დაავადებები, რომლებსაც მამაკაცებმა ყურადღება უნდა მიაქციონ - გზაპრესი

დაავადებები, რომლებსაც მამაკაცებმა ყურადღება უნდა მიაქციონ

რა არის პროსტატის კიბო, როგორ ხდება მისი გამოვლენა და რატომ უნდა მიმართონ მამაკაცებმა უროლოგს დროულად, დაავადება რომ არ გამწვავდეს და სხვა რა სახის კლინიკური მდგომარეობა გვხვდება პაციენტებში, რომლებიც დახმარებისთვის უროლოგს მიმართავენ? - ამ საკითხებზე ექიმი-უროლოგი დავით ნიკოლეიშვილი გვესაუბრება.

- უროლოგია ძირითადად, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს მოიცავს, ასევე, ონკოლოგიასაც. ამიტომ, ჩემი პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ონკოლოგიური პაციენტია. იქიდან გამომდინარე, რომ პროსტატის კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ონკოლოგიური დაავადებაა, ეს კონტინგენტი, ანუ მისი დიდი ნაწილი, სწორედ უროლოგთან ხვდება. დღესდღეობით ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ხშირი პრობლემაა, განსაკუთრებით, 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებში და მისი სკრინინგი აუცილებელია, რათა დაავადება დროულად გამოვავლინოთ.

GzaPress- რა სიმპტომები აქვს და როგორ შეიძლება იეჭვოს ადამიანმა ამ დაავადებაზე?

- საქმეც ისაა, რომ საწყის სტადიაზე არანაირი სიმპტომი არ ახასიათებს და სწორედ ამისთვის გვჭირდება სკრინინგი, რათა სისხლში "პი-ეს-ეის" განსაზღვრის შემდეგ, "განგაში" ავტეხოთ, თუკი რაიმე საეჭვოა.

- ამისთვის კი მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მიწოდება, ამ კულტურის დამკვიდრება, დროულად რომ ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევები, ხომ ასეა?

- დიახ, ჩვენი და ბევრი სხვა ქვეყნის პრობლემა სწორედ ესაა - ცნობადობა არ არის და პაციენტების მომართვიანობა დაბალია. არადა, სახელმწიფო სკრინინგული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან არსებობს და 45-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებს შეუძლიათ მიმართონ სკრინინგ-ცენტრებს და კვლევა უფასოდ ჩაიტარონ. ჩვენ, ექიმები, უროლოგიური ასოციაცია, ყველა კლინიკა, პაციენტებს მაქსიმალურად ვაწვდით ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, სკრინინგი აუცილებელია!

მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო სკრინინგის მიმართ და 5-6 წლის წინ, აშშ-ის ერთ-ერთმა ძალიან კომპეტენტურმა ორგანიზაციამ თავისი დასკვნა დადო, რომ "პი-ეს-ეიზე" დამყარებული სკრინინგი არანაირად არ ცვლის პაციენტის ონკოლოგიურ სურათს და სიკვდილიანობას არ ამცირებს. ამან უროლოგებსა და სოციალურ მუშაკებს შორის დიდი პოლემიკა გამოიწვია - საერთოდ, საჭიროა თუ არა სკრინინგი, რადგან თავისთავად დანახარჯებთანაა დაკავშირებული და ამის გამო, ზოგიერთ ქვეყანაში შეიზღუდა და აიკრძალა კიდეც. სწორედ ახლა იმკიან ამის შედეგებს - სკრინინგის გარეშე ისეთი პაციენტების რაოდენობამ მოიმატა, რომელთაც უკვე შორს წასული ფორმები აქვთ. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ როდესაც პროსტატის სკრინინგზეა საუბარი, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ყველა მამაკაცმა, 45 წლიდან.

- რამდენად სავარაუდოა, რომ უფრო ადრეულ ასაკშიც გამოვლინდეს პროსტატის კიბო?

- ჩვენს პოპულაციაში შესაძლებელია გამოვლინდეს, მაგრამ კაზუისტიკურად, ეს რაოდენობა მცირეა. რაც უფრო ასაკში შედის მამაკაცი, რისკი მით უფრო იზრდება. უროლოგია არ არის ვიწრო სპეციალობა, ბევრი სხვა დაავადებაცაა, პროსტატის ადენომაც ხშირია, ანუ მოშარდვის გაუარესება და ხანში შესულ მამაკაცებში ეს პრობლემაც აქტუალურია. დღეს მაქსიმალურად თანამედროვე მეთოდებით ვმკურნალობთ.

ხშირია თირკმლის, თირკმლისზედა ჯირკვლის, სათესლე ჯირკვლის, რეტროპერიტონული ანუ მუცლის უკან მდებარე სივრცის სიმსივნეები, ასევე, შარდის ბუშტის სიმსივნე, რომლის პირველი ნიშნები შარდში სისხლის გამოვლენით ამოიცნობა და პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, თვითმკურნალობას და ექიმბაშებს, ბალახეულ მკურნალობას თავი დაანებოს. დიდი ადგილი უკავია შარდკენჭოვან დაავადებებს, რომელიც ხშირია ორივე სქესის წარმომადგენლებში, თანაც, პატარა ასაკიდან.

- ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი რა გავლენას ახდენს ასეთ დაავადებებზე?

- ნებისმიერ შემთხვევაში, ონკოლოგიაშიც და შარდ-კენჭოვან დაავადებებშიც, კვებას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგრამ ჩვენი ტრადიციიდან თუ რასიდან გამომდინარე, ცოტა რთულია რამის შეცვლა და ზოგიერთ დაავადებაზე ეს რაიმე დრამატულ შედეგს არ გვაძლევს (შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს უფრო მნიშვნელოვანია). ეს არის ნუტრიციოლოგების, ენდოკრინოლოგების, კარდიოლოგების სამუშაო, რომ ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკის მატებასთან ერთად, შენარჩუნდეს. შესაბამისად, კვების რაციონი, სხვადასხვა ელემენტის მოხმარება ნორმირებული უნდა იყოს.

GzaPress- ბავშვებში რა პრობლემები გვხვდება?

- შარდ-კენჭოვანი დაავადებები ბავშვებშიც საკმაოდ გავრცელებულია. მათთან მკურნალობის მეთოდები სპეციფიკურია, თუნდაც, ინსტრუმენტულად და აღჭურვილობის თვალსაზრისით. ბავშვებში ასევე არის შარდ-სასქესო სისტემის განვითარების ანომალიები. მაგალითად, ბიჭებში არსებობს შარდსადენი მილის განვითარების ანომალია, რომელსაც ჰიპოსდატია ჰქვია; გარდა ამისა, სათესლე ჯირკვლის შეკავება საზარდულის არხში და ა.შ. მისი კორექციაც აუცილებელია, რადგან შესაძლოა შემდგომ უშვილობა, ანუ ამ ჯირკვალში სპერმის წარმოქმნის დარღვევა გამოიწვიოს; დიდია ონკოლოგიის რისკიც. ეს ძირითადად, დაბადებიდან შეიმჩნევა. ბავშვებში უროლოგიური ონკოლოგია შედარებით იშვიათია, მაგრამ არსებობს. ანომალიები გოგონებშიც არის.

- რა თანამედროვე მეთოდებით მკურნალობთ დღეს?

- ნებისმიერი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი სულ უფრო იხვეწება. განვითარებასა და მოდერნიზებას ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი. თუკი ადრე ულტრასონოგრაფიის აპარატი იყო სანატრელი, ახლა ბევრი კლინიკა კომპიუტერული ტომოგრაფიითა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული სისტემითაა აღჭურვილი. აქედან გამომდინარე, ეს თავისთავად ცვლის ყველაფერს და ეს ცვლილებები ჩამოყალიბებულია ე.წ. გაიდლაინებში. ჩვენ ძირითადად, ევროპისა და აშშ-ის გაიდლაინებს, რეკომენდაციებს ვეყრდნობით. დროთა განმავლობაში, ეს გაიდლაინებიც იცვლება და არ უნდა ჩამორჩე. ექიმმა განათლება არ უნდა შეწყვიტოს და ფეხდაფეხ მიჰყვეს იმ სიახლეებს, რაც მის დარგში ხდება. ასევე აუცილებელია ჰქონდეს თანამედროვე აღჭურვილობა, მატერიალური ბაზა, რომ თანამედროვე მეთოდებით უმკურნალოს.

უროლოგიის ინსტიტუტი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, პირველად ჩვენთან დაარსდა. დიდი ტრადიცია აქვს, მისი ხელმძღვანელი ბატონი რაულ მანაგაძე იყო და ჩემი სტუდენტობისას, იქ ცხოვრება დუღდა, ოპერაციები კეთდებოდა, სამეცნიერო მუშაობა აქტიურად მიდიოდა და როცა იმ გარემოში მოვხვდი, ერთი კვირაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, სწორედ ამ მიმართულების არჩევა მინდოდა. ეს წუთითაც არ მინანია.

ქართველები უროლოგიაში ერთ-ერთი პირველები ვიყავით, რომლებმაც უროლოგიური პაციენტების მკურნალობისთვის მინიმალურად ინვაზიური მეთოდები დავნერგეთ. ეს არის შარდ-კენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური მკურნალობა. ღია ოპერაცია და ადამიანის გაჭრა ყოველთვის არ არის აუცილებელი. დღესდღეობით კენჭის დაშლის არაერთი საშუალება არსებობს. ოპტიმალური მკურნალობა ჩვენების მიხედვით უნდა დანიშნო. ჩვენთან ძირითადად, შორსწასული დაავადებების შემთხვევები გვხვდება. ევროპაში კი რეზიდენტები მხოლოდ წიგნებიდან იგებენ, რომ არსებობს, მაგალითად, მარჯნისებრი კენჭი. მათ პრაქტიკაში ასეთი რამ არ უნახავთ, რადგან ხალხი თავის დროზე იტარებს კვლევებს და კენჭებიც ასე არ ეზრდებათ.

- საქართველო რამდენად უწყობს ფეხს იმ საერთაშორისო თანამედროვე ტენდენციებს, რაც ამ სფეროშია?

- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეები ვართ ინოვაციების მხრივ და არა მხოლოდ აქ. უროლოგიაში ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი საკმაოდ მაღალია. პირველი პროსტატექტომია, პოსტსაბჭოთა სივრცეში, 1989 წელს, სწორედ უროლოგიის ინსტიტუტში გაკეთდა, რომელიც ცნობილმა პროფესორმა ალექსანდრე წულუკიძემ დააფუძნა. ბევრი ცნობილი და წარმატებული უროლოგი გვყავს.

მოგეხსენებათ, ჩვენში ფართოდ გამოიყენება ლაპარასკოპია, ენდოსკოპია და საკმაოდ ბევრ კლინიკას აქვს ამ მეთოდით მკურნალობის შესაძლებლობა. პროსტატის გაჭრის გარეშე მკურნალობისთვის ბევრი თანამედროვე მეთოდია. გავთამამდები და გეტყვით, რომ ლაპარასკოპიული უროლოგია, ფაქტობრივად, მთლიანად დარგი, საქართველოში ჩემ მიერაა დაწყებული და სტანდარტიზებული.

ზოგადად, მედიცინა ქვეყნის ფინანსურ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. მაღალტექნოლოგიური დარგია, რომელიც მუდმივ განახლებას საჭიროებს და უზარმაზარი ფინანსები სჭირდება, მათ შორის, განათლებისთვის, რათა ახალგაზრდა თაობა გაიზარდოს და განვითარდეს. მეზობელ ქვეყნებში დიდი ფული იდება ამ სფეროში. მთავარია, პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი სწორად მიმართვა. ხარისხის ზღვარი უნდა დაწესდეს, საერთაშორისო სტანდარტებით, რომლის დაბლაც არ შეიძლება მუშაობა.

თამთა დადეშელი