ადამიანი, რომელსაც "სკამის მომცდენ" პოლიტიკოსს უწოდებენ - გზაპრესი

ადამიანი, რომელსაც "სკამის მომცდენ" პოლიტიკოსს უწოდებენ

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაარსებულ ქალაქ რუსთავს უამრავი გამოწვევის დაძლევა უწევს. ქალაქის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას პროფესიულად "გადაწყობა" დასჭირდა. რუსთავთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი - კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგაპოლისის სიახლოვე. ეკონომიკური, სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო დისბალანსის დაძლევა, რომელიც თბილისთან ფარული კონკურენციის პირობებში რუსთავს უხდება, რთული ურბანული საკითხების კომპლექსია, რომლის მენეჯმენტიც ურთულესია. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ახალგაზრდა პოლიტიკოსს, ლევან ონიანს რამდენიმე კითხვით მივმართეთ ქალაქისა და პირადი საკითხების შესახებ.

- ბატონო ლევან, როგორი ახალი წელი ექნება რუსთავს? ჩანს, რომ ქალაქში სადღესასწაულო განწყობისთვის განათებებია დამონტაჟებული.

- სხვათა შორის, წელს რუსთავში ყველაზე ზღაპრული ახალი წელი გვექნება. 65 ათასი ლარი, რომელიც საახალწლოდ გამოიყო, სრულად დააკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული ადამიანის მოთხოვნებს და ამაში მალე დავრწმუნდებით. საახალწლო განწყობის შესაქმნელად დაგეგმილი გვაქვს ბევრი რამ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რუსთაველებს ჯანმრთელობა, ულევი ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, ბაგეზე ღიმილი და გამრავლება ვუსურვო!

- თვითმმართველობის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი ხართ. როგორ დაახასიათებთ მმართველობის ამ რგოლს?

- თვითმმართველობა, რომელიც პოსტსაბჭოური სივრცისთვის ახალი ფენომენია და ბუნებრივია, ფეხის ადგმის პროცესშია, საზოგადოების მხრიდან აქტიურ თვალყურის დევნებას მოითხოვს, რადგან შეცდომების დაშვების ფუფუნება ნამდვილად აღარ გვაქვს. არ გავურბივართ ჯანსაღ კრიტიკას, რჩევების მიღებას, გამოცდილების გაზიარებას და პროგრესზე ორიენტირებას. რუსთავი ჩემი ცხოვრების, ჩემი გადადგმული თუ გადასადგმელი ნაბიჯების ქვაკუთხედია. მაშინაც კი, როდესაც 2-3 დღით ვტოვებ ქალაქს (თუმცა ეს იშვიათია), საშინელ დისკომფორტს განვიცდი. ზოგადად, ჩემთვის უმთავრესია, რუსთავი იყოს ნამდვილი ევროპული ქალაქი, სადაც ჩემი თანამოქალაქეები, მომავალი თაობა სოციალურად, ეკონომიკურად განვითარებული მსოფლიოს ნაწილად იგრძნობენ თავს, თუმცა ჩვენი თვითმყოფადობაც არ უნდა დავკარგოთ.

- რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა რუსთავში?

- რუსთავის ყველაზე დიდი გამოწვევა, ისევე როგორც მთელი საქართველოსი, არის საზოგადოების სოციალური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურის ბოლომდე მოწესრიგება და დისბალანსის აღმოფხვრა, რაც დედაქალაქთან სიახლოვითაა გამოწვეული. ზოგადად, ქალაქს უნდა გააჩნდეს ნიშა, რომელიც ჩვენს რეალობაში "მეტალურგების ქალაქი" ვეღარ იქნება, ახალი თაობა სხვაგვარად ფიქრობს ამ საკითხზე. ამ მიმართულებებით ბევრს ვმუშაობთ, პოზიტიური ტენდენციებია და აუცილებლად მივალთ მიზნამდე.

GzaPress

- რა არის თქვენი, როგორც ადმინისტრაციული მოხელის მნიშვნელოვანი მიღწევა? - ზოგადად ჩემი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის უპირველესი მოვალეობაა ის, რომ ჩემს გუნდთან ერთად მივიღო სამართლებრივი აქტები, რომელიც სხვადასხვა საქალაქო პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ერთი მნიშვნელოვანი საკითხია უსახლკარობის აღმოფხვრა. ბოლომდე გადაჭრილი არ არის ეს პრობლემა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავაშენეთ სოციალური საცხოვრისი, რომელშიც 52 უსახლკარო ოჯახი შესახლდა და ეტაპობრივად ვაპირებთ ყველა იმ ადამიანის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელსაც არ აქვს ბინა. რუსთავთან დაკავშირებული მიზნებიდან უმთავრესია მეტი სამუშაო ადგილის გაჩენა და ამით რუსთაველების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. აუცილებელია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა თვითმმართველობაში. ჩვენ გვაქვს პროექტები, რომელიც ხელს უწყობს მათ ჩართულობას აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში. მომავალი თაობაა სწორედ ის, ვინც პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული თვალსაზრისით ამინდი უნდა შექმნას ჩვენს ქვეყანაში.

- გაიხსენეთ რაიმე კურიოზი, რომელიც თქვენს პოლიტიკურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

- კურიოზი უამრავი იყო, თუმცა ამწუთას ერთი მახსენდება: საკრებულოს პირველ სხდომაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" (3 ადამიანი) საკუთარ სადეპუტატო მანდატს არ დაუჭირა მხარი.

- როგორც მითხრეს, თქვენ "სკამის მოცდენით" ხართ გამორჩეული: არ გქონდათ მატერიალური ქონება და აქამდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდით.

- ჩემი ქონება? როგორც ამბობენ, ერთადერთი ვიყავი მაღალი თანამდებობის პირთაგან, ვინც ქირით ცხოვრობდა. 1 თვეა, ჩემს სახლში გადავედი, რომელმაც სასესხო კაპიტალის მიმართულებით ძალიან დიდი ვალდებულებები გამიჩინა საფინანსო ორგანიზაციებთან... თუმცა, მთავარია, რომ მყავს ოჯახი და ოჯახური იდილია განაპირობებს წარმატებას ადამიანის ცხოვრებაში... რაც შეეხება "სკამის მოცდენას", ჩემთვის თანამდებობა ვერ გახდება "ფულის საკეთებელი" საშუალება. მამამ ასე გამზარდა და ვერაფრით შევცვლი ჩემში არსებულ ზნეობრივ ჩარჩოებს. ისე, მშობლებმა დამიტოვეს მიწის მცირე ნაკვეთი რუსთავთან ახლოს, რომელიც სამეურნეო დანიშნულებითაც ვერ გამოვიყენე, რადგან არარენტაბელურია!

- ძირითადი შტრიხები თქვენი ბიოგრაფიიდან...

- დავიბადე ქალაქ რუსთავში 1981 წლის 13 აგვისტოს. დედა - მარინე ზურებიანი ფილოლოგია, მამა - თეიმურაზ ონიანი ინჟინერი. ვსწავლობდი რუსთავის 21-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1998 წელს და ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პარალელურად ვსწავლობდი თეატრალურ უნივერსიტეტში, მაგრამ ვერ ვახერხებდი ორივეგან სწავლას, 2 წელიწადში მივატოვე თეატრალური და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი წარმატებით დავასრულე. 2013 წლიდან დავინიშნე ქალაქ რუსთავის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელად, ხოლო 2017-დან ვარ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე. ბავშვობიდან სპორტით (ჭიდაობა და კრივი) ვიყავი დაკავებული. სწორედ კრივში გავხდი ყველაზე ახალგაზრდა სპორტის ოსტატი და ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ჩემი ბავშვობიდან. დავოჯახდი 2006 წელს. მეუღლე - თეონა ცარციძე ტელერეპორტიორია. მყავს შვილები: 11 წლის ლუკა (რომელიც მოჭიდავეა, სხვადასხვა ტურნირის რამდენიმე გზის გამარჯვებული) და 4 თვის ელისაბედი. დაქორწინების პერიოდს დაემთხვა პოლიტიკური აქტიურობაც და მაშინ რამდენჯერმე დამაკავეს, თუმცა ოჯახი იყო ჩემი მთავარი მოტივატორი. ოჯახი მინარჩუნებდა სიმშვიდესა და იმ ღირსებას, რომელიც ყოველთვის მთავარია ჩემთვის...

როლანდ ხოჯანაშვილი