აურზაური თეთრი ხელსახოცის გამო - გზაპრესი

აურზაური თეთრი ხელსახოცის გამო

რძის პროდუქტების ხარისხზე ჟურნალ "გზაში" არაერთხელ დაწერილა. ამჯერად, მაპროვოცირებელი არც მეტი, არც ნაკლები - თეთრი ხელსახოცი გახდა, რომელიც მომხმარებელმა ეკა ადამიამ "სოფლის ნობათის" მაწონში აღმოაჩინა. მან დახმარებისთვის "ანტიკორუფციული კავშირის" მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს მიმართა, მერე კი ეს ინფორმაცია ქართული მედიითაც გავრცელდა. ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა: "სოფლის ნობათის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ნაწარმში "ხელსახოცი, ან რაიმე სახის ელემენტი ვერ მოხვდება, რადგან პროდუქციას ქარხნიდან გასვლამდე რენტგენში ატარებენ", ხოლო მომხმარებლები რძის პროდუქტების ხარისხს ეჭვქვეშ აყენებენ!

ჩვენ ვესაუბრეთ ასოციაცია "მომავლის ფერმერის" თავმჯდომარეს - რუსუდან გიგაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ სფეროში არსებული პრობლემები მარტო ერთი ხელსახოცით არ ამოიწურება.

- ალბათ გამოძიება ყველაფერს დაადგენს, მაგრამ თქვენი აზრით, როგორ მოხვდა ხელსახოცი მაწვნის ქილაში?

- ვფიქრობ, ეს რომელიღაც თანამშრომლის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ბრალია, რადგან საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერი ადამიანთა კეთილსინდისიერებამდე მიდის. მსგავსი რამ ევროპულ ქვეყანაში რომ მოხდეს, ამას დიდი სკანდალი და კოლოსალური ჯარიმები მოჰყვება, თუმცა, ასეთი ფაქტებისგან საერთაშორისო დონის ბრენდებიც არ არიან დაზღვეული. საწარმოს შეიძლება უმაღლესი სტანდარტები ჰქონდეს, მაგრამ ადამიანური ფაქტორი მაინც ბევრს ნიშნავს: ვიღაცას რაღაც შეეშალა ან გამოეპარა. ასეთ დროს საწარმომ მთელი პარტია უნდა გამოითხოვოს ქსელიდან და ზარალი აანაზღაუროს. ცხადია, სკანდალი არც ერთ კომპანიას არ სურს, რადგან ერთი ამგვარი შემთხვევა ათასობით დაკარგულ კლიენტს უდრის. ამავე დროს, შეიძლება საწარმოდან ძალიან კარგი პროდუქცია გამოვიდეს, მაგრამ მერე, დისტრიბუციის ან გადატანის დროს დაარღვიონ შენახვის ნორმები. ამის გამო, რძის ნაწარმი შეიძლება აიჭრას, ამჟავდეს, მასში რაღაც უცხო საგანი მოხვდეს და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარზე გაცილებით მძიმე და სერიოზული პრობლემებიცაა.

- მაინც, რა პრობლემებს გულისხმობთ?

- საქართველოში რძის პროდუქტების ხარისხი და სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იმ ნაწარმში, რომელსაც დიდი საწარმოები უშვებენ, უვნებლობის პარამეტრები ასე თუ ისე, დაცულია, მაგრამ მთავარი სულ სხვა ფაქტორია: რას იყენებენ ისინი ნედლეულად - რძის ფხვნილს, ნედლ რძეს თუ სხვა რამეს - სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. კიდევ ერთი შემაშფოთებელი პრობლემა, რომელიც ამ ბაზარზე არსებობს, არალეგალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციაა.

- ასეთი საწარმოებიც არსებობს?

- დიახ, ეს არის მცირე საწარმოები, რომლებმაც ვერ შეძლეს თანამედროვე სტანდარტები თავის დროზე დაენერგათ, იატაკქვეშეთში გადავიდნენ და დღემდე მალულად მუშაობენ. ამ საწარმოებმა დღეში შეიძლება გადაამუშაონ მხოლოდ 4-5 ტონა რძე და მცირე მასშტაბების გამო, სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის ქვეშ ვერ ექცევიან. შესაბამისად, არ არიან რეგისტრირებული, როგორც გადამხდელები და ეს მაშინ, როცა მათი რაოდენობა ათეულობითაა. ეს საწარმოები ძირითადად, რესტორნებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამარაგებენ. ასევე, წარმოდგენილი არიან არალეგალურ ობიექტებში, ბაზრობებზე, გარევაჭრობებზე და ა.შ. ესენი არიან კუსტარული საწარმოები, სადაც არანაირი ნორმები არ არის დაცული და მათ მიერ გამოყენებული ნედლეულის ხარისხიც საეჭვოა. ეს არის სეგმენტი, რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ აქტიურად მოქმედებს. კიდევ ვინ აწვდის რძის ნაწარმს ჩვენს მოსახლეობას? - ფიზიკური პირები, რომლებიც შეიძლება რძეს იყენებენ, მაგრამ უვნებლობის ნორმებს სათანადოდ იცავენ კი? მათი ნაწარმი ბრუცელოზის და სხვა დაავადებების რისკებს ზრდის. მოკლედ, ეს საკმაოდ რისკიანი სექტორია.

GzaPress- მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულად ნამდვილ რძეს იყენებენ?

- შეიძლება მეწარმე ნატურალურ რძეს იყენებდეს, მაგრამ ის შემოწმებული და უსაფრთხო არ იყოს. ძალიან დიდი პრობლემაა ანტიბიოტიკებით დაბინძურებული რძის ნაწარმი. უფრო მეტიც, ყველის მასალად ზოგჯერ მასტიტიან და ჩირქით დაბინძურებულ რძესაც იყენებენ. არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შეიძლება დაავადებული პირუტყვისგან მიღებული რძეც გამოიყენოს, რომელსაც ანტიბიოტიკებს უკეთებს. წესით, ორი კვირის განმავლობაში ასეთი რძე უნდა გადაღვარონ, მაგრამ ამას ყველა ფერმერი არ აკეთებს. ასე რომ, ნატურალური რძე სულაც არ არის გარანტია იმისა, რომ რძის ნაწარმი უსაფრთხოა.

- რა წილი უკავია ქართულ ბაზარზე ნამდვილი რძისგან დამზადებულ ნაწარმს?

- სადღაც 15 პროცენტი. ეს ძალიან ცოტაა, თანაც, გააჩნია, ვინ როგორ ამზადებს: თუ ფერმერი ჰიგიენის ნორმებს არ იცავს, ამ შემთხვევაში მისმა მაწონმა, ხაჭომ ან ყველმა შეიძლება მომხმარებელს გაცილებით დიდი ზიანი მოუტანოს, ვიდრე ფხვნილისგან დამზადებულმა, რომელიც სათანადო პირობებშია დამზადებული.

- რა რისკი ახლავს რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტის მიღებას?

- ფხვნილის გამოყენებისას შედარებით ნაკლებია რისკი იმისა, რომ ის დაავადებული რძისგან იყოს დამზადებული, თუმცა, საქართველოში ძალიან დაბალი ხარისხის რძის ფხვნილი შემოდის. ზოგადად, რძის ფხვნილს ისედაც დაბალი ხარისხის რძისგან აწარმოებენ, მაგრამ საქართველოში მისი ხარისხი კიდევ უფრო დაბალია. თანაც, ჩვენთან რძის ფხვნილი სათანადოდ არ კონტროლდება. როდესაც რძის ფხვნილი უხარისხოა, მასში შეიძლება იყოს მავნე დანამატები, მათ შორის, ტყვია და მძიმე მეტალები. იყო შემთხვევა, როცა რძის ფხვნილი თურქეთიდან შემოვიდა და მასში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. ამას ემატება მცენარეული ცხიმი და კომბინაციაში სასარგებლო კი არა, მავნე პროდუქტს ვიღებთ. ეს ყველაფერი მთლიანობაში საკმაოდ რთულ სურათს ქმნის. ყველამ ვიცით, რომ რძე ბავშვთა რაციონში შეუცვლელი საკვებია და როცა ამბობენ, პატარების ორგანიზმში ტყვიის და მძიმე მეტალების დონე მაღალიაო, ეს სწორედ საეჭვო საკვების დამსახურებაა. უხარისხო საკვები კი - უამრავი საშიში დაავადების წარმოქმნას უწყობს ხელს.

- კიდევ რას იყენებენ რძის ნაწარმის დასამზადებლად?

- საქართველოში შემოდის გაყინული რძე, რომელიც ადრე ევროპიდან შემოჰქონდათ და ცნობილი ბრენდები იყენებდნენ, დღეს კი გაჩნდა უფრო დაბალი ხარისხის ნაწარმი, რომელიც ირანიდან შემოაქვთ. მისი სტანდარტი, ხარისხი და წარმომავლობა საეჭვოა. მიუხედავად ამისა, საწარმოები მასობრივად გადავიდნენ მის გამოყენებაზე. არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ამ ნედლეულს ხშირად იყენებენ, უფრო მეტიც, ცნობილი კომპანიებიც კი გადავიდნენ საეჭვო ირანულ ნედლეულზე. ყველაფერი ძალიან მარტივია: რძის ფხვნილს წყალს ამატებენ და რადგან მისი ცხიმიანობა მაღალია, ყველის საწარმოებლად არანაირი დანამატი აღარ არის საჭირო. მიღებული მასა ერთი შეხედვით ყველს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ყველი არ არის. თანაც, მყიდველი შეცდომაში შედის და ირანული ნედლეულისგან დამზადებულ ნაწარმს ისე ყიდულობს, როგორც ქართულს. ამიტომ, ნებისმიერი სახეობის რძის ნაწარმს უნდა დაეწეროს სადაური წარმომავლობისაა. სამწუხაროდ, საწარმოები ასეთ საეჭვო ნედლეულს იყენებენ და პატიოსანი ქართველი ფერმერის რძეს აღარ ყიდულობენ. საბოლოო ჯამში კი ეს სიტუაცია ადგილობრივ წარმოებას კლავს, რადგან მეწარმე, რომელიც პროდუქციას თურქული ან ირანული ნედლეულისგან ამზადებს, 30-40%-ით მეტ მოგებას იღებს, ვიდრე ის, რომელიც ჯანსაღ, ნატურალურ რძეს იყენებს. ირანული ნედლეული საქართველოში იმდენად დაბალ ფასად შემოდის, რომ მან რძის ფხვნილიც ჩაანაცვლა.

- რატომ არის ასეთი მდგომარეობა ბაზარზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ხშირად ამოწმებს?

- ამოწმებს, მაგრამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბოლო წლებში იმდენი ფუნქცია დაეკისრა, რომ მისმა სპეციალისტებმა 24 საათიც რომ იმუშაონ, ამ პრობლემებს მაინც ვერ მოაგვარებენ. ეს ბაზარი იმდენად დიდია, რომ ერთი უწყება ყველა მეწარმეს ფიზიკურად ვერ გასწვდება. ამიტომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს საკადრო პოლიტიკაც უნდა შეიცვალოს და ამ უწყების ბიუჯეტიც გაიზარდოს, რადგან ისინი ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს. საბოლოო ჯამში, მაინც სახელმწიფომ უნდა დაიცვას მომხმარებელი, რომ ის ვინმემ შეცდომაში არ შეიყვანოს.

- დაბოლოს, ამ სიტუაციაში ვისი პროდუქციის შეძენა ჯობია, თქვენ რომელს ამჯობინებთ?

- რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე ისეთი ფერმერის ნაწარმს ავირჩევდი, რომელზეც ვიცი, როგორ და რა პირობებში ამზადებს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მირჩევნია შინაური, ნატურალური რძის ნაწარმი ვიყიდო, მაგრამ თუ არ ვიცი, ვინ და როგორ პირობებში ამზადებს, არავითარ შემთხვევაში არ გავრისკავ. ასეთ დროს ჯობია ცნობილი ბრენდის ან კომპანიის მიერ იყოს გამოშვებული, რომელიც კონტროლს ექვემდებარება - იქ ჰიგიენის ნორმებს მაინც იცავენ. თუმცა, ზემოთ უკვე გითხარით, რომ რისკი ორივე შემთხვევაში არსებობს.

ხათუნა ჩიგოგიძე