"თეთრი ვირთაგვა ბუნებაში არ არსებობს" - შეუძლია თუ არა ვირთხას მტრისგან ადამიანის დაცვა? - გზაპრესი

"თეთრი ვირთაგვა ბუნებაში არ არსებობს" - შეუძლია თუ არა ვირთხას მტრისგან ადამიანის დაცვა?

2020 წლის მოახლოებასთან ერთად, ჰოროსკოპის გამო, "თეთრი ვირთხა" განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. თურმე, რეალურად, ვირთაგვას (ვირთხას) ადამიანთან მეგობრობაც შეუძლია და საჭიროების შემთხვევაში - მისი დაცვაც. მოგეხსენებათ, ვირთაგვები უამრავი დაავადების გამავრცელებელი არიან, დაბინძურებულ ქალაქში კი ამ პრობლემას მაწანწალა ძაღლები არეგულირებენ...

ვირთაგვების შესახებ საუბარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის, ხერხემლიან ცხოველთა ლაბორატორიის გამგეს - ბატონ ალექსანდრე ბუხნიკაშვილს ვთხოვეთ.

- ვირთხები თაგვისებრთა ოჯახის მღრღნელები არიან. მათ ლიტერატურულ ენაზე ვირთაგვები ჰქვიათ. დასავლეთ საქართველოში ვირთხებს ეძახიან, აღმოსავლეთში - ვირთაგვებს. ჩვენში 2 სახის ვირთაგვაა გავრცელებული - შავი და რუხი.

- თეთრი ვირთაგვა ბუნებაში არსებობს?

- არა. შეიძლება, ალბინიზმი ჰქონდეს, მაგრამ არ გამიგონია, რომ ალბინოსი ვირთაგვა ბუნებაში არსებობდეს, ლაბორატორიებში - არიან. იქაც იმიტომ გამოჰყავთ, რომ ალბინოსები უფრო წყნარები, იოლად საკონტაქტოები არიან. მათთან მუშაობა, ექსპერიმენტები ადვილია. ლაბორატორიებში ალბინოსები ისედაც იბადებიან, რადგან ნათესაური შეჯვარება ხშირად ხდება. ბუნებაში ალბინოსის დაბადების ალბათობა ნაკლებია.

GzaPress

- ვირთაგვის გონიერება რაში გამოიხატება? - აბსოლუტურად ყველაფერს ეგუება. შეუძლია, იფიქროს კიდეც. მაგალითად, ხაფანგში მისი მოხვედრა ძნელია. შეიძლება, ახალგაზრდა ვირთაგვა ხაფანგში მოხვდეს, მაგრამ უკვე გამოცდილი - ვერა (ძირითადად, რუხ ვირთაგვაზე ვსაუბრობ, თუმცა რუხს გონიერებით არც შავი ჩამორჩება). ჯგუფებად ცხოვრობენ. ხაფანგში ჯგუფის ყველაზე სუსტ წევრს უშვებენ, რათა შეამოწმონ, საშიშია თუ არა. გამოცდილი ვირთაგვა ხაფანგში არ შეძვრება, სატყუარად რაც უნდა დაუდო. ფრთხილები არიან.

- მათი ჯგუფების შესახებ გვიამბეთ...

- კოლონიებად ცხოვრობენ. მათი კოლონია ისეთი არ არის, როგორიც მემინდვრიებს აქვთ (ბევრნი ერთად არიან), მაგრამ გარკვეულ ტერიტორიაზე, ვირთაგვების გარკვეული რაოდენობა ცხოვრობს. მაგალითად, ერთ სახლში ბევრი ვირთხაა და ყველა ერთმანეთს იცნობს. იერარქია აქვთ ჩამოყალიბებული. ბუნებაში ასეთი სიტუაცია არ არის - იქ უფრო გაფანტულები არიან, ერთმანეთს ნაკლებად ეკონტაქტებიან. ქალაქში სხვა გამოსავალი არ აქვთ - სახლი მათი თავშესაფარია. შავი და რუხი ვირთაგვები სხვადასხვა ავადმყოფობას ავრცელებენ. მაგალითად, ევროპაში შავი ჭირი შავმა ვირთაგვამ გაავრცელა. რუხი ვირთაგვები ჰემორაგიული ცხელების გამავრცელებლები არიან... როცა ვირთხები ბევრნი არიან, ბევრ დაავადებას ავრცელებენ, თორემ ბუნებაში დაავადებები დიდად არ გადააქვთ. საკმაოდ სუფთა ცხოველები არიან. მაგალითად, ბუნებაში მემინდვრია დაგვიჭერია, რომელსაც აუარება საშინელი პარაზიტი ჰყავდა, ვირთაგვას კი - 1-2 რწყილი თუ უპოვე, დიდი ამბავია, მაგრამ როცა დასახლებულ პუნქტებში ვირთაგვების დაჯგუფება დიდია, ბევრი დაავადებაც გადააქვთ. რადგან ბევრნი არიან და ახლო-ახლო ცხოვრობენ, ავადმყოფობის გავრცელება ადვილია.

- ჯგუფის წევრები ერთმანეთის მიმართ მეგობრულები არიან?

- მაინცდამაინც დიდი მეგობრობით არ გამოირჩევიან. ერთმანეთს იცნობენ და ძალიან მკაცრი იერარქია აქვთ, რომელსაც ყველა ექვემდებარება. როგორც წესი, ლიდერი ჰყავთ, რომელიც ცხადია, არ დარბის და არ იძახის, - წინ წავიდეთ, ძმებოო, მაგრამ მას ვერაფერს უბედავენ. ის ყველაზე ძლიერია. მერე, როცა დაბერდება, ლიდერობიდან "გადააგდებენ" და მის ადგილს სხვა დაიკავებს.

- ერთმანეთის მიმართ სისასტიკით გამოირჩევიან?

- არა, არა!.. თუ "ვიღაც" ახალგაზრდა საკუთარ თავზე ბევრს ფიქრობს, მას დასჯიან და თავის ადგილს მიუჩენენ. მათი ფიზიკური ანგარიშსწორება ისეთი არ არის, რომ ჯგუფის წევრი მოკლან, მაგრამ დაჰკბენენ და ამბიციურს უკვე ეცოდინება, რომ მასზე ძლიერებიც არსებობენ.

- ვირთაგვები ადამიანებთან კონტაქტურები არიან?

- ძალიან. საქართველოში ეს დიდად გავრცელებული არ არის, მაგრამ მაგალითად, ინგლისში, ამერიკაში, რუსეთში ძალიან ხშირად ვირთაგვები სახლში ჰყავთ, ძირითადად - რუხები (ლაბორატორიული და არა - ბუნებიდან აყვანილი). ადამიანს როგორც ჰგონია, რომ ბუნებაში კატა ჭკვიანია (სინამდვილეში, კატა იმაზე მეტად ჭკვიანია, ვიდრე ადამიანს წარმოუდგენია), აი, ისეთი ჭკუა აქვს ვირთაგვას. მოკლედ, საშუალო გონებრივი შესაძლებლობების მქონე კატის ჭკუა ვირთაგვას ნამდვილად აქვს. მასთან კონტაქტიც გაცილებით იოლია, ვიდრე ზაზუნასთან. შეუძლია, ადამიანს მეგობრობაც გაუწიოს, გავარდეს და ვიღაცისგან დაიცვას.

- ვირთაგვამ ადამიანი როგორ უნდა დაიცვას?

- წავა და სამტროდ მოსულს უკბენს, რამეს მოიმოქმედებს... საკმაოდ ჭკვიანია.

- ასეთი აზრია გავრცელებული, თითქოს ვირთაგვას შეუძლია, გაიცინოს. ეს მითია თუ რეალობა?

- არა, არ შეუძლია. ამისთვის მიმიკა უნდა ჰქონდეს, მიმიკური კუნთები კი სახეზე არ აქვს. ადამიანს უყვარს, რომ მისთვის დამახასიათებელი თვისებები ცხოველებს მიაწეროს, მაგრამ ვირთაგვა ვერ გაიცინებს, ძალიანაც რომ მოუნდეს. შეიძლება, გულში იფიქროს, - დედა, რა სასაცილოაო, მაგრამ თქვენ ვერ შენიშნავთ, რომ მან ეს იფიქრა (იცინის).

GzaPress

- ვირთხის საყვარელი საკვები რა არის? - როგორც წესი, ვირთაგვების უმეტესობა აბსოლუტურად ყველაფერს ჭამს - ბალახსაც, ხილსაც, ხორცსაც... ბუნებაში მწერებს, ჭიაყელებს, მათზე უფრო მცირე ზომის ან მკვდარ მღრღნელებს ჭამენ. ახლომახლო რა საკვებიც აქვთ, მათი საყვარელი საჭმელიც ისაა. ბუნებაში მაინც მარცვლეულს უფრო ეტანება, რადგან მისი ძირითადი საჭმელია. შეიძლება, რაიმე ხილიც ჭამოს. მაგალითად, კოლხეთში ვირთაგვები წყლის ლოკოკინებს ჭამენ - წყალში ჩაყვინთავენ, ლოკოკინას ამოიყვანენ, ნიჟარას დაამტვრევენ და შეჭამენ. მაგალითად, რუხი ვირთაგვა შეიძლება, კანალიზაციიდან სახლში ამოვიდეს.

- ბინას საცხოვრებლად რის მიხედვით ირჩევენ?

- თავშესაფრის და საკვების ადვილად მიღწევადობით. თუ საკვებს ისე დაიცავთ, რომ ვირთაგვა ვერ მივა, ასეთ ბინაში ცხოვრება რად უნდა, შიმშილით ხომ არ მოკვდება? თუ ყველანაირი საკვები ისე დევს, რომ ადვილად მისაგნებია, იქ მშვენივრად იცხოვრებს. ბინაში ვირთაგვების გაჩენა ისევ ადამიანების ბრალია და არა - ვირთაგვების.

- როგორ შეიძლება ვირთხა ბინიდან ისე მოვიშოროთ, რომ მისი სიკვდილი თავიდან ავირიდოთ?

- გამორიცხულია - არ წავა. ერთადერთი ვარიანტია, რომ საკვები წყარო მოვუსპოთ. მერე თვითონ წავა - შიმშილით ხომ არ მოკვდება? საკვები თუ კარგად არაა შენახული, სუნით მიაგნებს, თუმცა შორიდან სუნს ვერ გრძნობს. საკვებთან ახლოს მყოფი სუნს იგრძნობს და მიხვდება, რომ იქ საჭმელია და რამენაირად კარსაც მშვენივრად გააღებს. ექსპერიმენტები გვიჩვენებს, რომ ვირთხები მარყუჟებით დაკეტილ კარსაც მშვენივრად აღებენ. თუ საჭმელი კარგადაა შენახული, კარი გასაღებითაა ჩაკეტილი, ვირთაგვა უკვე ღრღნას დაიწყებს. ასეთ შემთხვევაში, მიხვალ და გააგდებ ან მოკლავ. პრინციპში, მათ მოსაშორებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა, როცა საკვებს ვირუსით აავადებენ. ასეთი საკვების ჭამის მერე, თუ ერთი ვირთაგვა მოკვდა, მეორე იქ არასოდეს მივა, რადგან 1 მოიწამლა და იქვე მოკვდა. როცა საჭმელი მღრღნელების საწინააღმდეგო ვირუსებითაა დაავადებული, ასეთი საკვების შეჭმის შემდეგ, ვირთაგვას იქვე არაფერი დაემართება - 3 დღეში მოკვდება. იმდენი ჭკუა არ აქვს, რომ მიხვდეს - გუშინწინ რომ ვჭამე, დღეს ავად იმიტომ ვარო. ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია: დაავადებას სხვა ვირთაგვებსაც გადასდებს და როგორც წესი, ყველა იხოცება. იშვიათად შეიძლება, რომ 1-2 გადარჩეს. მაგალითად, ბინაში საკვები წყარო თუ არ აქვს, სახლიდან გავა, საჭმელს გარეთ, ქუჩაში ნახავს და მაინც უკან, სახლის სარდაფში დაბრუნდება, სადაც ცხოვრობს - ეს მისი თავშესაფარია. თავშესაფარს ვერ მიატოვებს, რადგან შეჭამენ. ქალაქში მათი ძირითადი მტერი ქუჩის მაწანწალა ძაღლები არიან. თუ კატა სპეციალურად ვირთაგვების დაჭერაზე არაა გაწვრთნილი, ის მას ვერ ერევა - ვირთაგვა დაჰკბენს და კატა ლეპტოსპიროზით მოკვდება. უნდა კატას, რომ ვირთხისგან დაკბენილი მოკვდეს (იცინის)?!. ამიტომ, დაბინძურებულ ქალაქში ძაღლი ძირითადი მარეგულირებელია.

ეთო ყორღანაშვილი