"ნაჩუქარი" ჩრდილოეთის ციალი - გზაპრესი

"ნაჩუქარი" ჩრდილოეთის ციალი

ქრისტეშობის თვეში ყველა ცდილობს წლის შეჯამებას, რა მოიგო, რა წააგო, რამ გაახარა თუ გაანაწყენა, რა ან ვინ შეუყვარდა... კიდევ, დეკემბერში ჩრდილოეთის ციალზეც ბევრი ფიქრობს, ულამაზეს სანახაობაზე, რომელიც მხოლოდ პოლუსების ახლოს ყალიბდება და ძალიან ცოტას აქვს მისი რეალურად ნახვის შესაძლებლობა.

რა არის ჩრდილოეთის ციალი? - ვიკითხე რამდენიმე წლის წინ და ერთმა ქალბატონმა ამომწურავად მიპასუხა: "პოლარული ნათება ჩნდება მაშინ, როცა მზის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრებიან ხოლმე. რაც უფრო დიდია მათი რაოდენობა, მით მეტად ეფექტური და მკვეთრი ციალი მიიღება. ნაწილაკები ძირითადად პოლუსებისკენ გროვდება და ურთიერთქმედებენ ატმოსფერულ აირებთან, კერძოდ, აზოტსა და ჟანგბადთან. ყველაზე გავრცელებულია მწვანე ნათება, რასაც იონიზებული ჟანგბადი იწვევს დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ-ის თავზე. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ფენომენის სახელია Aურორა Bორეალის, სამხრეთისაში კი - აურორა აუსტრალის. ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, კანადა, ალასკა - ეს ის ადგილებია, სადაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სწორედ ჩრდილოეთის ციალის სანახავად ჩადის..." - ეს ქალბატონი მარინა გიგოლაშვილი იყო, ქართველი მეცნიერი და პედაგოგი, რომელიც ისეთი გამორჩეული ბუნების ადამიანი აღმოჩნდა, რომ მისი ყოველი სიტყვა ჩემთვის უძვირფასესი გახდა. ეს ის დრო იყო, როცა 63 წლის ასაკში დედა გარდამეცვალა და დედაჩემის ასაკის ქალბატონისგან წამოსული თბილი სიტყვები დარდიან გულს მალამოდ ეცხებოდა. მარტო ჩრდილოეთის ციალზე კი არ მიყვებოდა, თავის უმდიდრეს გამოცდილებას მიზიარებდა, მოგზაურობის ამბებს მაცნობდა. ეს თან იმ დროს, როცა თურმე უკურნებელ სენს ებრძოდა, მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი...

ერთი საინტერესო ამბავიც მომწერა, ნამდვილი და გულში ჩამწვდომი:

GzaPress"ათენის ქართველობა "ომონიაში" იკრიბება. ეს ათენის ნაციონალური თეატრის წინ მდებარე შენობა გახლავთ, საიდანაც ხდება ავტობუსების გამომგზავრება თბილისისაკენ, წინწყაროსა და წალკისაკენ. იმ დღეს, როდესაც ავტობუსი უნდა გავიდეს ათენიდან, ამ შენობაში დიდი გამოცოცხლებაა. მგზავრების გარდა, რომლებიც კარგა ხნით ადრე ბარგი-ბარხანით მოკალათდებიან ხოლმე მოსაცდელში, უამრავი გამცილებელი იკრიბება. სასწრაფოდ იწერება წერილები, იკვრება პატარა თუ დიდი ამანათები, რომლებიც დახარისხების შემდგომ, ადრესატებს ჩაბარდება. ზოგი ფულს გზავნის, ზოგი - პროდუქტებს. ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ თბილისში ვბრუნდებოდი. მოსაცდელში თავმოყრილ ხალხს ვათვალიერებდი. აქ ყველა ერთმანეთს იცნობდა. გამცილებლები ერთი ჯგუფიდან მეორეში გადადიოდნენ, რაღაცას აბარებდნენ წამსვლელებს, რაღაცას სთხოვდნენ და იყო ერთი გნიასი.

ერთი მოკლედ თმაშეკრეჭილი ქალი დიდხანს წერდა წერილს. მოჭმუჭნილი ცხვირსახოცი კალამთან ერთად ჩაებღუჯა, მეორე ხელისგულით კი წამდაუწუმ ცრემლებს იწმენდდა. ვერავის ხედავდა, ვერაფერს ამჩნევდა. რომ დაამთავრა, ჩადო კონვერტში და დააწება, მხოლოდ მაშინ მიმოიხედა გარშემო. შემომხედა და მიდიხარო? - მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

- რა ბედნიერი ხარ! - აღმოხდა გულის სიღრმიდან...

ჩემი ყურადღება ოჯახმა მიიპყრო - ცოლ-ქმარი პატარა ვაჟიშვილით ჩემ გვერდით სავარძლებში ისხდნენ. მამაკაცს ხელის მტევნები და სახე მოშავო-ჟანგისფერი ჰქონდა, მაჯებთან და მკერდზე ჩახსნილ თეთრ პერანგში კი თეთრი კანი უჩანდა, თითქოს თავი და ხელები სხვისი ჰქონდა მიკერებული. როგორც გავიგე, ისინი ორი წელია კუნძულებზე მუშაობენ, ქმარი - პლანტაციაში, ცოლი - ოჯახში. მაშინ კი მივხვდი კაცის უჩვეულო გარუჯვის მიზეზს. ბიჭი, ნიკუშა თურმე მეორე წელია, საეკლესიო სკოლაში სწავლობს და კლასში ყველას სჯობნის როგორც ბერძნულ ენაში, ასევე ღვთისმეტყველებასა და მათემატიკაში.

- ალბათ თქვენ ეხმარებით ხოლმე.

- არა, ჩვენ ცოტაოდენი ლაპარაკი ვისწავლეთ მხოლოდ, წერა-კითხვა კი მე თვითონ არ ვიცი, ამას რა უნდა ვასწავლო. თანაც, სად მცალია, მე ხომ ვმუშაობ! საღამოობით ისეთი დაღლილი მოვდივარ, არაფრის თავი აღარა მაქვს... ჩემი ქმარი ამ ბოლო ხანებში ძალიან ცუდად გრძნობს თავს. გამოკვლევებით ვერაფერი დაუდგინეს. სახლში თუ ცოტათი მაინც არ მომჯობინდა, აქ აღარ დავბრუნდებით...

ყველაზე მხიარული ჯგუფი მარიეტას აცილებდა. კაფანდარა, ოდნავ ბიჭური აღნაგობის ახალგაზრდა ქალი ერთ დროს ეტყობა, ამ ჯგუფის სული და გული იყო, მაგრამ ახლა რაღაც საშინელი ნერვული სტრესით ჩანდა განადგურებული. ნინო, ნანო, ელო, ნარგიზა და დალი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ რას მოჰყვებოდა და რითი გაამხიარულებდა მარიეტას.

- ჩემს მოხუცს ისე ვუყვარვარ, - ჰყვებოდა ელო, - სულ ხელებს მიკოცნის. მისმა ქალიშვილმა რომ უთხრა, სხვა ქალი უნდა მოგიყვანო მომვლელადო, მოხუცს თვალები ცრემლებით აევსო. როცა რაიმე ცუდ საქმეს ჩაიდენს, შევეკითხები ხოლმე, აქედან მოგარტყა თუ იქიდან-თქო და ისიც თვალებით მანიშნებს, საიდან ურჩევნია მუჯლუგუნის წაკვრა.

მე ვიგრძენი, რომ თმა ყალყზე დამიდგა, როცა წარმოვიდგინე, ამ ენაწართმეულ მოხუცს მანამდე როგორი ურჩხული უვლიდა, ეს რომ ანგელოზად ეჩვენებოდა.

გოგონები დროდადრო ბერძნულზე გადადიოდნენ. ისე შეეთვისებინათ ეს ენა, რომ ვერც გრძნობდნენ ამას. ჰყვებოდნენ, როგორ წავიდნენ კუნძულზე ახალი ადგილის საშოვნელად, როგორ გამოექცა ნარგიზა ერთ ოჯახს, სადაც საკმაოდ კარგი ანაზღაურება იყო, მაგრამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ყმაწვილი კაცი ნუდიზმის მიმდევარი იყო და სახლში ტიტლიკანა დადიოდა.

მარიეტა უსმენდა მათ, ზოგჯერ იღიმოდა კიდეც და კაცი რომ იფიქრებდა, ყველაფერმა გაუარაო, ცოცხალი ვერ ჩავაღწევო ქუთაისამდე, წამოიკვნესებდა.

ნინომ, ნანომ, ელომ, ნარგიზამ და დალიმ მარიეტა მე ჩამაბარეს. სულივით ჩამაბარეს. მე მათ შევპირდი, რომ ნამდვილად ცოცხალს ჩავიყვანდი ადგილზე. სასიკვდილო რა სჭირდა, უბრალოდ, ძალზე გადაღლილი და გაღიზიანებული ჩანდა.

მოგვიანებით, უკვე ავტობუსში რომ ვისხედით, მარიეტა მეუბნებოდა, რომ თუ ქუთაისამდე ჩააღწევდა, ყველა მაღვიძარას დაამტვრევდა და გადაყრიდა.

- საათი მაღვიძებდა ყოველი დილის ექვს საათზე. უთოც უნდა გადავაგდო ან სადმე შორს გადავმალო. დავიფიცე, რომ ერთი წელიწადი გაუთოებულს არაფერს ჩავიცვამ. ყოველდღე თხუთმეტ პერანგს და ტრუსებს რომ გარეცხავ და გააუთოებ, აღარაფერი მოგინდება. დილიდან ღამის თორმეტამდე ფეხზე ვიდექი. ზოგჯერ ჩაცმული მივეგდებოდი დასაძინებლად, ტანსაცმლის გახდის თავიც აღარა მქონდა, - ჰყვებოდა და ჩუმ-ჩუმად იწმენდდა ცრემლებს.

მე ვამშვიდებდი, ვცდილობდი რაიმე კარგი და სასიამოვნო მომეყოლა მისთვის. ჩემი თავგადასავალიც ვუამბე, როგორ მიპატრონეს პრევეზაში, გზა რომ დამებნა და დახმარება მჭირდებოდა, როგორი კეთილგანწყობა და მეგობრული მხარდაჭერა ვიგრძენი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი, მაგრამ მარიეტას არაფრის გაგონება არ უნდოდა. ეტყობა, ვიღაცამ რაღაც ძალზე დიდი ტკივილი მიაყენა. ნაძირალა შეიძლება ყველგან შეგხვდეს.

- შენ ახლა გადაღლილი ხარ, გავა დრო, დაისვენებ და გული ისევ აქეთ გამოგიწევს, - ვუთხარი დასაიმედებლად თუ რაღაც უცნაური წინათგრძნობით.

- არავითარ შემთხვევაში, აქეთ როგორ გამოვიხედავ? - დაკვესა თვალები მარიეტამ. შემდეგ მხარზე დამადო თავი და ჩაეძინა. დროდადრო შეკრთებოდა, ხან წამოიკვნესებდა, შემდეგ ისევ მშვიდდებოდა.

ვუმზერდი ავტობუსის ფანჯრის მიღმა სიბნელეს და თვალწინ კალეიდოსკოპურად იცვლებოდა სახეები. თუ ათენისკენ მიმავალი მგზავრები თავიანთი ბედის რადიკალურად შეცვლისაკენ ისწრაფოდნენ და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ავტობუსი კი არა, იმედებითა და რწმენით აღსავსე უზარმაზარი ზარდახშა მიექანებოდა ბედნიერი, უღრუბლო მომავლისაკენ, აქეთობას ჩემს თანამგზავრებად ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც გრანდიოზული ყუთებით, ხვავითა და ბარაქით დატვირთულნი, მაგრამ მორალურად სრულიად გაჩანაგებულები ბრუნდებოდნენ სახლებში.

შემდგომ მარიეტა მიყვებოდა, რომ იგი ათენში კიდევ ნახევარი წელიწადი უნდა დარჩენილიყო:

- მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, მადა დამეკარგა, კატასტროფულად დავიკელი წონაში. ყველანაირი ანალიზი ჩავიტარე, არაფერი გჭირსო, მეუბნებიან, მე კი ვკვდები. ბოლოს ერთმა დალოცვილმა ხანში შესულმა ექიმმა მითხრა: "წადი, შვილო, შენს სამშობლოში წადი, შენი სენის სახელი ნოსტალგიაა, სხვა არაფერი", - და მეც ერთ კვირაში გავემზადე. თუმცა ქუთაისამდე ცოცხალი ვერ ჩავალ, ვერ ვეღირსები ჩასვლას...

მე ხან დავტუქსავდი, ხან მოვეფერებოდი. ერთხელ ისეთი ნერვიული შეტევა დაემართა, ლამის მართლა ჩამაკვდა ხელში. კანკალებდა, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე. ძლივს მოვაბრუნე. პირველად მთელი გულით სარფში გაიხარა, - მგონია, მართლაც აღარ მოვკვდები, რადგან ამ ჰაერით ვსუნთქავო.

მეც თითქოს მარიეტას თვალებით ვუყურებდი არემარეს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი კვირით ვიყავი წასული, თურმე მეც ძალზე მომნატრებია ჩემი კუთხე, ჩემი სახლი და კარი, მეგობრები ან სრულიად უცნობი ადამიანები.

სამი თვე გავიდა, რაც საბერძნეთიდან დავბრუნდი... რამდენიმე დღის წინ ტელეფონმა დარეკა.

- მარიეტა ვარ... ვიზის გასაფორმებლად ჩამოვედი თბილისში.

- ვიზის? შენ არ ამბობდი, იქით აღარ გავიხედავო?

- კი, მაგრამ ახლა ისევ წასვლა გადავწყვიტე.

- მარიეტა, აუცილებლად მნახე, გამომიარე, ისე არ წახვიდე...

მარიეტა შემპირდა, მაგრამ შემდეგ აღარ გამოჩენილა..."

P.S. მარინა ერთხელ ოდნავ გაბზარული ხმით მელაპარაკა. დაჟინებით დავეკითხე მიზეზს და მითხრა, ქიმიოთერაპიის კურსი ახლახან გამიკეთეს, სუსტად ვარ. ვიცი, მალე აღარ ვიქნები, შენ და ჩემი შვილი მედარდებით თანაბრად, ღირსეულად იცხოვრებთ, მჯერა და არ დამივიწყო მე, ჩრდილოეთის ციალი და დედის საფლავზე მისატანი ყოჩივარდები სარვამარტოდო... ვერ ვივიწყებ!

როლანდ ხოჯანაშვილი