"ამის გარეშე, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა მეცხოვრა" - გზაპრესი

"ამის გარეშე, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა მეცხოვრა"

ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მის მიერ შესრულებული ცეკვა ყოველთვის შთამბეჭდავია... დაახლოებით 1 თვეა, რაც სალომე თბილისში იმყოფება. მოცეკვავე სამშობლოს დატოვებას ისევ აპირებს...

- რამდენი ხანია, რაც საქართველოში ხარ?

- თბილისში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვედი. აქ ყოფნა ცოტათი გამიგრძელდა. მალე ისევ გავემგზავრები...

- სად იყავი და რა მიზნით?

- ბეირუთში "ცეკვავენ ვარსკვლავების" ქორეოგრაფად მიმიწვიეს. იქ ვმუშაობ. საკმაოდ კარგი შემოთავაზება მივიღე და ცოტათი განსხვავებული ნაბიჯი გადავდგი, რადგან ძირითადად, აქტიური მოცეკვავე ვარ. ასევე, სხვადასხვა შოუში ვმონაწილეობ. ბეირუთში მუშაობისას მიღებული გამოცდილება სხვა "ლეველია". ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რადგან ამხელა პროექტის ერთ-ერთი ქორეოგრაფის როლი დიდი პასუხისმგებლობაა - შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, პირველ რიგში - ის, რომ აბსოლუტურად ყველა წყვილი სცენაზე იდეალურად წარდგენილი უნდა იყოს. საქმეს თავს კარგად ვართმევ. ამ მხრივ დიდ გამოცდილებას ვიღებ, ძალიან საინტერესო საქმეა.

- ახლა ბეირუთში პროექტი უშენოდ მიმდინარეობს?

- არა. ცოტა ხნით გადაიდო, რადგან მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ლიბანშიც არეულობაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს... ძალიან უნდოდათ, დავრჩენილიყავი, რადგან სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, რომ მუშაობა იქ გამეგრძელებინა, მაგალითად - ლექციები წამეკითხა და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება ვამჯობინე, რადგან აქ ჩემი სტუდია მაქვს, სადაც მირჩევნია, ისევ ჩემს პატარებთან ვიმუშაო. სხვათა შორის, ჩემს სტუდიას იანვარში დაბადების დღე აქვს - 6 წლის ხდება.

- სანამ საქართველოში არ იყავი, შენს მოსწავლეებზე ვინ ზრუნავდა?

- სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მიმართულებით, 3 ასისტენტი (არაჩვეულებრივი ქორეოგრაფები) მყავს. გარდა ამისა, კიდევ 2 მწვრთნელი მყავს: ერთ-ერთი გაწელვებს (ტანვარჯიშს) ასწავლის, მეორე - ფიზიკურ მომზადებას. ასე რომ, სტუდიაში საკმაოდ დიდი გუნდი ვართ. ეჭვიც არ შემპარვია - 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მაგრად იმუშავებდნენ. ასეც მოხდა. იცი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მივემგზავრები, მაგრამ ამჯერად თვეზე მეტხანს დავრჩი. თბილისში დაბრუნებულს მოსწავლეები ძალიან მაგარ ფორმაში დამხვდნენ - მართლა არ ველოდი! რადგან ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში არ ვიყავი, ალბათ ჩემმა ასისტენტებმა მუშაობაში მთელი სული, გული, ძალა და ენერგია ჩააქსოვეს, რაც ჩემს მოსწავლეებზე აისახა კიდეც.

- ლიბანურ "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" მოგვიყევი...

- ბეირუთში ამ შოუს უკვე მეხუთე სეზონია აწყობენ. საქართველოს მსგავსად, იქაც ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემაა. საერთოდ, სადაც "ცეკვავენ ვარსკვლავები" "კეთდება", იშვიათად ხდება, რომ რეიტინგული არ იყოს - ყველგან დიდი ოვაცია და გამოხმაურება აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ბეირუთია. საქართველოსთან შედარებას არ დავიწყებ, მაგრამ ბეირუთში საკმაოდ მობილიზებული, დისციპლინირებული არიან. აბსოლუტურად სხვანაირი მუშაობის პროცესია - ისეთი, როგორიც მიყვარს... დარენ ბენეტი ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლავთ. მას ჩემი შემოქმედება ძალიან მოსწონდა და მოსწონს. ბეირუთში "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" ბრიტანელების ჯგუფი მუშაობს. მოგეხსენებათ, დარენი ბრიტანელია. სწორედ ბრიტანელებმა, კონკრეტულად - დარენმა მიმიწვია. 4 ქორეოგრაფი ვმუშაობთ. დიდი სეზონია - 13 წყვილია. თითო "ლაივისთვის" მონაწილეთა ცეკვებს ვინაწილებთ და ვამზადებთ. ასევე, შოუს გახსნის ცეკვებზე გუნდურად ვმუშაობთ. მთავარი მითითება გვაქვს, მაგრამ დიდ თავისუფლებას გვანიჭებენ: როდესაც ცეკვისთვის კონკრეტულ მუსიკას გვაძლევენ, თავად ვიგონებთ თემას, ისტორიას, საჭირო დეკორაციას, რომელი კამერიდან უნდა გადაიღონ და ა.შ. კვირაში ერთხელ დიდი შეხვედრა გვაქვს, სადაც ყველა პროდიუსერის წინაშე, პრეზენტაციას ვაკეთებთ. თუ მოიწონეს, ნამუშევარს ტოვებენ, თუ არა და - გარკვეული ცვლილებები შეაქვთ. ძალიან მიხარია, რომ ჯერჯერობით ჩემს შემოქმედებაში (რაც ვიმუშავე) ცვლილებები არ შეუტანიათ. ძალიან კმაყოფილი ვარ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ლიბანელი მონაწილეებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები არიან?

- სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, ძირითადად მაინც - მომღერლები და მსახიობები. წელს საკმაოდ "მძიმეწონიანი" ვარსკვლავები შეარჩიეს. მონაწილეებს შორის პარაოლიმპიელიც არის. სხვათა შორის, ამ ადამიანთან მუშაობა ძალიან საინტერესო და აბსოლუტურად განსხვავებულია, რადგან რადიკალურად სხვანაირად მოტივირებულია... კიდევ, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" "მის ბეირუთი" მონაწილეობს. ასევე, იქაური მოდელი ბიჭი, რომელიც ერთ-ერთი Hottest ბიჭია (იცინის).

- რას ფიქრობ, ჩვენი ვარსკვლავები უფრო ნიჭიერები არიან თუ ლიბანელები?

- შედარება არ მიყვარს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ამიტომ ჩვენსა და მათ ვარსკვლავებს ერთმანეთს ვერ შევადარებ. ყველას თავისი "პლუს-მინუსები" აქვს. საერთოდ, ყველა შრომისმოყვარეა, ვინც ამ პროექტში მონაწილეობას თანხმდება. ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა რამხელა შრომას მოითხოვს. შრომასთან ერთად, ფსიქოლოგიური საკითხიცაა - მორალურად რამდენად გაუძლებ ადამიანი და ა.შ. ბეირუთში ახლა პროექტი ისეთ ფაზაშია, რომ გამონაკლისის გარეშე, ყველა ძალიან მოტივირებულია. თავს არ ზოგავენ, ქართველი მონაწილეების მსგავსად.

- ალბათ, საქართველოს წლევანდელ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" თვალი შეავლე. როგორ შეაფასებ?

- ბეირუთში ყოფნის დროსაც ვუყურებდი, რადგან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, რომელიც ჩემთვის ოჯახივითაა. ძალიან კარგი, განსხვავებული სეზონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სეზონებთან შედარებით ნაკლები მონაწილე იყო, ახლაც იყვნენ გამორჩეული მოცეკვავე ვარსკვლავები.

- ფავორიტი წყვილი გყავდა?

- არა, კონკრეტული ფავორიტი არ მყავდა. თუ ვუყურებ, ყველა წყვილს ვგულშემატკივრობ, რადგან მინდა, ყველა განვითარდეს, ისიამოვნოს... ბოლოს პროექტი ისეთ ფაზაში იყო, რომ ძალიან თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა - ვერავის გამოვარჩევ. არის შემთხვევები, როცა მეტოქეებს შორის რადიკალური განსხვავებაა - ესა თუ ის წყვილი სხვაზე უკეთესია, მაგრამ წლევანდელ სეზონში თანაბრად იბრძოდნენ. ყველას ერთნაირად წარმატებას ვუსურვებდი.

GzaPress

- ბეირუთში რომ არ გამგზავრებულიყავი, ალბათ ქართული "ცეკვავენ ვარსკვლავები" უშენოდ არ ჩაივლიდა; ამ პროექტში საკუთარი თავი რა ამპლუაში წარმოგიდგენია? მაგალითად, ირაკლი მაქაცარია, რომელიც ერთ-ერთ სეზონში შენი მოსწავლე, მეწყვილე იყო, ახლა ჟიურის წევრებს შორის იჯდა...

- რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, რომლებზეც დავფიქრდი და ბეირუთში გამგზავრება ვამჯობინე. ბეირუთის შემოთავაზება რომ არ ყოფილიყო, სხვაგან გავემგზავრებოდი. მაგალითად, ახლა, ბეირუთში დაბრუნებამდე, სხვა ძალიან კარგი შემოთავაზებები მაქვს. ამაზე ჯერ ხმამაღლა საუბარი არ მინდა. ერთი წლით ადრე ვიცოდი, რომ ბეირუთში გავემგზავრებოდი, მაგრამ არ ვამბობდი - მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რადგან რაღაცნაირად, ასე მაქვს "დაცდილი" - სანამ ადგილზე არ ჩავალ, მანამდე არ ვსაუბრობ ხოლმე (იცინის)... ამ შეკითხვაზე მართლა ვერ გიპასუხებ - ბეირუთის წინადადებას რომ არ დავთანხმებოდი, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვიცეკვებდი თუ არა ან ამ პროექტში რა ამპლუაში ვიქნებოდი. მართლა არ ვიცი...

- საქართველოში შენს დაბრუნებამდე, შენი ოთხფეხა მეგობარი - ბაზუკა სად იყო, ვინ უვლიდა?

- ბაზა თბილისში იყო - დედაჩემს დავუტოვე, რადგან იმ სასტუმროში, სადაც ვცხოვრობდი, ცხოველის ყოლა არ შეიძლებოდა. თან, ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ ბაზუკასთან ერთად ყოფნას ვერ მოვახერხებდი. ტელევიზიაში ვერ წავიყვანდი, რადგან იქ ძაღლების მიყვანა არ შეიძლება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში დარჩენილიყო. თან, ასეთი პატარა ზომის ძაღლებისთვის ხშირი ფრენა არ შეიძლება - მათ გულზე უარყოფითად მოქმედებს. ბაზუკაზე ძალიან ვზრუნავ (იღიმის). ეგ კი არა, ხორცსაც არ ვაჭმევ, რადგან ხორცის ჭამა ძაღლებს აბერებს.

- შენთან განშორებას როგორ შეეგუა?

- ძალიან რთულად. ვიდეოზარით როცა ვრეკავდი, იმალებოდა - ეგონა, სადღაც იქვე ვიყავი და ვერ მხედავდა. განშორება მაგრად განიცადა. ძალიან მოწყენილი იყო. საერთოდ, როცა შინიდან გადიხარ, ძაღლს ჰგონია, რომ სამუდამოდ მიდიხარ და მას ტოვებ. ამიტომ განშორება ორივემ განვიცადეთ. საქართველოში დაბრუნებას რომ ვაპირებდი, არავისთვის მითქვამს, დედაჩემსაც კი არ გავუმხილე - სიურპრიზი მოვუწყვე. დედამ რომ დამინახა, შეეშინდა (იცინის). ბაზუკამ იტირა...

- ახლა დროს როგორ ატარებთ?

- ძალიან კარგად. ბაზუკა ჩემთან ერთად დამყავს ხოლმე. ახლა არ წამოვიყვანე - ციოდა და ვიფიქრე, არ გაცივდეს-მეთქი.

- სოციალურ ქსელში, ვარჯიშის, შენი ფიზიკური შესაძლებლობების ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებ ხოლმე. სამეჯლისო-სპორტული ცეკვების გარდა, რით ხარ დაკავებული?

- ბევრი რამით. საერთოდ, რასაც ახალს ვეუფლები, პირველ რიგში, იმაზე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ცეკვის განვითარებისთვის არის კარგი. ამავდროულად, ძალიან მაინტერესებს. ახლა ჩემი ინტერესის ობიექტი ტაეკვანდოა. ვარჯიში ზაფხულში დავიწყე. ზაფხულობით, ჩემი დასვენება ის არის, რომ რაც მინდა, იმაზე სიარულს (ვარჯიშს) ვიწყებ. ტაეკვანდო ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკურად ეხმარება, არამედ - გონებრივადაც. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ცხიმმწველია და იმ ქალებს ვურჩევ, ვისაც სხეულის კორექცია, წონის დაკლება სურთ. ასევე, ბრძოლას სწავლობ. ძალიან მაგარია! თან, რაღაცნაირად, ყოველთვის ცეკვასთან ვაკავშირებ და ცეკვაშიც ძალიან მეხმარება. ტაეკვანდოს გარდა, გეცოდინება, რომ უკვე მეოთხე წელია, კრივით ვარ დაკავებული. მწვრთნელმა მითხრა, - წამოდი, ბარემ ტურნირზეც გავიდეთო (იცინის)... კიდევ დაკავებული ვარ იოგათი, ბალეტით, კონტემპორარიზე დავდივარ... ბევრი რამით იმიტომ ვარ დაკავებული, რომ მიყვარს. ეს ჩემი ცხოვრებაა. ამის (ჯანსაღი ცხოვრების წესის) გარეშე, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა მეცხოვრა.

- სალომე, შეიძლება, უცხოეთში ხანგრძლივი კონტრაქტები შენი ცხოვრების წესად იქცეს?

- ჩემი ცხოვრება ასეთია: ყოველთვის სადღაც გავდივარ (მივემგზავრები), მაგრამ სადმე საცხოვრებლად არასოდეს წავალ - ჩემი ქვეყანა, ჩემი თბილისი ძალიან მიყვარს. ჩემი პროფესია ისეთია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებას მოითხოვს, რადგან სამწუხაროდ, აქ მწვრთნელებით განებივრებულები არ ვართ. ყველა უცხოელი მწვრთნელი მყავს. გამგზავრება ჯერ მარტო იმიტომ მიწევს ხოლმე, რომ კვალიფიკაცია ავიმაღლო, განათლება მივიღო, საქართველოში დაბრუნებულმა კი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო, რომ სამეჯლისო-სპორტული ცეკვები ჩვენს ქვეყანაშიც ისე განვითარდეს, როგორც მოცეკვავეებს გვინდა. ევროპაში მეტი სიახლე ხდება, ვიდრე საქართველოში. გამგზავრება ამიტომაც მიწევს ხოლმე...

- შენს პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- არა. ძალიან დიდი ხანია, ჩემს პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული სიახლე არ არის. თან, მიმაჩნია, რომ ეს პირადი სივრცეა, დახურული ზონაა. ჩემი პირადი ცხოვრება იმდენად ჩემია, რომ შეიძლება, ოჯახის წევრებსაც არაფერი ვუთხრა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ეთო ყორღანაშვილი