"მუშაობისას პასეანსის გაშლა უყვარდა, რაც დედას არ მოსწონდა"
font-large font-small
"მუშაობისას პასეანსის გაშლა უყვარდა, რაც დედას არ მოსწონდა"
დიდი ქართველის საინტერესო ცხოვრება

მის სახელს უკავშირდება ქართული მუსიკის არაერთი ჟანრის ფორმირება. მას ეკუთვნის პირველი ქართული ბალეტი, პირველი ქართული სიმფონიის ნიმუში, პირველი საფორტეპიანო კონცერტი... უამრავი კომპოზიტორის აღმზრდელი ანდრია ბალანჩივაძე წლების მანძილზე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ, რაც საშუალებას აძლევდა ბევრი სასიკეთო საქმე ეკეთებინა. ქართული კულტურის დიდ გულშემატკივარს და მოამაგეს, მისი ქალიშვილი ცისკარი და უმცროსი ვაჟის - ჯარჯის მეუღლე ქეთი მაჭავარიანი გაიხსენებენ.


GzaPress
დედა და მამა

ცისკარი ბალანჩივაძე:
- დედამ და მამამ ერთმანეთი მუშა-ახალგაზრდობის თეატრში ("ტრამი") გაიცნეს. ეს იყო მამის მხრიდან, სიყვარული პირველი დანახვისთანავე. დედა პანა ჯიბლაძე მსახიობი, ხოლო მამა პიანისტი და თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე იყო. დედას ნატუსია ერქვა, მაგრამ ასე არავინ ეძახდა, პოლონელმა ნათლიამ პანა დაარქვა და ეს სახელი დარჩა. მამამ დედა სახლში პირველად რომ მიიყვანა, ანდრიას მამა მელიტონი იატაკზე გაბნეულ ნოტებს შორის იჯდა. ანდრიამ პანა გააცნო, როგორც თავისი საცოლე. 16 წლის გოგონას დანახვაზე ბაბუა ცოტა შემცბარა, მერე გვითხრაო, - "აკოცე ერთი, იწამე ღმერთი"...
ახლა, ახვლედიანის ქუჩაზე, იმ სახლზე მელიტონ ბალანჩივაძის მემორიალური დაფაა. მამას სულ კონკურსებზე და სხვადასხვა კომისიაში იძახებდნენ, ძირითადად რუსეთში დადიოდა. ყველა ქართველი კომპოზიტორი მამას მოწაფე იყო: ბიძინა კვერნაძე, რევაზ ლაღიძე, არჩილ ჩიმაკაძე, შოთა მილორავა, მერი დავითაშვილი და სხვები. ვინც არა, ისინი კონსულტაციებზე მოდიოდნენ სახლში. დედა ამბობდა, ზოგჯერ ფორმაში არა ვარ და ანდრია უცბად მომაყენებს სტუმრებსო. მეზობლის ბავშვებიც ხშირად შემოდიოდნენ ჩვენთან. როცა ავხმაურდებოდით, დედა გვეუბნებოდა, მამას ხელს ნუ უშლითო. ხანდახან ანდრია ოთახიდან ამ სიტყვებით გამოდიოდა: ბავშვებო, წადით საკუთარ დედებთან (იცინის). მამა ძალიან გვიყვარდა და მის კაბინეტში შესვლა გვინდოდა, მაგრამ დედა არ გვიშვებდა, რადგან მას სამუშაოდ სიმშვიდე სჭირდებოდა. მუშაობისას პასეანსის გაშლა უყვარდა, რაც დედას არ მოსწონდა. თუკი მის სამუშაო მაგიდაზე გაშლილ კარტს მოჰკრავდა თვალს, მამა თურმე ცდილობდა, კარტისთვის რაღაც გადაეფარებინა.
ზაფხულში, ხშირად ბაკურიანში ვისვენებდით. მამას ტყეში დავყავდით, ხან გადავიკარგებოდით და ღამე მოვდიოდით. ანდრია რუსულად საუბრობდა, ქართული იცოდა, თუმცა, ცოტა აქცენტით ლაპარაკობდა. თითქოს გასაკვირია, მაგრამ მისი მუსიკა ბევრად უფრო ქართული იყო, ვიდრე თავად მამა. ბავშვობიდან ვხედავდი, როგორი დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ყველას რჩევას აძლევდა. არასოდეს იტყოდა სიყალბეს, პირდაპირობა უყვარდა, თუმცა დიპლომატიურიც იყო. ისეთი თანამდებობები ეკავა, დიპლომატიაც სჭირდებოდა. რუსეთიდან ვინც ჩამოდიოდა, გამოჩენილი მუსიკისმცოდნე იქნებოდა თუ კომპოზიტორი, ყველანი მასთან მოდიოდნენ. დიმიტრი შოსტაკოვიჩთან მეგობრობდა. დიმიტრი მამას ანდრიუშას ეძახდა, მამა - მიტიას. მახსოვს, პირველად რომ ვნახე შოსტაკოვიჩი, ცოტა უცნაურად მომეჩვენა, რადგან სწრაფად და თითქოს ნერვიულად ლაპარაკობდა. ერთი ღამე დარჩა ჩვენთან, მეორე დღეს სამკურნალოდ წყალტუბოში წავიდა.
GzaPress
"სამივეს გამოგვყვა რაღაც ნიჭი"

ცისკარი:
- ჩვენ სამნი ვიყავით: ამირანი, მე და ჯარჯი. ჩემი ძმები, სამწუხაროდ, აღარ არიან ცოცხლები. სამივეს გამოგვყვა რაღაც ნიჭი. ანდრია შვილებს არასოდეს გვაქებდა. ამირანს კარგი ხმა - ბარიტონი ჰქონდა, მე ბალერინა ვიყავი, ჯარჯი პიანისტი და მრავალმხრივი მუსიკოსი იყო. როცა ამირანი ფიზიკოსი გახდა, ასე ხუმრობდა: მამა კომპოზიტორია, დედა მღერის, შენ ცეკვავ, ჯარჯი უკრავს და ერთი, მე ვარ ჭკვიანიო. ცნობილი პიანისტი ლევ აბორინი ჩვენთან ხშირად მოდიოდა და ჩემს დანახვაზე მაშინვე "სამ გოჭს" ისეთი ვარიაციებით უკრავდა, ძალიან მომწონდა და 3-4 წლისა ცეკვას ვიწყებდი.
როცა თეატრში მივედი, მამას ბალეტში "მთების გული" მხოლოდ ორჯერ ვიცეკვე, ბოლო სპექტაკლები იმართებოდა. ბალეტის ახალი ვერსია მონავარდისაშვილმა დადგა, სადაც მანიჟეს პარტიას ვცეკვავდი. ანდრიას ბალეტი "მწირი" როცა იდგმებოდა, გოგონების სხვადასხვა ვარიაციიდან მამამ მითხრა, შენ დაირა იქნებიო. საინტერესო და ძნელი შესასრულებელი იყო, სულ იცვლებოდა რიტმები... ერთხელ ჩემმა თაყვანისმცემელმა ნოქტიურნი დაწერა და მთხოვა, მამასთვის მეჩვენებინა, მისი აზრი აინტერესებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მამას ასეთი თხოვნით მივმართე. მან მკითხა: შენ ის ბიჭი ძალიან მოგწონს?! - არა, მამა, ძალიან არ მომწონს-მეთქი, სიმართლე ვუთხარი.
ვახტანგ ჭაბუკიანი საინტერესო პიროვნება იყო. როცა რამდენიმე გოგონა სოლისტი ბიჭების კლასში მოვხვდით, რეპეტიციებზე გაკვეთილის ბოლოს, ბიჭები ნახტომებს და თითო ვარიაციას აჩვენებდნენ. ბატონი ვახტანგი სულ უკმაყოფილო იყო. რუსულად საუბრობდა და ქართულად მხოლოდ ამ სიტყვას ამბობდა - "ჯოხი", პლასტიკას ასე აფასებდა. რაღაც როლი ვთხოვე და არ მომცა. მითხრა, - ჯერ ამურჩიკი იცეკვეო. მერე უკვე მასთან "გორდაში" ირემა ვიცეკვე. შემდეგ იყო ოფელია, გაბიჩვაძის "ჰამლეტში". ჭაბუკიანს მოსწონდა ჩემი შესრულებული მარია "ბახჩისარაის შადრევანში"... 1962 წელს ჯორჯ ბალანჩინი დასით "ნიუ-იორკ სიტი ბალე" გასტროლზე თბილისში ჩამოვიდა, მას ხომ სულ სხვა სკოლა ჰქონდა... ჭაბუკიანმა ბალანჩინის მოცეკვავეების გაკვეთილს შეავლო თვალი და თქვა: "დურნიე პრიმერი ზარაზიწელნი". ვახტანგ ჭაბუკიანი უდიდესი მსახიობი იყო, ხანში შესულსაც საოცარი დინამიკა ჰქონდა. ჯორჯ ბალანჩინს ის ძალიან მოსწონდა და ინტერვიუში ამბობდა: ერთიც რომ მყოლოდა მისი მსგავსი მოწაფე, ბედნიერი ვიქნებოდიო.
GzaPress
შთაბეჭდილებები

ქეთი მაჭავარიანი:
- მოგიყვებით ჩემს შთაბეჭდილებებს. ბატონი ანდრია ჯარჯიმ გამაცნო. პირველი, რაც მკითხა, ეს იყო: თქვენ იცით, რომ ჯარჯი არ მუშაობსო? გამაფრთხილა (იღიმის). ჯარჯის ორკესტრთან ერთად უნდა ემუშავა, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებულიც არ იყო და დროებით ხელფასი არ ჰქონდა. მე ვუთხარი, რომ ორ ადგილზე ვმუშაობდი. - ჰოო, ეს კარგიაო, ჩაილაპარაკა ბატონმა ანდრიამ. მას არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, საშინაო და საგარეო ქცევები, ყველგან თავის სულიერ ფორმას ინარჩუნებდა. საინტერესო იყო იმით, რომ გარკვეულ რეჟიმს იცავდა, კონკრეტულ საათზე იკვებებოდა. ვთქვათ, ჰკითხავდი: ანდრეი მელიტონოვიჩ, ყავა ხომ არ გინდათ? ჯერ საათს დახედავდა და პასუხს ისე გეტყოდა. ქალბატონი პანა სულ ნერვიულობდა, რათა სადილი და ვახშამი მზად ჰქონოდა. ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი სილამაზის ქალბატონი იყო და ისეთი ჯადოსნური მომხიბვლელობა ჰქონდა, ზოგჯერ თვალს ვერ ვაშორებდი. ძალიან არტისტული იყო და კარგად მღეროდა.
კოლორიტული გარეგნობისა იყო ანდრია, რომლის მუდამ არეული თმა, სინათლის ნიმფას თმას მაგონებდა. აუცილებლად ეცვა დიდჯიბეებიანი შარვალი. ჯიბეში, როგორც წესი, ედო საშლელი, ფანქარი და გამოტენილი ჰქონდა მისი განუყრელი პაპიროსებით. ტარიან პაპიროსებს ეწეოდა, თვითონ უკეთებდა ფილტრს და რამდენიმე კოლოფს წინასწარ ამზადებდა. პატარა ტანის კაცი იყო და "ვოლგაში" სულ გაჭიმული იჯდა, გზა რომ კარგად დაენახა. ბორჯომში თვითონ ხელმძღვანელობდა კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლის მშენებლობას და რამდენიმე წელი, კარკასის მდგომარეობაში არსებულ შენობაში ვცხოვრობდით. ზაფხულში ყოველთვის ბორჯომში ვისვენებდით. ანდრიას პატარა ბავშვივით უყვარდა სოკოების შეგროვება. უნდა გენახათ, როგორ უყვარდათ ბორჯომელებს. ყველა ესალმებოდა, რაც ძალიან სიამოვნებდა. ერთ-ერთი დასვენების დროს, ბატონი ანდრიას "ვოლგას" ოთხივე ბორბალი მოჰპარეს. ისეთი შეურაცხყოფილი იყო, არავის შეატყობინა. მაინც მთელმა ბორჯომმა გაიგო. ისე შეწუხდნენ, რომ თავად ბორჯომის მილიციამ მოუტანა ბორბლები და დაუყენა.
ერთხელ პოპულარული სლოვაკი კომპოზიტორი ილია ზელენკა საქართველოში ჩამოვიდა და კონცერტი გამართა, რის შემდეგაც დიდი ბანკეტი გადაიხადეს, რომელსაც ანდრია ბალანჩივაძე, მაშინ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე უძღვებოდა. ბანკეტს ორგანოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სადღეგრძელო დალიეს და თქვეს, რომ ზელენკა არაჩვეულებრივი კომპოზიტორია, თუმცა დინების საწინააღმდეგოდ ცურავს და იმიტომ გარიცხეს კომპოზიტორთა კავშირიდანო. ანტისაბჭოთა პიროვნებად ითვლებოდა. ანდრიას იმწუთას უთქვამს, - დინების მიმართულებით მხოლოდ მკვდარი თევზები ცურავენო. კომპოზიტორებს უკვირდათ, მისი გამონათქვამების გამო, ანდრიას "ერთ ადგილზე" რომ არ იბარებდნენ.
ერთ-ერთი ამერიკელი დირიჟორი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ანდრიას სიმფონიის მოსმენის შემდეგ. მე არქივში წერილი ვნახე, სადაც ასევე ამერიკელი დირიჟორი ანდრიას სთხოვს, გაუგზავნოს სიმფონიური ნაწარმოების ნოტები.

ძმები - გიორგი და ანდრია

ქეთი:
- გიორგი ანდრიას უფროსი ძმა იყო, მან პეტერბურგში მცირე საბალეტო დასი ჩამოაყალიბა. თავის დროზე გიორგი საგასტროლოდ ლუნაჩარსკიმ გაუშვა 1924 წელს, საიდანაც უკან აღარ დაბრუნდა და ჯერ ევროპაში, ხოლო შემდეგ ამერიკაში ცხოვრობდა. გიორგი, იგივე ჯორჯ ბალანჩინი თავიდან დედამისს ფულს და საჩუქრებსაც უგზავნიდა, მერე აღარ აძლევდნენ ამის საშუალებას. ჩანაწერებში ერთი სასაცილო ეპიზოდი წავიკითხე. ახალგაზრდა ანდრია წერს: "დედამ ჯორჯის გამოგზავნილი ფული მომცა. ახალი ფეხსაცმელი ვიყიდე, ძალიან ძვირი გადავიხადე - 7 მანეთი და 50 კაპიკი". ერთ-ერთ წერილში ჯორჯი დედას სთხოვს: ფულს გამოგიგზავნი და მეუღლისთვის "ჩორნაბურკა" (შავი მელია) მიყიდეო. ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა და ნატურალური ქურქი უნდოდა ეჩუქებინა. სახელგანთქმული ბალეტმაისტერი ბალანჩინი ორჯერ ჩამოვიდა თბილისში და რა თქმა უნდა, შეხვდა ანდრიას. თუმცა, მათ ხალხი დაჰყვებოდა და ძმასთან პირისპირ კომუნიკაცია იშვიათად გამოსდიოდა. როცა ანდრია ამერიკაში ჩავიდა, ასეთი ფაქტი მოხდა: უცებ გავრცელდა ხმა, რომ ის საბჭოთა კავშირში დაბრუნებას აღარ აპირებდა. ამ დროს ანდრია, ალბათ 75 წლისა იყო. ატყდა დიდი ღელვა, რაშია საქმე? თურმე მას უთხოვია, ამდენი ხანია ძმა არ მინახავს და მასთან კიდევ ერთი კვირა დავრჩებიო. ვინ მისცემდა ამის უფლებას? ჩამოვიდა და საჩუქრებიც ჩამოიტანა. როგორც ამბობენ, ჯორჯ ბალანჩინი როცა უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, რუსულად ლაპარაკობდა და დედას ახსენებდა. ანდრია ბალანჩივაძე ძმის დაკრძალვაზე ამერიკაში არ გაუშვეს.
- ბალანჩივაძეების მუზეუმი თუ არსებობს?

ცისკარი:
- მუზეუმი კი არა, კონსერვატორიაში ანდრია ბალანჩივაძის სახელობის კაბინეტიც არ არის. მხოლოდ ასი წლის იუბილეზე შესრულდა მისი პირველი სიმფონია და საფორტეპიანო კონცერტი, მას მერე არც შესრულებულა. ერთი წლის წინ შოსტაკოვიჩის მეუღლე (ის გაცილებით ახალგაზრდა იყო კომპოზიტორზე) ჩამოვიდა თბილისში და ქეთინომ მისცა ანდრიასა და დიმიტრის მიწერ-მოწერის ამსახველი წერილები, რომელიც სჭირდება წიგნისთვის, სადაც ერთი თავი მამას დაეთმობა.
- ახალ წელი გამორჩეული დღესასწაული იყო თქვენს ოჯახში?

ქეთი:
- ახალი წელი იყო ჩვენთვის განსაკუთრებული, სუფრასთან შევიკრიბებოდით მთელი ოჯახი და დიდი კონცერტი იმართებოდა. ანდრია არაჩვეულებრივად მღეროდა ჩაიკოვსკის რომანსებს და გული მწყდება, რომ ეს არა გვაქვს ჩაწერილი. ასევე იმღერებდა პანა გიორგიევნაც და ბოლოს, აუცილებლად შუბერტის მარშის ფონზე, ყველანი ნაძვის ხის გარშემო დავდიოდით. ბატონი ანდრია მორწმუნე კაცი იყო და მარხვას ყოველთვის ინახავდა. შობას ეკლესიაში დაესწრებოდა და რომ დაბრუნდებოდა, სუფრაზე აუცილებლად საცივი უნდა დახვედროდა.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ანუ რას გვაჭმევენ ჩვენი მეწარმეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2213 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი