"ასაკით რაც უნდა პატარა იყოს, დღემდე ფეხზე ვუდგები რეჟისორს..."
font-large font-small
"ასაკით რაც უნდა პატარა იყოს, დღემდე ფეხზე ვუდგები რეჟისორს..."
პავლე ნოზაძის შემოქმედებითი ჯილდო ნახევარსაუკუნოვანი სასცენო ღვაწლისთვის

ყველაფრის აღდგენასა და ხელახლა მოპოვებას შეძლებ, მთავარია, ღირსება არ დაკარგოო, - მითხრა საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა და არაერთი პრემიის ლაურეატმა, პავლე ნოზაძემ შეხვედრისას. ალბათ, ამ პრინციპით რამდენჯერმე სცადა დაეწყო თავიდან... მხოლოდ ბრძოლის ველი არასოდეს იცვლებოდა - მოქმედება ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას - სცენაზე ვითარდებოდა...
ახლახან მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ პავლე ნოზაძის ვარსკვლავი გაიხსნა. მსახიობის შემოქმედებითი ცხოვრება უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის. აღსანიშნავია, რომ მან ქართულ და საზღვარგარეთის სცენებზე 1200-ჯერ განასახიერა დიდროს როლი ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "დიდროს" მიხედვით დადგმულ ამავე სახელწოდების სპექტაკლში. გარდა თეატრისა, პავლე ნოზაძემ სახასიათო როლები შეასრულა ოცდაათზე მეტ ქართულ ფილმში. მათ შორის გახლავთ: "ნეილონის ნაძვის ხე", "მეტიჩარა", "მონანიება", "მხიარული რომანი"... პავლე ნოზაძის უშუალო თაოსნობით დაარსდა მეტეხის ახალგაზრდული თეატრი-სტუდია და ქართული ნოველის თეატრი. მსახიობმა პირადი და შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე შემხვედრი მნიშვნელოვანი ეპიზოდები "გზასთან" ერთად გაიხსენა...


- როგორი შეგრძნებაა, როდესაც მსახიობს, რომელმაც ხუთი ათეული წელი სცენაზე გაატარა, ერთგვარ შემოქმედებით ჯილდოდ საკუთარ დედაქალაქში ვარსკვლავს უხსნიან?
- ეს ვარსკვლავი მხოლოდ მე არ მეკუთვნის, მას ჩემთან ერთად ინაწილებს ნოდარ დუმბაძეც. იმ თეატრიდან, სადაც ჩემი ვარსკვლავი გაიხსნა, 9 წლის წინ 60 მსახიობი დაგვითხოვეს. თეატრი ჩარაზეს ისე, რომ ფეხის შედგმაც აგვიკრძალეს. ერთხელ იმ ადგილას უცებ განათდა და ნოდარ დუმბაძე დავინახე. უნებურად მონოლოგი დავიწყე - შუბლის ძარღვი გაუწყდათ-მეთქი. მაშინ ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმბოლურია, რომ თუკი გუშინ იმ თეატრის კარს მიღმაც არ გვიშვებდნენ, დღეს ვარსკვლავი გაიხსნა. მადლობა ჩემს ხალხს, რომლის წინაშეც მე ამ ვარსკვლავით, გარკვეულწილად, ანგარიში ჩავაბარე და მადლობა ოჯახს, რომლის თანადგომის გარეშეც სრულყოფილად მუშაობას ვერ შევძლებდი.
- ბავშვობა ბორჯომში გაატარეთ...
- საინტერესო ადგილას დავიბადე - სავანისუბანი ქვიშხეთთანაა ახლოს. ბორჯომის საშუალო სკოლაში დავდიოდი. ზედმეტად მოუსვენარი ვიყავი. წარმოიდგინეთ, მეშვიდე კლასში უკვე ცოლის სათხოვნელად მივედი. მესამე კლასიდან შეყვარებული გახლდით. ვერც ველაპარაკებოდი, ხმასაც ვერ ვიღებდი, უბრალოდ მინდოდა, რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც მოეწონებოდა. მახსოვს, ბორჯომის ხიდზე რომ გადავდიოდი, ვოცნებობდი, - ნეტავ, ამ ხიდზე გადასვლისას გადავარდეს, მე გადავხტე და გამოვიყვანო-მეთქი... ლიკანიდან დადიოდა, გაჩერებაზე ავტობუსს ელოდა ხოლმე. ნაწვიმარი იყო. ველოსიპედი მთელი ძალით გავაქანე, წყლით სავსე ორმო ვერ შევნიშნე, "ტრანსპორტი" ამომიბრუნდა და დავეცი (იცინის). მოგვიანებით, სანატორიუმში დასასვენებლად ჩამოსულ სერგო კოტრიკაძეს ლიკანში შეხვედრა მოუწყვეს. გოგონა, რომელზეც ასეთი შეყვარებული ვიყავი, შეხვედრაზე დედ-მამასთან ერთად მოვიდა. ვცეკვავდი, სოლო მქონდა. გავუსწორდი თუ არა ამ გოგონას, მოულოდნელად ფეხი დამიცურდა და ზუსტად მის თვალწინ დავეცი... მინდოდა მიწა გამსკდომოდა. ეს იმხელა სტრესი იყო, მას შემდეგ აღარ მიცეკვია...
GzaPress- თუმცა, გოგონას გულის მოგებაზე ხელი არ აგიღიათ...
- ციგურებით სრიალში პირველი ადგილი ორჯერ დავიკავე. ციგურები ჩავიცვი, მეგობარსაც მოვარგე და ცოლის სათხოვნელად ოჯახს მივადექით. იმ გოგონას დედა იატაკის საწმენდი ჯოხით გამოვიდა. დაღმართზე ისე დავეშვი, უკან არ მომიხედავს... ჩემი მეგობარი კი ყოველ წამს ეცემოდა (იცინის)... ნატვრა, რაიმე გმირობა ჩამედინა, მერვე კლასში ამიხდა. ერთ-ერთ მოსახვევში შშმ პირთა სპეციალური მანქანა წყალში გადავარდა. ატყდა ჩოჩქოლი. გამოიშალა დიდი თუ პატარა. ბევრი არ მიფიქრია, ტანსაცმელი გავიხადე და გადავხტი. უკვე წყალში მივხვდი, რომ საქმე არც ისე მარტივად იყო. აპრილის ბოლო გახლდათ, მაგრამ საკმაოდ ციოდა და წყალიც ადიდებული იყო. ვცდილობდი დინებას არ გავეტაცე. გული ძალიან ამიჩქარდა, მივხვდი, მალე გონებას დავკარგავდი. ის-ის იყო, უნდა დამეძახა, მიშველეთ-მეთქი, რომ წყალში ჩავარდნილი ერთ-ერთი ადამიანის სხეული მომიახლოვდა. ხელი ჩავავლე და დინებამ ორივე ერთად გაგვიტაცა. სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილი იყო. მიცვალებული ამოიყვანეს, მე კი ისევ წყალმა წამიღო. ცოტა მოშორებით ტირიფების ტოტებს მოვეჭიდე და ჩემი გადარჩენა მოხერხდა. აღმოჩნდა, რომ მიცვალებულს, რომელიც წყალში მომიახლოვდა, ორივე ფეხზე ხის პროთეზი ჰქონდა და იმის ნაცვლად, მე "გადამერჩინა", თავად გადამარჩინა...
- მსახიობობაზე ფიქრიც "აღიარების" მიმართ თქვენი ასეთი უჩვეულო სწრაფვის შედეგი ხომ არ იყო?
- ცხრა წლის ვიქნებოდი, როცა ბორჯომში ხმა გავარდა, სპარტაკ ბაღაშვილი ჩამოდისო. გადავირიე... შევიპარე კულტურის სახლში. მახსოვს, მაკანკალებდა. ლექსი რომ წაიკითხა, საოცრად მომინდა ხელით შევხებოდი... სწორედ ამ დღიდან ამეკვიატა მსახიობობაზე ფიქრი. ეკრანზე გამოჩენილი მსახიობი ახლაც კი არარეალური მგონია. 13 წლის ვიქნებოდი, როცა გავიგე, რომ სპექტაკლს ერონის სინაურის გმირობის შესახებ დგამდნენ. მან დანაღმული ადგილი გულმკერდით გახსნა და თავის რაზმს გზა ამ ფორმით გაუხსნა. სპექტაკლში "ჩაუქრობელი ვარსკვლავი", რამდენიმე ბავშვი იყო საჭირო და ერთ-ერთ პერსონაჟად მე შემარჩიეს. სატყეო ფაკულტეტი დავამთავრე. მალე მიმიწვიეს პროფტექნიკური სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებლად, სადაც 400 მოზარდი სწავლობდა. პარალელურად თეატრში დავდიოდი. თეატრალურში ჩასაბარებლად ჩამოსულს ერთი გოგონა მომეწონა, რომელიც ჩემთან ერთად აბარებდა. ცოლად მოვიყვანე და ბორჯომში დავბრუნდი. 19 წლისა რაიონის კულტურის განყოფილების გამგის მოადგილედ გადამიყვანეს და "ზაპოროჟეციც" მომცეს. სხვათა შორის, ამ მანქანამ როლი "მხიარულ რომანში" "მიიღო". ერთხელ მითხრეს, რომ თეატრალურ ინსტიტუტში საშა მიქელაძე დამატებით აცხადებდა მიღებას. მაშინვე დავქოქე მანქანა და თბილისში ჩამოვედი. მისაღები გამოცდები თავიდან იყო გამოცხადებული. არავის ვიცნობდი. მეორე დღეს სიაში არ აღმოვჩნდი. გულდაწყვეტილი ისევ მშობლიურ მხარეს დავუბრუნდი. მალე დეპეშა მოვიდა: "სასწრაფოდ გამოცხადდით თეატრალურ ინსტიტუტში. მიმღები კომისია". მითხრეს, საშა მიქელაძე ჯგუფში არ შედისო. თურმე, მას ჩემთვის ხუთი დაუწერია და მეორე დღეს სტუდენტების ჩამონათვალში რომ ვერ მნახა, უთქვამს, სანამ მას არ მოიყვანთ, ჯგუფში არ შევალო. გამოდის, ჰქონია ალღო - ჩემი ჯგუფიდან დღეს თეატრში ჩემ გარდა, არც ერთი არ არის. ინსტიტუტში უკვე რეალიზებული მსახიობი ვიყავი. შემდეგ გაიხსნა მეტეხის თეატრი და 1960 წლიდან მისი სცენიდან არ ჩამოვსულვარ. შვიდ სპექტაკლში ვთამაშობდი ყოველდღიურად.
- ფილმში "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი", მაყურებელს, სანჩოს როლზე თქვენ უნდა ეხილეთ, დონ კიხოტის როლზე კი - ოთარ მეღვინეთუხუცესი. თუმცა, ბოლო ეტაპზე მსახიობები შეცვალეს...
- რთული პერიოდი გავიარე. სამი წელი გვქონდა სინჯი მე და ოთარ მეღვინეთუხუცესს, ბოლოს კი, სამწუხაროდ, შეგვცვალეს. ის სამი წელი სხვა რეჟისორთან წასვლის უფლებაც არ მქონდა.
- თქვენი პროფესიული ცხოვრების გზაზე იყო მონაკვეთი, როცა თეატრის კედლებს მიღმა აღმოჩნდით. თუმცა, მუშაობა არც მაშინ შეგიწყვეტიათ...
- დიახ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. მეტეხის თეატრი დახურეს და ქუჩაში აღმოვჩნდით. სხვათა შორის, მეტეხის თეატრმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საზღვრები გააფართოვა და აქტიურ კოპროდუქციულ საქმიანობას შეეჭიდა. უმნიშვნელოვანესი ერთობლივი პროექტები განხორციელდა გერმანიაში, პოლონეთში, თურქეთში. 2000 წლიდან ქართული ნოველის თეატრი ჩამოვაყალიბე. თეატრისთვის შენობა სახლში გამოვყავი. 2005 წლის ზაფხულში თეატრმა სპექტაკლები კონფლიქტის ზონის (დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობების) 14 სოფლის მცხოვრებლისა და ქართველი მეომრებისთვის უანგაროდ წარადგინა. რეგიონებში სპექტაკლების ჩატანა არც ახლა შემიწყვეტია. ახლახან კასპის რაიონში ვიყავი. საინტერესო პროექტებზე ვმუშაობ.
GzaPress- როცა თქვენმა ვაჟმა, ვახო ნოზაძემ (მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. - ავტ.), მსახიობობა გადაწყვიტა, წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ?
- სხვათა შორის, ძალიან მოწადინებული არ იყო მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ მასში ნიჭი, ნაპერწკალი მე შევნიშნე.
- 30-ზე მეტი კინოროლი გაქვთ განსახიერებული. გადაღების პერიოდში, ალბათ, იყო კურიოზული, უცნაური შემთხვევებიც...
- "მონანიების" გადაღებისას, ეპიზოდში, სადაც აბელი სიტყვით გამოდის, კანალიზაციის მუშები მუშაობდნენ. უცებ, მილი გასკდა და წყალი ისეთი სიძლიერით წამოვიდა, დავეცით და სული ძლივს მოვითქვით... სამაგიეროდ, ეპიზოდი გენიალური გამოვიდა. თენგიზ აბულაძე უდიდესი პროფესიონალი იყო. ერთხელ, აჭარაში მატარებლით დილით ადრე ჩავედი და სანაპიროზე გავიარე. დავინახე ბატონი თენგიზი მარტო დგას და ხელებით გარკვეულ მოძრაობებს ხაზავს, თითქოს, კადრებს აყენებდა. გაკვირდებით, ბატონო თენგიზ, რა ხდება-მეთქი? - ვკითხე. პროფესიონალი ფილმს რომ იღებ, დაწყების ღილაკს ხელი მანამ არ უნდა დააჭირო, სანამ მთლიანად არ შეავსებ კადრს, სანამ საბოლოო სურათს არ დაინახავ და თუ ეს ვერ იგრძენი, ღილაკს ხელი აღარც უნდა დააჭიროო. ახლა ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ სიცხადისთვის ეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას გენიალურად შეადარა.... მის გარდა მქონდა ბედნიერება, დიდი სკოლა გამევლო რეზო ესაძესა და რეზო ჩხეიძესთან, ასევე, გურამ პეტრიაშვილთან და ა.შ. 1995 წელს თურქეთში "არგონავტები" წავიღეთ. იქაურმა რეჟისორმა რეპეტიციისას სანდროს სთხოვა (სანდრო მრევლიშვილი, რეჟისორი. - ავტ.), ისეთი მსახიობი მჭირდება, ვინც მეფეს ითამაშებსო. სანდრომ უთხრა, მოგიყვან მსახიობს, ვინც ყველაფერს შეძლებსო. დამიძახა. თურქმა რეჟისორმა რომ დამინახა, - ამან რა უნდა გამიკეთოს, იქ ცეკვა, ჩხუბი, სხვადასხვა ტიპის მოძრაობაა საჭირო, შენ რა, მეხუმრებიო?! - ძალიან გაბრაზდა და სანდროს აღარც მოუსმინა, ისე წავიდა. სანდრო მომიბრუნდა, ერთი ამას შენი მასტერკლასი აჩვენეო და საღამოს "დიდრო" დანიშნა. განგებ აარჩია დღე, როცა ყველა თეატრი ისვენებს და ისინი სპექტაკლზე მოიწვია. სპექტაკლის შემდეგ თურქი რეჟისორი სანდროს მიუახლოვდა და უთხრა, - გადაეცით, სპექტაკლის შემდეგ მნახოსო. წარმოდგენა ტაშის გრიალით დასრულდა. მსახიობად ამიყვანა, არაერთი საჩუქარი მომიძღვნა და გერმანიაში თავის სპექტაკლში სათამაშოდაც მიმიწვია. სამწუხაროდ, მალე ფილტვის კიბო აღმოაჩნდა და გარდაიცვალა...
- თქვენს პროფესიაში მსახიობის ოსტატობის ფლობისა და ნიჭის გარდა, ალბათ, ცალკე მნიშვნელობა ენიჭება პიროვნული ურთიერთობების ცოდნას...
- ამის გარეშე ვერ ვახსენებთ სიტყვას - "პროფესიონალიზმი". თუ ამას არ ფლობ, საქმე ძალიან რთულდება. 45 წელი შემოქმედებითი პარტნიორები ვიყავით და 50 წელი ვმეგობრობდით მე და რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი. არ მახსოვს რეპეტიციებისას მის წინ ან გვერდით დავმდგარიყავი. რეჟისორისგან 5 რიგით უკან ვჯდებოდი. ასაკით რაც უნდა პატარა იყოს, დღემდე ფეხზე ვუდგები რეჟისორს.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარკუს მეტრეველის გულახდილი ინტერვიუ
ინტერვიუ კარანტინში მყოფ ჟურნალისტთან
"ბევრი უსინათლო ადამიანი კარგად რეალიზებულია"
"გაზრდილია როგორც ძაღლის ჯიშების მრავალფეროვნება, ისე მათ მიმართ ინტერესი"
რა საწამლავს გვაწვდიან ქართველებს - ბექა ქურხულის თვალით დანახული რეალობა
რას ჰყვება უმცროსი ჯაბა ბაბუასა და "მხედრიონზე"
წაიკითხა ყველაფერი ამ დაავადების შესახებ და მაინც მხნედ არის
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი