რას მალავს ზაზა ვაშაყმაძე? - გზაპრესი

რას მალავს ზაზა ვაშაყმაძე?

"ჩვენს ქვეყანაში მსახიობებს რატომღაც პერსონაჟებთან აიგივებენ. ამისთვის თითქოს მზად ვიყავი, მაგრამ რეაქციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა", - ამბობს ბაჩო ფოჩიშვილის როლის შემსრულებელი მსახიობი ზაზა ვაშაყმაძე. სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მოვლენები ახლა მისი პერსონაჟის გარშემო ვითარდება. როგორ მიიღო ეს პერსონაჟი მაყურებელმა, რა ნიშნით შეარჩია პოლიტიკოსები, რომელთა გამოსვლებსაც, როლის შექმნაში დახმარების მიზნით უყურა, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, ვინ ენატრება, რას მალავს, რა აკვირვებს და რას გააკეთებდა ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1981 23 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. პროფესიულ არჩევანზე გავლენა ოჯახმა და თეატრის სიყვარულმა მოახდინა. ბავშვობაში სულ თეატრში დავდიოდი, სადაც მაგიური და მრავალფეროვანი სამყარო გახლდათ. იყო მომენტები, როცა ამ არჩევანის გამო, სინანული მქონდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაუფასებელი პროფესიაა. სამაგიეროდ, იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე ბავშვობაში წარმომედგინა. მით უმეტეს მაშინ, როცა მუშაობა საინტერესო რეჟისორთან გიწევს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ჯიუტიაო. უმეტეს შემთხვევაში, დადებითი შეფასებები მესმის.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...მთხოვენ, ისეთი საქციელი ჩავიდინო, რომელიც ჩემი აზრით, არასწორია. ამ დროს ძალიან ჯიუტი ვხდები.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...კასტინგი სხვა როლზე გავიარე და უეცრად ბაჩო ფოჩიშვილის როლზე დამამტკიცეს. ძალიან გამიხარდა. საინტერესო სათამაშოა. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანია ჩემი პერსონაჟის პროტოტიპი, მათ შორის - პოლიტიკაშიც. სანამ გადაღებას დანიშნავდნენ, რამდენიმე პოლიტიკოსის ინტერვიუს მოვუსმინე. მინდოდა, სწორი მიმართულება დამეჭირა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისინი როლის შექმნაში დიდად დამეხმარნენ. ინტერვიუები რა ნიშნით შევარჩიე? ძირითადად, ახალგაზრდა დეპუტატებს ვუსმენდი. მაინტერესებდა, რა იდეა ამოძრავებთ, რა ქვეტექსტებით გამოდიან, ბევრის ლაპარაკი გაუგებარი მომეჩვენა.

- მაყურებელმა ეს გმირი მიიღო...

- ...უცნაურად. ჩვენს ქვეყანაში მსახიობებს რატომღაც, პერსონაჟებთან აიგივებენ. ამისთვის თითქოს მზად ვიყავი, მაგრამ რეაქციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვიღაცამ ქუჩაში დამწყევლა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ ვმგზავრობ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მომიწია და ვგრძნობდი, ხალხი როგორ მიყურებდა. ცოტათი უცნაურია, მაგრამ გაღიზიანებას რადგან ვიწვევ, გამოდის, როლი კარგად შემისრულებია.

GzaPress - ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე... - ...ისევ ამ გზას ავირჩევდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...საკურსო და სადიპლომო სპექტაკლები. ძალიან წარმატებული სპექტაკლები გამოვიდა, დიდი გამოხმაურება ჰქონდა. იმ პერიოდისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...პიროვნებებს, რომლებიც სხვადასხვა დროს შემხვედრიან. მიყვარს საინტერესო ადამიანების ინტერვიუების მოსმენა. მაგალითად, გელა ჩარკვიანს ყოველთვის დიდი ინტერესით ვუსმენ. საბედნიეროდ, პროფესიაში ბევრ ისეთ ხელოვანს შევხვდი, რომლებმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს. ვთვლი, რომ ყველა ამ ადამიანს ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ძალიან კარგი სამეგობრო წრე. ბედნიერი ვარ, რომ ოჯახის წევრების თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ. სამი ძმა ვართ და ერთმანეთის ძალიან ახლო მეგობრები.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...რაიმე ახალ თავგადასავალში გავება. თავგადასავლების მოყვარული ვარ, შესაბამისად, ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია. მოგზაურობა მიყვარს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, როცა სრულიად უცხო ქვეყანაში მარტო მივდივარ. ასეთი მოგზაურობები სულ თავგადასავლებით არის სავსე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შრომისმოყვარე ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...მიჭირს დავთმო ჩემი პოზიცია, ჩემს აზრს ყოველთვის ბოლომდე ვაწვები, ეს ალბათ ყველაზე ცუდი თვისებაა.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ხშირად ვიხსენებ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ იგივე შეცდომა აღარ დავუშვა. ამას მეტ-ნაკლებად ვახერხებ.

- პატიება შემიძლია თუ...

- ...არ შემიძლია. შემიძლია ვაჩვენო, რომ ვაპატიე, მაგრამ წყენას ვერ დავივიწყებ. თუ ადამიანმა ისეთი რამ მაწყენინა, რომ საქმე პატიებაზე მიდგა, მასთან უმეტეს შემთხვევაში ურთიერთობას ვამთავრებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ჩემი მომავალი ჩემს პროფესიასთან მჭიდრო კავშირშია, ფიქრებიც სულ ამ მიმართულებით მაქვს. კინომხატვარი ვარ, ძალიან ბევრ უცხოელთან მიწევს ურთიერთობა, პირველ რიგში, ეს ჩემთვის შემოსავლის წყაროა. თეატრში მიწვეული მსახიობის ხელფასი სპექტაკლზე მართლა 20 ლარია. ამ ამბის გამოსწორებას არაფერი ეშველა. ასევე ვმუშაობ ერთ-ერთ ქართველ დიზაინერთან, მისი კომპანიის მენეჯერი ვარ და ეს საქმეც მომწონს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...უფრო მეტად განვითარებული ჩემს პროფესიაში.

- ვიბნევი...

- ...როცა ყურადღების ცენტრში ვექცევი.

- ვნანობ...

- ...არაფერს.

GzaPress - ჩემი ჰობია... - ...ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. მიყვარს ნივთების შეგროვება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ამ ნივთების მიმართ ინტერესს ვკარგავ და ახალი ნივთების შეგროვებას ვიწყებ. უზომოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს საყვარელი ადამიანებისათვის საჩუქრების კეთება.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ასეთი რამ არ ხდება, საკუთარ თავზე კონტროლი არასდროს დამიკარგავს.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა.

- სიყვარული ეს...

- ...არის ყველაზე მთავარი გრძნობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან აკლია. ის, რაც დღეს გვჭირს, სულ უსიყვარულობის ბრალია, მხოლოდ უსიყვარულობის.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან უცნაური განცდები მქონდა. თითქოს თამამი ვიყავი, თან ვერ ვიყავი, მინდოდა მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა, თან ვერ ვბედავდი, რაღაც უცნაურობა მჭირდა. როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი, მეგონა, ყველაფერი სხვაგვარად შემეძლო; როცა მას ვხვდებოდი, ამ დროს ვეღარ ვაქტიურობდი.

- დაოჯახებული...

- ...ვარ არაოფიციალურად. შეყვარებული გახლავართ. ის მსახიობია, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი საჯაროდ არ სურს. ამ ეტაპზე საქართველოში არ ცხოვრობს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ჩემმა ძმისშვილებმა, ზოგადად ბავშვები ძალიან მიყვარს. კარგ განწყობას მიქმნის გემოვნებიანი მელოდია, ფილმი.

- მიკვირს...

- ...ძალიან ბევრი რამ. ზოგჯერ იმდენად გაკვირვებული ვარ, ვფიქრობ ხოლმე, ამის იქეთ კიდევ რა უნდა გამიკვირდეს? გადის დრო და ისეთი რამ ხდება, რომ...

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...დიდი სისუსტეები არ მაქვს. ახლა არაფერი მახსენდება.

- ვამაყობ...

- ...ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წარმატებებით. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თავს უხერხულად ვგრძნობ.

- მეშინია...

- ...არაფრის.

- ვმალავ...

- ...რაღაც მანკიერებებს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მოუცლელობის გამო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამის შეცვლა მინდოდა, დღეს ამის სურვილი აღარ მაქვს.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ასეთი არაფერი მახსენდება.

- ვიტყუები, როცა...

- ...ამის აუცილებლობაა. მსახიობი ვარ და თამაში არ მიჭირს. შეიძლება მერე თავად ვაღიარო, რომ მოვიტყუე, მაგრამ იმ მომენტში დამაჯერებელი ვარ. ზოგჯერ ტყუილი სიკეთის მომტანიც არის.

- თავისუფლება არის...

- საკუთარი უფლებების დაცვა სხვისი უფლებების შელახვის გარეშე.

- როცა მარტო ვარ...

- ...ყველაზე კარგად თავს მაშინ ვგრძნობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ძნელი სათქმელია, იმ წუთში ვინ როგორ მოიქცევა. შეიძლება ცდუნებამ წაგვძლიოს, ადამიანები ვართ.

- მენატრება...

- ...ადამიანები, რომლებიც აღარ არიან.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს მოგზაურობა საუკეთესო "წამალია".

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...არაერთი დარიგება მომისმენია და მიმიღია. კონკრეტულ სიტუაციებში კონკრეტული წინადადებები მახსენდება.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ჩვენ ყველამ ბევრი დრო დავუთმოთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. ცხოვრება მშვენიერია!

თამუნა კვინიკაძე