"სხვისი შვილი შემიკედლა" - გზაპრესი

"სხვისი შვილი შემიკედლა"

პარაფეხბურთელი რუსლან ჩილაშვილი 23 წლისაა და უკვე არაერთი განსაცდელი გამოიარა. იყო პერიოდი, როდესაც ქუჩაში ცხოვრობდა, მერე ვიღაცის გაუფრთხილებლობამ უარესობისკენ შეცვალა მისი ბავშვობა, მერე ბავშვთა კრიზისულ ცენტრში ცხოვრობდა... როდესაც დავუკავშირდი, თავდაპირველად მითხრა, ჩემ შესახებ საუბარი არ მიყვარსო, მაგრამ საბოლოოდ ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა.

- 8 წელია, ჩემს დედობილთან ვცხოვრობ, რომელმაც შვილივით გამზარდა. მამა გარდაცვლილი მყავს, დედას სხვა ოჯახი აქვს. ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა დედას ხშირად ვნახულობ. რამდენიმე წელი ბავშვთა კრიზისულ ცენტრში ვცხოვრობდი, გლდანში.

- რთული პერიოდი გაგივლია.

- შეიძლება, ასეც ითქვას. მძიმე ბავშვობა მქონდა, პრობლემებით სავსე - ქუჩა, ეს ტრაგიკული შემთხვევა, ბავშვთა სახლი... ამ ტრავმის შემდეგ თავგზა სულ ამერია.

- რა შეგემთხვა?

- დაცვას იარაღი გაუვარდა. ჩემს სახლთან ახლოს ბავშვები ვწუწაობდით, ვითომ ჩვენი შეშინება უნდოდა, იარაღი გამოიტანა და გაუვარდა. კარგად ვიცნობდი იმ კაცს. დაახლოებით მეტრ-ნახევრიდან მომხვდა ტყვია. გონება არ დამიკარგავს და როგორც კი ჩემს ფეხს დავხედე, მაშინვე მივხვდი, რაც მელოდა. ექიმს რომ ვუთხარი, ალბათ ფეხს მომკვეთენ-მეთქი, რას ამბობო, დამამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. მაშინ 12 წლის ვიყავი. შოკი იყო ჩემთვის, რაც დამემართა, მაგრამ მაინც რეალურად შევხედე მომხდარს.

- იმ კაცმა პასუხი თუ აგო?

- არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ. მისი ოჯახის წევრები 2 თვე დადიოდნენ საავადმყოფოში ჩემს სანახავად, მერე ჩვენ ჩვენი გზით წავედით.

- იმის წარმოდგენაც კი რთულია, რაც გადაიტანე. როდის გააკეთე არჩევანი, რომ უნდა გებრძოლა და გეცოცხლა?

- ერთი მეგობარი მყავდა, ბარში მუშაობდა ის გოგონა, ჩემზე უფროსი იყო. მან მითხრა კრიზისული ცენტრის შესახებ. მინდოდა ცხოვრება შემეცვალა და კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე მისვლა. სწორედ იქ გავიცანი ნანა მასწავლებელი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ზოგს თავისი შვილი არ უყვარს და არ ზრუნავს მასზე, მან კი სხვისი შვილი შემიკედლა... დაგეგმილად არაფერი მომხდარა, ხშირად მივყავდი ხოლმე თავისთან. როგორც შვილი, ისე მიმიღეს და მეც როგორც დედა, ისე მიყვარს. მათი გვარი მაქვს.

- სპორტით, კონკრეტულად ფეხბურთით როდიდან დაინტერესდი?

- კრიზისულ ცენტრში ყოფნის დროს შევხვდი ადამიანს, რომელმაც მითხრა პარაფეხბურთელთა გუნდის არსებობის შესახებ, შეგიძლია, შენც მოხვიდე და ივარჯიშოო. არ გამჭირვებია, რადგან სწრაფი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ხიფათიანიც, სხვათა შორის. ადრე კიკბოქსზე დავდიოდი, ფეხბურთი მაინცდამაინც არ მომწონდა. ამჟამად ვთამაშობ თბილისის "თბილისში". მხოლოდ ერთხელ ავიღეთ მესამე ადგილი, საქართველოს ჩემპიონატს, თასს, სუპერთასს სულ ჩვენ ვიგებთ. სანაკრებო დონეზე შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, სამომავლოდ უკეთესი შედეგები გვექნება. მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგისთვის ვემზადებით. კვირაში მხოლოდ ორი დღე ვვარჯიშობთ. ცუდია, რომ არ გვაქვს სტადიონი, სადაც ყოველდღე შევძლებთ შეკრებას.

GzaPress

- რატომღაც, ტრაგედიის მერე უფრო ვაფასებთ ხოლმე სიცოცხლეს. შენ რა გასწავლა მომხდარმა? - ასეა, ჩემს თავში ვიყავი დაკარგული მანამდე. სიცოცხლეც დავაფასე და სწორისა და არასწორის ერთმანეთისგან გარჩევაც მასწავლა ამ შემთხვევამ, ადამიანობა ვისწავლე. მართალია, წარსულით არ უნდა იცხოვროს კაცმა, მაგრამ არც უნდა დაივიწყო. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, ვინ იყავი და ვინ ხარ. ზოგჯერ მიფიქრია, რომ არა ეს შემთხვევა, ვინ იცის, რა შარში გავეხვეოდი-მეთქი.

- ნათესავები, მეგობრები ვინ გყავს?

- 2 და მყავს, ერთი გათხოვილია, 24 წლის, მეორე 18 წლისაა, მათთან მაქვს ურთიერთობა. ბავშვობიდან ერთადერთი მეგობარი მყავდა და ისიც, უბრალოდ გაქრა. ახლა კი ისეთი მეგობრები მყავს, ბევრს რომ შეშურდება.

- გარდა სპორტული კარიერისა, რას საქმიანობ?

- სამწუხაროდ, არ ვმუშაობ. ვცადე, მაგრამ ვერაფერი ვნახე, რადგან განათლება არ მაქვს. რაც მეხერხება, იმ საქმეს კი ვაკეთებ (იცინის) - ფეხბურთს ვგულისხმობ. მინდა მეტს მივაღწიო და ქვეყანა ვასახელო.

- რუსლან, რას ურჩევდი სხვებს, ვისაც ახლა უწევს ასეთი რთული ეტაპების გავლა?

- ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და გასავლელი. ვურჩევდი, თავს ძალა დაატანონ, ადამიანი თუ მოინდომებს, შეუძლებელი არაფერია, ცხოვრება გრძელდება, არც ამით დაწყებულა და არც ამით დამთავრდება. უმეტესობა ჩაკეტილია იმიტომ, რომ ხალხის რეაქცია აშინებთ. ფიქრობენ, ქუჩაში თუ გავალ, ყურებას დამიწყებენ, როგორც საცოდავსო. მეც მიგრძნია ასეთი მზერა და ახლა მეცინება, მაგრამ თავიდან ძალიან მაღიზიანებდა. არ გიცნობენ, როგორი ხარ, რა შეგიძლია და ერთი შეხედვით ასე რომ გაფასებენ, ამაზე ვბრაზდები. მიფიქრია კიდეც, აბა, ერთი გვერდით დამიდგეს და რასაც მე გავაკეთებ, ის გააკეთოს, თუ შეძლებს-მეთქი. საწყალი და საცოდავი ის არის, ვისაც მეგობარი და ახლობელი არ ჰყავს.

- გული გწყდება რამეზე?

- (ფიქრობს) არასდროს ვფიქრობ, რაღა მე, ნეტავ, ასე არ მომხდარიყო და ა.შ. ალბათ რაც დაბადებისას გვიწერია, ის არ აგვცდება. ბედნიერი ვარ, რადგან ცოცხალი გახლავართ და საყვარელი ადამიანები მყავს გვერდით.

ბუნებრივია, რუსლანის დედობილთან შეხვედრისა და საუბრის სურვილი გამიჩნდა. დავინტერესდი, ვინ იყო ქალბატონი, რომელმაც ერთი გზააბნეული ბავშვის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.

ნანი ჩილაშვილი: - ახალციხიდან ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე, მეუღლეც ჩემივე სოფლიდანაა. მყავს მეუღლე და 2 ბიჭი, ერთი რუსლანზე უფროსია, მეორე - უმცროსი. დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. 25 წელი ჩემს სოფელში, მუსიკალურ სკოლაში ვასწავლიდი. მერე ჩემი ქმარი თბილისში წამოვიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, შვილებიც სტუდენტები გახდნენ და მეც წამოვედი. ჩემი და მუშაობდა კრიზისულ ცენტრში, ქერჩის ქუჩაზე და მეც იქ მიმიღეს აღმზრდელად. რუსლანი რომ მოიყვანეს, 14 წლის იყო. ძალიან შეგვეცოდა ბავშვი, "კასტილით" რომ დავინახეთ, მაგრამ მალე ყველა გაგვაგიჟა, ისეთი ცელქი, მოუსვენარი იყო. მაუგლივით ხეებზე დაძვრებოდა. მე და რუსლანი ყოველდღე ვჩხუბობდით, ძაღლი და კატასავით ვიყავით. მოკლედ, ყველას თავი მოაბეზრა. ჩავითქვი გულში, ეს ბავშვი ადამიანად უნდა ვაქციო-მეთქი. რამდენჯერმე სახლში წავიყვანე. მერე თვითონაც მთხოვდა, შინ წამეყვანა. ერთხელ მკითხა, მომნათლავო? - კი-მეთქი. იმავე კვირაში ჩემს მამაოსთან მივედით და მოვნათლე. ერთხელაც მესმის, მეძახის: ნანა დე. ვიფიქრე, მომესმა. კიდევ რომ გაიმეორა, ჰო, დე-მეთქი, - ვუპასუხე. საღამოს თქვენთან, სახლში წამოვალო... ერთ დღესაც მივედი და რას ვხედავ, თავისი ტანსაცმელები ჩანთაში ჩაულაგებია და მეუბნება, საღამოს შენთან საცხოვრებლად მოვდივარო. დირექტორს ვთხოვე, ერთი საათით სახლში გავეშვი, ოჯახის წევრებისთვის აზრი ხომ უნდა მეკითხა. ჩემი შვილი და რძალი ისრაელში ცხოვრობენ, მაშინ ჩამოსულები იყვნენ ჩემთან. ყველას ვუთხარი, რომ საღამოს რუსლანი მომყავდა, მაგრამ იფიქრეს, მხოლოდ რამდენიმე დღით. ერთი თვე რომ გავიდა, უფროსმა შვილმა მკითხა, - როდემდე უნდა იყოს ჩვენთანო? არსად წასასვლელი არა აქვს და სადამდეც საჭირო იქნება-მეთქი. მეორე დღეს მითხრა, - აირჩიე ან რუსლანი, ან ოჯახიო. მეგონა, კარგად გიცნობდი და თურმე არ მცნობიხარ-მეთქი, - ვუპასუხე შვილს. იმ დღეებში ბელორუსიაში მიფრინავდნენ. მეუღლე მსაყვედურობდა, შვილი და რძალი დამაკარგვინეო. ეტყობა, ეს რუსლანმაც გაიგო და დილით მითხრა, ცენტრში წავალ, იქაურობა მომენატრაო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე, ავდექი და მეც დავიწყე ტანსაცმლის ჩალაგება. ქმარს ვუთხარი, რომ ქირით გადავდიოდით საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, მან ამის უფლება არ მოგვცა, რუსლანი ჩვენთან დარჩა. 2-3 წელი ნათესავებიც არ მოდიოდნენ ჩვენთან, არ მიწონებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა იცით, როგორ უყვართ? თვითონ არის ძალიან თბილი. აქ რომ ვინმე ჩემიანი მოვა, ყველას ზედ ჰყვება. ბევრს რუსლანიც ჩემი შვილი ჰგონია. მეც რომ ხელი მეკრა, რა ბედი ეწეოდა? კრიზისულ ცენტრში მაშინ 45 ბავშვი იყო, მხოლოდ 2 გადაურჩა ციხეს. შენ რომ არ ყოფილიყავი, მეც ეს ბედი მექნებოდაო, - მეუბნება ხოლმე.

- მითხარით, ახლა ძმებივით არიან ერთმანეთისთვისო.

- დრო სჭირდებოდა და ვიცოდი, გამიგებდა. შვილი რომ შეეძინა, დარეკა, - დედა თუ სახლშია, დამალაპარაკეთო. მივულოცე და დავულოცე შვილი. მთხოვა, ბრუსლი (ასე ეძახდა რუსლანს) თუ სახლშია, დამალაპარაკეო. გულიანად მოიკითხა, ძალიან მოგვენატრე, მალე ჩამოვალ და გნახავ, აი, შენი ძმისშვილი როგორია, ჯერ შორიდან გაიცანიო. მართლაც, ახალი წლისთვის ჩამოვიდნენ და ერთი წელი აქ იყვნენ. ბიჭებს ისე უყვართ ერთმანეთი, ვერ წარმოიდგენთ, როგორც ძმები, ისე არიან. ორივე ისრაელში წაიყვანა დასასვენებლად, ერთი თვით. ძალიან მინდა, ყველას თავ-თავისი კუთხე ჰქონდეს და იმედი მაქვს, მოვახერხებთ.

- მადლიანი საქმე გაგიკეთებიათ.

- ბევრს უთქვამს, შენ რუსლანს უფრო მეტ ყურადღებას აქცევ, ვიდრე შვილებსო. რა ვქნა, მას უფრო სჭირდება სითბო და სიყვარული. ალბათ ამიტომაც, ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ მისთვის ვართ ყველაფერი - დედაც და მამაც. მისი ეს სიტყვები ძალიან მახარებს და ნამდვილად ვერსად გავუშვებ, ისე მიყვარს.

ნინო ჯავახიშვილი