა... ეს ემოციები თან თურქი დრამატურგის, თუნჯერ ჯუჯენოღლუს ყველაზე გახმაურებულ პიესა "ზვავს" ახლავს, რომლის პრემიერაც ახლახან ახმეტელის თეატრის სცენაზე გაიმართა. პიესა, რომელიც რამდენიმე ენაზეა თარგმნილი და 15 ადგილობრივი და რამდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატია, აზერბაიჯანელი რეჟისორის, ირადა გოზალოვას რეჟისორობით დაიდგა.

ირადა გოზალოვა, რეჟისორი: - ოჯახის წევრები, რომლებიც ათეული წლების მანძილზე ზვავით გამოწვეული შიშით ცხოვრობენ, ვართ ჩვენ, ადამიანები, ვინც ასევე ათეული წლების განმავლობაში ვცხოვრობთ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებთან ერთად და ეს პრობლემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არა და არ სრულდება. ალბათ ამიტომაც, ეს პიესა არა მხოლოდ ავტორიტარულ, განვითარებულ ქვეყნებშიც პოპულარულია და წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ სცენებზე. სპექტაკლის ბოლოს ირკვევა, რომ ზვავის საშიშროება საერთოდ არ ყოფილა და ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იყო. მათ ისევე ატყუებდნენ, როგორც ატყუებენ ხოლმე ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში, რათა დანერგონ უსაფუძვლო შიში.

გამზე დევრიმ ჯუჯენოღლუ, თუნჯერ ჯუჯენოღლუს ქალიშვილი:

- მიუხედავად იმისა, რომ ქართული არ ვიცი, პიესა იმდენად კარგად იყო დადგმული, ყველაფერი გავიგე. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ნამუშევარი შედგა და რომ ხელოვნებას საზღვრები არ გააჩნია. სპექტაკლი ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვარ, მამასაც მოეწონებოდა.

ანდრია გველესიანი, მსახიობი: - გარდა იმისა, რომ თუნჯერ ჯუჯენოღლუ მსოფლიო მასშტაბის დრამატურგია, ის გახლდათ არაჩვეულებრივი პიროვნება და დასაფასებელი მეგობარი ჩვენი დასის წევრებისა და თეატრისთვის. პირველად ჩვენი თანამშრომლობა ახმეტელის თეატრში მისი პიესის, "ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" დადგმისას შედგა. ეს ნამუშევარი მან პირადად ჩვენთვის შექმნა და მსოფლიო პრემიერაც ახმეტელის თეატრის სცენაზე გაიმართა. სპექტაკლი გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა, სხვათა შორის, ახლახან რუმინეთში წარვადგინეთ და საკმაოდ სერიოზული ფესტივალებიდან სამი ნომინაციით დავბრუნდით. რამდენიმე თვის წინ ანკარაში ვიყავით, სადაც ფესტივალზე თუნჯერი ვნახეთ. ერთ თვეში კი მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. მოგვიანებით, თუნჯერის შვილმა, გამზე დევრიმ ჯუჯენოღლუმ მოგვითხრო, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მამამ შვილი იხმო, უკარნახა და დააწერინა საკუთარი სურვილი-ანდერძი, რომლის მიხედვითაც სურდა მისი ყველაზე წარმატებული პიესა - "ზვავი" ახმეტელის თეატრში ირადა გოზალოვას რეჟისორობით დადგმულიყო. ირადამ ჩვენს თეატრში "ჰელადოსი" დადგა. ყოველ ამ სპექტაკლზე დღემდე ანშლაგი გვაქვს. ეს ფაქტი კიდევ ერთი დამატებითი მოტივაცია გახლდათ, რომ ყველა ბოლომდე დავხარჯულიყავით. შედეგად კი, ღირებული სპექტაკლი მივიღეთ.

- სპექტაკლი საკმაოდ ემოციურია. თამაშის პროცესში ემოციებს კიდევ უფრო ხომ არ ამძაფრებს ის ფაქტი, რომ თქვენი მთავარი პარტნიორი თქვენივე მეუღლეა?

- რთულია არ იყო სუბიექტური სცენაზე, რადგან პირველ რიგში, მაინც ადამიანები ვართ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაიკო მართლაც ძლიერი მსახიობია და ამ როლსაც განსაკუთრებულად ამაღელვებლად თამაშობს. რომც არ იყოს ჩემი მეუღლე, მის გვერდით ამ როლის განსახიერება ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, დიდი სიამოვნება იქნებოდა.

- სპექტაკლის სათქმელი საკმაოდ მასშტაბურია და მას ალბათ, ყველა სხვადასხვა სიღრმის მიხედვით აღიქვამს. თქვენთვის რა არის ამ წარმოდგენის მთავარი გზავნილი?

- პირდაპირი დატვირთვით სპექტაკლში წარმოდგენილია ოჯახი, რომელიც შიშმა დააპატარავა, შიშის სინდრომმა სრულად შთანთქა და მაგიდის ქვეშ გახიზნა... ზოგი მაყურებელი სიუჟეტის პოლიტიკურ დატვირთვას უსვამს ხაზს. მავანნი ხშირად გვიბიძგებენ საკუთარ ნაჭუჭში ჩუმად ვიყოთ და მათ ბრძანებებს უსიტყვოდ დავემორჩილოთ. მაგრამ ახალგაზრდა სისხლი არ ეგუება ჭაობში ცხოვრებას და პროტესტის ტალღას გზას აძლევს... ეს კი გადამდებია და ყველა გამოჰყავს ლეთარგიული ძილიდან... მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა სპექტაკლის განხორციელების პროცესში და ის ღირებული, დამაფიქრებელი, ამაღელვებელი სახით წარდგა მაყურებლის წინაშე. ვეპატიჟებით მაყურებელს ძლიერი ემოციების განსაცდელად და ღრმა შთაბეჭდილების მისაღებად.

GzaPress თამარ ბეჟუაშვილი, მსახიობი: - სპეციფიკური, უცხო და იდუმალი სპექტაკლია. ერთ-ერთი პრემიერის წინ საშინელმა შიშმა შემიპყრო, ახლაც არ ვიცი, რა დამემართა. როცა წარმოდგენა დასრულდა და ფარდა დაეშვა, სრულიად დაცლილი აღმოვჩნდი ემოციებისგან. ირადას განსხვავებული ხედვა აქვს, შესაბამისად, მასთან მუშაობა საინტერესო იყო. მართლაც გამორჩეული დრამატურგის არაჩვეულებრივ პიესაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ. სპექტაკლი საკმაოდ ბევრ სათქმელს მოიცავს და ვფიქრობ, მაყურებლამდე ამის მიტანა შევძელით. აქტუალური თემები ჟღერდება ჩვენი რეალობისთვისაც. დრამატურგის გენიალურობაც სწორედ ამაშია. ჩემს პერსონაჟს დაჩაგრული ქალის ფსიქოლოგია აქვს, განადგურებულია და თითქოს, საკუთარი "მეც" დაკარგული აქვს. ეგუება და ითმენს ყველაფერს, მათ შორის, ჩაგვრას.

- სპექტაკლში თქვენს მეუღლეს თქვენი მეორე ნახევარი ასახიერებს. სცენაზე მეუღლესთან ერთად თამაში რთული არ არის?

- არა, ამის გარეშე უკვე ვეღარც წარმომიდგენია. უბრალოდ, რეპეტიციებზე, თუ რამე შეეშალა, ძალიან ვბრაზდები (იცინის), პრემიერისას კი ისე ვღელავ, ამაზე ყურადღებას ვეღარ ვამახვილებ ხოლმე.

მამუკა მაზავრიშვილი, მსახიობი: - სპექტაკლში სამი თაობაა წარმოდგენილი. ძველი თაობა თანახმაა ორსული ცოცხლად დამარხოს, შეჩვეულია ცხოვრების დამკვიდრებულ წესს, ახალი თაობა კი აპროტესტებს და იმარჯვებს კიდეც. მისი გამარჯვება შემდეგ ყველა თაობას გადაედება, ოჯახი იკვრება, ბავშვი, მომავლის რწმენა იბადება.

შორენა ლაბაძე