სტუმართმოყვარე სვანები ყარიშიდან - გზაპრესი

სტუმართმოყვარე სვანები ყარიშიდან

სოფელი ყარიში ლენტეხში, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 780 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მონაცემებით, იქ სულ 37 კაცი ცხოვრობდა. სოფელი, ძირითადად, ლიპარტელიანებით არის დასახლებული, მათ გარდა, გაზდელიანებისა და მეშველიანების თითო კომლი ცხოვრობს. ერთი დღით ჩასულს სოსო ლიპარტელიანისა და ხათუნა ტვილდიანის ოჯახმა ისე თბილად მიმიღო და ისე მიმასპინძლა, სიმართლე გითხრათ, მეორე დღეს მენანებოდა მათთან განშორება.

"გზის" წინა ნომერში უკვე გაგაცანით ბაჩო ლიპარტელიანი - სოსოსა და ხათუნას უფროსი ვაჟი, რომელიც ხის მხატვრული დამუშავების ოსტატია (ახლახან დაასრულა მუშაობა მახვშის სავარძელზე, რომელზეც "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები და ხატაეთის ბრძოლის სცენა ამოაჩუქურთმა). აბა, სვანური სუფრისა და დალოცვის გარეშე როგორ ჩაივლიდა ის საღამო და სადღეგრძელოებს შორის სუფრის წევრებმა ბევრი საინტერესო რამ გაიხსენეს სოფლისა და სვანური ადათ-წესების შესახებ. სხვათა შორის, 20 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანიც ამ სოფლიდან გახლავთ.

61 წლის რევაზ ლიპარტელიანი წუხს, ახლანდელებმა უფროსის მოსმენა არ იციან, ჩვენ მაგათ ასაკში მეტი რიდი გვქონდა და უფროსის ნათქვამიდან ბევრ რამესაც ვითვალისწინებდითო.

GzaPress- 117 წლისაა ჩვენი სოფელი. სიმონ ლიპარტელიანის, ჩვენი დიდი წინაპრის დაარსებულია. რაიონში უცხოვრია და რომ დაოჯახებულა, მერე გადაუწყვეტია აქ დასახლება. მის აშენებულ სახლში აღარავინ ცხოვრობს, მაგრამ დღემდეა შემორჩენილი, არ დანგრეულა. ლიპარტელიანები 2 თემი ვართ - გაბოსანები და ხულაჩისანები. ადრე ნაკლები მოთხოვნილება იყო ზიზილ-პიპილოებზე, სამაგიეროდ, იყო მეტი სიყვარული, ევროპა და ცივილიზაცია ვინ იცოდა?! მახსოვს, სკოლაში რომ წავედი, საბურავის ძირზე დააკერებინეს ჩექმის ყელი იმას - ხარაზი იყო ერთი, სახელად პართენია - და პირველ წელს ასე დავდიოდი.

- ესე იგი, ადრეც გაჭირვება იყო?

- უჭირდა ხალხს და ახლაც უჭირს, მაგრამ არ მესირცხვილება შრომა და გაჭირვება, სირცხვილი ისაა, სხვის ჯიბეში რომ ჰყოფ ხელს და მოპარულით ცხოვრობ. მიწას კი ამუშავებდნენ და მოსავალიც მოჰყავდათ, მაგრამ ხალხს ფული არ ჰქონდა. ახლა იმდენი ანძა დაგვიდგეს, ბოსტნეულიც ვერ მოგვიყვანია საღი. ვაშლი ვაშლს არ ჰგავს, კიტრი - კიტრს... სვანეთი მესაქონლეობის მხარეა, მაგრამ 3 სულზე მეტს ვერ შეინახავ, მაშინ რაჭაში უნდა წახვიდე, მოთიბო და წამოიღო. მიწას და ჰაერს რომ მომიწამლავ, მოსავალს როგორღა მოვიყვან? საქონელს როგორღა ვიყოლიებ? არ ვიცი, ვინ არის ამაში დამნაშავე - "ნაცი" თუ "ქოცი", მე გლეხი ვარ და ეს სულ არ მაინტერესებს. წელს ისე დაგვსეტყვა, საღი ერთი ცალიც არაფერი შეარჩინა ხეს. ადრე სკოლის ასაკის 12-15 ბავშვი რომ არ ყოფილიყო, ისე როგორ იქნებოდა?! ლენტეხში დადიოდნენ. ახლა ყველაზე პატარა ამ ოჯახის ბიჭია - 21 წლის. 8 დედმამიშვილი გავიზარდეთ ერთად, ჩემს ბაბუას და დიდ ბაბუას კი 12-12 შვილი ჰყავდათ. თითქმის ყველა ოჯახში იყო ბავშვების სიმრავლე. მაშინ პენსიით 7-8 ტომარა ფქვილს ყიდულობდნენ, ახლა 7-8 ტომარა ფქვილი რომ იყიდო, 420 ლარი გინდა. აქ მოტანილს 12-13 ლარს კიდევ უმატებენ და რანაირად უნდა იცხოვროს ადამიანმა? ქარხანა ჩვენთან არ არის და ფაბრიკა, დასაქმებული იშვიათია. გამგეობაში, სკოლასა და ბაღში ვინც მუშაობს, ეგაა, დანარჩენები უსაქმურად არიან. როგორ არ ვთქვა, ტალანტი ზღვად არის ამ ერთ პატარა სოფელში, მაგრამ რად გინდა?! მუნიციპალიტეტი რომ დაინტერესდეს ბაჩოს ნახელავით, ხომ შეიძლება? ხომ ახეირებს ამასაც და მისთვისაც ხომ სახელი იქნება? თავს არ იწუხებენ. ეთო აიღეთ - მთელ საქართველოს ქუდი დაგვახურა ამ გოგონამ თავისი სიმამაცითა და გამარჯვებით, მართლაც მაგალითია იმისა, რომ მთავარი მიზნის დასახვაა. 9 წლისამ დაიწყო ვარჯიში და 20 წლის ასაკში, აი, რას მიაღწია - მსოფლიო ჩემპიონობას! ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს ასეთი ახალგაზრდებით. ხომ შეიძლებოდა, რომელიმე სპორტული ჟურნალისტი მოსულიყო აქ, მის ოჯახში. თვითონ არ ამხელენ და ხმამაღლა არ ყვირიან, რომ სახლ-კარი დაეწვათ და სიმდიდრეში არ ცხოვრობენ, მაგრამ რატომ არ უნდა იცოდეს მთავრობამ? იქნებ მეტი ყურადღება მიაქციონ. ყარიშში ცხოვრობს ასეთი მაგარი გოგო, ასეთი ოქროსხელება ბიჭი და კიდევ, საქართველოს ოქროსმედალოსანი მეკლდეურთა შორის, დადუნა ლიპარტელიანი, ეთოს მკვიდრი ბიძაშვილი, მეტი რაღა გააკეთოს ამ პატარა სოფელმა?!

- ტრადიციებზე მიამბეთ - როგორ ცხოვრობდით ყარიშელები?

- ჯერ ძველით ახალ წელზე გეტყვით. 13 იანვრიდან მოყოლებული, ერთი კვირის განმავლობაში სულთმოფენობის ერთკვირეულია, სულების შემოსვლას ვეძახით. ყოველდღე, დღეში ორჯერ სანთელსა და საკმეველს ვანთებთ, კარს ვაღებთ, შემოვუძღვებით სულებს და თან ვამბობთ: შემოიტანე კარგი ფეხი, დალოცე ოჯახი და მიიღე, რაც სუფრაზეა-თქო. ეს პერიოდი სუფრა სულ გაშლილია და ჩვენთან ყოფნას არაფერი სჯობს. ოჯახს თუ რამე სანოვაგე აქვს ბეღელსა და მარანში, არაფერს იშურებს, პატარა კვერებსაც ვაცხობთ. ამ კვირის განმავლობაში, ოთხშაბათსა და პარასკევს, აუცილებლად უნდა იმარხულო. ვინც დაარღვევს და წაიმსუნაგებს, სუფრის გაწყობისას იქ არ ვაჩერებთ და გარეთ ვაგდებთ. ადრე ბავშვებს ნახშირს უსვამდნენ ხოლმე, ვითომ მიცვალებულის სული არ მიაჩერდეს და მასში არ დარჩესო. ახლა ასე აღარ ვაკეთებთ. ერთი კვირის შემდეგ, ახლა უკან გავუძღვებით, გაცილებას ვუწყობთ სანთლებით ხელში, ჭიშკრამდე.

GzaPress- თუ არ წავიდნენ?..

- (იცინის) რა ვიცი, მანამდე მამაჩემი ასრულებდა ხოლმე ამ მოვალეობას და ყოველთვის მიდიოდნენ... სხვათა შორის, სუფრაზე სასმლის დაძალება და გაკონტროლება ვიცოდით, ვინ სვამდა და ვინ - არა. მერიქიფეს უფრო დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ვიდრე თამადას. დადიოდა დოქით, შეგივსებდა ჭიქას და დაგადგებოდა თავზე, ვიდრე დალევდი. თამადა რომ შეეკითხებოდა, მისთვის უნდა ეთქვა, ვინ როგორი მსმელი იყო. თუ ვინმე მოიტყუებდა, ყოფილა შემთხვევა, ხანჯალს ბრტყლად შიგ შუბლში სტკიცავდნენ ხოლმე. დღეს ვინაა მაგის გამკონტროლებელი, ვისაც როცა უნდა, მაშინ ამბობს სადღეგრძელოს და სვამს. ნელ-ნელა ყველაფერი ელფერს ჰკარგავს. სტუმარი მიყვარს, უსტუმრო ოჯახი რად მინდა, ერთი ლუკმაც რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით, ჩემი სიალალით გავუზიარებ სხვას. ამას წინათ ერთ ასეთ ამბავს შევესწარი. ჩემს ცოლეულებთან გერმანელები გაჩერდნენ, დაიღალნენ და იქ დაისვენეს ცოტა ხნით. ყავა ითხოვეს. მათ ყავაც მიართვეს და ნამცხვარიც. ფული რომ ამოიღეს, რამდენი გადავიხადოთო? - ჩვენთან სტუმარ-მასპინძლობაში ფულს არ ახდევინებენო, - უპასუხეს. 10 ლარი და გინდაც მეტი, ღირდა იმად, რა შთაბეჭდილებებითაც ის უცხოელები წავიდნენ აქედან? სტუმართმოყვარეები ნამდვილად ვართ სვანები.

- შარიანებიც ხომ არ ხართ?

- (იცინიან) ამბობენ, რომ შარიანობა არ გვაკლია, მაგრამ ქვემო სვანები უფრო ლმობიერები ვართ. საერთოდ, სვანები მშრომელი ხალხი ვართ, ძალიან ერთგულები, მაგრამ თუ ღალატი ვნახეთ, დაუნდობლები ვხდებით.

ეთერ ლიპარტელიანი: - ეს სოფელი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. რომ არა სვანური ხასიათი და ჟინი, დღეს ასეთი წარმატებული ვერ ვიქნებოდი. აქ ყველაზე თბილი ხალხი ცხოვრობს. შეგიძლია, ყველას ოჯახში შეხვიდე და არ მოგერიდოს, თავს ისე იგრძნობ, თითქოს საკუთარ ოჯახში ხარ. სოფელს ცოტა მეტი ზრუნვა სჭირდება, ისევ ძველებურად რომ აღორძინდეს და ისევ ისეთი ჟრიამული ისმოდეს, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო. ძალიან კარგად და თბილად მახსენდება ის პერიოდი. თოვლი ყველა ბავშვს უყვარს და ამიტომ ზამთარში იქ ყოფნა განსაკუთრებით მიყვარდა. დიდი თოვლი მოდიოდა ხოლმე და მეგობრებთან ერთად ვციგაობდი. ცელქი და მხიარული ბავშვი ვიყავი და ასეთი ხასიათის გამო ყველას ვუყვარდი. ახლა კი ჩემით ძალიან ამაყობენ, ყოველ წუთს ვგრძნობ მათ სითბოს და ეს მახარებს.

ზოგი ასაკს მალავს, მაგრამ მე დაუფარავად გეტყვით, ივნისში 82 წლის ვხდებიო, მითხრა ნათელა ლიპარტელიანმა და დაიჩივლა, - სანამ ხარ, კარგად უნდა იყო, აბა, ჩემი ყოფა რა არის, მუხლები აღარ მემორჩილება, მეშინია, არსად წავიქცეო. ნათელა ოფიციალურად ჰქვია, ისე, ყველა დუჩას ეძახის.

დუჩა ლიპარტელიანი: - აქ ვარ დაბადებული და გაზრდილი. ლენტეხში, გაზდელიანებში გავთხოვდი, მაგრამ მალე აქ გადმოვედით საცხოვრებლად. არ გვიყვარდა ერთმანეთი, მამაჩემმა უცებ გადამიწყვიტა გათხოვება. თუ უარს იტყვი, პასუხს არ ვაგებო. მიკვირდა, ასეთი რა დაინახა ჩემში, ცუდი საქციელის არ ვარ და მალე რატომ მათხოვებს-მეთქი?!. ბიძაშვილი მყავდა, მიხა ერქვა. ისეთი მკაცრი იყო, თმას რომ გადავიწევდი ხოლმე, მეჩხუბებოდა, წარბები ახლავე ძირს დასწიეო. იმანაც მითხრა, უნდა გათხოვდეო. მთაში ყველის წამოსაღებად ვიყავი წასული, გაზდელიანებს კი ჩემს ოჯახში ნიშანი მიუტანიათ. მუშა კაცი იყო ჩემი ქმარი, ძალიან მარჯვე. 10 წელია, რაც გარდაიცვალა.

- ესე იგი, ნანახიც არ გყავდათ, ისე გაჰყევით ცოლად?

- შორიდან მყავდა დანახული და არ მომწონდა, თანაც მაშინ სიყვარულს ვინ გაბედავდა, ისეთი მკაცრები იყვნენ. ძალითაც რომ გაეთხოვებინათ ვინმე, უყვარდა, არ უყვარდა, მაინც პატივი უნდა ეცა ქმრისთვის. ჩემი დაც მოიტაცეს ზემო სვანებმა. დარჩა, აბა, უკან წამოსვლა სირცხვილი იყო. ჩვენი კაცები ჯარში იყვნენ, თორემ ვინ გაატანდათ და დაანებებდათ?!, ყოფილა შემთხვევა, როცა ქალი გაათხოვეს სხვაზე და ვისაც უყვარდა, იმ კაცმა ქმარი მოუკლა. ადრე უფროსის სიტყვას ვერ გადაუხვევდნენ. შვილო, ისე ვიცხოვრეთ ერთად, ჩემი ქმრისთვის სახელი არ დამიძახია.

- აბა, რას ეძახდით?

- შვილების მამას ვეძახდი. გასვენებაში გამგზავნეს ერთხელ და ფული ხომ უნდა "ჩამეწერა". დავდე ფული და ვუთხარი იმ კაცს, ჩამწერეთ-მეთქი. - ვინ ჩავწეროო? რას მიცნობდა ის კაცი?!. - ვინ ჩაწერო და ბავშვების მამა-მეთქი. - კი, მაგრამ ვინ არის შენი ბავშვების მამა, მე რა ვიციო? - იცი, რა გითხრა, ჩემს შვილებს ერთი მამა ჰყავთ-მეთქი, - გაბრაზებულმა ვუპასუხე. ვინ არის ეს ქალიო? - იკითხა. ამ ამბავზე ბევრი იცინეს. მორიდება მქონდა და რაკი თავიდან ვერ დავუძახე სახელი, მერეც ასე გავაგრძელე. დედაჩემიც ასე იყო, მასაც ერიდებოდა ქმრისთვის სახელით მიმართვა.

GzaPress- ეს სოფელი როგორი იყო თქვენს ახალგაზრდობაში?

- უფრო მეტი ხალხი იყო. სკოლა რომ გაიხსნა, ყველა ასაკის ბავშვი ერთ კლასში მიგვიყვანეს. 8 წლის ვიყავი. მახსოვს, სკოლიდან მომავალი, მგლებმა კინაღამ გამწიწკნეს. მიკვირს, როგორ გვიშვებდნენ მარტოებს. სკოლის დამთავრების შემდეგ ისტორიულზე ჩავაბარე, მაგრამ გაჭირვების გამო რამდენიმე თვეში უკან, სოფელში დავბრუნდი და ბუღალტრის პროფესიას დავეუფლე. 42 წელი ვიმუშავე ელქსელებში, 8 წელი - ვაჭრობაში, სავაჭროც დავამთავრე.

- რამდენი შვილი გყავთ?

- 4 შვილი - 3 ბიჭი და ერთი გოგო, და 4 შვილიშვილი. ორმა ციმბირში დაამთავრა სასწავლებელი, ერთი ბიჭი დღესაც იქ ცხოვრობს, ჩამოდის ხოლმე ზოგჯერ. რომ რეკავს, ვეუბნები, - ნუ გეშინია, არაფერი მიჭირს, არ ვკვდები, შენი ერთი სიტყვაც რომ მესმის, კარგად ვხდები და არ ჩამოხვიდე-მეთქი. მეშინია, მანქანით რომ მოდის, გზაზე რამე არ შეემთხვას... ახალგაზრდებს ვურჩევდი, უცხო ქვეყანაში არ წავიდნენ, იყვნენ თავიანთ სამშობლოში, ავად თუ კარგად, გაუძლონ ყველაფერს! შენ რომ იბრალებ და გინდა, ღმერთი არ "შვება" იმას, შვილო... ის რომ არა, კარავიც არ მექნებოდა, ღმერთის მოშიში ვარ ყოველთვის, უმადური არ ვყოფილვარ არასდროს.

ნინო ჯავახიშვილი