"პირადული არაფერი მიხარია, როცა ამდენი ავადმყოფი ბავშვია ირგვლივ..." - გზაპრესი

"პირადული არაფერი მიხარია, როცა ამდენი ავადმყოფი ბავშვია ირგვლივ..."

პოეტი, მხატვარი თამარ ლომიძე და მუსიკოსი, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი სვენ ვოგე ქართულ-ნორვეგიული ოჯახია, რომელიც წლების წინ შეიქმნა. ისინი ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან. სვენ ვოგე დაჯილდოებულია პატივდების სიგელით, ხოლო 2018 წელს ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე ღვაწლისათვის, გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. ცოლ-ქმარს ვთხოვე, გაეხსენებინათ საქართველოსა და ნორვეგიაში გატარებული ახალი წლის დღეები.

სვენი:

- საქართველოში 2001 წელს ჩამოვედი. აქ ახალ წელს ბევრჯერ შევხვდი. პირველად სად ვიყავი, აღარ მახსოვს, ძირითადად თბილისში შევხვედრივარ. მახსოვს ცოცხალი სიტუაცია, სუფრა, მეკვლის ტრადიცია... ძალიან მომწონს ქართული ფილმი "კუჩხი ბედინერი", ძაღლის ამბავი მაგარია. საკმაოდ დიდი ხნის წინ გურიაში ვწერდით სატელევიზიო გადაცემას ახალი წლის თემაზე, მაგრამ ეს არ იყო წინასაახალწლო პერიოდი. მომეწონა გურული ტრადიციები: როგორ ამზადებენ ჩიჩილაკს, აცხობენ გურულ ღვეზელს... ძალიან საინტერესო იყო, როცა გადაღების დროს კაცი იჯდა და ჩიჩილაკს თლიდა.

თამარი:

- ნორვეგიაში ახალ წელს 20 წლის წინ შევხვდი, მაშინ სვენს არ ვიცნობდი. იქ ვსწავლობდი და ბევრი ნორვეგიელი მეგობარიც არ მყავდა. უფრო რუსებთან ერთად მიწევდა ახალი წლის აღნიშვნა. პირველად ნორვეგიულ ოჯახში აღმოვჩნდი შობას, როცა სვენმა თავის დასთან წამიყვანა. მისი მეუღლე სასწაულ ნორვეგიულ საჭმელებს ამზადებს. მაშინ დავაგემოვნე ცხვრის ნეკნები და სხვა ყველაფერი. ძალიან საყვარელი ოჯახია, ნორვეგიის ულამაზეს მხარეში ცხოვრობენ. პატარა ქალაქია, დაბა წაღვერს ჰგავს. ერთი პერიოდი მე და სვენი იქ ვცხოვრობდით, ჩვენი შვილი ლუკა რამდენიმე თვე ბაღში დადიოდა. ძალიან მოვიწყინე, არ ვმუშაობდი, სახლში ვიჯექი და კვირების მანძილზე ადამიანს ვერ ვხედავდი. ყველა თავისთვის იყო შეყუჟული სახლში. მაშინ არც სოციალური ქსელი არსებობდა და ყველაფერს მოწყვეტილი ვიყავი. ნორვეგიელებს სანამ დაუმეგობრდები, დისტანციურები ჩანან და ჩვენსავით მხურვალე მოქცევა არ ახასიათებთ, მაგრამ ძალიან ერთგულები არიან, მათ ყველანაირად ენდობი. მომწონს და მიყვარს ეს ხალხი.

- ბავშვობის დროინდელი ახალი წლები გაიხსენეთ...

სვენი:

- როცა პატარა ვიყავი, ველოდებოდი შობის დადგომას. ნორვეგიაში ხომ მნიშვნელოვანი და ტრადიციულია შობის აღნიშვნა 24 დეკემბრის ღამეს, საჩუქრებსაც მაშინ არიგებენ. საშობაო სიმღერას ვმღეროდით, ოჯახის წევრები ნაძვის ხეს გარშემო შემოვუვლიდით. ეს საოჯახო დღესასწაულია, ამ დროს ერთად ვართ მშობლები, შვილები და ვსაუბრობთ იმაზე, რა იყო წინა წელს კარგი. მერე მომავალი წლის კონკრეტულ გეგმებზე ვიტყოდით, რაც აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა, მშობლებიც გვირჩევდნენ რამეს. 25 და 26 დეკემბერსაც ერთმანეთთან სტუმრად მიდიან. ბავშვობის დროინდელი ბევრი მყუდრო ახალი წელი მახსოვს. 15-16 წლიდან უკვე ნელ-ნელა იწყება ის ამბავი, რომ საღამოს დაახლოებით 10 საათიდან მიდიხარ სახლიდან და ახალ წელს ხვდები კლასელებთან ან სხვა წრის მეგობრებთან ერთად. ოღონდ, ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებულია.

საინტერესოა, რომ ნორვეგიაში ხალხს ძირითადად, ცოცხალი ნაძვის ხე აქვს. კი შემოვიდა პლასტმასის ნაძვები, რომლებიც პრაქტიკულია, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ყველას ცოცხალი ნაძვი ჰქონდა. ნორვეგიაში ხეები არ გვაკლია და თან ბალანსი დაცულია - ჭრიან და რგავენ. საქართველოში რომ ჩამოვედი, იმდენი ხელოვნური ნაძვი ვნახე, ცოტა გამიკვირდა, მერე მივეჩვიე. არ არის ცუდი და მაინც უკეთესია ბუნებისთვის.

თამარი:

- ტკბილად მაგონდება ბავშვობის ახალი წლები. ძალიან საყვარელი ბებია-ბაბუა მყავდა და მომწონდა მათთან ყოფნა. ახლაც სახლში მიკიდია ჩემი ბავშვობის დროინდელი ორი კაბა: ბებიამ ერთი კაბა შემიკერა და მეორე მომიქსოვა. ჩემი ბებო ცხოვრობდა ბორჯომის რაიონის ულამაზეს სოფელში, რომელსაც ტბა ჰქვია. მე და სვენს ისე გვიყვარს ის ადგილი, ვაპირებთ სახლი აღვადგინოთ და ხშირად ჩავიდეთ. ერთი სული მქონდა, ზამთრის არდადეგებზე ბებიასთან ჩავსულიყავი. ბევრი ახალი წელი გამიტარებია სოფელში, ბუხართან, ბებიას გვერდით, რომელიც მიყვებოდა ზღაპრებს, მოთხრობებს, ლექსებს. საოცარი ქალი იყო, ლიტერატურა ძალიან უყვარდა. მისი დამსახურებაა, რომ ფილოლოგიურზე ჩავაბარე, ბავშვობიდან ლექსებს ვწერ. ბებო დამსვამდა ციგაზე და ტყეში მასეირნებდა. თოვლი უზომოდ მიყვარს, ზამთარიც, ოღონდ - თოვლიანი. მეუბნებიან ხოლმე, შენ თოვლს სხვანაირი სითბოთი ხატავო.

- შობის არდადეგები რამდენ ხანს გრძელდებოდა?

სვენი:

- ოო, ეგ კარგი და საყვარელი პერიოდია, სკოლას 21-22 დეკემბერს ვამთავრებდით და იწყებოდა საშობაო არდადეგები 3-4 იანვრამდე. როცა საუბარია არდადეგებზე, ჩემთვის ეს მოკლე არდადეგები ყველაზე საყვარელია, რადგან შობა-ახალი წელი არის განსაკუთრებული დღესასწაული ნორვეგიაში. რა თქმა უნდა, აღდგომაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უფრო.

GzaPress

- 2019 წელს შობას ნორვეგიაში შეხვდით. ვინ შემოდის ოჯახში პირველი სტუმარი, აქცევთ ყურადღებას? - თუკი ვახერხებ, 24-25 დეკემბერს იქით ვარ და ახალი წლისთვის საქართველოში ჩამოვდივარ. თუ ვერ წავედი ნორვეგიაში, ეგეც არაა კატასტროფა, აქაც მაგარია. წელს ნორვეგიაში შობაზე ერთ რამეს მივაქციე ყურადღება. ჩემს დისშვილს პატარა შვილი ჰყავს, ახლა 20 თვისაა. შარშან ძალიან პატარა იყო და ვერაფერი გაიგო. წელსაც ერთად ვიყავით. ჩვენ რომ ვიმღერეთ, ვიმხიარულეთ, ის გვიყურებდა. ისე მოეწონა და იმხელა ეფექტი ჰქონდა ყველაფერს მისთვის, რომ მეორე დღეს, როცა გათენდა, ამ პატარა გოგონას სახეზე ღიმილი ჰქონდა. ბავშვის პირველი შეხვედრა რიტუალთან იმდენად მაგარი იყო, რომ მეც ვიგრძენი მისი კარგი ხასიათი. შობის დღეს ხდება ასეთი საოცრება. ნეტავ ვინ იქნება პირველი სტუმარი, ამაზე არ ვფიქრობთ. უბრალოდ, შეიძლება ვინც მოვა, მას ვუთხრათ, რომ ის არის პირველი. ვიფიქროთ, რომ ჩვენი ბედნიერება მასზეა დამოკიდებული, ეგ არ გვახასიათებს.

თამარი:

- როცა ნორვეგიაში, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში პირველად მოვიდა თოვლი, უნდა გენახათ როგორ ვკიოდი (იცინის). ბოლო წლებში იქაც აურია ამინდებმა. საერთოდ, ჩვენთან უფრო მხიარული ახალი წელია, ვიდრე ნორვეგიაში. იქ ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომლებიც თვეების მანძილზე ერთმანეთს ვერ ნახულობენ და უხარიათ ერთად ყოფნა, სიმყუდროვე და სიწყნარე უყვართ. ჩვენ ხშირი მიმოსვლა გვაქვს და უფრო დროს ტარების ხალხი ვართ.

- საახალწლო სუფრის შესახებაც ვისაუბროთ.

სვენი:

- ნორვეგიაში საახალწლო კერძები უფრო შობისთვის კეთდება, ოღონდ გააჩნია, რომელ კუთხეში ხარ ან რა ტრადიციას იცავ. მაგალითად, ოკეანესთან ახლოს ვინც ცხოვრობს, მას თევზის ტრადიციული კერძი აქვს; არის ინდაურის და შემწვარი ღორის ნეკნების მომზადების ტრადიციაც. აგრეთვე იყენებენ ცხვრის ნეკნებს, რომელსაც განსაკუთრებული მომზადების პროცედურა სჭირდება. ჩემს ოჯახში, როცა პატარა ვიყავი, ღორის ნეკნები გვქონდა, ამ ბოლო წლებში კი ცხვრის ნეკნებზე გადავედით. ასეთ საჭმელთან ზოგი ღვინოს სვამს, მაგრამ უფრო საშობაო ლუდი სჯობს, ჩვეულებრივზე ძლიერია. ლუდს სვამენ ნორვეგიულ "აკევიტთან" (არაყი, ასე ვთქვათ) ერთად, ძალიან კლასიკურია.

მიყვარს გოზინაყი, საცივი და თითქმის ყველა ქართული კერძი. ერთადერთი, ხაშზე არ ვგიჟდები, მაგრამ პრობლემა არ არის (იცინის).

თამარი:

- ხინკალს ძალიან ოსტატურად, ევროპულ-ქართულად მიირთმევს. ბევრჯერ ვცადე და ისე ლამაზად არ გამომდის.

- წელს სად შეხვდით ახალ წელს?

სვენი:

- ბოლო წლებია, მე და თაკო ახალ წელს თბილისში, ოჯახში ვხვდებით. წელსაც, 12 საათის შემდეგ ნარიყალაზე ავედით, რომელიც აქვეა, ჩვენს სახლთან ახლოს. იქიდან საოცრად ლამაზი ხედი იშლება და ფეიერვერკებიც კარგად ჩანს. ნარიყალაზე ასვლა უკვე ტრადიციაა და ასევე ტრადიციულად, ჩვენი შვილი ლუკაა მეკვლე.

- როგორია თქვენი სურვილები?

თამარი:

- ჩემი ქვეყნის მშვიდობა მინდა. პირადული არაფერი მიხარია, როცა ამდენი გაჭირვებული და ავადმყოფი ბავშვია ირგვლივ. მინდა დადგეს ისეთი დრო, როცა თითოეული ადამიანი ბედნიერი იქნება.

სვენი:

- მეც მინდა მშვიდობა იყოს საქართველოში, ნორვეგიაში ამდენი პრობლემა არ აქვთ. მეორე სურვილის შესახებ ასეთ მაგალითს ვიტყვი: მსოფლიო მიდის 100 კმ სიჩქარით და საფრთხე გველოდება ვთქვათ, 15 წუთის შემდეგ. ეს ვიცით და უნდა დავამუხრუჭოთ, თუმცა ამას არ ვაკეთებთ. იმას ვგულისხმობ, რომ ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება 50 წლის შემდეგ და რას ვუტოვებთ შვილიშვილებს.

ნანული ზოტიკიშვილი