World Rising Stars - ტრადიციად ქცეული პროექტი, განსხვავებული შტრიხებით - გზაპრესი

World Rising Stars - ტრადიციად ქცეული პროექტი, განსხვავებული შტრიხებით

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება, აქცია და დიზაინერების სამოსის ჩვენება გაიმართა... წლევანდელი პროექტი განსხვავებული და უფრო მეტად მრავალფეროვანი გახლდათ: მასში ქართველი და უცხოელი ბავშვების, მოზარდი და ზრდასრული მოდელების გარდა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პოდიუმზე გაიარეს...

უკვე მესამე წელია, რაც ყოველ იანვარს საქართველოში საერთაშორისო პროექტი - World Rising Stars - იმართება. საერთაშორისო ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, პროექტის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ პოდიუმზე სამოსის პრეზენტაციისთვის აუცილებელი არ იყო, მოდელი 28 წლამდე ასაკის ყოფილიყო და შესაბამისი პარამეტრები ჰქონოდა. პროექტის ფარგლებში, პოდიუმზე ვიხილეთ უფროსი ასაკის ექიმი, პროფესორი და სხვადასხვა სფეროს წარმატებული, ლამაზი წარმომადგენლები. მათ შორის ყველაზე უფროსი 65 წლის ექიმი (ლატვიიდან) გახლდათ. როგორც ლატვიის საერთაშორისო პროექტების ეროვნულმა დირექტორმა სცენაზე განაცხადა, - პროექტში მონაწილეობამ ეს ქალბატონი ისე გააბედნიერა, რომ სიცოცხლე მინიმუმ, 50 წლით გაუხანგრძლივდა. პროექტის მონაწილეთა შორის გახლდათ ბიზნესლედი - ნავთობის მაგნატი მიანმარიდან, რომელმაც საქართველოში ჩამოფრენისთანავე მშვიდობის ხიდზე ფოტოების გადაღება დაიჟინა. აღმოჩნდა, რომ მიანმარში საქართველოს შესახებ უკვე კარგად იციან: შარშან, ეკა მგალობლიშვილის მიერ ორგანიზებულ პროექტთან დაკავშირებით, თბილისში ჩამოსულ ალექს ხავიერს (საერთაშორისო პროექტების დირექტორს მიანმარში) თბილისის აეროპორტში უთხრეს, რომ ის პირველი სტუმარი იყო მიანმარიდან...

World Rising Stars-ის წარმომადგენლებმა, მსოფლიოს მასშტაბით წარმატებულ ქალთა ასოციაციის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს, რომლის წევრებიც ქველმოქმედებაზე, კეთილ საქმეებზე იზრუნებენ...

GzaPress World Rising Stars-ის განმავლობაში, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა: ნაციონალური სამოსის ტური, "ტალანტ შოუ", "ინტერვიუ ჟიურისთან", "მეგობრობის საღამო"... "მეგობრობის საღამოზე" 180-მდე სტუმარმა (15 ქვეყნის წარმომადგენელი) ერთმანეთს საკუთარი სამზარეულო გააცნო. ასევე, საკუთარი ქვეყნის პრეზენტაცია გააკეთეს, იმღერეს, იცეკვეს, ერთმანეთს სუვენირები გადასცეს... ასევე, მოდის კვირეული გაიმართა, რომელშიც ქართველი და უცხოელი დიზაინერები (უკრაინიდან, უზბეკეთიდან, ლატვიიდან, რუმინეთიდან...) მონაწილეობდნენ. ქართველი დიზაინერებიდან სამოსი წარმოადგინა მსოფლიო მოდის დიზაინერმა - ფატუნა ბუშიჰედმა, ასევე - ტატანამ, თეო თავდგირიძემ და პატარა მოდელებმა, "მსოფლიო პრინცესებმა" - ანასტასია ბაკურაძემ და მარიამ ბერძენიშვილმა, რომლებსაც უკვე ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი აქვთ. დიზაინერის ამპლუაში მოგვევლინა მომღერალი ვერიკო ტურაშვილიც. სამოსის შექმნისას მისთვის ინსპირაცია მისი შვილი გახლდათ. ჩვენებაზე ვერიკომ საბავშვო სამოსის 15 ლუქი წარადგინა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ვერიკო ტურაშვილი:

- ბოლო პერიოდში ეკა მგალობლიშვილის პროექტებს აქტიურად ვაკვირდები და თან ჩართული ვარ. ამ ადამიანის პროფესიონალიზმითა და ენერგიით გაოცებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თავისი გუნდი - ერთგული თანამშრომლები ჰყავს, მაინც ისე გამოდის, რომ მარტო ახერხებს დიდ საერთაშორისო პროექტებს გაუწიოს ორგანიზება, ბევრი ქვეყნის დელეგაცია მიიღოს და ყველას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც World Rising Stars ყოფილა, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავდა, როგორც უფროსი, ასევე - საშუალო და უმცროსი ასაკის წარმომადგენლები. რამდენიმე დიზაინერის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ჩემს ჩვენებას რაც შეეხება, ეკაც გავაფრთხილე, რომ ეს ამბავი სერიოზულად არ გაეშუქებინა: ჩემთვის ინსპირაცია ჩემი შვილი იყო - რამდენიმე კაბა მისთვის მოვიფიქრე, თორემ ჯერჯერობით, ამ საკითხზე სერიოზულად არ მიფიქრია. მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ჩემ მიერ შექმნილი საბავშვო კაბების ჩვენება ამ პროექტის ფარგლებში შედგა და მოწონება დაიმსახურა.

19 იანვარს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც მადლიერების სერტიფიკატი ჟურნალმა "გზამაც" მიიღო.

ეკატერინე მგალობლიშვილი, სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი:

- მინდა, ჟურნალ "გზას" დიდი მადლობა გადავუხადო. მას უკვე მსოფლიო იცნობს: არ დამავიწყდება, როცა უკრაინის საერთაშორისო პროექტების დირექტორი მეუბნებოდა, - ჩვენ შესახებ სტატია "გზაში" გამოქვეყნდებაო (იცინის)? სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჟურნალის გვერდებს, გარეკანს ითხოვს ხოლმე და სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ. მადლობელი ვარ, გვერდში დგომისთვის და იმისთვის, რომ საჭიროდ მიიჩნევთ, მსოფლიოს მასშტაბით, ქართველების წარმატება გააშუქოთ.

ასევე, ცერემონიალზე სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანებიც დააჯილდოეს, ვისაც წლიდან წლამდე, ეკატერინე მგალობლიშვილის 4 საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში თავისი წვლილი შეაქვს და 200-მდე სტუმარს მასპინძლობს.

ქალბატონ ეკას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი მიზანი მხოლოდ სილამაზისა და სამოდელო კონკურსების ჩატარება არ არის - მას სურს საქართველო, მისი კულტურა და ტრადიციები მსოფლიომ გაიცნოს. ამჯერად, პროექტის მონაწილე სტუმრებისთვის ექსკურსია ძველ თბილისში მოეწყო.

ეკა მგალობლიშვილის პროექტების უცვლელი შემადგენელი ნაწილი გამწვანების აქციაა. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და პროექტის მონაწილე უცხოელმა სტუმრებმა მასპინძელი სასტუმროს ტერიტორიაზე ხეები დარგეს.

აღსანიშნავია, რომ World Rising Stars-ზე გია ნიკოლაძის სიმღერის - "დედამიწა" ინგლისურენოვანი ვერსია ანასტასია ბაკურაძემ იმღერა, რეჩიტატივს კი - ფატუნა ბუშიჰედი ასრულებდა. დამსწრე საზოგადოებას იმ კატაკლიზმების ამსახველი ვიდეორგოლიც აჩვენეს, რაც დღეს დედამიწაზე ხდება. ეს იყო "მესიჯი", რომ ჩვენს პლანეტას შველა სჭირდება...

GzaPress

გია ნიკოლაძე:

- ეს სიმღერა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან ქართველების მიერ ნათქვამი სიტყვაა, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა გავუგზავნოთ, სადაც იმას ვაღიარებთ, რომ "დედამიწა" დედა ღმერთს ნიშნავს: მამა ღმერთს - დიდება, ძე ღვთისას - დიდება, სულიწმიდას - დედა ღმერთად დიდება!.. ეს სიმღერა ინგლისურ ენაზე ვთარგმნეთ და ახლა მსოფლიოს ვაცნობთ, ქართველები ვინ ვართ, ნეიტრალური ადგილი რომ შევინარჩუნოთ, სანამ გაგვანადგურებენ...

ფატუნა ბუშიჰედი: - ანასტასია უამრავი მსოფლიო პროექტის გამარჯვებულია. ლამაზთან ერთად, ნიჭიერი და მშრომელი გოგონაა, რომელიც სკოლაში სწავლას, სცენაზე დგომასა და პოდიუმზე სიარულს ერთმანეთს უთავსებს - დროს კარგად ანაწილებს... ჩემი და ეკატერინე მგალობლიშვილის მეგობრობა წლებს ითვლის. ჩემთვის ეს ადამიანი ბევრს ნიშნავს. მას წარმატებას ვუსურვებ. ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა მის პროექტებში ვმონაწილეობ და ჩემი კოლექციები გამომაქვს. ჩვენებაზე 4 კოლექცია (უფროსებისა და ბავშვებისთვის) წარმოვადგინე. ქართველმა და უცხოელმა მოდელებმა სამოსი კარგად მოირგეს. ის ფაქტი, რომ პროექტის უცხოელ მონაწილეებს საქართველო შეუყვარდათ და ჩვენს ქვეყანას მეორე სამშობლოდ მიიჩნევენ, ქალბატონი ეკას დამსახურებაა...

პროექტი - World Rising Stars დასრულდა, მაგრამ მისი წარმომადგენლები არ ჩერდებიან: ისინი საქველმოქმედო აქციის განხორციელებას აპირებენ - რამდენიმე დღეში, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფარში სტუმრად მისვლასაც გეგმავენ...

ეთო ყორღანაშვილი