"მთავარია, სამშობლოში დაბრუნების დრო არ გამომეპაროს..."
font-large font-small
"მთავარია, სამშობლოში დაბრუნების დრო არ გამომეპაროს..."
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ

ანა ბალამწარაშვილი 26 წელია, რაც ბელგიაში ცხოვრობს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახლავთ ბელგიაში, ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელიცაა და გარდა ამისა, საქართველოში ემიგრანტთა სახლის დამფუძნებელიც, მაგრამ თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ყოველდღე, ყოველ წუთს უკან დაბრუნებაზე ფიქრობს და ეძებს გზებს, როგორ "უმკურნალოს" სამშობლოს.


- ბელგიაში საცხოვრებლად წასვლა რომ გადავწყვიტე, 23-24 წლის ვიყავი, საკმაოდ ახალგაზრდა. მაშინ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო - მუდმივად ქუჩაში ვისხედით და რაღაცას ვაპროტესტებდით. აქედან გამომდინარე, არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი და ჩემი ცხოვრება ზედმეტად რომ არ გართულებულიყო, მეუღლემ გადაწყვიტა, გამოვეშორებინე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას. მაშინ ვფიქრობდით, რომ დროებით, მაგრამ ასე არ მოხდა - უკვე 26 წელი გავიდა.
- ალბათ ბევრი სირთულის გადალახვა მოგიხდათ, არა?
- პროფესიით იურისტი ვარ. სწავლა აქ, ბელგიაში გავაგრძელე და კრიმინალისტიკის 6-თვიანი კურსებიც გავიარე. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ვსწავლობდი, მაგრამ ვეღარ დავამთავრე. უცხო ქვეყანაში საკუთარი პროფესიით რეალიზება ადვილი არ არის. სიბნელიდან სინათლეში რომ მოხვდები და არ იცი, რა გააკეთო, ასე ვიყავი თავიდან, სამოთხეში მეგონა თავი. დიდი დრო დამჭირდა, საკუთარი თავი რომ მეპოვა. ბევრი რამ გამოვცადე - დამლაგებლობით დავიწყე, რესტორანში მიმტანადაც ვმუშაობდი, სამზარეულოშიც, პარალელურად ვსწავლობდი. ბევრი რამ გავაკეთე, ვიდრე ამ პოზიციამდე მივაღწევდი, მართლაც ძნელი იყო აქ თავის დამკვიდრება. პიროვნულად მიგიღებენ, მაგრამ თუ არ დაუმტკიცე შენი ინტელექტი და არ მიახვედრე, რომ ეს შენი ქვეყნის ინტელექტიცაა, პატივისცემას ვერ დაიმსახურებ. საკუთარი ქვეყნის არალეგალი ელჩი ხარ უცხოეთში და ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. ყველაზე მეტ ტკივილს მაყენებდა, როცა მეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირიდან ვიყავი. მაშინ საქართველოს შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მე კი ენა არ ვიცოდი, რომ მათთვის ჩემი ქვეყნის ისტორია მომეყოლა და მეპასუხა კითხვაზე, რატომ იბრძვით რუსეთთანო? ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე და ბელგიაში ჩემი საქართველო შევქმენი, რომ აქ საქართველო უკვე უყვართ და პატივს სცემენ. ამაზე მეტი სიხარული ჩემი შვილების შემდეგ ჩემთვის არ არსებობს, დამიჯერეთ. ახლაც ჩემს ბელგიელ მეგობართან ერთად ვარ და ვგეგმავთ ზაფხულში, დაახლოებით 10 ბელგიელთან ერთად საქართველოში სტუმრობას.
GzaPress
როდესაც სირთულეებზე ვსაუბრობ, უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ენობრივი ბარიერი მაბრკოლებდა. ვერ ვუხსნიდი, ვინ ვიყავი, რომელი და როგორი ქვეყნიდან... ინგლისურად არ საუბრობდნენ, რუსული არ იცოდნენ, მე კი ფლამანდრიული არ ვიცოდი. პირველად სამსახურში რომ ამიყვანეს, სიამაყით, თავაწეული ვალაგებდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო მეტად იმის მრცხვენოდა, კომუნიკაციის პრობლემა რომ მქონდა. ჩემს თავზე ვბრაზობდი, უფრო მეტი რატომ არ ვისწავლე და ზუსტად ამან მომცა ბიძგი, მებრძოლა და მათზე მაღლა დავმდგარიყავი. მე ეს შევძელი!
- ძლიერი ქალი ხართ?
- კი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ამის თქმა. ბევრი რამ გავიარე, მაგრამ არ იცით, რა ამბები გადავიტანე საქართველოში 2011 წელს. დაკავებულიც ვიყავი ერთი კვირით. ამ ბრძოლაში ყველა შემომეცალა, მაგრამ მაინც არ შემშინებია, რადგან მართალი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ შვილები საიმედო ხელში იყვნენ და მე ყველაფერს გავუძლებდი. თანაც, არც პირველი ვიქნებოდი და არც უკანასკნელი, ვისაც უსამართლოდ დასჯიდნენ. მოკლედ, ბიზნესი მქონდა, ხე-ტყის ჭრის ლიცენზია. ერთ-ერთი პიროვნების ხელით ქონებას მართმევდნენ. საქმის გარჩევებზე დავყავდი შუაღამისას, ქონების გადაფორმება უნდოდათ. ერთი კვირა სუს-ი და კუდ-ი ჩემს სახლში ცხოვრობდა. ჩემი ციხეში გამომწყვდევა უნდოდათ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ. ჯერ კიდევ დავაშია ეს საქმე. არ დავღლილვარ, ბოლომდე ვიბრძოლებ. 2015 წელს რაც "ნაცებმა" დამაკლეს, "მეოცნებეებმა" დააგვირგვინეს. ესენი ხომ ერთმანეთზე გადაჯაჭვულები არიან. ის, რაც საქართველოში ხდება, ჩემთვის მტკივნეულია. ყველამ რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენზე მაგარი ქვეყანა არავის ექნება. საქართველოს გარეშე ვერ ვძლებ, ავად ვარ, თვეში ერთხელ მაინც რომ არ ჩამოვფრინდე, მიუხედავად ჩემი დატვირთული გრაფიკისა - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობის გარდა, ერთ-ერთი კომპანიის იურისტიც ვარ, "ემიგრანტის სახლის" პრეზენტაცია გვექნება წელს, აპრილის თვეში და ამისთვისაც ვემზადებით. ადვილი ხომ არ არის ერთმა ჩვეულებრივმა ემიგრანტმა 18 ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები გააერთიანოს? ყველა საქმეს დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.
- აქ ახლობლები გყავთ და მათ სანახავად ჩამოდიხართ? თქვენს ოჯახზეც მომიყევით, შვილებზე...
- შეიძლება ითქვას, მანდ დეიდაჩემის გარდა აღარავინ მყავს, მშობლებიც, შვილებიც, დედმამიშვილებიც - ყველანი აქ არიან. სამი შვილი მყავს, ვაჟი 26 წლისაა, ბიზნესმენი. 20 წლის ელენე პოლიტიკისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. სხვათა შორის, კალათბურთელია, საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, ასევე, არის ქართული დიასპორის, ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ბელგიაში, მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ელჩების კონკურსში, ჯერჯერობით შედეგები არ ვიცით. უმცროსი, ნატალი კი 19 წლისაა და ბრიუსელის უნივერსიტეტში სოციალურ სამართალს ეუფლება. ნატალი საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში და წელს, ზაფხულში გეგმავს ჩამოსვლას.
- საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?
- მე ყოველდღე ვგეგმავ დაბრუნებას. შესაძლებლობა რომ მქონდეს, მანდ გავაკეთო ის საქმე, რაც მინდა და რასაც აქ ვაკეთებ, აუცილებლად დავბრუნდებოდი. ჩემი შვილებიც ამბობენ, რომ სურთ, წლების მერე თავიანთი გამოცდილება საქართველოს მოახმარონ.
- სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ხართ ბელგიაში. საინტერესოა, როგორია იქაური პოლიტიკური კულტურა?
- პოლიტიკური კულტურა აქ ისეთ მაღალ დონეზეა, რომ საქართველო სანამ აქამდე მივა, ალბათ საუკუნეები დასჭირდება. არ მესმის, პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთს რატომ ხოცავენ, კორექტულად რომ ისაუბრონ, ხომ შესაძლებელია? 20 წელია, პოლიტიკაში ვარ და იმდენი რამ ვისწავლე, შემიძლია, ჩემი გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო, მაგრამ მე რომ მინდა, ჩემს ქვეყანასაც უნდა უნდოდეს, საღი აზრი ხელისუფლებაში მყოფებსაც უნდა სჭირდებოდეთ. ერთ ამბავს მოგიყვებით ჩემი პრაქტიკიდან, თვითონ შევესწარი სასამართლო პროცესზე ტონგერენში და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერე კიდეც. გმირის სახელს შევცვლი, ადვოკატის სახელსა და გვარს - არა.
ბრალდებული ქართველი, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი იყო. მოსამართლემ ჰკითხა, ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში მოხვდებითო?! - ბატონო მოსამართლევ (თქვენო უმაღლესობავ, შევუსწორე მე), თავს არ ვიმართლებ, რადგან მრცხვენია; მრცხვენია, რომ ამხელა ცხოვრება გამოვიარე და დღეს თქვენ წინაშე მიწევს ბრალდებულის სკამზე ჯდომა. მე ქართველი ვარ, უმაღლესი განათლებით, სამი შვილის მამა. ჩემი უმცროსი შვილი ექიმების დაუდევრობით ინვალიდია და საწოლსაა მიჯაჭვული, მკურნალობა კი ძალიან ძვირი ჯდება... მოსამართლემ გააწყვეტინა, მოიცათ, რატომ გიჯდებათ ძვირი, დაზღვევა ხომ გაქვთო?
ადვოკატი ჩაერთო და დეტალებში აუხსნა ქართული სამედიცინო მომსახურებისა და დაზღვევის მუშაობის სქემა. მოსამართლეს თვალები უდიდდებოდა და ვატყობდი, რომ რაღაცნაირად, მგონი, საქართველო ეცოდებოდა. გასაგებია, მაგრამ ქურდობა ჩაიდინა და ამისთვის შესაბამის სასჯელს იმსახურებსო, თქვა ბოლოს. ადვოკატმა, - თქვენო უმაღლესობავ, ქურდობას გამართლება არ აქვს და თანახმა ვართ, ზარალი ავანაზღაუროთ, მაგრამ მოდი, წარმოვიდგინოთ მშობელი, რომლის შვილსაც წამლის ფული არ აქვს და შეიძლება ამის გამო დაიღუპოს. ჩვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე. ეს ნაბიჯი მან გამოუვალი მდგომარეობის გამო და სიცოცხლის გადასარჩენად გადადგა - ის მამაა და მას შვილი უკვდება უწამლოდ! გთხოვთ, გაითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი, დანაშაულის საფუძველი და მიზეზიო... კიდევ ბევრი ისაუბრა. მირზას შევხედე, უფრო მეტად შევერცხლოდა თმა, მგონი, გათეთრებულიყო კიდეც სირცხვილისგან, ის დამნაშავეს არ ჰგავდა. მოსამართლე სათათბიროდან დაბრუნდა და გადაწყვეტილება გამოაცხადა: მირზა, საქართველოს მოქალაქე, ბელგიის სამეფოს კანონმდებლობით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და დაეკისროს ზარალის ანაზღაურება 2 წლის განმავლობაში. მაღაზიას ეთხოვოს მირზას შვილს გაუკეთოს საჩუქარი საშობაოდ ბელგიის სამეფოს მხრიდან და გაიგზავნოს მოცემულ მისამართზე სასამართლოს ხარჯებით, ასევე, ეთხოვოს ბელგიის სამეფოს ჯანმრთელობის სამინისტროს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის დაცვით დახმარება გაუწიოს პატარა პაციენტს, მირზას კი შეუძლია დატოვოს ბელგიის სამეფო და ეტაპობრივად გადაიხადოს ზარალიო.
წარმოგიდგენიათ? მირზა არ "შეასახლეს" ციხეში! კარგა ხანი გაოგნებული ვიჯექი და ვფიქრობდი, როდის ეყოლებოდა ჩემს ქვეყანას ასეთი ან ცოტათი მიმსგავსებული სასამართლო, ისეთი ადვოკატი, როგორიც მარკ სამპერმანსი იყო და ასეთი ძალა კანონისა! ეს იყო ჩემთვის ძალიან ემოციური დღე, ეს კაცი არ დასაჯეს, მოსამართლემ თავის შინაგან ხმას დაუჯერა. თქვენ არ იცით ამ კაცის სახე, თვალები უდიდდებოდა და უპატარავდებოდა, რაებს ლაპარაკობენო. ხომ შეიძლება, ჩვენთანაც ასე იფიქროს მოსამართლემ, მაგრამ მგონი, ფიქრის უფლება აქვთ ჩამორთმეული.
GzaPress
- თქვით, ძლიერი ქალი ვარო. პერსონად რომ ჩამოყალიბდე, რა უნარებს უნდა ფლობდე?
- გამართლებას, ანუ შესაფერის დროს შესაფერის ადგილას მოხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვერ "შედგები", თუ გვერდით არ გყავს ადამიანი, რომელიც სტიმულს გაძლევს. ასეთები არიან ჩემი მეუღლე, რომელიც ყოველთვის მამხნევებდა და ძალას მმატებდა და დედა, რომელმაც ბევრი შრომა ჩადო ჩემში და მაიძულა, ძლიერი ვყოფილიყავი. დედა სულ მეუბნებოდა, რომ უფროსი ვიყავი და შეცდომის უფლება არ მქონდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალს თვითონ უნდა უნდოდეს, იყოს ძლიერი და შედგეს პიროვნებად. ქალები კი ვქმნით კაცებს, მაგრამ ქალის შექმნა ასეთი ადვილი არ არის (იცინის).
- როგორი დედა ხართ? გრჩებათ დრო ოჯახისთვის, შვილებისთვის?
- მგონია, რომ ცუდი დედა არ ვარ, თუმცა ბებიამ მათ ბევრი რამ ასწავლა. სამივე საკმაოდ თავისუფლად გავზარდე. ყოველთვის ვეუბნებოდი შვილებს, 4 საათამდე ცხოვრობთ ბელგიაში, 4 საათის შემდეგ, როდესაც შინ ბრუნდებით, ხართ საქართველოში - ქართულად უნდა ისაუბროთ, ლოცვა ქართულად წაიკითხოთ, ქართული საჭმელი მიირთვათ, მოკლედ, უნდა იყოთ ქართველები-მეთქი და ეს დღემდე ასეა. ემიგრანტობა ძალიან დიდი ტკივილია ჩემთვის. მიუხედავად არაერთი წინაღობისა და პრობლემისა, მაინც არასდროს დამიკარგავს დაბრუნების სურვილი. სულ ვამბობ, მთავარია, სამშობლოში დაბრუნების დრო არ გამომეპაროს...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეები ვართ ინოვაციების მხრივ და არა მხოლოდ აქ
"საცოლეს თითზე ისეთი ბეჭედი გავუკეთე, ვერ მოიხსნის!"
პავლე ნოზაძის შემოქმედებითი ჯილდო ნახევარსაუკუნოვანი სასცენო ღვაწლისთვის
მხიარული ოჯახი, რომლის წევრებიც სხვების კარგ განწყობაზე ზრუნავენ
"ამბობენ, რომ შარიანობა არ გვაკლია"
"აქაურები სინამდვილეში ძალიან მოკრძალებულები და ტრადიციულები არიან"
სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელობით, თბილისში საერთაშორისო პროექტი - ჭორლდ ღისინგ შტარს განხორციელდა.
ძლიერი ნებისყოფა და პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა სალომე ჭაჭუას ბევრი ადამიანისგან გამოარჩევს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2465 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი