"ზოგჯერ მშობელი ხელს უწყობს ახალგაზრდის გაზარმაცებას" - გზაპრესი

"ზოგჯერ მშობელი ხელს უწყობს ახალგაზრდის გაზარმაცებას"

1940 წლის 14 ოქტომბერს ქარელში, ავთანდილაშვილების ოჯახში მეექვსე შვილი დაიბადა. პატარას დაბადებას განსაკუთრებულად ელოდა ოჯახი - თუ რატომ, ამას ქვემოთ წაიკითხავთ, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ახლა ქალბატონი ლუიზა მეოთხმოცე წელშია და ისევ მხნედ დგას საგანმანათლებლო სისტემის ავანგარდში. დროს არ უყვარს ლოდინი, განათლებას - ჩამორჩენა და ლუიზას - მდორე ცხოვრება. რესპონდენტს შინ მივაკითხე და მისი საუბარი ჩავიწერე. ვფიქრობთ, ამ ქალბატონის შემართება მართლაც საამაყოა, ბიოგრაფია კი - საინტერესო.

მშობლები და ბიძა

"მამა, სიმონ ავთანდილაშვილს დამთავრებული ჰქონდა მხოლოდ ოთხი კლასი, მაგრამ იყო უაღრესად განათლებული. დედანში ჰქონდა წაკითხული რუსული კლასიკური ლიტერატურა. სასიამოვნო ხმისა და ნიჭიერების გამო მის მოძღვარს უნდოდა, სიმონი გაჰყოლოდა სამღვდელოებას, მაგრამ მამამ არ მისცა ამის ნება და დააყენა მეწაღესთან შეგირდად. ეს პროფესია გამოადგა და მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ქარელის ფეხსაცმელების საამქროში, სადაც უფროსის პოზიციაც ეჭირა. რაც შეეხება დედას, ეფემია ბერუაშვილი იყო მდიდარი გლეხის შვილი. მამამისი კომუნისტებმა "გააკულაკეს", ჩამოართვეს მიწის ნაკვეთები, წისქვილი... დედას ძმა, რევაზ ბერუაშვილი იყო სამხედრო ინჟინერი, განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. თბილისში ნატახტარიდან წყალი მისი ხელმძღვანელობით გამოიყვანეს. რევაზ ბერუაშვილი დაიღუპა 1942 წელს ლენინგრადთან ბრძოლებში, პოლკოვნიკის წოდებით. 1975 წელს მისმა ვაჟმა მამის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადმოასვენა და დიდი პატივით დაკრძალა...

ჩემს მშობლებს ჰყავდა ექვსი შვილი: სამი ქალი და სამი ვაჟი. ადრეულ ასაკში დაღუპვიათ ორი ვაჟი და დავრჩით ოთხნი, მათ შორის მე ვიყავი ყველაზე უმცროსი. უფროსი და სწავლობდა კარგად, მაგრამ მალე გათხოვდა; ძმამ დაამთავრა აგრონომიული ტექნიკუმი, მომდევნო დამ კი გორის სამედიცინო სასწავლებელი. ამ დროს დედა უკვე ავადმყოფობდა და ბებია გვივლიდა. ოჯახური ტვირთი ყველაზე მეტად ჩემს დას დააწვა, რომელიც უკვე ექთანი იყო. დედა მოწამლულა მშობიარობისას და წელიწადში რამდენჯერმე უწევდა საავადმყოფოში წოლა. გადაარჩინეს, მაგრამ იშვიათი დაავადება განუვითარდა, რომელიც ნელ-ნელა პროგრესირებდა. ავადმყოფმა დედამ გამაჩინა. ეგონათ, თუ ბავშვს გააჩენდა, გამოჯანმრთელდებოდა. მე დავიბადე სრულიად ჯანმრთელი, დედას კი არაფერი ეშველა. ბებია და ჩემი და-ძმა ცდილობდნენ ჩემთვის შეემსუბუქებინათ დედის ავადმყოფობა, ყველანი თავს მევლებოდნენ. სულ შიში მქონდა, რომ მშობელს რამე დაემართებოდა. გავიზარდე მამისა და და-ძმებისგან დიდ სიყვარულში და მეორე მხრივ, დედის დაკარგვის შიშში. ამიტომ გადავწყვიტე, გამოვსულიყავი ექიმი და მისთვის მომევლო, თუმცა ეს ოცნება ვერ შევისრულე..."

GzaPressმოსწავლეობა და მასწავლებლები "ქარელის სკოლაში, სადაც იმ დროს 1200 მოსწავლე სწავლობდა, გამორჩეული პედაგოგები მუშაობდნენ. მათემატიკის მასწავლებელი ყოველთვის გვაძლევდა შანსს, რომ შეცდომით ამოხსნილი გაგვესწორებინა, გადაწერილი დავალება საშინლად სძულდა და გვეუბნებოდა, რომ შეცდომით დაწერილი სჯობდა სხვისი ნაშრომის მითვისებას... არაჩვეულებრივი პედაგოგი გვყავდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მისი ნასწავლი ქართული დღეს "მაწუხებს", როდესაც პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი ჟურნალისტის დამახინჯებულ ქართულს ვუსმენ. ბრწყინვალე მასწავლებელი მყავდა გერმანულ ენაში, ქალბატონი ზინა მეტრეველი. არ ვიცი, რა ჰქონდა დამთავრებული, "გუვერნანტკად" იხსენიებდნენ, არაჩვეულებრივად გვასწავლიდა გერმანულს. მასთან მიღებული ცოდნით თავისუფლად ჩავაბარე უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაზე. მაშინდელი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა სცილდებოდა მხოლოდ საგნების სწავლებას, ურთიერთობა იყო უფრო ღრმა და დიდ გავლენას ახდენდა მოსწავლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. ყოველგვარი რეპეტიტორისა და ნაცნობობის გარეშე სკოლა დავამთავრე ვერცხლის მედალზე. მქონდა მხოლოდ ერთი ოთხიანი, ახალდამატებულ საგანში - "სოფლის მეურნეობის პრაქტიკული"...

უნივერსიტეტი... "ვოცნებობდი ექიმობაზე, მაგრამ სამედიცინო ინსტიტუტში საბუთების შეტანა ვერ გავბედე. 2-3 დღეს ვატარებდი საბუთებს თბილისის სხვადასხვა ინსტიტუტში, მაგრამ არსად ვტოვებდი, სამედიცინოზე კი უკვე შემეშინდა, ირგვლივ ყველა მირჩევდა, რომ შეიძლებოდა წლები გამცდენოდა. დავბრუნდი სახლში ისე, რომ საბუთები არსად შევიტანე. დღეები გადიოდა და გამოცდები ახლოვდებოდა. ქუჩაში შემხვდა ჩემი ქიმიის მასწავლებელი თამარ კორინთელი, იგი თბილისიდან იყო და ქარელში სამუშაოდ გახლდათ ჩამოსული. მკითხა, საბუთები სად შეიტანეო? როცა გაიგო, რომ ჯერ სახლში მქონდა და ველოდებოდი, ჩემი და როდის მოიცლიდა, რათა გამყოლოდა თბილისში, შეწუხდა და მითხრა, მე წავიღებ შენს საბუთებსო. მორიდებით ვთხოვე, საბუთები შეეტანა უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. თამარ მასწავლებლის თხოვნის მიუხედავად, ფიზიკის ფაკულტეტზე საბუთები არ მიიღეს, პირადად უნდა მოვიდესო. ამ ფაკულტეტის სამდივნოს გვერდით ყოფილა მათემატიკის ფაკულტეტის სამდივნო და იქ უთხოვია, ჩემი მოსწავლეა, პირობები არა აქვს და მე წამოვიღე საბუთებიო. აქ კი უარი არ უთქვამთ და მიუღიათ, ასე აღმოვჩნდი მათემატიკის ფაკულტეტზე და არასოდეს მინანია, რადგან ჩემი ლექტორები იყვნენ არა მარტო დიდი მეცნიერები, არამედ - გრანდიოზული ადამიანებიც! სწავლას სწრაფად ავუღე ალღო და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. მალე შემამჩნია რამდენიმე ლექტორმა, რადგან ვიყავი ძალიან მონდომებული. სტუდენტობისას შემომთავაზეს ლაბორანტის ადგილი გამოთვლითი მანქანების ლაბორატორიაში და დაიწყო ჩემი პროფესიული კარიერა".

პროფესიული კარიერა "1964-1967 წლებში ვმუშაობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მათემატიკის კათედრაზე, რიცხვითი მეთოდების ლაბორატორიაში. შესაძლოა, ბევრისთვის ძალიან გაურკვეველი იყოს, მაგრამ მაქვს ნამუშევარი ისეთ საკითხზე, როგორიცაა წრფივ განტოლებათა სისტემების ამოხსნა გაუსის მეთოდით ელექტროდენის რეინმეტალზე. 1967 წლიდან ენერგეტიკის ინსტიტუტის გამოთვლითი ცენტრის მათემატიკური უზრუნველყოფის ჯგუფი ჩამაბარეს. 1976 წელს დავინიშნე გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში პროგრამირების სექტორის გამგედ. ჩემს მოვალეობაში შედიოდა დამკვეთისაგან დავალების მიღება, ალგორითმის შედგენა, პროგრამისტისთვის დავალების გადაცემა, თვალყურის დევნება პროგრამის გამართვაზე და საჭიროების შემთხვევაში, ჩარევა. ამასთან, გვიხდებოდა მზა პროგრამების დანერგვა. ეკონომიკისა და მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტებზე ვკითხულობდი ლექციებს და ვატარებდი პრაქტიკულ მეცადინეობებს უკვე პერსონალურ კომპიუტერზე, რაც მაშინ ძალიან დიდი ნოვაცია იყო ქართულ სინამდვილეში... ამჟამად ვკითხულობ საგანს, რომლის დასახელებაა "კომპიუტერული სისტემები და ინფორმაციული ტექნოლოგიები", გამოცემული მაქვს სახელმძღვანელოები კომპიუტერულ დაპროექტებაზე..."

ოჯახი "მყავს მეუღლე - გიორგი ტაბატაძე, რომელსაც დამთავრებული აქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით და გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში. მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო რობოტის ქვემო კიდურების დინამიკური კვლევა, რომელიც დაინერგა ფეხსაცმელების ფაბრიკაში. წლების მანძილზე მუშაობდა ლაბორატორიის გამგედ და კითხულობდა ლექციებს. ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ გაუქმდა ლაბორატორიის გამგის შტატი და დაიწყო ადმინისტრაციული საქმიანობა. ამჟამად მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსის დაცვის უფროსად. მყავს ორი შვილი, ხათუნა და თამარ ტაბატაძეები. ხათუნას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ მოუწია ცხოვრებამ გერმანიაში, სადაც მოახერხა თავისი დიპლომის აღიარება, რისთვისაც დაამთავრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და აიღო რამდენიმე სერტიფიკატი. ამჟამად მუშაობს ბერლინში მოწყვლად ჯგუფებთან ფსიქოთერაპევტად. ჰყავს ორი შვილი. უფროსმა შვილიშვილმა დავითმა დაამთავრა ბერლინის ერთ-ერთი ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტი, შემდეგ კი შევიდა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე. ამჟამად სწავლობს გაცვლითი პროგრამით გაერთიანებულ სამეფოში. მეორე შვილიშვილი - ანა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, საგარეო ეკონომიის ფაკულტეტზე სწავლობს. ამჟამად ისიც ინგლისში იმყოფება, გაცვლითი პროგრამით. ახლახან ორივე საქართველოში იყვნენ, გვინახულეს და გაგვახარეს. ძალიან უყვართ საქართველო და დიდ პატივს მიაგებენ ყველაფერ ქართულს. ჩემი მეორე შვილია თამარ ტაბატაძე, დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი. სამწუხაროდ, მასაც მოუწია ქვეყნიდან წასვლამ და დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ნევროლოგიის სპეციალობით. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, ისინი ჯერ პატარები არიან... თამარი ოჯახით ცხოვრობს გერმანიაში, ქალაქ ესენში და მუშაობს საუნივერსიტეტო კლინიკაში ნევროლოგად".

ცხოვრება კომფორტის გარეშე "ჩემს შვილებს ყოველთვის ვუნერგავდი სწავლისა და შრომის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას. მინდოდა დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ და მყარად მდგარიყვნენ ფეხზე. არ ვაჩვევდი კომფორტულ პირობებში ნებიერად ცხოვრებას. მსურდა, ორივე განათლებული და შრომისმოყვარე ყოფილიყო, არ გასჭირვებოდათ ურთიერთგაგება და ურთიერთთანადგომა. ზოგჯერ მშობელი ხელს უწყობს ახალგაზრდის გაზარმაცებას, მე ეს არ დავუშვი, რადგან ვიცი, რამდენად უკეთესია დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლიანობა და შრომისმოყვარეობა. მეუღლესთან ერთად შევქმენი ჩემი ცხოვრება ისე, რომ საყვედურს ვერავინ მეტყვის... ბევრი კარგი ახალგაზრდა აღზრდილა ჩემ თვალწინ, წინ წასულა, ცხოვრება აუწყვია, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავიათ. ისეთებიც ბევრნი არიან, ვინც ზარმაცობს, არ უწევს ანგარიშს თავის ოჯახს. არიან ისეთებიც, ვისაც უხდება მუშაობა, რომ თვითონ გადაიხადოს სწავლის საფასური. ღამის ცვლიდან მოსული სტუდენტი რომ გიზის ლექციაზე, მასთან ურთიერთობისას ფაქიზი უნდა იყო. ახალგაზრდები უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. უნდა შეიძინონ პროფესია, შეძლონ საკუთარი თავის რეალიზაცია - ეს საკმაოდ რთული საკითხია. ამას ცალ-ცალკე ვერც სკოლა, ვერც მშობელი და ვერც უმაღლესი სასწავლებელი ვერ გაართმევს თავს. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა. ვიქნები კრიტიკული და ვიტყვი, რომ თითქოს რაღაცებს ცვლიან, ასწორებენ, მაგრამ ბოლომდე საქმე ვერ მიჰყავთ..."

როლანდ ხოჯანაშვილი