ფირზე აღბეჭდილი მოცეკვავეები და დაუვიწყარი მოგზაურობა ინდოეთში - გზაპრესი

ფირზე აღბეჭდილი მოცეკვავეები და დაუვიწყარი მოგზაურობა ინდოეთში

თენგიზ უთმელიძე ქართული ნაციონალური ბალეტის ("სუხიშვილების" ანსამბლი) სოლისტი იყო 1957-74 წლებში და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა გასტროლებით. ამჯერად, მას როგორც ფოტოხელოვანსა და წიგნების ავტორს გაგაცნობთ. მან ანსამბლის საგასტროლო მოგზაურობის ამსახველი ათასობით ფოტო გადაიღო და წლების მანძილზე არაერთი გამოფენა მოაწყო.

- ბატონო თენგიზ, როდის გაგიტაცათ ფოტოგრაფიამ?

- ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიყვარდა. პიონერთა სასახლეში ტურიზმისა და ალპინიზმის წრეზე დავდიოდი. მოსწავლეები ბევრს ვმოგზაურობდით და მაშინ დავიწყე ფოტოების გადაღება. ამას წინათ ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტს 70 წელი შეუსრულდა და იუბილეზე მიგვიწვიეს. გამოფენილი ჰქონდათ ჩვენი საველე გაზეთები, რომლებსაც მთაში ვუშვებდით. ერთ-ერთს "ნორჩი მოგზაური" ეწერა, სადაც ვნახე მეშვიდე კლასელი მოსწავლეების - გეიდარ ფალავანდიშვილის, ჯანო ბაგრატიონის (უმცროსი) და ჩემი წერილები. გაზეთს აფორმებდა შემდეგში ცნობილი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი. ჩემი პირველი ფოტოაპარატი იყო "ფედი", ეს ნიშნავდა - ფელიქს ედმონდის ძე ძერჟინსკი. კარგი აპარატი იყო, გერმანულ ტექნოლოგიაზე აწყობილი.

- თქვენი წიგნი "სუხიშვილები - რომანტიკული ფოტომატიანე" თქვენ მიერ გადაღებული ფოტოების საფუძველზე შეიქმნა. სულ რამდენი ფოტო გაქვთ?

- ძალიან დიდი მასალა მაქვს, ფოტოების რაოდენობა ათი ათასამდეა. ანსამბლის გასტროლების დროს ფოტოაპარატ "ზენიტს" ვიყენებდი. ფოტოგამოცდილება და პროფესიონალიზმი თანდათან მოვიდა, ვარჩევდი რა სიუჟეტები და როგორი კადრები უნდა გადამეღო. კი ვწვალობდი, ექსპონომეტრით დავდიოდი, რომ შუქები დამეყენებინა.

GzaPress

- ფოტოგამოფენას ხშირად აწყობთ? პირველი გამოფენა სად გქონდათ? - სულ 39 გამოფენა მქონდა. პირველი გამოფენის იდეა კულტურის სამინისტროში მუშაობისას დაიბადა. ჩემს კაბინეტში მაგიდაზე უამრავი ფოტო იყო გაშლილი, როცა შემოვიდნენ მინისტრის მოადგილე მხატვარი გოგი გუნია, ნოდარ გურაბანიძე და თემო გოცაძე. ფოტოები რომ დაათვალიერეს, გაგიჟდნენ, რატომ არ გამოფენო? - მკითხეს. შევიშმუშნე... თუმცა მერე გადავარჩიე, გავადიდებინე, დამუშავებასა და დაბეჭდვაში მეგობრები დამეხმარნენ. პირველი გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა, მაშინ დირექტორი იზა ორჯონიკიძე იყო. 2000 წელს გამოფენა მივუძღვენი ნინო რამიშვილის 90 წლისთავს (ცოცხალი იყო), როცა მისი საღამო მოეწყო ფილარმონიაში. ჯერ გამოფენა ნახეს, მერე იუბილე გაიმართა და პირველი ვარსკვლავი მაშინ გაიხსნა ფილარმონიის წინ.

- ყოველი გამოფენის დროს იცვლება ექსპოზიცია, მაგრამ გექნებათ ფოტოები, რომელთა გარეშე არც ერთი გამოფენა არ ჩაივლის. რომელია ისინი?

- ერთ-ერთია ვაშინგტონში 1960 წელს გადაღებული ფოტო, სადაც არიან ბატონი ილიკო, ქალბატონი ნინო და მე. ეს იყო ჩემთვის მეორე მოგზაურობა ამერიკაში. ასევე, ძალიან მიყვარს ქალბატონ ნინოსთან ერთად ცეკვა "ქართულის" ამსახველი ფოტო და სხვა. სტენდებზე განვათავსე უცხოურ გაზეთებში დაბეჭდილი სტატიების ფოტოები, რომელიც გამოფენებზე ყოველთვის არის წარმოდგენილი.

- ინდოეთში გადაღებული ფოტოები გამახსენდა...

- ინდოეთში გასტროლები დელიდან დავიწყეთ, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს ჯავაჰარლალ ნერუს შევხვდით. იმ დღეს თურმე სიცხიანი მოვიდა, დიპლომატიურ ეტიკეტს ვერ დაარღვევდა და უთქვამს, 20 წუთი დავრჩებიო, მაგრამ აღარ წავიდა. კონცერტის მერე სცენაზე ამოვიდა და ფოტოები გადავიღეთ. ბომბეიში რაჯ კაპური დაესწრო ჩვენს კონცერტს. ის საქართველოში ნამყოფი იყო. მის ფილმებზე "ავარა" და "ბატონი 420" ჩვენს კინოთეატრებში რიგები იდგა. რაჯ კაპურმა თავის სტუდიაში დაგვპატიჟა და არაჩვეულებრივად გაგვიმასპინძლდა. მარტის თვე იყო, მაგრამ ცხელოდა, ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევდა. თან იმ დროს დაემთხვა ფერების დღესასწაული (ერთმანეთს სპეციალურ სითხეებს რომ ასხურებენ) და ეს ლამაზი სანახაობაც ვნახეთ. ინდოეთი ზღაპრული ქვეყანაა.

GzaPress

- ახალი გამოფენა ალბათ, ახალი ემოციების მომტანია. სხვა თვალით უყურებთ ხოლმე თქვენს ფოტოებს? - ყოველი მომდევნო გამოფენა, რა თქმა უნდა, ხელახლა ფოტოების გადათვალიერებას და შერჩევას გულისხმობს. ჩემი ემოციები ჩანს ფოტოებზეც. ანსამბლის წევრები ჩემი დები და ძმები იყვნენ, იმდენი წელი ვიყავით ერთად. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ცოცხალი აღარაა. ფოტოებზე, სადაც მე ვჩანვარ, ბიჭებს ვთხოვდი ხოლმე და ჩემი აპარატით იღებდნენ. იმდენი ეპიზოდი მაქვს გამოტოვებული... მაშინ არ მიყვარდა ფოტოების გადაღება, ახლა კი გული მწყდება.

- გამოფენაზე მოსული საზოგადოება როგორ აფასებს ნამუშევრებს?

- აღნიშნავენ ხოლმე, რომ კარგი საქმე გავაკეთე, რაც მახარებს. პირველ რიგში, მეუბნებიან იმას, რომ ეს არის ისტორია, რომელიც შთამომავლობას დარჩება.

- თქვენ წერდით დღიურებს, საიდანაც ჩანახატებს აკეთებდით. მოთხრობებსაც წერთ?

- მოთხრობებს - არა, ნოველებს და ლექსებს ვწერ... მეორე წიგნიც გამოვეცი, მისი იდეა მწერალთა სახლში ჩემი გამოფენა-საღამოს დროს გამიჩნდა. საღამოს დავარქვი ქართული როკვის პოეზია - ცნობილი პოეტების მიერ დაწერილ, ქართული ცეკვისადმი მიძღვნილ ლექსებს სტუმრები კითხულობდნენ. მეც მაქვს ლექსები ჩემს პარტნიორებზე. მაშინ შევთანხმდით ნიჭიერი ქალბატონი მაყვალა გონაშვილი და მე, რომ შეგვედგინა წიგნი, სადაც ჩემს ფოტოებთან ერთად, შევიდოდა ცეკვის ფენომენთან დაკავშირებული ლექსები, დაწყებული გიორგი ერისთავიდან დღემდე. წიგნს ჰქვია "როკვით განფენილი ქართული გენია", გრიგოლ რობაქიძის ცნობილი წერილის სათაური შევატრიალე. იდეები კიდევ მაქვს, ბარემ სამ წიგნს ეყოფა გამოსაცემად.

ნანული ზოტიკიშვილი