რატომ ნანობდა სამშობლოში დაბრუნებას ყოფილი პროკურორი ქალბატონის მფრინავი მეუღლე - გზაპრესი

რატომ ნანობდა სამშობლოში დაბრუნებას ყოფილი პროკურორი ქალბატონის მფრინავი მეუღლე

"გზის" #2-ში გამოვაქვეყნეთ ყოფილი პროკურორის, ქალბატონ მედეა მანჯგალაძის ინტერვიუ, სადაც მან საინტერესო ამბები გაიხსენა იური გაგარინთან დაკავშირებით, რომელიც მფრინავი მეუღლის წყალობით გაიცნო. იქვე დაგპირდით, რომ ჩვენი რესპონდენტისა და მისი მეუღლეს, პროფესიონალი მფრინავის - ზერო მანჯგალაძის შესახებ გიამბობდით და ამ პირობას ვასრულებთ...

- ქუთაისში სამედიცნიო ტექნიკუმი ფრიადზე დავამთავრე, მერე ხაბაროვსკში იურიდიულზე ვისწავლე. ზეპირად ვიცოდი კოდექსები, ფენომენალური მახსოვრობა მქონდა. ერთხელ გამოცდას ვაბარებდი სამოქალაქო სამართალში, რომელიც არ მიყვარდა (სამაგიეროდ, სისხლის სამართალში ვიყავი მაგარი სპეციალისტი). ბილეთის პასუხები რომ ჩავაბარე, მოსამართლე, რომელიც გამოცდას ესწრებოდა, გადამეკიდა, ბილეთის შემდეგ დამისვა 21 შეკითხვა, რაც დაუშვებელია. ოცდამეერთე კითხვა რომ დასვა, სხვებმა შეაჩერეს, - გეყოფაო. თავი იმართლა, ყველა შეკითხვას რომ უპასუხა, მეგონა "შპარგალკა" ჰქონდა. აბა, საიდან იცის ამდენი რამ? მოსამართლე ვიყავი 10 წელი და მე არ მახსოვს ამდენიო, - მხრები აიჩეჩა (იცინის).

GzaPress

- როგორც ვიცი, ქუთაისში გაიცანით მომავალი მეუღლე... - ასეა. მაშინ ტექნიკუმში ვსწავლობდი და სიმართლე გითხრათ, გათხოვებაზე არც ვფიქრობდი. მეგონა, ყველა ჩემი ნათესავი და ძმა იყო... ზერომ მომიტაცა. ის სრულიად შემთხვევით გავიცანი. საღამოს ცვლაში ვსწავლობდი. სიბნელეში თავის ბიძაშვილში ავერიე, ისიც მაღალი და სიფრიფანა გოგო იყო და უკან გამომყვა, სად მიდისო. შევამჩნიე, ვიღაც რომ მომყვებოდა. კიბეზე რომ ჩავედი და ტროლეიბუსში ჩავჯექი, იქაც ამომყვა. გავიფიქრე, ამას ოინს ვუზამ-მეთქი, მაგრამ გაჩერებაზე ჩამოსულმა ვეღარ დავინახე. მეორე დღეს გოგონებს რომ მოვუყევი ეს ამბავი, ცისანამ იცინა, - ის ჩემი ნათესავია, მითხრა რომ ვიღაცაში ავერიეო. მერე მოიყვანა ზერო და გაგვაცნო. ეს ის პერიოდია, როცა ბიჭებს რატომღაც, ჩემი ეშინოდათ. ერთს თურმე სამი წელი ვუყვარდი, მაგრამ ვერ მეუბნებოდა, ამან კი გაბედა და მომიტაცა. დავრჩი, რა თქმა უნდა, მაშინ ასე იყო მიღებული...

მოტაცებიდან ნახევარ წელიწადში წავედით ვლადივოსტოკში. ხუმრობა უყვარდა და მატარებელში ყველას ეუბნებოდა, ეს ჩემი დააო. გზაში ერთი რუსი ბიჭი გადამეკიდა, არ მშორდებოდა. მეც ვერ ვეუბნებოდი, გათხოვილი ვარ-მეთქი - სიტყვები ვიცოდი რუსულად, მაგრამ წინადადების სწორად აწყობა არ შემეძლო... ჩიტაში რომ ჩავედით, ბაიკალის ტბის სანაპიროზე იყო ე.წ. დიდი დასვენება. ჩემი ქმარი ოქროს თევზებს გაჰყვა, უნდა დავიჭიროო, მე კი დავრჩი ნაპირზე. ძალიან წმინდა, სუფთა, მწვანე წყალი იყო და საოცრად ლამაზი ქვები მოჩანდა. ვერ მოვითმინე და ჩავყავი ხელი, რომ ერთი ამომეღო, მაგრამ ჩავსრიალდი და ჩავვარდი. როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, უცებ რაღაცამ ამომაგდო ზევით. იმ რუსმა ბიჭმა გადამარჩინა. მაშინვე წამიყვანეს სამედიცინო პუნქტში, მომაწესრიგეს და როცა გონს მოვედი, მადლობა გადავუხადე. ამ დროს ჩემი ქმარი ისევ ოქროსფერ თევზებს აგროვებდა. სხვათა შორის, მისთვის ამის გამო არ მისაყვედურია და უფრო მეტიც, მომხდარი დავუმალე, არ მინდოდა გული სტკენოდა.

ხაბაროვსკში ჩვენი ცხოვრებიდან ერთი წლის შემდეგ ვალოდია ხაჩიანი ჩამოვიდა ბაქოდან. ეს ბიჭი ჩემი ძმადნაფიცი გახდა. რადგან კავკასიელი იყო, ჩემიანად მიმაჩნდა. ერთ დღეს გვესტუმრა და თან მოჰყვა ჟურნალისტი, რომელიც მგონი, თათარი იყო, მაგრამ ულამაზესი მამაკაცი გახლდათ. ზერომ ჩემი თავი მასაც ისე წარუდგინა, თითქოს მისი და ვიყავი. ქართულად გავუმასპინძლდით. ჰოდა, ცოტა ხანში ეს ჟურნალისტი ეუბნება, - ზერო მიხაილოვიჩ, დავპატიჟებ თქვენს დას კინოში, თუ შეიძლებაო. ჩემი ქმარი გაფითრდა, მე კი დავასწარი, სანამ რამეს იტყოდა და მივახალე, - მოვდივარ-მეთქი. მომწყინდა ქმრის ხუმრობა და გადავწყვიტე, შური ასე მეძია. მართლა ხომ არ გამიშვებდა და იძულებული გახდა, ეთქვა, რომ ცუდად იხუმრა. იმ დღის შემდეგ ის კაცი აღარ გვინახავს და აღარც ჩემს ქმარს დაუძახია ჩემთვის "სისტრიონკა" (იცინის).

- თქვენი მეუღლე დამსახურებული მფრინავი იყო, შეეძლო კიდევ რამდენიმე წელი ეფრინა, მაგრამ როგორც თქვით, თავად აიძულეთ, სამსახური მიეტოვებინა და საქართველოში წამოსვლაზე ეფიქრა...

- როცა რუსეთში მისი თითქმის ყველა მეგობარი დაიღუპა, ძალიან შემეშინდა და ამოვიჩემე, სამშობლოში უნდა დავბრუნდეთ-მეთქი. არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც წამოვედით. აქ ჩამოსვლისთანავე დაურეკეს მფრინავებმა - ჟორა კოპალიანმა და გურამ ბარამიშვილმა, ჩვენ გვერდით იყავიო. მეუღლეს ვუთხარი, ზღურბლზე ერთ ფეხს თუ გადადგამ, მეორეს მოგტეხავ-მეთქი. დამიჯერა, მფრინავობაზე უარი თქვა და სატრანსპორტო გაერთიანებაში, სამმართველოს უფროსის მოადგილედ მოეწყო. თავისი შემართებით, წესიერებით, იქაც მიიქცია ყურადღება. პენსიაც მისცეს უმაღლესი - 250 მანეთი. არ ეკუთვნოდა თუ? ბოლოს და ბოლოს, 33 წელი ცაში იყო გამოკიდებული.

90-იან წლებში, სხვების მსგავსად, ჩვენც გაგვიჭირდა. მართალია, გენერალური პროკურორის უფროსი თანაშემწე ვიყავი, მაგრამ მაინც. გაგეცინებათ და 20 ლარი მქონდა ხელფასი. იმ პერიოდში ჩემი ქმრის პენსიაც 250 რუბლიდან 8 ლარად იქცა. ერთი წელი ვითმინე ეს ყველაფერი და მერე დეპუტატის მეშვეობით წერილი მივწერე შევარდნაძეს, - სირცხვილია, რომ კაცს, რომელიც 33 წელი ცაში იყო გამოკიდებული, 8 ლარს აძლევთ-მეთქი. რამდენიმე თვეში ცოტათი მოუმატეს პენსია, ამითაც კმაყოფილი ვიყავით.

როცა ჩემი დედამთილი, რომელიც სამტრედიაში ცხოვრობდა, ცუდად გახდა, მის მოსავლელად რაიონში ჩემი მეუღლე წავიდა. მე სამსახურის გამო ვერ ვახერხებდი მის გვერდით ყოფნას, მაგრამ ხშირად ჩავდიოდი და ზერო სირცხვილით იწვოდა ხოლმე, რადგან თავისი შემოსავლით ჩემთვის გზის ფულის გადახდა არ შეეძლო, ამას ძალიან დარდობდა. ბიძინა ივანიშვილის წყალობით დაუნიშნეს მერე 560 ლარი პენსია - ეს ნიშნავდა, რომ ვიღაცამ დააფასა. გახარებული გახლდათ, რადგან უკვე ბილეთის ყიდვაც შეეძლო ჩემთვის და სხვა რამისაც.

- ნანობდა, საქართველოში დაბრუნებაზე რომ დაგთანხმდათ?

- სამწუხაროდ, ნანობდა. ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ რუსები ხელისგულზე გვატარებდნენ. იქ ძალიან კარგად ვცხოვრობდით. ლენინგრადში მეც საოცარი კოლექტივი მყავდა. ზეროს ბინა აეროდრომთან ახლოს მისცეს. მე ცენტრში ვმუშაობდი, დიდი მანძილის გავლა მიხდებოდა ყოველდღიურად. ჰოდა, ერთხელაც პროკურორმა მითხრა, იქ ბინა ჩააბარეთ და ცენტრში გიშოვი ფართობსო. გავუმხილე, მაინც სამშობლოში მინდა წასვლა და რატომ გაწვალოთ-მეთქი? გაგიჟდა, შენისთანა პატიოსანი ადამიანის მნახველი არ ვარო. რა ვქნა, სულ სამშობლოში დაბრუნებაზე, ჩემს ქართველებზე ვფიქრობდი.

- თქვენც ხომ არ ინანეთ რაღაც მომენტში, რომ კარგი ცხოვრება მიატოვეთ?

- არა, სამშობლო ჩემთვის ყველაფერი იყო, ამიტომ არ მინანია. თუმცა, გული კი ძალიან მეტკინა, აქ ყველაფერი სხვაგვარად რომ დამხვდა. რუსეთში ვამბობდი, როცა შინ დავბრუნდები, ყველა ქართველს გულში ჩავიხუტებ და ისინიც ჩამიხუტებენ-მეთქი. ყველა მიყვარდა, ყველას ვეფერებოდი, ქალებსაც, კაცებსაც, ზოგიერთმა კი ეს სხვანაირად მიიღო. ხომ იცით, ზოგიერთი კაცი როგორია და ერთს დაუტრაბახებია, - ამ ქალს ასე და ისე ვუზამო. ერთმა თანამშრომელმა გამიმხილა ეს ამბავი. რატომ მეუბნები ამას-მეთქი? - ჩემი ქმარი წარმოშობით შენსავით ლეჩხუმელია და დიდ პატივს ვცემ ყველა იქაურსო. მადლობა გადავუხადე, იმ კაცმა კი ინანა მერე თავისი სიტყვები...

GzaPress

- დაელაპარაკეთ? - გეტყვით (იღიმის). ერთ დღეს ვდგავარ მეოთხე სართულზე, ახლა რომ უზენაესი სასამართლოა, ადრე იქ პროკურატურაც იყო. შემომხვდა ეს პროკურორი და ძალიან ცუდი სიტყვა მითხრა. სილა გავაწანი, ცხვირიდან სისხლი წასკდა. ვერაფერი მითხრა, იტაცა ხელი ცხვირზე და გავარდა. შემოვტრიალდი და აგერ, კიბეზე ჩვენი უფროსი, ბარაბაძე არ ამოდის?! ელდა მეცა. ჩამიარა გვერდით და ჩუმად ამბობს, - 10 წუთში ჩემთან შემობრძანდითო. გენერალური პროკურორის კაბინეტში რომ შევედი, მკითხა, რა მოხდა დერეფანშიო? - ძალიან ცუდი სიტყვა მითხრა, თქვენთან ვერ ვიტყვი-მეთქი. ზარს თითი დააჭირა და ის პროკურორი გამოიძახა, ვისაც სილა გავაწანი. სხვათა შორის, მაშინ ჩვენ გვევალებოდა ფორმით სიარული. იმ დღეს მას კუბოკრული პერანგი ეცვა და საყვედური ამისთვისაც მიიღო: რას ჰგავხარ? პროკურორი ხარ ახლა შენ? რა გაცვია ან საერთოდ, რა მოხდა დერეფანშიო? - ჰკითხა ბარაბაძემ. იმანაც დაიწყო თავის მართლება. უფროსი მე მომიბრუნდა: რა ვუყოთ ახლა ამასო? - ანზორ მიხაილოვიჩ, მაგან თავისი უკვე მიიღო, მე არ ვუჩივი-მეთქი. გაეღიმა, - წადი ახლა და გამოასწორე ყველაფერიო, - უბრძანა... მას მერე გავიდა ბევრი დრო, მაგრამ ის კაცი საკუთარ საქციელს ვერ ივიწყებდა, ყოველი შეხვედრისას ბოდიშს მიხდიდა...

ასეა, კაცმა ისეთი რამ არ უნდა იკადრო, რომ მერე მთელი ცხოვრება ბოდიშს იხდიდე. ასეთი რამეები, მით უმეტეს, ქართველი კაცისგან, ძალიან მტკენდა გულს...

- რუსეთში ცხოვრების პერიოდში კარგად მუშაობისთვის რამდენიმე ჯილდო გაქვთ მიღებული, არა?

- დიახ, ბევრჯერ დამაჯილდოეს. მიცნობდნენ როგორც პროკურატურის კარგ მუშაკს... აქ რომ ჩამოვედი, გენერალურმა პროკურორმა საკუთარი თავის დახასიათება რომ მთხოვა, ვუპასუხე: თავის ქება არ მიყვარს. უბრალოდ გეტყვით, რომ უკანონო პატიმრობა არ მქონია, უკანონო პასუხისგებაში არავინ მიმიცია, სისხლის სამართლის საქმე უკან არ დამბრუნებია-მეთქი. მაშინვე მითხრა, რომ ამიყვანდა თანამშრომლად - დამნიშნეს საგამოძიებო სამმართველოს პროკურორად. "ჩემი რაიონები" იყო სამეგრელო, იმერეთი, მერე რაჭა-ლეჩხუმი, შემდეგ აღმოსავლეთი, კახეთის რაიონები... რა თქმა უნდა, მაშინაც ბევრი დანაშაული ხდებოდა, მაგრამ ამის პროპაგანდა არ მიდიოდა. ახლა რომ უჩვენებენ ხალხს, დღეს ამდენი ქურდობა და მკვლელობა მოხდაო, ადამიანებს აყურებინებენ, თუ როგორ აკავებენ სავარაუდო დამნაშავეს და აგდებენ მანქანაში, ეს არასწორი პოლიტიკაა. ტელევიზორს რომ ჩართავ, გული გაგისკდება, იმდენი ნეგატიური ამბის მოსმენა გიწევს. კომუნისტების დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. მაშინ საქმეების აღრევაც არ ხდებოდა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ევალებოდა გამომძიებელს, მასალების შემოწმება კი პროკურორის თანაშემწეს. ახლა ყველაფერს გამომძიებელი აკეთებს და ამიტომაცაა, რომ რიგიანად ვეღარაფერს ასწრებენ. ის გამომძიებლები, ვისი ზედამხედველიც ვიყავი წლების წინ, ერთი-ორის გარდა, სააკაშვილმა "ჩარეცხა". სისტემაში დარჩენილები მეუბნებიან: ქალბატონო მედიკო, მსგავსი უვიცობა აქამდე არ გვინახავს. თუ ვინმეს რამეს ვასწავლით, არ გვისმენენ, ჰგონიათ, ყველაფრის მცოდნეები არიან და მინისტრობაზეც არ იტყვიან უარს, რომ შესთავაზონო.

აბა, გენერალურ პროკურორად ადვოკატის დანიშვნა ვის გაუგონია? გენერალური პროკურორი ნამუშევარი უნდა იყოს პოლიციაში, პროკურატურაში - ჯერ გამომძიებლად, მერე თანაშემწედ, ასევე, რაიონის პროკურორად და ის შემდეგ უნდა აიყვანო გენპროკურორად, თუ რა თქმა უნდა, ამას დაიმსახურებს.

- როგორ ფიქრობთ, რაში არგებთ დილეტანტიზმი?

- ახლა მოდაშია გუნდის წევრის, ნათესავის "მოყვანა"... კომუნისტების ანუ როგორც ახლა უწოდებენ, იმ ავად სახსენებლების დროს, რუსეთში პროკურორი და გამომძიებელი ვერ იქნებოდი, თუ ნასამართლევი იყავი ან შენი ახლო ნათესავი იყო ნასამართლევი; თანამდებობაზე ახლობლის დანიშვნა არ შეიძლებოდა. ახლა გაგეცინებათ, ისეთ რამეს გეტყვით: საქართველოში რომ დავბრუნდი, გავოცდი. ადამიანი არაკეთილსინდისიერად მუშაობდა და მის შესახებ დასჯის დადგენილება რომ გავამზადე, მითხრეს: გაგიჟდი, ქალო? ეს იცი, ვინაა? იმის კაციო! მეორე შემთხვევაში, - ეს ამის კაციაო. მივედი მერე გენერალურ პროკურატურაში და უფროსს შევჩივლე: ანზორ მიხაილოვიჩ, რა ვქნა, რანაირად ვიმუშაო, ასე იყოს ყველაფერი ვიღაცების ნებაზე მიშვებული-მეთქი? გაეღიმა, - ასეთი ძნელია საქართველოში მუშაობაო.

- ალბათ მტრებიც გაიჩინეთ...

- არავინ დამიჩაგრავს უსამართლოდ, ეს ჩემი სტილი არ იყო. თუმცა, იმ პერიოდშიც ბევრი უსამართლობა ხდებოდა და ერთ-ერთ მსხვერპლად თავად ბარაბაძე იქცა. ეს იყო საოცრად პატიოსანი, ძალიან განათლებული ადამიანი. ტყუილად არ შემირქმევია მისთვის ნათელი სხივი ბნელ სამყაროში. გარეგნულადაც პროკურორი იყო. ჰოდა, ერთხელაც დაიბარა ცეკას მდივანმა და უთხრა, გინდა თუ არა, ხაბეიშვილი დააკავეო. საქმე იყო აღძრული ამ ადამიანის მიმართ. ბარაბაძემ უპასუხა, - ვერა, ამას ვერ ვიზამ. იმ მასალებით, რაც შეკრებილია, ჯერჯერობით დანაშაული არ იკვეთებაო. - თუ არ დააპატიმრებთ, მაშინ განცხადება დაწერეთ და წადითო. წამოვიდა ბარაბაძე სახლში, ძალიან ანერვიულებული. მანამდე სამსახურში ყველა კაბინეტი ჩამოუვლია, როგორც ჩანს, ემშვიდობებოდა ხალხს. მე მაშინ იქ არ ვიყავი, შვებულებაში გახლდით და როცა დავბრუნდი, გარდაცვლილი დამხვდა ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი. თურმე იმ ღამეს, ნერვიულობის ნიადაგზე ინფარქტი დაემართა. მერე გაუგდეს ხმა, თავი მოიკლაო, რაც სისულელე იყო. ხაბეიშვილი რაზმაძემ მაინც დააპატიმრა... გავიდა რამდენიმე წელი და... გაათავისუფლეს დანაშაულის არარსებობის გამო. აი, ასე, არაფრის გამო გაწირეს პატიოსანი კაცი.

GzaPress

- რამდენი შვილი გყავთ? - საინტერესო ის არის, რომ ადამიანი სადაც იბადება და იზრდება, იქ უნდა ცხოვრობდეს. რუსეთში ყოფნისას შვილი არ მყავდა. მერე ლენინგრადში ჩავედი და 3 თვე ხეჩინაშვილთან, ქალების ღმერთთან ვმკურნალობდი, ამის შემდეგ გაჩნდა ჩემი ქალიშვილი. თუმცა მერე პრობლემები შემექმნა და მეტი შვილი ვერ ვიყოლიე. ახლა შვილიშვილიც მყავს, ჩემი იმედი და მალე იმედია, შვილთაშვილსაც მაჩუქებს.

- დაბოლოს, როგორც ვიცი, სტალინის გაცნობის შანსი მოგეცათ...

- შინ უამრავი წიგნი მაქვს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, სტალინის შესახებ. მეკითხებიან, როგორ, კაცო, სტალინიც გიყვარსო? რომ არ მიყვარდეს, გიჟი უნდა ვიყო. პირადად მყავს ნანახი და ისე მომეფერა, იმდენად ადამიანური მომეჩვენა, რომ ვერ ვივიწყებ: 1951 თუ 52 წელი იყო. პატარა გოგონა გახლდით მაშინ და დავინახე გზაზე სამმა შავმა მანქანამ როგორ ჩაიარა. ძალიან ცნობისმოყვარე გახლდით და დავინტერესდი, ვინ იჯდა ავტომობილში... ლაჯანურჰესის სანახავად მოსულა სტალინი. რა ვიცოდი, რა ხდებოდა და ვუყურებდი გაკვირვებული ჩამწკრივებულ ავტომობილებს. უცებ ვიღაცამ მინა ჩასწია და ხელი დამიქნია. მივედი, შევხედე და რომ დავინახე, ვიკივლე, - ვაიმე, დიდი ბელადი-მეთქი. გაიღიმა. ნაყვავილარი სახე ჰქონდა. ვისაუბრეთ. მშობლებზე მკითხა. ვუპასუხე, მამა დაიღუპა ომში, ქერჩში, მაგრამ დედამ არ იცის ეს ამბავი და ისევ ელოდება-მეთქი. ცრემლი მოადგა თვალებზე. - მე და ჩემი და კარგად ვსწავლობთ, ორივე ფრიადოსნები ვართ. კომკავშირის მდივანიც გახლავართ-მეთქი, - ჩამოვურაკრაკე. დედა რას საქმიანობსო? - დედა ქალიც არის და კაციც. მიწას რომ ხნავს, ხარებს წინ მე მივუძღვები, რათა დავეხმარო. ვენახსაც დედა წამლავს. სხვათა შორის, "სტახანოველის" წოდება მიანიჭეს-მეთქი. გაუხარდა, კარგი ქალი ყოფილაო, და ხელი გადამისვა თავზე, შემდეგ კი მითხრა: ყოჩაღ, გააგრძელე კარგად სწავლა და კარგი ქალი დადექი, სამართალი, წესრიგი გიყვარდეს და სამშობლოს გამოადექიო. ვცდილობდი, კარგი ადამიანი ვყოფილიყავი და ვიმედოვნებ, ასე თუ ისე, ეს გამომივიდა...

ლიკა ქაჯაია