ალერსიანი და არშიყი ფშავლები ქვემო ქედიდან - გზაპრესი

ალერსიანი და არშიყი ფშავლები ქვემო ქედიდან

შირაქში მთიელთა მუდმივად დასახლება XX საუკუნიდან დაწყებულა. ამის შედეგად გაჩნდა სამი დიდი სოფელი: ზემო ქედი, სადაც ძირითადად მთიულები ცხოვრობენ, არხილოსკალო - მთიულებითა და ხევსურებითაა დასახლებული და ქვემო ქედი - უფრო მეტნი ფშავლები არიან. ქვემო ქედში მიმასპინძლა შოთა ქუმსიაშვილმა, მოკაფიავემ და მონადირემ.

შოთა ქუმსიაშვილი:

- 1889 წელს მეფის მთავრობამ გადაწყვიტა შირაქში რუსები გადმოესახლებინა. ამ განზრახვას ქართველ მთიელთა დიდი გულისწყრომა მოჰყოლია და ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაუწყიათ შირაქში ჩამოსახლება და დამკვიდრება. ამ გაბედული გადაწყვეტილების ინიციატორი და ორგანიზატორი კი ვაჟა-ფშაველა ყოფილა. სწორედ მისი ძალისხმევით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე დასახლებულა შირაქში. სოფლებისთვის ზემო ქედი, ქვემო ქედი და არხილოსკალო დაურქმევიათ. სოფელში ცხოვრობენ მთიულები, ხევსურები და გუდამაყრელებიც არიან, მათ "ხუტორებს" ეძახიან. როცა აქ რუსების დასახლება უნდოდათ, ხუტორების აშენება დაუწყიათ და ამიტომაც, იმ უბანს ეს სახელწოდება დღემდე შემორჩა. ალბათ იცით, რომ ფშავლების ყველაზე დიდი დღესასწაული ლაშარობაა.

- როგორი ხასიათი გაქვთ ფშავლებს?

- კარგი ქალები გვყავს ფშავლებს, მეოჯახეები არიან. "გრუბი" ხალხი არ ვართ. გვიყვარს მხიარულება, შაირობა, სიმღერა. არც ზარმაცები ვართ. ვახუშტი ბატონიშვილს თუ დავუჯერებთ, გონებამახვილები, თავაზიანები და ხათრიანებიც ვყოფილვართ და ამავე დროს, თამამებიც. უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშავში სიმდაბლის ნიშანიაო, - ამბობდა ვახუშტი. მისივე თქმით, ფშაველი ალერსიანიცაა და არშიყიც. ახლა ერთი ამბავი გამახსენდა - რომელიღაც ტელევიზიიდან ფშავში ყოფილან ჩასულები და კორესპონდენტს უკითხავს: მაინც რას აკეთებთ, რას საქმიანობთ აქო? ძირითადად, ვწაწლაობთ, შიგადაშიგ მესაქონლეობასაც მივდევთო, - ერთ ენამოსწრებულ ფშაველს უპასუხია. აი, ასეთები ვართ (იცინის).

- კაფიობა თქვენც გიყვართ. საუბრისას ვახუშტი კოტეტიშვილთან შეხვედრის ამბავიც ახსენეთ.

- ახლაც არ ვიცი, რამ გამაბედვინა და რამ მათქმევინა მისთვის ლექსი. ახალშეუღლებულები იყვნენ ის და მზეო, ჩვენს სოფელს სტუმრობდნენ, სუფრაზე შევხვდით. ეტყობა, შეამჩნია, რომ ვერ ვისვენებდი და გამლექსა: "ქუმსიაშვილო შოთაო, რა ძალიანა შფოთავო". მე ვუპასუხე: "დასდიხარ, წარამამარაობ, "ბასიაკობ" და ლოთაობ..." დამინდო და აღარაფერი მითხრა (იცინის).

ქვემო ქედში რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახია. ჯერ ქისტაურებს ვესტუმრეთ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ მასპინძლებს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდათ.

GzaPress ნიკო ქისტაური: - პაპაჩემი 1905 წელს გადმოსახლებულა დუშეთის რაიონიდან, სოფელ ბზიკურთკარიდან, ხორხის ხეობიდან. ახლა იქ ერთი ქალიღაა დარჩენილი, შვილები თბილისში ჰყავს და არ მოჰყვება. უმაღლესში არ მისწავლია, მძღოლი ვარ. ვიდრე ქვეყანა აირეოდა, კოლმეურნეობის დროს ცხვარშიც ვიყავი მწყემსად, ძროხაშიც, მერე სამხედრო პოლიციაშიც ვმუშაობდი ცოტა ხანს. "ნაციონალები" რომ მოვიდნენ, ყველანი გამოგვიშვეს და უმუშევარი დავრჩი.

- რამდენი შვილი გყავთ?

- 31 წლისა დავქორწინდი. პირველ ცოლს დავშორდი, 2 წლისა იყო ბიჭი, გოგო - ერთის. ერთხელაც, სახლში მოვედი და არ დამხვდა. პოლიციის ძალით უნდოდა შვილების წართმევა და არ გავატანე. ისე მოხდა, რომ შევრიგდით. მერე ისევ წავიდა და დაიკარგა, ოღონდ უკვე ბავშვებიანად. თავის მშობლებთან დაუტოვებია. იმათ, ჩვენ ვერ მოვუვლითო და ორივე მე წამოვიყვანე. 4 წელი დედაჩემი ზრდიდა. ჩემი ყოფილი ცოლი შვილებს არც კითხულობდა, ვიდრე არ დაიზარდნენ. გოგო 18 წლისაა უკვე, ბიჭი - 19-ის, ჯარშია. მაშინ სასმელს მივეძალე, თუ რამე მყავდა საქონელი, ყველაფერი გავყიდე... მეორედ დავქორწინდი, მაკასთანაც 2 შვილი შემეძინა - ქალ-ვაჟი. გოგო 6 წლისაა, ბიჭი - 11-ის, ერთი შვილიც მაკას მოჰყვა. მოკლედ, 5 ბავშვი გვყავს.

- რატომ მიწას არ ამუშავებთ ან საქონელი რატომ არ გყავთ? ძნელია 5 შვილის შენახვა...

- ტრაქტორსაც ხომ ქირაობა უნდა? ამიტომაც ვერ ვხნავთ იმ ადგილს, რაც გვაქვს. ქათამი, ღორი და ძროხაც არ მყავს, ვერ ვყიდულობ. ხარჯს ვერ ავუდივარ. 460 ლარს ვიღებ დახმარების ფულს, მე დღიურად თუ ვიმუშავებ სადმე, ეგ არის. მანდაც აღარ მეძახიან, 50 წლისა ვარ და ჰგონიათ, ჯანი აღარ მაქვს, უფრო ახალგაზრდები მიჰყავთ ხოლმე.

პაატა ბაინდურაშვილსა და ანა მოსიაშვილს 4 გოგონა ჰყავთ, ერთმანეთზე უკეთესები. წლისა და 6 თვის ნატო და ნათია ტყუპია, მათი ერთმანეთისგან გარჩევა ზოგჯერ თურმე მშობლებსაც უჭირთ. ჩვენი სტუმრობისას უფროსები სკოლაში იყვნენ, პატარებს კი საწოლზე ტკბილად ჩასძინებოდათ. მასპინძლის სიყოჩაღეზე ბევრი რამ მიგანიშნებდა - მოწესრიგებული ეზო-კარი და დაწკრიალებული სახლი. ანა სოფელ ნაფარეულიდან გამოთხოვილა ქვემო ქედში.

ანა: - პაატა ნათესავთან იყო ჩამოსული ჩვენს სოფელში და იქ გავიცანი, ერთმანეთი მოგვეწონა და დავქორწინდით, ერთ კვირაში მომიყვანა ცოლად.

GzaPress პაატა: - არც ჩემს მეუღლეს აქვს პროფესია, სწავლა არ დავაცადე და არც მე, მძღოლი ვარ. მუდმივი სამუშაო არ მაქვს, დახმარებას ვიღებთ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს ოჯახში დიდი სიხარულია და სირთულეებს გავუმკლავდებით.

ბოლოს 84 წლის მოლექსე, გურამ გულიაშვილი უნდა გაგაცნოთ, თანაც ლექსად: "83 წლის გავხდი,/ დღე მიღამდება შავადა,/ მთივნელი კაცი გახლავარ,/ ახლა მცხოვრები ბარადა,/ სახლში არავინ არა მყავ,/ ვინ მოვა სანახავადა,/ ვინცა მყავ, თბილისშია მყავ,/ დავეხეტები ცალადა". რომ გაიგო, "პალიტრის" გამომცემლობიდან ვიყავი, საყვედური მითხრა, "კვირის პალიტრა" განსაკუთრებულად მიყვარს, ამას წინათ ლექსები გამოგიგზავნეთ და რატომ არ დამიბეჭდეთო. დავპირდი, ამ სტატიაში აუცილებლად იქნება თქვენი ერთი ლექსი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ-მეთქი. მთხოვა, "კვირის პალიტრაზე" რომ დავწერე, ის ლექსი დამიბეჭდეო: "იუბილეს გილოცავ, ჩემო მზევ და მთვარევ,/ ჩემო "კვირის პალიტრავ", შენ კი გენაცვალე./ შენს ფურცლებს ჩავკირკიტებ, ყოველ დღე და ღამე,/ როგორც მე მახარებ, ისე შენ იხარე./ ვხედავ, როგორ დგახარ, შენ სიმართლის გზაზე,/ ვინც მანდ თანამშრომლობთ, ყველამ გაიხარეთ".

- 1946 წელს ჩამოვსახლდით ამ სოფელში. გულიაშვილები თიანეთიდან ვართ წარმოშობით. ჩემი უფროსი ძმა საქონელში დადიოდა, მოეწონა ადგილი, გაიცნო ჩვენი მოგვარეები და ამიტომაც გადავწყვიტეთ აქ დასახლება, თორემ მამას ერწოშიც ჰქონდა ნაკვეთი და ახმეტაშიც. 6 და-ძმანი ვიყავით, 3 ძმა და 3 და. ახლა ერთი დაღა მყავს ცოცხალი, 87 წლისაა. "ვეღარა ვხედავ ივრის ხეობას,/ თავისი მთებით, თავის ბუნებით./ აქ გავიზარდე შირაქის ველზე,/ აქ გავიზარდე მინდვრის სურნელით./ აქ ვმუშაობდი დღეცა და ღამეც,/ ხან ტრაქტორზე და ხანაც ურმებით./ ახლა სიბერე შემომეყარა,/ ნაავადები შემხვდა ღრუბელი,/ ვეღარ დავდივარ, ვეღარც ვმუშაობ,/ კისერზე მაძევ მძიმე უღელი,/ მე ვეხვეწები ხატს და სალოცავს,/ დიდხანს აცოცხლოს თქვენი გულები./ დიდხანს იცოცხლეთ, დიდხანს იხარეთ,/ მე ამ სიტყვებით გეკურკურებით./ შესანდობარი ყველამ დალიეთ,/ მერე დაიდგით გვერდზე სურები,/ გემშვიდობებით, ახლა კი წავალ/ და ჩემს ენძელას ჩავეხუტები", - ეს ლექსი ჩემს საფლავზე უნდა წაიკითხოთ, ასეთია ჩემი სურვილი.

- ენძელა ვინ იყო?

- ჩემს მეუღლეს ერქვა ენძელა. 8 წელია, აღარ მყავს. კლასელები ვიყავით. მეოთხე კლასში გახლდით, აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად და სკოლაში მასთან ერთად დავიწყე სიარული, შეგვიყვარდა ერთმანეთი. ვმუშაობდი. სკოლა რომ დავამთავრე, ჯარში გამიწვიეს. 5 წელი ვიმსახურე და რომ ჩამოვედი, დავოჯახდი კიდეც და მუშაობაც დავიწყე. 3 შვილი და 5 შვილიშვილი მყავს.

GzaPress

- კომუნისტების დროს მივტირიო, მითხარით და რატომ? - გაჭირვებაც იყო, მაგრამ ასეთი? ყველა ვმუშაობდით და ყველას ხელფასი გვქონდა. ჩემი შვილის სახელზე 28.000 მანეთი შევიტანე ბანკში, მაგრამ შეჭამა მთავრობამ. მეუღლე დაწყებითების მასწავლებელი იყო, მე ტრაქტორზე ვმუშაობდი. ადრე ხალხს ერთმანეთი უყვარდა, ახლა ერთმანეთსა ვჭამთ...

- ახალ წელს როგორ აღნიშნავთ ფშავლები?

- ცეკვა-სიმღერითა და ლხინით, ოღონდ ჩვენ უფრო ძველით ახალი წლის აღნიშვნა ვიცოდით. ჯერ რა დროს ახალი წელიაო, ამბობდნენ ხოლმე ძველები. შობასაც ყველა ერთად ვიყავით. ახლაც ასეა, ოჯახის წევრები, ახლობლები ვიკრიბებით, ერთმანეთსაც ვლოცავთ და ქვეყანასაც...

ნინო ჯავახიშვილი