"ის იყო ნიჭიერი და უიღბლო მსახიობის ნიმუში" - გზაპრესი

"ის იყო ნიჭიერი და უიღბლო მსახიობის ნიმუში"

29 ნოემბერს დაბადების დღე ჰქონდა - 84 წელი შეუსრულდა... პირველ დეკემბერს კი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ზაირა (ზაზა) ლებანიძე გარდაიცვალა. რობერტ სტურუას სპექტაკლში "ასულნი", ჯოჯოს როლის შესრულებისთვის, თეატრალური საზოგადოების პრემია დაიმსახურა. ეს მისი ბოლო როლი იყო. დაუვიწყარია ელისაბედის სახე სატელევიზიო სპექტაკლში "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", სადაც ოსტატობით ვასო გოძიაშვილს ტოლს არ უდებდა.

ჯემალ ღაღანიძე:

- სტუდენტობისას ქვიშხეთის პიონერთა ბანაკში პიონერხელმძღვანელად გამიშვეს, სადაც ზაზა იყო ჩემი პიონერი. რა თქმა უნდა, მთელი ზაფხული ერთად გავატარეთ. მაშინვე ეტყობოდა კოჭებში, რომ ძალიან ნიჭიერი ქალბატონი დადგებოდა. აქტიური პიონერი იყო, ლექსებსა და მოთხრობებს კითხულობდა, თვითონაც წერდა. გავიდა დრო და ზაზამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მე იმ წელს ვამთავრებდი. მან და გივი ჭიჭინაძემ სპექტაკლში "მუნჯი ცოლი" მთავარი როლები ითამაშეს. ეს იყო უმაღლესი პილოტაჟი და განაცხადი იმისა, რომ ზაზა კარგი არტისტი დადგებოდა და ასეც მოხდა. მან იმუშავა სოხუმის, მარჯანიშვილის და რუსთავის თეატრებში, მერე ჩვენთან გადმოვიდა. სპექტაკლში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", ის იყო ბებია, მე - ილარიონი. ზაზა მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა გახლდათ ამ როლისთვის, მაგრამ დიდი პროფესიონალიზმით და თავისებურად ითამაშა, აბსოლუტურად განსხვავებულად სესილია თაყაიშვილისაგან. სხვა ბევრ სპექტაკლშიც ვითამაშეთ ერთად. ყველანაირად პროფესიონალი იყო, ამაში იგულისხმება ისიც, რომ შესანიშნავ პარტნიორობას გიწევდა. "მოხუც ჯამბაზებში" ასაკიც ხელს გვიწყობდა და მოხუცებს ვთამაშობდით, მაგრამ ერთ სპექტაკლში ზაზამ ბოლომდე ვეღარ შეძლო ეთამაშა, უკვე ისე ავადმყოფობდა. ცხოვრებაში ყოველთვის ორი ნაბიჯით უკან იხევდა, არასოდეს თავის გამოსაჩენი არაფერი გაუკეთებია. ძალიან თავმდაბალი იყო. უნიკალური სმენა ჰქონდა. მე და ზაზას გვინდოდა დუეტში გაგვეკეთებინა საესტრადო ნომერი "მოხუცები". გავიხსენებდით ბევრ მსახიობს, ვინც ბოლო წლებში წავიდა ჩვენგან: მედეა, ზინა, გურამი, რამაზი... სიმღერაც შევარჩიეთ "ოჰ, მთვარე, მთვარე" და სიუჟეტიც მოვიფიქრეთ: ბაღში სკამზე ვსხედვართ და ვიხსენებთ ახალგაზრდობას. მაგრამ არ დაგვცალდა, ახლა ზაზამაც გვიღალატა. ჩვენ უბრალოდ მსახიობი კი არა, დიდი მსახიობი დავკარგეთ.

GzaPress მარინა კახიანი: - ბედის ნებიერი ვარ, რუსთაველის თეატრში ისეთი მსახიობები დამხვდნენ, რომლებთან პარტნიორობაც უზარმაზარი ბედნიერებაა. ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი ზაზა გახლდათ, უნიჭიერესი მსახიობი და განსხვავებული პიროვნება. მას თავისი ცხოვრებისეული კოდექსი ჰქონდა სცენაზეც და ცხოვრებაშიც, რომელსაც მყარად მიჰყვებოდა. ამით ნაწილობრივ დაიჩაგრა კიდეც, ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო. დაახლოებით ორი წლის მოსული ვიყავი თეატრში, როცა ქალბატონი ზაზა შევცვალე სპექტაკლში "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის". ამ პიესაში ყველაზე მეტად სწორედ ნატოს როლი მომწონდა. მერე, ამ როლზე ქალბატონი ზაზას დუბლიც გავხდი. სპექტაკლში "ვარიაციები თანამედროვე თემაზე" - იქაც შევცვალე, როცა შეუძლოდ იყო. შემდეგ ისე მოხდა, რომ მან როლი "მაჩუქა"... გოჩა კაპანაძე დგამდა "ბერნარდა ალბას სახლს" და დაიწყო რეპეტიციები, მთავარ როლში ქალბატონი ზაზას მონაწილეობით, მაგრამ ცოტა ხანში რეჟისორს უთხრა: გმირს არაფერში ვეთანხმები და ვერ ვითამაშებო. ასე გადმომილოცა როლი, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდამ ვითამაშე და ჩემთვის უსაყვარლესი როლი გახდა. ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როცა მსახიობი კარგ როლზე უარს ამბობს, ზაზას კი ეს შეეძლო. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლებში ჩვენ ვიმუშავეთ სპექტაკლებზე "მზის დაბნელება საქართველოში", "მოხუცი ჯამბაზები" და "ასულნი". ბრწყინვალედ თამაშობდა მოხუც სომეხ ბებოს ("მზის დაბნელება საქართველოში"). გარდა იმისა, რომ შესანიშნავად მღეროდა და წაიცეკვებდა კიდეც, საოცარი ენერგია შემოჰქონდა, შეიძლება ითქვას დაფრინავდა სცენაზე. ჩვენ, შედარებით ახალგაზრდები გაოგნებული ვუყურებდით, ისეთ ქარბორბალას ატრიალებდა, ოსტატობაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ერთი ეპიზოდია "მოხუც ჯამბაზებში", სადაც ის მღეროდა, ამ დროს მე სცენაზე ვიჯექი. ათი წელი ვთამაშობდით სპექტაკლს და ყოველთვის ვტიროდი ისე, რომ ცრემლს ვერ ვიკავებდი. ეს არ იყო მარტო ჩემი, როგორც არტისტის ცრემლი. მინდოდა ასე ყოფილიყო და ამისთვის დიდი ძალისხმევა სულაც არ მჭირდებოდა. ქალბატონ ზაზას ამ სიმღერაში თავისი ცხოვრება მოჰქონდა, პირადი გულისტკივილი და მთელი საქართველოს ტკივილიც.

ნიკა წულუკიძე: - ის იყო ნიჭიერი და უიღბლო მსახიობის ნიმუში. პარადოქსია, ყველა მოცემულობა ჰქონდა, რომ განსაკუთრებული და გამორჩეული ყოფილიყო... თუმცა, სადაც მოღვაწეობდა, ყველგან ძალიან მნიშვნელოვან როლებს ასრულებდა. მაგალითად, რუსთავის თეატრის დადგმაში "ლამანჩელი" დულსინეას თამაშობდა და ყველა ამბობს, რომ ის განსაკუთრებულ სახეს ქმნიდა ოთარ მეღვინეთუხუცესისა და ლეო ანთაძის გვერდით. მანამდე ქალბატონი ზაზა მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, სადაც უამრავი გულისტკენა გადაიტანა. მადლობა მინდა ვუთხრა რობერტ სტურუას და გოჩა კაპანაძეს, რომ დიდი სიხარული მიანიჭეს ბოლო პერიოდში. ის დატვირთული იყო რეპერტუარის თვალსაზრისით და თან ყველა სპექტაკლში გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო. მომსწრე ვარ, როგორი მოკრძალებული და კეთილგანწყობილი იყო მედეა ჩახავასა და ზინა კვერენჩხილაძის მიმართ, როცა მუშაობდნენ სპექტაკლზე "მოხუცი ჯამბაზები". განსაკუთრებით მხიბლავდა მისი მეგობრობა მარინა კახიანთან და მარინა ჯანაშიასთან, გული უფრო ახალგაზრდებისკენ მიუწევდა. ერთხელ გოჩას სთხოვა, მინდა დედაჩემის სახელი - ლოლა ერქვას ჩემს პერსონაჟს, მის მიმართ უფრო განვეწყობი და შემიყვარდებაო. მოაზროვნე, ინტელექტუალი მსახიობი ჩუმად და წყნარად მოღვაწეობდა. ბევრჯერ შევთავაზე მასზე გადაცემის გაკეთება, სიუჟეტის მომზადება, მაგრამ ყოველთვის უარს მეუბნებოდა. მოკრძალებული და ღირსეული ქალბატონი ზაზა ყოველგვარი აფიშირების გარეშე ემსახურებოდა თავის საქმეს. საბედნიეროდ, მისი არაჩვეულებრივად შესრულებული როლების კადრები სატელევიზიო არქივში დარჩა.

GzaPress ლამარა ნიჟარაძე: - მე და ზაირა სკოლის მერხიდან მოვდივართ ერთად და განუყრელი მეგობრები ოჯახებითაც ვმეგობრობდით. მას თავიდანვე ემჩნეოდა სამსახიობო მიდრეკილება. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებას მისი ოჯახი მხარს უჭერდა. ზაირა დედისერთა იყო და დედამისი ყოველთვის მას მხარში ედგა. ჩემი მეგობარი ძალიან ერუდირებული, უნიჭიერესი, თავისი საქმის პროფესიონალი და თავისებურად პრინციპული ადამიანი იყო. ამ პრინციპულობამ მის სამსახიობო წინსვლას ხელი შეუშალა კიდეც, მაგრამ ასეთი იყო... მახსენდება ის მომენტები, როცა გაკვეთილების შემდეგ მივდიოდით მარჯანიშვილის თეატრში და ველოდებოდით, როდის გამოვიდოდა ჟორა შავგულიძე, რომელსაც უკან მივდევდით საკმაოდ დიდ მანძილზე. ხშირად მას სახლთანაც ვუცდიდით, რომ გამოსვლისას დაგვენახა. იმდენჯერ გვქონდა ნანახი სპექტაკლები შავგულიძის მონაწილეობით, მთელი ტექსტები ზეპირად ვიცოდით. მე და ზაირა ყველგან ერთად დავდიოდით, 24 საათი შეგვეძლო კინოთეატრში ვყოფილიყავით. ერთხელ ჩემი შეყვარებული ზურაბ ხვედელიძე, მე და ზაირა ერთად მოვსეირნობდით. უცებ, ზურაბმა თქვა: "მარცხნივ შეყვარებულის გული, მარჯვნივ მეგობრის გული, შუაში კი თაიგული". ზაირამ გაიცინა და ჩემს მომავალ მეუღლეს უთხრა: თქვენ არა მარტო ფიზიკოსი, პოეტიც ყოფილხართ. და საიდან იცით, რომ გული მარჯვნივ მაქვსო? ასე შემთხვევით გაარკვია ზურაბმა ის ამბავი, რომ ჩემს მეგობარს გული მარცხენა მხარეს არ ჰქონდა. ჩემთვის ყოველთვის ზაირა იყო, ზაზას არ ვეძახდი. როცა გამოვიდა მურმან ლებანიძის მოთხრობა "ზაზა მესხი", ისე მოეწონა, აიკვიატა რომ უნდა ვიყო ზაზაო და მას მერე დაერქვა კიდეც ეს სახელი. მის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, რაღაც ვერ ვისვენებდი. დავურეკე. რძალმა, მანანამ მითხრა, რომ ძალიან ცუდად იყო და ვერ დამელაპარაკებოდა. სანახავად ვერ მივიდოდი, სიარული მიჭირს. როგორ მინდოდა იმ მომენტში მასთან საუბარი... ზაირა ჩემს გულში იქნება, სანამ ცოცხალი ვარ.

ნანული ზოტიკიშვილი